Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის ჯეი დი ვანსი - ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ოჰაიოელი სენატორი


ჯეი დი ვანსი და დონალდ ტრამპი
ჯეი დი ვანსი და დონალდ ტრამპი

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა 5 ნოემბრის არჩევნებისთვის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა ოჰაიოელი სენატორი, 39 წლის ჯეი დი ვანსი, რომელიც აშშ-ის მიერ უკრაინისთვის დახმარებას ღიად და ხმამაღლა აკრიტიკებდა.

ტრამპმა განცხადება ვანსის შესახებ 15 ივლისს, სოციალური მედიის საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა მაშინ, როცა ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში რესპუბლიკური პარტიის ყრილობა დაიწყო.

"ხანგრძლივი განხილვისა და ფიქრის და ბევრი სხვა [კანდიდატის] უზარმაზარი ნიჭის გათვალისწინების შემდეგ, გადავწყვიტე, რომ პირი, რომელიც ყველაზე მეტად ესადაგება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს, არის სენატორი ჯეი დი ვანსი, ოჰაიოს დიდებული შტატიდან", - წერს ტრამპი.

ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთ საათიც არ იყო გასული, როცა ტრამპმა ყრილობის დელეგატების ხმების უმრავლესობა მოიპოვა და ოფიციალურად გამოცხადდა პრეზიდენტობის კანდიდატად.

ვანსს საჯარო თანამდებობა არ ჰქონია 2022 წელს სენატში არჩევამდე. ის არის ავტორი 2016 წელს გამოცემული ბესტსელერისა Hillbilly Elegy - მემუარის ჟანრის წიგნისა, რომელშიც იგი აღწერს თავის ბავშვობას სამხრეთ-დასავლეთ ოჰაიოში, სადაც ქარხნები და ფაბრიკები 1980-იან და 1990-იან წლებში დაიხურა და რეგიონს მწვავე ეკონომიკური პრობლემები შეექმნა. წიგნი, რომელიც ასევე ეხებოდა ვანსის სამსახურს არმიასა და ერაყში, 2020 წელს ფილმს დაედო საფუძვლად.

ვანსი ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას. რამდენიმე თვის წინ მან New York Times-ში საავტორო წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ უკრაინისთვის მასშტაბური დახმარების გამოყოფის დამტკიცების მთავარი წინაღობა არ იყო აშშ-ის რესპუბლიკური პარტია, როგორც ამას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებდა. "უკრაინას სჭირდება მეტი სამხედროები, ვიდრე ჰყავს, თუნდაც გაწვევის დრაკონული პოლიტიკის პირობებში. და მეტი აღჭურვილობა, ვიდრე აშშ-ს შეუძლია მიაწოდოს. უკრაინის მიმართ გატარებული ნებისმიერი პოლიტიკა მომავალში ამ რეალობით უნდა საზრდოობდეს", - წერდა ვანსი თავის სტატიაში და დასძენდა, რომ აშშ-ს არ აქვს შესაძლებლობა აწარმოოს იმდენი იარაღი, რამდენიც უკრაინას აშშ-ისგან სჭირდება ომის მოსაგებად.

მილუოკის ყრილობა გაიხსნა დონალდ ტრამპზე თავდასხმიდან ორ დღეში, სადაც ტრამპი მსუბუქად, ყურში დაიჭრა, მისი ერთი მომხრე დაიღუპა. ამ ინციდენტის შემდეგ ვანსის, ტრამპის ერთგული მიმდევრის სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ის წერდა, რომ სროლა არ ყოფილა "მხოლოდ რაღაც იზოლირებული ინციდენტი", ხმაური მოჰყვა.

ვანსი პლატფორმაზე X წერდა, რომ ბაიდენის კამპანია ეყრდნობა მოსაზრებას, "რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არის ავტორიტარი ფაშისტი, რომელიც ყველა საშუალებით უნდა შეაჩერონ" და, რომ ამ "რიტორიკამ პირდაპირ გამოიწვია პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობის მცდელობა".

ვანსი მწვავედ გააკრიტიკეს ამ მესიჯის გამოქვეყნებისთვის იმ ფონზე, როცა ორივე პარტიის წარმომადგენლები გამოდიოდნენ ერთიანობისა და საარჩევნო კამპანიის ტემპერატურის დაწევის მოწოდებებით.

საზღვაო ქვეითთა რიგებში მსახურების შემდეგ, ვანსმა დაამთავრა ოჰაიოს უნივერსიტეტი და იელის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სანამ ოჰაიოში დაბრუნდებოდა და პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებდა, ის მუშაობდა ფედერალური მოსამართლის ოფისში, შემდეგ სილიკონის ველზე, საინვესტიციო ფირმაში,

ვანსის ცხოვრებისეული გზა ირეკლავს იმ რესპუბლიკელების შეხედულებებს, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყანამ საკმარისი არ გააკეთა წარმოების ბაზის შესანარჩუნებლად და, ტრამპის ტერმინით, "უსასრულო ომებს" აგრძელებდა.

ვანსის ბიოგრაფიამ და შეხედულებებმა შესაძლოა გაზარდოს ტრამპის მხარდაჭერა არჩევნებზე, მათ შორის მეზობელ შტატებში, პენსილვანიასა და მიჩიგანში, სადაც პარტიულად მიუმხრობელი მოსახლეობა ცხოვრობს.

თუმცა ვანსი ყოველთვის არ ყოფილა ტრამპის მიმდევარი. უწინ - როცა მილიარდერი ტრამპი პირველად იყრიდა კენჭს პრეზიდენტად, 2016 წელს - მან ახლობელს ფეისბუკით მიწერა, ორ აზრს შორის ვმერყეობო - რომ "ტრამპი ან არის ცინიკოსი პ***ი, [ექსპრეზიდენტ რიჩარდ] ნიქსონის მსგავსი, რომელიც არც ისეთი ცუდი იქნება (და შესაძლოა გამოსადეგიც იყოს), ან, რომ იგი ამერიკის ჰიტლერია".

ეს მესიჯი საჯაროდ პირველად 2022 წელს გავრცელდა და ვანსის პრესმდივანს მასში ეჭვი არ შეუტანია - თუმცა თქვა, რომ ეს სიტყვები აღარ გამოხატავდა ვანსის პოზიციას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG