პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ნაწილი, - მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შვილი და ძმისშვილები - საარჩევნო სიებში თავს ვერ პოულობენ და შიშობენ, რომ ემიგრაციაში ხმის მიცემა, შესაძლოა, ვერ შეძლონ.
„სირცხვილი, კანონის უგულებელყოფა“, - ასე აფასებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ცესკოს გადაწყვეტილებას, მხოლოდ 60 უბანი გახსნას საარჩევნოდ.
სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) სარჩელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების შექმნასთან დაკავშირებით.
„კონსტიტუციის 37-ე მუხლი ავალდებულებს ხელისუფლებას, საყოველთაო პრინციპის გათვალისიწნებით ჩატარდეს არჩევნები. საყოველთაოობა ნიშნავს, რომ ყველა ამომრჩევლის, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, თანაბარი ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეს უბნებზე, თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს ხმის მიცემისა. საზღვარგარეთ ეს არ არის უზრუნველყოფილი“, - ეუბნება ISFED-ის სამართლებრივი ექსპერტი, გიორგი მონიავა რადიო თავისუფლებას.
არ დაკმაყოფილდა ამ თემაზე არც პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი.
პარტიის წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაა, „წაართვას ხმის უფლება ემიგრანტებს“.
„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლების ყველა შტო ჩართულია ბიძინა ივანიშვილის დავალების შესრულებაში“, - თქვა კორძაიამ 30 სექტემბერს საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმითვე, გადაწყვეტილება გამოიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალომე სამხარაძემ, რომელიც, კორძაიას ცნობითვე, არის აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლის, ლევან მუსურიძის ყოფილი თანაშემწე.
„ხელისუფლების ყველა შტო წარმოუდგენელ საქმეებს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავისი არჩევანი ვერ გააკეთონ, ვერ დაიცვან, მაგრამ ეს არის ძალიან დროებით. 26 ოქტომბერს ისინი აუცილებლად ძალიან მძიმედ დაასრულებენ,“ - განაცხადა კორძაიამ.
ცესკოს გადაწყვეტილება
ცესკოს 26 სექტემბრის განკარგულებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 60 უბანი გაიხსნება - 42 ქვეყნის 53 ქალაქში.
ამას ემიგრანტებისა და პოლიტიკური პარტიების ნაწილი ამომრჩეველთა უფლებების დარღვევად მიიჩნევს.
ცესკოს განკარგულებით, - რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელმა წევრებმა მხარი არ დაუჭირეს და სხვადასხვა ორგანიზაციამ გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ ძალაში დატოვა - მხოლოდ 60 საარჩევნო უბნის გახსნაა დაგეგმილი:
- თითო-თითო საარჩევნო უბანი [დედაქალაქებში] გაიხსნება შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელარუსი, ბელგია, ბულგარეთი, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ირლანდია, ისრაელი, კანადა, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, ჰოლანდია, პოლონეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სომხეთი, უზბეკეთი, უნგრეთი, ქუვეითი, ყაზახეთი, შვედეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, კატარი, ჩინეთი, ნორვეგია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთი, სამხრეთი კორეა, იაპონია, ავსტრალია.
- ორი უბანი გაიხსნება: ესპანეთში [მადრიდი და ბარსელონა].
- სამი უბანი გაიხსნება: აზერბაიჯანში [სამივე - ბაქო]; თურქეთში [ანკარა, სტამბოლი, ტრაპიზონი]; იტალიაში [რომი, ბარი მილანი].
- ოთხი უბანი გაიხსნება: გერმანიაში - ბერლინი, ფრანკფურტი, მიუნხენი, შტუტგარტი.
- ხუთი უბანი გაიხსნება: აშშ-ში [ნიუ-იორკი - 3, ვაშინგტონი და სან-ფრანცისკო]; საბერძნეთში [ათენი - 3, სალონიკი - 2].
„ჩემი ხმა“
პარალელურად, კოალიცია „ჩემი ხმა“, - რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შექმნეს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, - მიუთითებს საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების საარჩევნო სიაში აღრიცხვის გაუმჭვირვალობაზე.
30 სექტემბერს „ჩემი ხმის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე მიუთითა, რომ 26 სექტემბრის მონაცემებით რეგისტრირებული ამომრჩევლების რიცხვი უფრო ნაკლებია, ვიდრე 2024 წლის 9 აგვისტოს მონაცემები, - როცა ამ პერიოდში ხმის მიცემის მხარდამჭერი კამპანია მხოლოდ გაძლიერდა.
სექტემბრის ბოლოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 65 000 ამომრჩევლის მონაცემი გადასცა.
თოლორაიას ცნობით კი, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით, საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებოდა საქართველოს 67 347 მოქალაქე.
„9 აგვისტოდან დღემდე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ვებგვერდზე ყოველდღიურად იზრდება საკონსულო აღრიცხვაზე ონლაინსისტემით დარეგისტრირებულ პირთა რაოდენობა. შესაბამისად, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი სრულწლოვანი ამომრჩევლების რაოდენობა რეალურად უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე სამინისტრომ მიაწოდა ცესკოს“, - ამბობს თოლორაია.
პრეზიდენტის შვილი და ძმისშვილები
რადიო თავისუფლებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შვილი, ქეთევან გორჯესტანი და პრეზიდენტის ორი ძმისშვილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ ირიცხებიან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესცენტრის თანახმად, ქეთევან გორჯესტანმა 2024 წლის 23 ივლისს გაიარა საკონსულო აღრიცხვა, იქიდან მიღებული აქვს დასტური აღრიცხვაზე ყოფნის შესახებაც.
თუმცა, როდესაც სამი დღის წინ, 27 სექტემბერს საკუთარი სახელი ამომრჩეველთა ერთიან სიაში გადაამოწმა, იქ არ აღმოჩნდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამბის მედიაში გახმაურების შემდეგ ამბობს, რომ
- „ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში და ასევე რეგისტრაციის ადგილად (საცხოვრებელ ადგილად) მითითებული აქვს საფრანგეთი“
- „აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ვერ მოხვდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, თუმცა მისი მონაცემები კანონის შესაბამისად შეტანილი იქნება სპეციალურ სიაში და ის შეძლებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმა მისცეს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ პარიზში გახსნილ საარჩევნო უბანზე“.
პრეზიდენტი ძმა, ოთარ ზურაბიშვილი, - რომელიც საფრანგეთში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელია, ფეისბუკზე მიმართვაში ემიგრანტებს მოუწოდებს, ნუ შეუშინდებიან „შეზღუდვებს“.
„ვიცით, რომ ყველანაირი შეზღუდვა იქნება გამოყენებული“, - ამბობს ის და ჩამოთვლის:
- „რეგისტრაციისკენ არავინ მოგიწოდებთ, თქვენ თვითონ უნდა გააკეთოთ და არავინ დაგეხმარებათ, არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა;
- ბევრი თქვენგანი იძულებული იქნება, გადაადგილდეს [შორ დისტანციაზე], ვინაიდან ძალიან ცოტა საარჩევნო უბანია გახსნილი“…
ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით ჩატარებული, კვლევითი ორგანიზაცია Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 87%-ს მიაჩნია, რომ საზღვარგარეთ ქართველი ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების არგახსნით საქართველოს მოქალაქეების უფლებები ირღვევა.
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ემიგრანტებისათვის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ კამპანიაში, „სამარცხვინოს“ უწოდებს ცესკოს გადაწყვეტილებას, მხოლოდ 60 უბანი გაიხსნას საარჩევნოდ.
„სირცხვილი არ ჰქვია ამას, კანონის უგულებელყოფა, ადამიანების საარჩევნო უფლების უარყოფა, სისხლის სამართლის საქმეა“, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი ზურაბიშვილი მედიის ცნობას, რომ როდესაც საქართველო უცხოეთში საარჩევნოდ 60 უბანს ხსნის, მოლდოვა ამ დროს 228 უბანზე აძლევს ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლებას.
„გაასაჯაროონ ინფორმაცია“
ISFED-ის სამართლებრივი ექსპერტი გიორგი მონიავა ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია 10-მდე შემთხვევაზე, როდესაც ადამიანები საკონსულო რეგისტრაციაზე არიან, თუმცა ხმის მიცემას, სავარაუდოდ, მაინც ვერ შეძლებენ:
„მე ვიცი შემთხვევებით, დაახლოებით 10-მდე, როდესაც ადამიანები საკონსულო აღრიცხვაზე დგანან, ერთიან სიაშიც იყვნენ, 2020 წლის არჩევნებზე ხმა მისცეს, რეგისტრაციის მისამართიც ჰქონდათ, მაგრამ იმიტომ, რომ პირადობის მოწმობას გაუვიდა ვადა, - იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ვადიანი პასპორტი ჰქონდათ და ახლაც აქვთ, - გაუუქმეს რეგისტრაციის მისამართები. შესაბამისად, ამოიღეს ერთიანი სიიდან. ახლა კი, იმის მიუხედავად, რომ იქნებიან ადგილზე და საკონსულო რეგისტრაცია აქვთ, მაინც ვერ მისცემენ ხმას, რადგან ერთიანი სიიდან არიან ამოღებულები. ამჟამად სწორედ ამ საკითხს ვსწავლობთ“, - ამბობს მონიავა.
მისი თქმითვე, კითხვებს აჩენს, ერთი მხრივ, საარჩევნოდ რეგისტრირებული ემიგრანტების 2020 წლის მსგავსი მონაცემები, - წლევანდელი კამპანიებისა და აქტივობის მიუხედავად, - და, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან გაუმჭვირვალობა.
„მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაახლოებით 67 000-მდე ადამიანი იყო საკონსულო აღრიცხვაზე, - იქ, სადაც უბნები გაიხსნა. აქედან მონაწილეობა მიიღო 12 000-მდე ადამიანმა. 2020 წელს ისეთი კამპანია არ ყოფილა, როგორც წელს. წელს ემიგრანტების ძალიან დიდი აქტივობა შეინიშნებოდა, კამპანიის სახით. ქვეყნის შიგნითაც ძლიერი კამპანია იყო, გათვლილი იმაზე, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დამდგარიყო ხალხი. ემიგრანტებშიც დიდი აქტივობა იყო“, - ამბობს მონიავა.
2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ საზღვარგარეთის უბნებზე ხმების 53.4% მოაგროვა, 2016 წელს - 39.6%, 2020 წელს კი - 29%. 2020 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 45.6% მიიღო. 25.4% კი სხვა პარტიებმა გადაინაწილეს.
ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, საგარეო სამინისტრო არ ასაჯაროებს ინფორმაციას სრულწლოვანი მოქალაქეების რაოდენობის შესახებ. კოალიცია „ჩემი ხმა“ მოუწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, გამოაქვეყნოს შემდეგი მონაცემები:
- რამდენი სრულწლოვანი მოქალაქე იმყოფებოდა საკონსულო აღრიცხვაზე 2024 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით;
- მათგან რამდენი ვერ მოხვდა ცესკოსთვის გადაცემულ სიაში;
- რამდენი მოქალაქეა აღრიცხვაზე სხვადასხვა, თითოეულ ქვეყანაში.
ფორუმი