Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ODIHR-ის დოკუმენტში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი და საკვანძო ჩანაწერი, რაც დღევანდელი საარჩევნო სისტემის უსამართლობას უსვამს ხაზს"


სულხან სალაძე, საია-ს თავმჯდომარე
სულხან სალაძე, საია-ს თავმჯდომარე

„ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის“ (ODIHR) მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებათა პროექტზე მოსაზრების გამოქვეყნებას თითქოს ხელი უნდა შეეწყო პოლიტიკური მხარეების პოზიციების დაახლოებისა და შეთანხმებისკენ ნაბიჯის გადადგმისთვის, თუმცა, დოკუმენტის გასაჯაროებიდან ორი დღის განმავლობაში გამოჩნდა, რომ ეს არ ხერხდება.

საია-ს თავმჯდომარე, სულხან სალაძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

„გააჩნია, ვინ კითხულობს ამ დოკუმენტს და ვის რისი თქმა უნდა საზოგადოებისთვის. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დასწრებაზე იყო ვინ იტყოდა პირველი თავიდან, რომ საზოგადოებრივი აზრი შეექმნა, რომ ეს წერია აქ და მეტი არაფერი, ან პირიქით - ეგ კი არა, ეს წერია და ისევ, მეტი არაფერი“.

სულხან სალაძე გამოყოფს ყველაზე მნიშვნელოვანს, რასაც ეს დოკუმენტი გვეუბნება:

„სინამდვილეში, ამ დოკუმენტში რამდენიმე მნიშვნელოვანი და საკვანძო ჩანაწერია და ჩემი შეფასებით, უფრო მნიშვნელოვანი ჩანაწერიც, ვიდრე კონკრეტულად ის - იყო თუ არა კონსტიტუციური გაგზავნილი პროექტი. ამის თაობაზე ძალიან ცხადად და გასაგებად ამბობს შესავალშივე, რომ ეროვნული სასამართლოების კომპეტენციაა ეს, რაც ყველამ ისედაც ძალიან კარგად ვიცით და დარწმუნებული ვარ, ჩემზე კარგად იციან იმ პროექტის ავტორებმაც და მათმა ოპონენტებმაც. ოღონდ, ერთი „მაგრამ“ არის აქ: ჩვენი კანონმდებლობით, როცა კანონპროექტი კანონად იქცევა, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება შემოწმება, როგორც წესი, კონკრეტული ნორმა კონსტიტუციურია თუ არა.

ამ დოკუმენტში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი და საკვანძო ჩანაწერი, რაც დღევანდელი საარჩევნო სისტემის უსამართლობას უსვამს ხაზს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პრინციპების და ჩანაწერების მიზანი არ ყოფილა, რომ არსებული სისტემის უსამართლობისთვის გაესვა ხაზი, თუ ლოგიკას გავყვებით და რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს მოვიშველიებთ, გამოვა, რომ არსებული საარჩევნო სისტემა, მინიმუმ, უსამართლოა. მეტსაც ვიტყვი, ეს უსამართლობა კიდევ რბილი შეფასებაა არსებული საარჩევნო სისტემისთვის. ამავე დოკუმენტში ლაპარაკია იმაზეც, რომ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს როგორც პროპორციული, ასევე შერეული და ასევე მაჟორიტარული სისტემაც, თუ კონტექსტი არის გათვალისწინებული, რასაც ეფუძნება საარჩევნო სისტემა. მთავარი და მნიშვნელოვანი, რასაც ეს დოკუმენტი ჩემთვის ამბობს, არის პრინციპები: პირველი, რომ საარჩევნო სისტემის და კანონმდებლობის განსაზღვრა უნდა ხდებოდეს ფართო კონსენსუსის საფუძველზე“.

სულხან სალაძე ლაპარაკობს იმ პოლიტიკურ კონტექსტზე, რომელშიც დღეს ODIHR-ის მოსაზრება შემოვიდა და თავის არცთუ ოპტიმისტურ მოლოდინზეც:

„ფაქტი ის არის, რომ საარჩევნო კანონმდებლობაზე როცა მიდგება საუბარი, ის უნდა უზრუნველყოფდეს ფართო კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ კანონმდებლობას, წესებს და რეგულაციებს. ეს უნდა იყოს ხმების ისე ასახვა, რომ რეალურად გამოსახავდეს ამომრჩევლის განწყობას, რომ სისტემა უზრუნველყოფდეს გამარჯვებული პარტიის და სხვა პარტიების მონაწილეობით პარლამენტში კოალიციის ფორმირებას მთავრობის დასაკომპლექტებლად.

ეს არის აქ მნიშვნელოვანი და ამოსავალი. თუ ეს არის პოლიტიკური პარტიების ინტერესის საგანი, მაშინ, მგონია, რომ პოზიციები უნდა დაახლოვდეს. თუმცა, რასაც ჩვენ ვხედავთ, რითიც შედიან პოლიტიკური პარტიები ამ შეხვედრაზე, იმით გამოდიან. ასე რომ, განსაკუთრებული ოპტიმისტური მოლოდინი მაინც არ მაქვს მე ამ ეტაპზე“:


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG