ტელეკომპანია "იბერიის" თანამშრომლები არასაპარლამენტო ოპოზიციას შეხვდნენ და არხის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრა არ იყო ხალხმრავალი და ხანგრძლივი. ოპოზიციიდან “იბერიის” შენობაში მხოლოდ კახა კუკავა, გოჩა ჯოჯუა და ბადრი წულაია იმყოფებოდნენ.
შეხვედრის ღია ნაწილში საუბარი შეეხო როგორც ტელევიზიის ყოველდღიურ საქმიანობაში არსებულ სირთულეებს, ასევე, ზოგადად, თავისუფალი მედიაგარემოს არსებობის მნიშვნელობას.
ყოველდღე, როცა ახალ ჩანაწერს ვისმენთ ძალიან შემაშფოთებლად გამოიყურება სიტუაცია, რადგან ვხედავთ ელიტური კორუფციის ნიშნებს ბიზნეს სექტორში. რასაც ვუყურებ ვფიქრობ, საგანგაშოა, ამიტომ პასუხები უნდა მოვისმინოთ პროკურატურისგან, თუ რა ეტაპზეა გამოძიება და არის თუ არა რაიმე პროგრესი.ნინო ლომჯარია
ჟურნალისტმა რეზი ჭიჭინაძემ პოლიტიკოსებს უფრო ფართო შეხვედრის ორგანიზება სთხოვა, რომელშიც მეტი ოპოზიციური პარტია მიიღებდა მონაწილეობას და სადაც შესაძლებელი იქნებოდა ერთიანი სტრატეგიის შემუშავება.
“ძალიან კარგი იქნება, თუ თქვენი პარტია ითავებს თუნდაც ოპოზიციური პარტიების გაერთიანებულ შეხვედრას ჩვენთან, სადაც მოგაწოდებთ ყველანაირ ინფორმაციას. იქნებ რაღაც ტიპის ორგანიზება გავაკეთოთ. მთავარი ჩვენი პრობლემა არის ინფორმაციის გავრცელება. ჩვენ კი ყველაფერს ვაკეთებთ, ვგულისხმობ ჩვენი ტელევიზიის ფარგლებში, მაგრამ თქვენ უფრო მეტი შეხება გაქვთ იგივე უცხოელ პარტნიორებთან. არა მხოლოდ თქვენ, არამედ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც. იქნებ მოვახერხოთ, რომ ერთი რაღაც გაერთიანებული შეხვედრა დავთქვათ, სადაც დავალაგებთ იმ პოლიტიკურ სტრატეგიას, როგორ უნდა ვიმუშაოთ.
მე მართლა 2 დღის წინ მოვედი „იბერიაზე“, მაგრამ, ზოგადად, იმიტომ რომ მინდა ვიმუშაო ამ ქვეყანაში ჟურნალისტად და არ წავიდე, მაგალითად, პოლიტიკაში, რაღაც პოლიტიკური სიტუაცია უნდა დალაგდეს. ამ პოლიტიკური სიტუაციის დალაგება, თქვენ თუ ერთმანეთში არ მორიგდით ერთ კონკრეტულ საკითხზე, რომ, მაგალითად, დამოუკიდებელი მედია პირველ რიგში თქვენ გჭირდებათ, არ გამოვა”, - მიმართა მან კახა კუკავას.
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს კახა კუკავამ უთხრა, რომ ის ამ შეხვედრის მერე პირადად დაურეკავს ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს და სთხოვს გაერთიანდნენ ამ თემის გარშემო, ხვალ კი ტელეკომპანია “იბერიის” საკითხს განიხილავს ევროსაბჭოს დელეგაციასთან, რომელიც საქართველოში წინასარჩევნო გარემოს შესაფასებლად არის ჩამოსული. უფრო მეტიც, ის ეცდება საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს ევროპარლამენტის ეგიდით საქართველოში “მაფიურ” წარმონაქმნებზე და სპეციალურად ამ მიზნით ოქტომბერში ევროპარლამენტში ვიზიტსაც დაგეგმავს.
ოპოზიციური პარტიების თანადგომით და დაპირებებით კმაყოფილი ჩანდნენ “ომეგა ჯგუფში”. „ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ “პოლიტიკოსები, ოპოზიციური პარტიები აცნობიერებენ, რომ ეს არ არის მხოლოდ „ომეგას“ ქეისი და „ომეგას“ საქმემ აჩვენა, როგორ დღეშია დღეს საქართველოში ბიზნესი და მედია“.
ჟურნალისტებს კი კითხვები აქვთ გამოძიებასთან და ელოდებიან, როდის დაიკითხებიან გავრცელებულ ჩანაწერებში მონაწილე პირები.
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია კი ამბობს, რომ შეუძლებელია თავისუფალ მედიასთან ბრძოლა და ამ ბრძოლაში წაგებული ყოველთვის ხელისუფლება რჩება.
ტელეკომპანია “იბერიის” წარმომადგენლები ოპოზიციასთან შეხვედრამდე შეხვდნენ სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და წერილობით გაუგზავნეს ინფორმაცია საელჩოებსა და დიპლომატიურ მისიებს საქართველოში. სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეფასებით, აუცილებელია ავთენტურობის დასადგენად ექსპერტიზა ჩაუტარდეს ბოლო ხანს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, რომლებსაც, სავარაუდოდ, კავშირი აქვთ „ომეგა ჯგუფსა“ და ტელეკომპანია „იბერიასთან.“
„ყოველდღე, როცა ახალ ჩანაწერს ვისმენთ, ძალიან შემაშფოთებლად გამოიყურება სიტუაცია, რადგან ვხედავთ ელიტური კორუფციის ნიშნებს ბიზნესსექტორში. რასაც ვუყურებ, ვფიქრობ, საგანგაშოა, ამიტომ პასუხები უნდა მოვისმინოთ პროკურატურისგან, თუ რა ეტაპზეა გამოძიება და არის თუ არა რაიმე პროგრესი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ 18 სექტემბერს.
პროკურატურაში ამბობენ, რომ ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების ფარგლებში ჩატარებული იქნება ყველა საჭირო მოქმედება და მათ შორის, სავარაუდოდ, ჩანაწერების ავთენტურობაც დადგინდება, თუმცა კონკრეტულად რომელ ან რამდენ ჩანაწერს და რა ვადაში ჩაუტარდება ექსპერტიზა, არ აკონკრეტებენ.
ტელეკომპანია „იბერიამ“ 7 სექტემბერს განაცხადა, რომ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.
“ტელევიზიის მუშაობა სერიოზული საფრთხის ქვეშაა. “იბერიას” ხელისუფლებამ გადაუკეტა დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია “იბერია”, პარალიზებულია“, - განაცხადა მაშინ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახტანგ ხუზმიაშვილმა.
10 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა უარყო მთავრობის ზეწოლა „ომეგა ჯგუფსა“ და, შესაბამისად, მის მფლობელობაში არსებულ ტელეკომპანია „იბერიაზე“. მისი სიტყვებით, მიუღებელი და სამარცხვინოა, როდესაც მედიას ამოფარებული ზოგიერთი ბიზნესი თავისსავე მედიას შანტაჟის იარაღად იყენებს და ცდილობს გადასახადებს თავი აარიდოს.
“იბერია” და მისი მფლობელი „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემოსავლის ძირითადი წყარო თამბაქოს რეალიზაციაა, ზეწოლისა და ფინანსური პრობლემების შესახებ ლაპარაკობდნენ 2018 წლის თებერვალშიც. მაშინ საუბარი იყო „ომეგა ჯგუფის“ სასამართლო დავაზე „British American Tobacco“-სთან და ამ კომპანიის დემპინგის შედეგად მიღებულ 100-მილიონიან ზარალზე.