1937 წლის პირველ ოქტომბერს, როდესაც საბჭოთა დიქტატორმა იოსებ სტალინმა სასტიკი წმენდა დაიწყო, ბრწყინვალე ცალხელა ლინგვისტმა მოსკოვის ბუტირკის საპატიმროდან კრემლში წერილი გაგზავნა საბჭოთა საიდუმლო პოლიციის, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის თანამშრომლების მხრიდან სასტიკი მოპყრობის თაობაზე.
„მოვითხოვ, შეწყდეს დაკითხვის სასტიკი მეთოდები (ფიზიკური ძალადობა), ვინაიდან ეს მეთოდები მაიძულებს ვიცრუო და მხოლოდ თავგზა ავუბნიო გამოძიებას. ამას გარდა, ჭკუიდან გადასვლას ცოტა მიკლია“, - წერდა ევგენი პოლივანოვი, რომელიც, სსრკ-ს გენერალური პროკურორის სიტყვებით, 25 წლის შემდეგ რეაბილიტაციას ცდილობდა.
პოლივანოვის ტრაგედია
აზიური ენების 46 წლის სპეციალისტს, რომელსაც კოლეგები გენიოსად მიიჩნევდნენ, ევგენი პოლივანოვს, უკვე ჰქონდა შეტანილი თავისი მნიშვნელოვანი წვლილი მეცნიერებაში, მათ შორის იაპონურ-რუსული ტრანსკრიფციის სისტემის სახით, რომელიც დღემდე ფართოდ გამოიყენება.
ამ წიგნის გამოცემამდე ექვსი კვირით ადრე მეცნიერი, მოსკოვიდან მიღებული ორდერის საფუძველზე, საბჭოთა ყირგიზეთის დედაქალაქ ფრუნზეში, დღევანდელ ბიშკეკში, დააპატიმრეს. იმ დროისათვის პროფესორი პოლივანოვი ფრუნზეში განაგრძობდა ცენტრალური აზიის ენების შესწავლას და პარალელურად რუსულ ენაზე თარგმნიდა ყირგიზულ ეროვნულ პოემას, „მანასს“.
„პოლივანოვი იყო მსოფლიო დონის პირველი მეცნიერი, რომელმაც თავისი ყურადღება დაუთმო ყირგიზი ხალხის ისტორიის შესწავლას“, - უთხრა ცნობილმა ყირგიზმა ისტორიკოსმა ვლადიმირ პლოსკიხმა რადიო თავისუფლების ყირგიზულ სამსახურს.
იმ დროისათვის პოლივანოვს, რომელმაც, გადმოცემით, 18 ენა იცოდა, შეეძლო იმპროვიზებულად წაეკითხა პოემის ერთბაშად ასობით სტროფი, ადგილობრივი მანასელი მომღერლების მანერის იმიტაციით, -წერდა მოგვიანებით საბჭოთა ლინგვისტების ჯგუფი.
მის მიმართ წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის შეწყვეტის თაობაზე გაგზავნილი საჩივრიდან ოთხი თვის თავზე პოლივანოვი სიკვდილით დასაჯეს იაპონიის სასარგებლო ჯაშუშობისათვის. იგი მოსკოვის განაპირას, საბჭოთა შინსახკომის პოლიგონ „კომუნარკაზე“ დამარხეს, სადაც 1937-41 წლებში საბჭოთა საიდუმლო პოლიციის მიერ დახვრეტილი მსჯავრდებულების სამარხი მდებარეობდა.
პოლივანოვის სახელი ერთ-ერთია იმ 6 609 რეპრესირებულის სიაში, რომელიც ოქტომბრის ბოლოს „კომუნარკაზე“ აღმართულ ხსოვნის კედელზეა ამოტვიფრული.
ნაკურთხი „ხსოვნის კედელი“ დასახვრეტთა სპეცპოლიგონზე
მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს პოლიგონ „კომუნარკას“ ტერიტორიაზე, სადაც საბჭოთა ტერორის დროს სიკვდილმისჯილებს ხვრეტდნენ, საზოგადოება „მემორიალისა“ და წმინდა ახალმოწამეთა სახელობის ტაძრის მრევლის ერთობლივი ძალისხმევით რეპრესიის მსხვერპლთა მემორიალი, „ხსოვნის კედელი“, აღიმართა. ძეგლი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილეს ლოცვა-კურთხევით დაიდგა.
„აქ დამარხულია ბიძაჩემი, აგაფონ ეფრემიჩ მიხეევი. აგერ მისი გვარი. იგი მუშაობდა სტალინგრადის НКВД-ს მეორე განყოფილების უფროსად. თავდაპირველად დააპატიმრეს მისი ცოლი, მარია ფილიპოვნა, ბიძია კი - ერთი თვის თავზე. იგი გაგზავნეს ყარაგანდაში, რეპრესირებულთა ბანაკში. როგორც ჩანს, იგი სტალინგრადიდან ჩამოიყვანეს ცოცხალი და დახვრიტეს, სავარაუდოდ, სუხანოვის ციხეში. დამარხვით კი აქ დამარხეს“, - ყვება სვეტლანა მიხეევა, მოსკოვის ბინადარი.
ტრაგედია, რომელიც სვეტლანა მიხეევას ბიძის ოჯახს დაატყდა თავს, ტიპურია იმ სუსხიანი პერიოდისათვის. სტალინური ტერორი არ ინდობდა არც სამოქალაქო პირებს და არც სამხედროებს. რეპრესიული მანქანა ანადგურებდა მთელ ოჯახებს. მოგვიანებით ბევრი რეპრესირებული იქნა რეაბილიტირებული, - მათ შორის აგაფონ მიხეევიც, - მაგრამ არა ყველა.
როგორ მოხვდა შინსახკომის ჯალათი იაგოდა რეპრესირებულთა გვერდით?
საინფორმაციო პორტალმა „უკვდავმა ბარაკმა“ ხსოვნის კედელზე აღმოაჩინა საბჭოთა ორგანოების 15 თანამშრომლის სახელი, რომლებიც არ ყოფილან რეაბილიტირებულნი. მათ შორის არის ჰენრიხ იაგოდა, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი და სტალინური ტერორის ერთ-ერთი უსასტიკესი ჯალათი.
ამას მოჰყვა სკანდალი. დასაშვებია თუ არა, რომ ერთ სიაში იყოს ჯალათი და მსხვერპლი?
„უნდა ითქვას, რომ საერთო აღშფოთებაა „ჩეკისტების“ გამო. მაგრამ ტერორის მთელ მანქანას მართავდა პარტია, „ჩეკისტები“ შემსრულებლები იყვნენ. და ამ ჩეკისტებისგან განსხვავებით, რომელთა უმრავლესობაც არ არის რეაბილიტირებული, პარტიის საოლქო კომიტეტების ხელმძღვანელები, რომლებიც ზუსტად ასევე შედიოდნენ „ტროიკებში“, რეაბილიტირებული არიან. ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება? სად უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება?“, - უთხრა რადიო თავისუფლებას იან რაჩინკსიმ, საერთაშორისო „მემორიალის“ თავმჯდომარე
მაგრამ ყველა როდი ეთანხმება საერთაშორისო „მემორიალის“ წარმომადგენლებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ „ხსოვნის კედლის“ აგებაში ყოფილი „კომუნარკის“ ტერიტორიაზე.
„მე ვფიქრობ, რომ ამ კედელზე ერთ რიგში მოთავსება იმ ხალხისა, რომლებიც უკანონოდ იყვნენ რეპრესირებული პოლიტიკური მოტივებით და იმათი, ვინც თავად ახორციელებდა რეპრესიებს, მაგრამ შემდგომ ასევე აღმოჩნდნენ უკანონოდ რეპრესირებული, - ეს არის ერთგვარი აღრევა ხსოვნის, აღრევა წარსულისადმი ჩვენი დამოკიდებულებისა“, - ამბობს იური სამოდუროვი, საზოგადო მოღვაწე
და მართლაც ვინ ვინ არის?
საზოგადოება „მემორიალის“ თანამშრომლები კატეგორიულად უარყოფენ ვარაუდს, თითქოს შეიძლებოდა მათზე ვინმეს გარედან განეხორციელებინა ზეწოლა. ამბობენ, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო ზუსტად და შეგნებულად:
„ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც 1950-იან წლებში რეაბილიტირებული იყვნენ. ჩვენი აზრით კი, არ უნდა ყოფილიყვნენ რეაბილიტირებული. მაგალითად, იქვე, „კომუნარკაში“, მარხია რედენსი. ის რეაბილიტირებულია. ასე რომ, იმათი აზრითაც კი, რომლებიც ამბობენ, იქ მხოლოდ რეაბილიტირებულები უნდა იყვნენო, იგი ამ სიაში ფორმალურად ხვდება,"- განმარტავს ელენა ჟემკოვა, „მემორიალის“ აღმასრულებელი დირექტორი და დასძენს: „ჩვენი აზრით კი, და ამაზე არსებობს მემუარებიც, ის არა მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო დანაშაულებებს სჩადიოდა, არამედ უშუალოდ ღებულობდა მონაწილეობას ადამიანების წამებაში“.
ეჭვგარეშეა, ამ თემაზე ბევრი დისკუსია იქნება, მით უფრო, რომ ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა „ბუტოვოს“ პოლიგონზე, სადაც აღმართულია ორი გრანიტის ფილა, მათზე ამოტვიფრული 20 ათასი ადამიანი სახელით. უფლებადამცველებმა იქაც აღმოაჩინეს ის ადამიანები, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ სტალინურ რეპრესიებთან. საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი იური სამოდუროვი შექმნილ ვითარებაში ასეთ გამოსავალს ხედავს:
“უნდა გაკეთდეს ორი ბლოკი. ერთზე უნდა ჩამოიწეროს პოლიტიკურად რეპრესირებულ პირთა სია. მეორე ბლოკზე - პოლიტიკური რეპრესიების განხორციელებაში მონაწილე, მაგრამ შემდგომში ასევე რეპრესირებულ პირთა სია. მაშინ გასაგებია გახდება, თუ ვინ ვინ არის“.
სტალინური რეპრესიების შერბილების ტენდენცია
ამ დებატების ფონია სტალინის რეპუტაციის თანდათანობით შერბილების ტენდენცია ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის თითქმის 18-წლიანი მმართველობის პირობებში. თავის მხრივ, პუტინი, საბჭოთა კგბ-ს ვეტერანი ოფიცერი, აკრიტიკებს სტალინის ხელმძღვანელობით განხორციელებულ დანაშაულებებს, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ „დიქტატორის გადაჭარბებული დემონიზაცია“არის საშუალება „საბჭოთა კავშირსა და რუსეთზე“ თავდასხმისათვის
რუსეთის დამოუკიდებელ „ლევადა“ ცენტრის მიერ 2017 წლის აპრილში ჩატარებული კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 25 % რუსეთში დარწმუნებულია, რომ სტალინური რეპრესიები „გამართლებულია ისტორიულად“, მაშინ როცა 2007-ში ამის სჯეროდა მხოლოდ გამოკითხულთა 7 %-ს.
2017 წელს გამოკითხულთა 47 %-ის აზრით, „უმჯობესია ნაკლები საუბარი სტალინურ რეპრესიებზე და არ არის საჭირო წარსულში ქექვა“. 2012 წელს ამ აზრის იყო გამოკითხულთა 37 %.
კიდევ ერთი გამოკითხვით, რომელიც 2018 წლის მარტში ჩატარდა, რესპონდენტთა 20 % „სრულად ეთანხმება“ მოსაზრებას, რომ „სტალინი იყო ბრძენი ლიდერი, რომლის ხელმძღვანელობითაც საბჭოთა კავშირი ძლიერ და აყვავებულ ქვეყნად იქცა“. 2008 წელთან შედარებით, ეს ციფრი 7 %-ით არის გაზრდილი.
შინსახკომიდან ეკლესიის კუთვნილებაში
საბჭოთა კავშირის არსებობის დასრულებამდე „კომუნარკა“ ითვლებოდა უშიშროების ორგანოების დაცულ სპეცობიექტად. აქ არსებული სამარხის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ 1991 წელს. პოლიგონი, სადაც რეპრესირებულებს ხვრეტდნენ, 1999 წელს რუსეთის უშიშროების უწყებიდან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებაში გადავიდა. 2007 წელს „კომუნარკაზე“ აშენდა და ეკურთხა რუსეთის წმინდა ახალმოწამეთა სახელობის ეკლესია.
ვლადიმირ პუტინს ჯერ არ მოუნახულებია „კომუნარკის“ მემორიალი. სამაგიეროდ, 2007 წელს იგი ესტუმრა რეპრესირებულთა კიდევ ერთ მემორიალს საბჭოთა შინსახკომის საიდუმლო სამარხ ბუტოვოს პოლიგონზე, სადაც რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით თქვა, რომ „ასეთი ტრაგედიები არაერთხელ მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში“.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ერის ყველაზე „ნიჭიერი და საამაყო ადამიანები“ შეეწირნენ რეპრესიებს, რომლის შედეგებსაც დღესაც ყველა გრძნობს. „ჩვენ ბევრი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვერასოდეს დავივიწყოთ და ყოველთვის გვახსოვდეს ეს ტრაგედია“, - განაცხადა პუტინმა.