საქართველო საერთაშორისო ტურისტების მისაღებად 1 ივლისიდან ემზადება და, როგორც ეს არაერთხელ აღინიშნა, ჩვენ ვიქნებით პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც კარს გახსნის მოგზაურებისთვის. ტურიზმის ადმინისტრაცია და მთავრობა შეხვედრებს მართავენ და მსჯელობენ იმაზე, როგორი უნდა იყოს სტანდარტები ტურიზმის სექტორის სუბიექტებისთვის, როგორ მოეწყობა უსაფრთხო დერეფნები და რა ადგილები გამოცხადდება ტურისტულ მწვანე ზონებად; ავიაკომპანიები ფრენების აღდგენის გეგმებზე მუშაობენ, ტურისტული სექტორის წარმომადგენლების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის კი ჯერაც უცნობია, თუ რა პირობებით და საიდან ჩამოსული ტურისტებისთვის მოუწევთ მუშაობის განახლება.
პანდემიის შემდეგ ტურიზმის აღდგენის გზებზე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს და ამზადებს რეკომენდაციებს, მათ შორის, ევროკომისია და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია; პროტოკოლებს მოგზაურებისთვის ადგენენ ცალკეული ქვეყნებიც; 14 მაისს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა, თქვა, რომ ისინი მუშაობენ პროტოკოლზე 159 ქვეყნისთვის, რომელსაც საქართველოც გამოიყენებს და რაც გულისხმობს „სახლიდან სახლამდე“ უსაფრთხო მოგზაურობას.
„სახლიდან სახლამდე“ ერქმევა ამ ეტაპებს, რომლებიც ნებისმიერმა ტურისტმა უნდა გაიაროს და ეს იქნება ნორმები, რომლებიც სტანდარტიზებულად ყველა ქვეყანას მიეწოდება რეკომენდაციების სახით, რათა უსაფრთხო იყოს ტურისტების მიმოსვლა. პროტოკოლის თანახმად, მოგზაურობის მსურველი სახლიდან აეროპორტამდე რაღაც სახის ტრანსპორტით უნდა მივიდეს და ამ ტრანსპორტის სხვადასხვა ვარიანტი იქნება გათვალისწინებული. შემდეგ არის აეროპორტში გასავლელი ეტაპები. აუცილებლად იქნება გარკვეული ტიპის ტესტი. ჩვენ უკვე დასრულებული გვაქვს სანიტარიული პასპორტის პროექტი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. საუბარია კოვიდპასპორტზე. შემდეგ უკვე არის კონკრეტული წესები სასტუმროში, ჰიგიენის და სხვადასხვა ტიპის ნორმატივები მუზეუმებში, პარკებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“, - ასე განმარტა ზურაბ პოლოლიკაშვილმა იდეა, რომელსაც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია ამუშავებს. ჯერჯერობით პროტოკოლი დოკუმენტის სახით არ არსებობს და არც მეტი დეტალები იძებნება ამ კონცეფციის შესახებ.
15 მაისის მდგომარეობით, ღია წყაროების მიხედვით, ცნობილია რამდენიმე მიმართულება, რომელზეც საქართველოს მთავრობა მუშაობს. კერძოდ:
- უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელთან, ავსტრიასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან;
- 20-ზე მეტმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ უკვე გამოთქვა ინტერესი და მზადყოფნა, საქართველოში ფრენა 1-ელი ივლისიდან ეტაპობრივად აღადგინოს.
- მთავრობა გეგმავს, ცალკეული ტურისტული ზონები კოვიდ-19-ისგან სუფთა ზონებად გამოცხადდეს და ეს შეიძლება იყოს საირმე, წყალტუბო ან გუდაური. შესაძლოა ამას დაემატოს ბაკურიანი და აჭარის ცალკეული ადგილები, მაგალითად, მხოლოდ ბათუმი.
- საქართველო ცვლის მარკეტინგულ სტრატეგიას და თავს წარუდგენს მსოფლიო ტურისტებს, როგორც უსაფრთხო ქვეყანა. პრემიერ-მინისტრის თქმით, „საქართველო, როგორც ტურისტული ბრენდი, მსოფლიო ბაზარზე უნდა პოზიციონირებდეს არა მხოლოდ როგორც ზღვის, მთის, ღვინის, მდიდარი ისტორიის, კულტურის, სამზარეულოს მქონე სახელმწიფო, არამედ - უსაფრთხო ქვეყანა, ვირუსის თვალსაზრისით“.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, წესების და გაიდლაინების პროექტი უკვე მზად არის და მათი გაზიარება საქართველოს სხვა ქვეყნებისთვისაც კი შეუძლია.
„ამ ეტაპზე უკვე მზად გვაქვს ამ წესებისა და გაიდლაინების პირველი პროექტი, როგორც ტრანსპორტზე, ასევე ტურისტული განთავსებისა და კვების ობიექტებზე, რაც ჩვენ შეგვიძლია გავუცვალოთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ჩვენთან ტურიზმის აღდგენა უნდათ იმისთვის, რომ თავის ეროვნულ სტანდარტებს შეაჯერონ და ჩვენ შევჯერდეთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა 14 მაისს.
იმის გამო, რომ არც გაიდლაინები და არც პროტოკოლები დოკუმენტის სახით გამოქვეყნებული არ არის, ჯერჯერობით არ ვიცით პასუხები შემდეგ კითხვებზე:
- რა შემოწმებას გაივლიან ტურისტები საქართველოში შემოსვლისას;
- როგორ უნდა უზრუნველყონ ტურისტულმა ობიექტებმა, ერთი მხრივ, დასაქმებულების, მეორე მხრივ კი, ტურისტების უსაფრთხოება;
- როგორ შეძლებს სახელმწიფო გააკონტროლოს, მაგალითად, ტრანსპორტის სერვისი, რომელსაც მოგზაურები იყენებენ, და რამდენად თავისუფლები იქნებიან საქართველოში ჩამოსული ტურისტები გადაადგილებაში;
- რა ტიპის კულტურული და გასართობი აქტივობები დახვდებათ მათ საქართველოში მოგზაურობისას.
ტურიზმის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი თვლის, რომ რაც მალე ექნებათ მათ ამ კითხვებზე პასუხი, მით უკეთ შეძლებენ მომზადებას ტურისტული სეზონისთვის.
საქართველოს მსგავსად, ტურიზმის სფეროს კრიზისული ვითარებიდან გამოყვანაზე ფიქრობენ და მსჯელობენ ყველა ქვეყანაში. უკვე არსებობს მკაცრი შეზღუდვებისა და ჩაკეტვებისგან გამოსვლის რამდენიმე გზაც.
აი, რამდენიმე მაგალითი:
ბალტიისპირეთის ქვეყნები - ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი - პირველ ეტაპზე, 15 მაისიდან ერთმანეთისთვის ხსნიან საზღვრებს;
საფრანგეთი ამბობს, რომ ჩაკეტილ საზღვრებს, ყველაზე მცირე, 15 ივნისამდე შეინარჩუნებს.
ავსტრია საზღვრებს 15 ივნისიდან ხსნის გერმანიასთან და, როგორც კანცლერი სებასტიან კურცი გეგმავს, შემდეგ ეტაპზე ქვეყანა კარს გახსნის შვეიცარიისა და ლიხტენშტაინისათვის.
ესპანეთში ამუშავებენ კონცეფციას, როგორ შეიძლება ევროპის შიგნით მოგზაურობა მწვანე ზონებში ისე, რომ არ გაიზარდოს ეპიდემიური სიტუაციის გართულების რისკი. ამ დროისთვის ყველა, ვინც ესპანეთის საზღვარს გადალახავს, სავალდებულო 14-დღიან კარანტინს გადის.
პორტუგალია აცხადებს, რომ ივნისის შუა რიცხვებიდან სასტუმროები და სანაპიროები მზად იქნებიან ტურისტების მისაღებად, თუმცა ჯერჯერობით მსჯელობა გრძელდება იმაზე, როგორ გააკონტოროლებენ შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობას.
ხორვატია საზღვარს თავდაპირველად მეზობელი სლოვაკეთისთვის ხსნის იმ მოტივით, რომ ამ ორ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მსგავსია; გერმანელი ტურისტებისთვის კი საზღვაო კურორტების გახსნას 15 ივნისიდან აპირებს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის რეკომენდაციების პაკეტი შეიმუშავა ევროკომისიამ. ამ დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ეტაპობრივად და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით უნდა დაიწყონ გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა და უსაფრთხო მგზავრობის უზრუნველყოფა, სატრანსპორტო სერვისების აღდგენა და ტურისტებისთვის უსაფრთხო სერვისების შეთავაზება და ამისათვის უნდა გამოიყენონ აპლიკაციები, რომლებიც მოიცავს მონაცემებს კოვიდინფიცირებულთა და მათი კონტაქტების შესახებ, და, ასევე, ვაუჩერების სისტემა გაუქმებული ან გადადებული მგზავრობისთვის.
მიუხედავად ორგანიზაციების და მთავრობების მცდელობისა, რომ 2020 წლის ზაფხული ტურისტებისთვის ისევე არ გაუქმდეს, როგორც ზამთარი და გაზაფხული გაუქმდა, და ნელ-ნელა ყველაფერი ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდეს, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, მთელ მსოფლიოში 2020 წელს ტურების 58 %-დან 78 %-მდე კლებაა მოსალოდნელი, ქვეყნებს კი გაორმაგებული ძალისხმევა და ახალი ტიპის მარკეტინგული კამპანიების წარმოება დასჭირდებათ ტურისტების დასარწმუნებლად უსაფრთხო მოგზაურობისა და გადაადგილების შესაძლებლობაში.