Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკანასკნელი ჯუღაშვილთა შორის, ვისთვისაც პუტინი მამა-მეფე და მზეა


ალჟირის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში გამოფენილია სელიმ ბენსაადის სამი ნახატი „მოსკოვის პეიზაჟების“ სერიიდან. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მუზეუმის ბევრი დამთვალიერებელი ხვდებოდეს, რომ მხატვარი საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის შვილიშვილია.

მისი ბაბუა, სტალინის უფროსი ვაჟი, ტყვედ აიყვანეს გერმანელებმა 1941 წელს. იაკობ ჯუღაშვილის ფოტოები მალე გამოჩნდა წითელარმიელებისათვის განკუთვნილ სააგიტაციო ფურცლებზე მოწოდებით, დაეყარათ იარაღი და დანებებულიყვნენ. იაკობი 1943 წელს ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა. იაკობის ცოლი, იულია მელცერი, 1942 წელს დააპატიმრეს მოსკოვში სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოებმა, თუმცა 1943 წელს მოულოდნელად გაათავისუფლეს.

მათმა ქალიშვილმა, ფილოლოგმა გალინა ჯუღაშვილმა მოსკოვში გაიცნო ალჟირის მოქალაქე ჰოსინ ბენსაადი, 1971 წელს წყვილს შეეძინა ვაჟი, რომელსაც სელიმი დაარქვეს. მეან-გინეკოლოგების მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად ბავშვმა მიიღო სახის ნერვის სერიოზული დაზიანება, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მას სმენის ორგანოების პროგრესული დაავადება აწუხებდა.

გალინამ კგბ-ს თავმჯდომარეს, იური ანდროპოვს უცხოელზე გათხოვების ნებართვა სთხოვა. ანდროპოვი დათანხმდა, თუმცა გალინამ უარყოფითი პასუხი მიიღო ცკ-ის გენერალური მდვინის, ლეონიდ ბრეჟნევისაგან, რომელსაც სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად ბავშვის საფრანგეთში გაგზავნის ნებართვა უნდა გაეცა. 1966 წელს სვეტლანა ალილუევა, სტალინის ქალიშვილი, სსრკ-დან გაიქცა - იგი ქმრის დაკრძალვაზე დასასწრებად გაემგზავრა ინდოეთში, სადაც ამერიკის საელჩოში მისულმა თავშესაფარი მოითხოვა. ამ სკანდალის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებას ეშინოდა სტალინის შვილიშვილის საზღვარგარეთ გაშვების. სმენადაქვეითებული ბავშვის პროგრესირებადი დაავადების საქმე განიხილა სსრკ მინისტრთა საბჭომ და გადაწყვიტა, მისთვის სამშობლოში ემკურნალათ. ასე დაკარგა სელიმმა სმენა.

საიდუმლო საარქივო დოკუმენტი. სტალინის შვილიშვილის ჯანმრთელობის საკითხს განიხილავდა სსრკ მინისტრთა საბჭო, 1977 წელს
საიდუმლო საარქივო დოკუმენტი. სტალინის შვილიშვილის ჯანმრთელობის საკითხს განიხილავდა სსრკ მინისტრთა საბჭო, 1977 წელს

ჰოსინ ბენსაადმა ალჟირში ცხოვრება ამჯობინა, მოსკოვს მხოლოდ დროდადრო სტუმრობდა. 1984 წელს სსრკ-ში დაბრუნდა სვეტლანა ალილუევა, რომელმაც გაიცნო თავისი ძმის შვილიშვილი. 1988 წელს სელიმს პირველად მიეცა უფლება, გამგზავრებულიყო საზღვარგარეთ, ალჟირში ნათესავების მოსანახულებლად. თუმცა, მამასთან ურთიერთობა არ აეწყო, ხოლო სსრკ-ს დაშლასთან ერთად, შედარებით პრივილეგირებული ცხოვრებაც დასრულდა.

„ჩვენ კი არ ვცხოვრობდით, გადარჩენისთვის ვიბრძოდით. ვისწავლე დამტვრეული ავეჯის შეკეთება - ახლის შესაძენად უბრალოდ არანაირი საშუალება არ იყო. მაგალითად, გავაკეთე სავარძელი იმისგან, რაც ხელთ მქონდა. ახლა მოდური ძველი ნივთების რესტავრაცია და გადაკეთება ეკოსტილში, მაგრამ მე ჯერ კიდევ მაშინ გავაკეთე წიგნების თაროები ძველი ხის ტელევიზორის ყუთიდან.

მაგრამ ეს ყველაფერი წვრილმანებია იმასთან შედარებით, თუ როგორი შემოქმედებითი აღმავლობა განვიცადე 1990-იან წლებში, როგორც მხატვარმა! დავამთავრე სამხატვრო სკოლა და მოვაწყვე ჩემი პირველი გამოფენა! ბევრს ვხატავდი ჩემი სიამოვნებისთვის, თუმცა ვმუშაობდი ჟურნალის ილუსტრატორად და ვითვალისწინებდი კლიენტის ყველა სურვილს, რათა საარსებო წყარო მქონოდა. სხვათა შორის, ბევრი სმენადაქვეითებული ადამიანი მუშაობს ილუსტრატორად, მხოლოდ მე არ ვარ ერთადერთი და განსაკუთრებული. ასე რომ, გადარჩენისთვის ბრძოლა მატერიალურ სიბრტყეში მჭიდროდ ესაზღვრება სულიერ მოთხოვნილებებს. რატომ ამბობენ, რომ მხატვარი უნდა იყოს მშიერი, რათა რამე ღირებული შექმნას?

Russia - Secrets of Stalin's Family by Lana Parshina, book cover
Russia - Secrets of Stalin's Family by Lana Parshina, book cover

და კიდევ, ოთხმოცდაათიან წლებში გავიგე, რას ნიშნავს იყო "ჩურკა" (შეურაცხმყოფელი მეტსახელი ცენტრალური აზიის თურქულენოვანი ხალხებისთვის, ან ყოფილი სსრკ-ს ყველა არასლავური ხალხისთვის). მუქი კანი და საკმაოდ ეგზოტიკური გარეგნობა მაქვს, მაშინ კი სოროდან იყო გამომძვრალი ყველა სახის ნაცისტი, რომელიც კი ჩემს დიდ ბაბუას გადაურჩა. "რუსეთი რუსებისთვის, მოსკოვი მოსკოველებისთვის!" - ეს იყო მათი ყველაზე უწყინარი ლოზუნგი. თუმცა ის, რაც დედაქალაქში მოხდა, არაფერია იმასთან შედარებით, რაც ხდებოდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, საიდანაც ეთნიკურ რუსებს აძევებდნენ. რუსები გაურბოდნენ გამოსახლებებს, პოგრომებს, საკუთარ თავზე გადაიტანეს ის, რაც ადრე ებრაელებს დაემართათ. მე კი მხოლოდ კამუფლაჟის გაკეთება მომიწია. ჩემმა ახალმა როკერის იმიჯმა - ტყავის ქურთუკმა და ქუდმა - მშვენივრად იმუშავა! ბაიკერ ქირურგის "ღამის მგლების" ხროვაშიც კი ვყოფილვარ“, – ეს არის ფრაგმენტი მომავალი წიგნიდან „სტალინის ოჯახის საიდუმლოებები“, რომელიც სელიმ ბენსაადმა დაწერა რუსულ-ამერიკულ ჟურნალისტ ლანა პარშინასთან ერთად. 2007 წელს პარშინა შეერთებულ შტატებში შეხვდა სვეტლანა ალილუევას და გადაიღო დოკუმენტური ფილმი სტალინის ქალიშვილის შესახებ. ლანა პარშინა დაეხმარა სელიმ ბენსაადს ბაბუის, იაკობ ჯუღაშვილის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებაში. წიგნი ასევე შეიცავს დოკუმენტებსა და ფოტოსურათებს, რომლებიც ასახავენ ნათელ ეპიზოდებს საბჭოთა დიქტატორის შთამომავლების ცხოვრებიდან.

„მე და სელიმმა ვცადეთ დაგვეწერა წიგნი Z თაობისთვის, ახალგაზრდებისთვის, ჩვენ ავხსენით ყველაფერი ხელმისაწვდომი, გასაგები ენით”, - ამბობს ლანა პარშინა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

- ლანა, როგორ გაიცანით სელიმი?

სელიმის ბავშვობის ფოტო
სელიმის ბავშვობის ფოტო

- სელიმის შესახებ დიდი ხანია მსმენოდა, მაგრამ მას მხოლოდ 2019 წელს შევხვდი. მე და მისი მამა ჰოსინ ბენსაადი ერთად ვმონაწილეობდით პროგრამაში "დაე, ილაპარაკონ", სადაც ჰოსინმა აჩვენა იაკობ ჯუღაშვილის მიერ ფრონტიდან გამოგზავნილი წერილი. დამაინტერესა, რატომ არასდროს არ ჩნდებოდა სელიმი. აღმოჩნდა, რომ სელიმი ყრუა. მისმა მამამ მითხრა, რომ სელიმი ძალიან ავადმყოფი ადამიანია, რომ ის ქმედუუნაროა, თვითონ კი მისი მეურვეა და იცავს მას გარე სამყაროსგან. სამწუხაროდ, ვითარება ბევრად რთული აღმოჩნდა. სელიმი სულაც არ არის ქმედუუნარო. გესმით, ალბათ, რომ რუსეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, თუნდაც სმენის დაქვეითებით, ხშირად მეორეხარისხოვან ადამიანებად ითვლებიან.

როდესაც ალილუევასთან მქონდა საქმიანი ურთიერთობა, დამავალა დავკავშირებოდი მის ნათესავებს. ჩავედი მოსკოვში 2007 წლის აგვისტოში, 27 აგვისტოს კი გარდაიცვალა სვეტლანას საყვარელი დისშვილი გალინა ჯუღაშვილი, სელიმის დედა. მხოლოდ 2019 წელს შევიტყვე, რომ გარდაცვალებამდე გალინა ჯუღაშვილმა ხელი მოაწერა ანდერძს, რომლის მიხედვითაც მთელი თავისი ქონება გადასცა ქმარს, ჰოსინ ბენსაადს, მცხოვრებს იმ მისამართზე, რომელზეც გალინა იყო ჩაწერილი 1947 წლიდან. გამჟღავნდა ძალიან ცუდი ამბავი. ფაქტობრივად, გამოდიოდა, რომ სელიმი, იმისთვის, რომ ჰქონოდა წვდომა იმ ბინაზე, სადაც დაიბადა და გაიზარდა, იძულებული იყო დაედო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მას არ შეეძლო ელექტროჩაიდნის გამოყენებაც კი.

- რატომ ჰქონდა ასეთი ცუდი ურთიერთობა მამასთან?

- სელიმის მამას შეეძლო დარჩენილიყო სსრკ-ში სტალინის საყვარელ შვილიშვილთან ქორწინების შემდეგ. ჰოშინმა მოსკოვში მიიღო უფასო უმაღლესი განათლება განახლებადი ენერგიის სფეროში, მაგრამ ახალგაზრდა სპეციალისტმა გადაწყვიტა ალჟირში დაბრუნებულიყო. სელიმი პრაქტიკულად უმამოდ გაიზარდა. კონფლიქტი დაიწყო ბავშვობაში, როდესაც მამამ გადაწყვიტა აერჩია თავისი გზა არა ოჯახის სასარგებლოდ, რომელიც სსრკ-ში დარჩა, არამედ ალჟირის სასარგებლოდ, აირჩია დამოუკიდებელი და უდარდელი ცხოვრება. 1991 წელს ალჟირში შეიცვალა ხელისუფლება, დაიწყო ქვეყნის ისლამიზაცია და, შესაბამისად, ჰოშინმაც დაიწყო მეტი დროის გატარება რუსეთში. მთელი სიმწვავით იჩინა თავი საბინაო საკითხმა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ: ორი ზრდასრული ადამიანი, ერთი არ იცნობს საკუთარ მამას, რომელსაც წელიწადში ერთხელ თუ ნახულობდა ხოლმე. მოულოდნელად ვიღაც კაცი მოდის და იწყებს თავისი პირობების კარნახს. კონფლიქტი გამწვავდა დედის გარდაცვალების შემდეგ.

იულია მელცერი და მისი ქალიშვილი გალინა ჯუღაშვილი ომის შემდეგ ცხოვრობდნენ უშიშროების სამინისტროს ოფიცრების სახლში. სწორედ ეს ბინა გახდა კონფლიქტის საგანი ჰოშინსა და სელიმ ბენსაადს შორის.
იულია მელცერი და მისი ქალიშვილი გალინა ჯუღაშვილი ომის შემდეგ ცხოვრობდნენ უშიშროების სამინისტროს ოფიცრების სახლში. სწორედ ეს ბინა გახდა კონფლიქტის საგანი ჰოშინსა და სელიმ ბენსაადს შორის.

- სელიმი წერს, რომ მამამისს, არაბს, არ ესმოდა, რომ ებრაელ ქალზე იყო დაქორწინებული. გალინა ხომ გალაჰელი ებრაელის, იულია მელცერის ქალიშვილი იყო. გალინამ ქმარს ეროვნება დაუმალა?

- იულია მელცერი გარდაიცვალა 1967 წელს ისე, რომ ჰოსინმა არ იცოდა, რომ გალინა ჯუღაშვილი დედით ებრაელი იყო. ალბათ, ეგონა, რომ ჯეკპოტი მოხსნა: წარმოიდგინე, იქორწინა თვით სტალინის შვილიშვილზე, ქართველზე.

- ბულვარულ პრესაში წავიკითხე, რომ სელიმი გადავიდა ამ ბინიდან, რომელიც გულიამ, როგორც სტალინის შვილიშვილმა, მიიღო და დღეს მამა-შვილი ერთად აღარ ცხოვრობენ. ასეა?

- სიმართლეა, სელიმი ახლა რიაზანშია, მას ეშინია დაბრუნების. ადვოკატ იულია ვერბიტსკაიას რეკომენდაციით, რიაზანში გაემგზავრა 2019 წელს. სელიმი და მისი ცოლი სივიწროვეში, მაგრამ კმაყოფით ცხოვრობენ სელიმის ცოლის მშობლებთან ერთად.

იაკობ ჯუღაშვილი გერმანელებთან ტყვეობაში
იაკობ ჯუღაშვილი გერმანელებთან ტყვეობაში

- სელიმის ბაბუა, იაკობ ჯუღაშვილი, ტყვედ ჩაუვარდათ გერმანელებს და დღემდე გაურკვეველია, რა დაემართა მას, თანამშრომლობდა თუ არა იგი გერმანელებთან და რა ვითარებაში გარდაიცვალა. არსებობს ბევრი ვერსია, რომლებსაც განიხილავთ თქვენს წიგნში. რომელი დასკვნისკენ იხრებით?

- მე და სელიმს არ გვაქვს პრეტენზია ისტორიკოსობაზე. ჩვენ ვსვამთ კითხვებს, რომლებსაც ასევე სვამენ ჟურნალისტები და კრიმინალისტები. რატომ ვერ შევძელით გვეპოვა იაკობ ჯუღაშვილის ტყვეობის პერიოდის ავტოგრაფის ნიმუშები? რატომ არ არის დამოწმებული დაკითხვის ჩანაწერები მისი ხელმოწერით? სად წავიდა მისი სხეული მას შემდეგ, რაც თავი მოიკლა თუ მოკლეს? სწორედ ამ თვალსაზრისით ვატარებთ ჩვენს გამოძიებას, რათა დავხუროთ ოჯახისთვის ძალიან მტკივნეული ეს საკითხი. და ჩვენ საბოლოოდ ვხურავთ მას. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ იაკობი მართლაც დაიღუპა ტყვეობაში.

ვითარებას ართულებს ის, რომ უშიშროების ფედერალური სამსახურის არქივებში თქვენ და სელიმს არ გაჩვენეს იაკობ ჯუღაშვილთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, რაღაც ნაწილი კვლავინდებურად გასაიდუმლოებულია. თუ ხვდებით, რა შეიძლება იყოს ეს?

- ეჭვი მაქვს, რომ იქ არის ვინმე ბესსონოვის საქმის მასალები თუ გარკვეული ჩვენებები. ეს კაცი იჯდა იაკობ ჯუღაშვილთან ერთად და დაკავშირებული იყო დაზვერვასთან. ვფიქრობ, რომ მასში ნახსენებია ზოგიერთი ადამიანი, რომელიც მუშაობდა მტრის ზურგში, შესაძლოა ისინიც, ვინც მუშაობდნენ აბვერში ან იყვნენ ორმაგი-სამმაგი აგენტები.

- 1942 წელს იაკობ ჯუღაშვილის ცოლი, იულია მელცერი დააპატიმრეს როგორც „სოციალურად საშიში ადამიანი“, ხოლო 1943 წელს გაათავისუფლეს. რატომ გადაწყვიტა სტალინმა მელცერის ასე დასჯა და რატომ შეიწყალა შემდეგ?

- ჩვენ ვაქვეყნებთ ФСБ-ს არქივის ოფიციალურ პასუხს. ეს საქმე, რა თქმა უნდა, ბადებს უამრავ კითხვას: რატომ დააპატიმრეს 1942 წლის ოქტომბერში და არა, ვთქვათ, 1941 წლის აგვისტოში, როდესაც უკვე ცხადი იყო, რომ იაკობი ტყვეობაში იყო? სავარაუდოდ, იგი დააპატიმრეს მისი წინა ქმრის, ნიკოლაი ბესარაბის გამო, რომელიც დახვრიტეს 1939 წელს, ომამდე და, რომელიც НКВД-ს თანამშრომელი იყო. რატომღაც, მის საქმეში არ არის დაკითხვის ოქმები. გამოდის, რომ იულია მელცერი დააპატიმრეს არა როგორც ბრალდებული, არამედ როგორც მოწმე. თინათინ დავითის ასულმა ეგნატაშვილმა, რომელმაც უშუალო მონაწილეობა მიიღო ამ წიგნის შექმნაში (მოგვაწოდა ბევრი მასალა და ფოტო), გვითხრა, რომ იულია ალექსანდრე ეგნატაშვილმა დააპატიმრა, რათა ნაკლები ტრავმა მიეყენებინა იულიას ქალიშვილისთვის. გალინა ჯუღაშვილი ხომ სტალინის საყვარელი შვილიშვილი იყო. სტალინს სურდა, რომ იგი რაც შეიძლება უმტკივნეულოდ დაეპატიმრებინათ, „ჩორნი ვორონების“ და ტყავის ქურთუკიანების გარეშე. მოსამზადებლად დროც კი მისცეს. ჩემოდნის ჩალაგება მოასწრო. ძალიან მაინტერესებს, რატომ არ არსებობს დაკითხვის ოქმები და რატომ იქცა დაკავების მიზეზად ყოფილი ქმარი, რომელიც 1939 წელს დახვრიტეს.

- თქვენს წიგნში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდია - სტალინის ქალიშვილის, სვეტლანას მოულოდნელი გაქცევა ამერიკაში ინდოეთის გავლით. თქვენ ესაუბრეთ სვეტლანა ალილუევას ამ ამბის შესახებ. გჯერათ მისი, რომ მან ეს სპონტანურად გააკეთა და გაქცევას არ გეგმავდა, თუმცაკი თავისი წიგნის ხელნაწერი წინასწარ გადააგზავნა საზღვარგარეთ?

სელიმ ბენსაადი და თინათინ ეგნატაშვილი სტალინის საფლავზე
სელიმ ბენსაადი და თინათინ ეგნატაშვილი სტალინის საფლავზე

- ვფიქრობ, რომ სვეტლანა ეძებდა გაქცევის შესაძლებლობას. რასაკვირველია, ცოტა კეკლუცობდა, როცა ამბობდა, რომ სპონტანურად გააკეთა ეს ყველაფერი. გაიქცა, როდესაც უფროსი ვაჟი უკვე დაქორწინებული იყო, ხოლო 17 წლის უმცროსი ქალიშვილი, უნივერსიტეტში სწავლობდა და ასევე დაბინავებული იყო. ერთადერთი უხერხულობა, რომელიც ალილუევამ შეუქმნა საყვარელ ადამიანებს, იყო მათი იძულებითი ვიზიტები ლუბიანკის ქუჩაზე, КГБ-ში, ჩვენებების მისაცემად. რა თქმა უნდა, სვეტლანამ ყველა ნათესავს გადაუკეტა საზღვარგარეთ გასასვლელი გზა.

- კერძოდ, გადაუკეტა გალინას. თქვენ წერთ, რომ ჰოშინთან ქორწინების ნებართვა მხოლოდ მას შემდეგ გაიცა, რაც პატარძალმა ანდროპოვს მიმართა...

- უცხოელებთან ქორწინებას მოსკოვის ერთადერთი მმაჩის ბიურო არეგისტრირებდა. ჯერ ჰოშინმა ცნო შვილად ბავშვი, მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს მათ დაქორწინების უფლება.

- თქვენ მიანიშნებთ, რომ სელიმის სამშობიარო ტრავმა შეიძლებოდა ხელოვნური ყოფილიყო, ანუ ბავშვი დაასახიჩრეს სტალინის შვილიშვილის უცხოელთან ურთიერთობის გამო. შეიძლება ეს ვერსია სერიოზულად იქნას განხილული?

- ეს ვერსია გაახმოვანა გალინა ჯუღაშვილმა. პირადად მე ეჭვი მეპარება, რომ ასეთი რამ მოხდარიყო.

გალინა ჯუღაშვილის მიერ ბრეჟნევისათვის გაგზავნილი წერილი
გალინა ჯუღაშვილის მიერ ბრეჟნევისათვის გაგზავნილი წერილი

- თქვენ აქვეყნებთ წერილს ბრეჟნევისადმი, რომელშიც გალინა ჯუღაშვილი ითხოვს, გაუშვან მისი შვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ. მაგრამ უარს ეუბნებიან. ამ შემთხვევაში ხელისუფლება ნამდვილად დამნაშავეა, რადგან ფრანგი ექიმები, ალბათ, შეძლებდნენ სელიმისთვის სმენის შენარჩუნებას.

- ალბათ კი. ბორდოს ინსტიტუტი, სადაც სელიმის მკურნალობა იგეგმებოდა, მართლაც ლიდერია მსგავსი დაავადებების მკურნალობის საქმეში. ახლა სელიმის ერთადერთი ნუგეში იმპლანტია. 1988 წელს სელიმი იმყოფებოდა მედიცინის ჯადოქართან, დოქტორ მიშელ პორტმანთან, მაგრამ დრო უკვე დაკარგული იყო. ხომ ნახეთ სსრკ პრეზიდიუმის გადაწყვეტილება: უზრუნველყოფილ იქნეს სელიმის მკურნალობის ყველა შესაძლო მეთოდი. როგორც ჩანს, ფრანგი ექიმი არ მოიწვიეს, თუმცა ამის შესაძლებლობა განიხილებოდა ბრეჟნევისა და კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დონეზე. გამიკვირდა, რომ გალინა ჯუღაშვილის ეს წერილი ინახება რუსეთის სოციალურ-პოლიტიკური ისტორიის სახელმწიფო არქივში, სტალინის უდიდეს ფონდში 558-ში.

სვეტლანა ალილუევა და ლანა პარშინა აშშ -ში
სვეტლანა ალილუევა და ლანა პარშინა აშშ -ში

- თქვენ შეხვდით სტალინის არაერთ ნათესავს. ბევრი მათგანი ვერ რიგდებოდა ერთმანეთში. თუ აქვთ მათ რამე საერთო ხასიათში?

- დიახ, ძალიან თავნება და ჟინიანები არიან. რა თქმა უნდა, ფოლადის ხასიათი აქვთ და სულ მუდამ ცდილობენ, თავისი გაიტანონ. სელიმთანაც კი აზრი არ აქვს კამათს. ჟურნალისტები ხშირად მიმართავენ მას. ვუთხარი: „სელიმ, გთხოვ, ნუ ჩაერევი პოლიტიკაში“. - „არა, მე უნდა ვილაპარაკო ბუზოვაზე“. და მან ილაპარაკა ბუზოვას შესახებ, რომ ის, რა თქმა უნდა, არ არის ლიუბოვ ორლოვა, მაგრამ არაფერი დაშავდება, თუკი იმღერებს მოსკოვის სამხატვრო თეატრში. შეუძლებელია იგი აიძულონ, შეუერთდეს რომელიმე პარტიას. მიაჩნია, რომ უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი. მაგრამ ერთადერთი გამონაკლისია პუტინი, რომელსაც აიდეალებს. სჯერა, რომ პუტინი ყველაფერს სწორად აკეთებს, მაგრამ გარემოცვა ჰყავს ცუდი; წუხს, რომ პუტინი არ არის სტალინი, აიღებდა და ყველა ამ კორუმპირებულ ჩინოვნიკს ყოფას უტირებდა, დახვრეტდა. მოკლედ, ასეთი გულუბრყვილო ადამიანია.

- რას ფიქრობს სვეტლანა ალილუევაზე? მათი ურთიერთობა ხომ ვერ აეწყო?

- დიდი სითბოთი იხსენებს, რადგან ბავშვობაში სამჯერ წაიყვანა „დიდ თეატრში“, უვლიდა და მისი აღზრდით იყო დაკავებული. საერთოდ, სვეტლანა ალილუევა დიდად განსხვავდებოდა იმ იმიჯისგან, რომელიც საბჭოთა პროპაგანდამ შექმნა. როდესაც პირველად მოვხვდი მის ბინაში, მეგონა ვეფხვთან შევდიოდი გალიაში. რა აღარ დაიწერა მის შესახებ! დაწერეს, რომ გიჟი და არაადეკვატური იყო. ვრცელდებოდა სხვადასხვა სახის ჭორები იმის შესახებ, თუ რატომ არ იძლეოდა ინტერვიუებს...

- გამაოგნა თქვენთან საუბარში ნათქვამმა, რომ ინგლისურად ფიქრობს, რომ სიზმრებშიც ინგლისურად ლაპარაკობს. რაღაცნაირად მოულოდნელი იყო სტალინის ქალიშვილისგან.

- მე კი უფრო გამაოცა პოეზიის ცოდნამ. ციტირებდა ვოლოშინს, რომელსაც თავის სულიერ მოძღვრად მიიჩნევდა. რა თქმა უნდა, მძლავრი ინტელექტი ჰქონდა. ტვინი ჰქონდა ძალიან ნათელი და სუფთა.

- ლანა, თქვენ შეისწავლით სტალინის ნათესავების ისტორიებს, მანამდე კი იკვლევდით ჰიტლერის ნათესავების ამბებს. ვფიქრობ, რომ თქვენ მათ აღიქვამთ როგორც მეფეებს, რომლებიც საუკუნეების წინ მართავდნენ და შეგიძლიათ მშვიდად შეისწავლოთ მათი გენეალოგია, მაგრამ ისინი სულ ცოტა ხნის წინ იყვნენ, ჯერ კიდევ ცოცხლები არიან ადამიანები, რომლებიც დააზარალეს ამ რეჟიმებმა. თქვენი მიდგომა, რაც ჩანს წიგნში, მათთვის გაუგებარი და უსიამოვნო იქნება. რას უპასუხებთ საყვედურს, რომელიც შეიძლება გამოითქვას თქვენი მისამართით, რომ ისტორიას მეტისმეტად უემოციოდ შეისწავლით?

ჰოსინ ბენსაადი და გალინა ჯუღაშვილი
ჰოსინ ბენსაადი და გალინა ჯუღაშვილი

- მე გამოვიყენებდი სიტყვას „მიუკერძოებლად“. წიგნის რედაქტორი იუნა ჩუპრინინა მეუბნება: „თქვენ რა, სტალინის რეაბილიტაციას ახდენთ?“, მე ვამბობ: „რატომ გადაწყვიტეთ, რომ მე მის რეაბილიტაციას ვახდენ? ვცდილობ ვაჩვენო ნებისმიერი პიროვნება (ჰიტლერის გამოკლებით), როგორც ადამიანი, რადგან მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როგორი ადამიანი იყო, რათა ჩვენ აღარ დავუშვათ იგივე შეცდომები. ადამიანური ფაქტორი წყვეტს ყველაფერს. ახლა ანგელა მერკელი მიდის, მისი მმართველობის შედეგებს ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში დავაკვირდებით. ის გაიზარდა სოციალისტურ გერმანიაში; ბედნიერ ქორწინებაშია, თანამგრძნობია, ლტოლვილები შეუშვა ევროპაში. ადამიანი ყოველთვის იქცევა თავისი ემოციების, წარმომავლობისა და აღზრდის შესაბამისად. ისტორიას ადამიანები ქმნიან. არ უნდა დაგვავიწყდეს ეს. მგონია, რომ საინტერესოა ამგვარი არაერთგვაროვანი ადამიანების, მათი ოჯახების, მათი წარმომავლობის შესწავლა. ამ წიგნის მთავარი გზავნილია: არ დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც ინტერნეტში წერენ. მეორე - ყოველთვის მიმართეთ პირველწყაროს ან, სულ ცოტა, გადაამოწმეთ ინფორმაცია. და მესამე - კრიტიკული აზროვნების განვითარება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, რადგან ბევრ ქვეყანაში შემოდგომაზე არჩევნები იმართება. სელიმსაც ახლა იმაზე აწუხებენ ჟურნალისტები, თუ ვის დაუჭერს მხარს კენჭისყრის დროს. ის კი ამბობს: „რატომ უნდა გავწიო რომელიმე პარტიის სასარგებლო აგიტაცია? არცერთი მათგანი არ მომწონს”. სელიმი, რომელმაც კრიტიკული აზროვნების უნარი გამოიმუშავა არქივებში მუშაობით, არცერთ პარტიას არ ემხრობა, მაგრამ გულწრფელად სჯერა, რომ პუტინი მამა-მეფე და მზეა, რომელსაც უბრალოდ არ გაუმართლა გარემოცვაში, კორუმპირებულ ჩინოვნიკებში, რომლებიც ჩრდილს აყენებენ მას. ვერ გადაარწმუნებთ, მოიყვანს ას არგუმენტს, თუ რატომ არის საჭირო პუტინის დახმარება.

XS
SM
MD
LG