2014 წლის ზაფხულს გადავწყვიტე დედაჩემისთვის ის საიდუმლო გამემხილა, რისი დამალვაც ასე ძალიან მიჭირდა.
მრცხვენოდა, რომ ვმალავდი. მრცხვენოდა, რომ დედაჩემს, ჩემთვის ყველაზე საყვარელ ადამიანს, უდიდეს საიდუმლოს ვუმალავდი.
სინდისი ყოველ დღე უფრო და უფრო მქენჯნიდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დედა ჩემს ორიენტაციაზე, ჩემი "საეჭვო ქცევის" გამო კითხვებს მისვამდა. მე კი მას ყოველდღე ვუყურებდი თვალებში და ვატყუებდი, რომ მე გოგოები მომწონს და არანაირი "გადახრა" არ მჭირს.
მე დედა უზომოდ მიყვარდა და მიყვარს, ხშირად შიგნიდან ვიღაც მეძახდა, რომ უნამუსო, მატყუარა და უთავმოყვარეო ვარ!
ყოველ ღამე მეღვიძებოდა სიზმრებით, თუ როგორ ვუყვებოდი დედას ჩემი ორიენტაციის შესახებ და როგორ ვკარგავდი მას.
ყოველ სიზმარს ერთი და იგივე დასასრული ჰქონდა: დედა ნერვიულობის ფონზე ცუდად ხდებოდა და საავადმყოფოში მიგვყავდა. შემდეგ კი ამავე სიზმრებშიც სინდისი მქენჯნიდა, რადგან დედა საავადმყოფოში ჩემს გამო მოხვდა.
ვიღვიძებდი და ვტიროდი. არ ვიცოდი სად იყო გამოსავალი. გაღვიძებისას ახალი კოშმარი იწყებოდა, შინაგანი ხმა, რომელიც მეძახდა თუ როგორი მშიშარა ვარ, რომ ვერ ვუსწორებ სიმართლეს თვალს და არ მაქვს იმის ძალა რომ ვაღიარო ჩემი თავი.
ამ დროს დაემთხვა 2013 წლის ლგბტ სიამაყის მარშის დარბევა, სადაც ჩემნაირ ადამიანებს სცემდნენ, მისდევდნენ, ამცირებდნენ და უგინებდნენ საყვარელ ადამიანებს.
დედას სიმართლე ვუთხარი და დავიწყე იმ წამიდან სუნთქვა და სიცოცხლე
ამას ჩემს სამეზობლოშიც მოყვა განხილვა, სადაც ხალხი სიხარულით ზეიმობდა ამ დარბევის ფაქტს. იყო შეძახილები: "ეგენი დასაწვავები არიან", "ერთი მაგის დედა მანახა", " ალბათ, დედამისი ბოზია და შვილს რა უნდა მოსთხოვო", "ჩვენ მართლმადიდებლები ვართ" ," ღვთის ხალხს არ შეეფერება მსგავსი გარყვნილება".
ვუსმენდი ხალხს და მრცხვენოდა ჩემი თავის. მრცხვენოდა, რადგან ჩემს თემის წევრებს ქოლავდნენ და მე მათ გვერდით არ ვიდექი. ჩემი თემის წევრებს თვალწინ მილანძღავდნენ და მე მათ დასაცავად ვერაფერს ვამბობდი.
თუ ხმას ამოვიღებდი და რამეს ვიტყოდი, ეს ეჭვს გააჩენდა რომ მეც მათნაირი ვარ.
მეშინოდა. ვაითუ მეც ჩამქოლონ? მე ჯანდაბას, დედაჩემზეც იგივეს იტყვიან, ალბათ, ბოზიაო ან კარგი დედა არ არისო. "ქათამი" შვილი გამოუვიდაო! არა და ვერ ავიტანდი ჩემს უძლიერეს ქალზე და დედაზე ვინმეს ასე ელაპარაკა.
წამებში გავიაზრე, არ ჰქონდა სიცოცხლეს აზრი, თუ ის ვერ ვიქნებოდი ვინც ვარ!
ვხვდებოდი, რომ აზრი არ ჰქონდა დავმალავდი თუ არა, რადგან როდესაც თემის წევრებს აგინებდნენ, ამ გინებას მეც ჩემს თავზე ვიღებდი. გარდა ამისა, ვხედავდი დიდ უსამართლობას ყოველ სიტყვაში, ყოველ მათ ქმედებაში.
ბოლოს მივხვდი, რომ ჩემს თავზე კონტროლი დავკარგე. შინაგანი მე იმდენად განრისხდა, დედას თვალებში ვეღარ ვუყურებდი. ვეღარ ვეუბნებოდი, რომ მიყვარდა რადგან ვიცოდი, თუ როგორ უსინდისოდ ვატყუებდი, რომ მე არ ვარ ლგბტ თემის წევრი.
ამასობაში, შინაგანი პროტესტი მანერებით გამოიხატა. ერთხელ დედაჩემმა გაბრაზებულმა მკითხა, ბოლოს და ბოლოს ქალი ხარ თუ კაცი, რანაირად იქცევიო?
ყველაფერმა დამღალა, ყველაფერი ერთად მომაწვა, თითქოს მილიონი უჯრედი აფეთქდა ჩემს სხეულში, ძალა გამომეცალა, არაფრად ვიქეცი, ყველაფერი გაქრა - სიყვარული, შიში, სითბო, მოგონებები, განცდები, თავმოყვარეობა.
უბრალოდ ცარიელი სხეულის განცდა მქონდა.
წამებში გავიაზრე, არ ჰქონდა სიცოცხლეს აზრი, თუ ის ვერ ვიქნებოდი ვინც ვარ! ის არ მეცმეოდა, რაც მე მინდოდა. არ ჰქონდა ისეთ ცხოვრებას აზრი სადაც ისე ვილაპარაკებდი, როგორც ჩემს მეზობელს აწყობდა! ამიტომ დედას სიმართლე ვუთხარი და დავიწყე იმ წამიდან სუნთქვა და სიცოცხლე.
მაგრამ ამ სიმართლის გამო სახლიდან წასვლა მომიწია. დედამ მითხრა, იქ ჩემი ადგილი აღარ იყო.