Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით „მაიდანი 3“. რას გეგმავს მოსკოვი უკრაინაში?


„პუტინის 5-6 თავდასხმას გადავურჩი. პირველი - ყველაზე საინტერესო იყო. შემდეგ კი როგორც კოვიდი, უფრო და უფრო მსუბუქი ხდებოდა“, - ხუმრობით ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
„პუტინის 5-6 თავდასხმას გადავურჩი. პირველი - ყველაზე საინტერესო იყო. შემდეგ კი როგორც კოვიდი, უფრო და უფრო მსუბუქი ხდებოდა“, - ხუმრობით ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის „ევრომაიდნის“ დაწყების 10 წლისთავის წინა დღეებში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს კვლავინდებურად სურს მისი ძალაუფლებიდან ჩამოშორება, რისთვისაც წლის ბოლოს იგეგმება სპეციალური ოპერაცია კოდური სახელწოდებით „მაიდანი 3“.

„ის (ოპერაცია) მიზნად ისახავს პრეზიდენტის შეცვლას. შესაძლოა, არა მკვლელობის გზით. მხედველობაში მაქვს, რომ ისინი გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ნებისმიერ ინსტრუმენტს“, - განაცხადა „ბლუმბერგთან“ და ტაბლოიდ „სანთან“ ინტერვიუებში უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც ზელენსკი ამტკიცებს, თუ მანამდე პირადად ის იყო თავდასხმის სამიზნე, ამჯერად, დასავლეთისა და უკრაინის დაზვერვის სამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპანტები ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით უკრაინის საზოგადოებაში განხეთქილების შეტანასა და ქაოსის გამოწვევას შეეცდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ „მაიდანი 3“-ის მოწყობის მუქარა მოსკოვიდან "ღირსების რევოლუციის" შემდეგ, 2014-2015 წლებიდან გაისმის, უკრაინელი პოლიტოლოგები და ექსპერტები ფიქრობენ, რომ ზელენსკის მიერ ნახსენები დესტაბილიზაციის საფრთხე სრულიად რეალურია.

კურატორი სერგეი კირიენკო, იდეოლოგი - ვლადისლავ სურკოვი?

რუსეთის სპეცოპერაციაზე კოდური სახელწოდებით „მაიდანი-3“, 13 ნოემბერს საინტერნეტო გამოცემა Online.ua-მ დაწერა უკრაინის ძალოვანი უწყებების ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. მათი განმარტებით, საუბარია სადეზინფორმაციო კამპანიაზე, რომლის განხორციელებასაც რუსეთის სპეცსამსახურები 2023 წლის ნოემბერ-დეკემბერში გეგმავენ.

რამდენიმე დღის შემდეგ სააგენტო „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში ოპერაცია „მაიდან-3“-ის შესახებ თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ისაუბრა და დასძინა, რომ საუბარია რუსეთის მხრიდან სწორედ მძლავრ სადეზინფორმაციო კამპანიაზე, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების გახლეჩას, ქვეყანაში ქაოსის წარმოქმნას და ხელისუფლების შეცვლას.

„მაიდანი მათთვის ესაა გადატრიალება, ამიტომ ოპერაცია გასაგებია“, - დასძინა ზელენსკიმ.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, უკრაინის პრეზიდენტს მხედველობაში ჰქონდა ის ფაქტი, რომ რუსეთის ხელისუფლება გადატრიალებად მიიჩნევს უკრაინის თავისუფლებისა და ევროპული არჩევანის დასაცავად მომხდარ ჯერ „ნარინჯისფერ“ (2004 წლის 21 ნოემბერს), შემდეგ კი (2013-2014 წლების ნოემბერ-თებერვლის) „ღირსების" რევოლუციებს, რომელთა ეპიცენტრი კიევის ცენტრალური მოედანი „მაიდან ნეზალეჟნოსტი“ გახლდათ.


უკრაინის პოლიტოლოგის, ვლადიმირ ფესენკოს, დაკვირვებით, სახელწოდება „მაიდანი 3“ ეკუთვნით უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობის შემდეგ გაიქცნენ რუსეთში და რომლებიც ამჟამად კრემლზე, რუსეთის სპეცსამსახურებზე მუშაობენ.

„მაგრამ ხელოვნურად ნამდვილი „მაიდნის“ შექმნა შეუძლებელია. რაც შესაძლებელია, ესაა პროვოკაციების მოწყობა და ამ სპეცოპერაციის პირველი ნაწილი უკრაინაში ჩვენ უკვე დავინახეთ“, - ამბობს ფესენკო.

იგი აღნიშნავს, რომ არ იზიარებს უკრაინაში ზოგჯერ გამოთქმულ მოსაზრებებს, თითქოს, „მაიდანი 3“-ის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია შაყირს ანდა ზელენსკის გარკვეულ პოლიტტექნოლოგიას წარმოადგენდეს.

„შეგახსენებთ, რომ ჩვენთან ორი კვირის წინ სოციალურ ქსელებში გაჩნდა საკმაოდ სერიოზული, შემოგდებული ინფორმაცია: ყალბი ვიდეო, ე.წ. Deepfake (ნიშნავს დიფფეიკით დამზადებულ ყალბ ვიდეოს - რედ.), რომელშიც ზალუჟნი (გენერალი ვალერი ზალუჟნი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - რედ.) ზელენსკის დამხობისკენ მოუწოდებს. იმავდროულად, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ზელენსკი ზალუჟნის ათავისუფლებდეს. ეს აშკარად იყო მიმართული იმისკენ, რომ შუბლით შეეჯახებინათ ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა", უთხრა რუსულენოვან ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ვლადიმირ ფესენკომ.

ფონად შეირჩა გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გენერალ ზალუჟნისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის, რამაც დასავლეთის მედიაში გაჟონა.

ნოემბრის დასაწყისში The Economist-ში გამოქვეყნდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის სვეტი, რომელშიც მან „ჩიხური“ უწოდა უკრაინის ფრონტის ხაზზე შექმნილ ვითარებას და აღნიშნა, რომ "არ არის მოსალოდნელი ღრმა და ლამაზი შეტევა".

მოგვიანებით ვოლოდიმირ ზელენსკი ირიბად შეეწინააღმდეგა გენერალს და თქვა: „ეს არ არის ჩიხი“, მაგრამ ამავე დროს აღიარა, რომ წარმატებული შეტევისთვის უკრაინას სჭირდება დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე F-16 გამანადგურებლები.


ამ განცხადებებმა გამოიწვია სპეკულაციები ზალუჟნისა და ზელენსკის შორის არსებულ უთანხმოებაზე, რაც რადიო თავისუფლების პროგრამა „სვობოდა LIVE"-ის ეთერში უარყო უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

"იმავდროულად „ტელეგრამის“ არხით ვრცელდებოდა კამპანია, ბევრი მომხმარებელი აქვეყნებდა სქრინებს გაფრთხილებით: „გაიქეცით კიევიდან და უკრაინის სხვა დიდი ქალაქებიდან, რადგან სამხედროები ხელში აიღებენ ძალაუფლებას, ქუჩებში დაიწყება სროლა, ამიტომ გაიქეცით“, - თესავდნენ პანიკას. შესაძლოა, ეს იყო რეპეტიცია, არავინ იცის. მადლობა ღმერთს, რომ მან არ იმუშავა. მაგრამ, ეს საკმაოდ სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული სწორედ როგორც პროვოკაციის მცდელობა და არა როგორც ნამდვილი მაიდანი“, - დასძენს ფესენკო.

საინტერნეტო გამოცემა Ukraine.ua-ს ცნობით, "მაიდანი-3"-ის კურატორი, სავარაუდოდ, კრემლის პოლიტიკური ბლოკის ხელმძღვანელი სერგეი კირიენკო უნდა იყოს, ხოლო იდეოლოგი - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი იყო.

რუსეთის ხელისუფლება ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თავისი თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი თანამდებობიდან 2020 წლის თებერვალში გაათავისუფლა.

პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი, სერგეი კირიენკო კი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკურ ბლოკს ხელმძღვანელობს და, როგორც ანალიტკოსები ვარაუდობენ, მომდევნო არჩევნებისთვის უკვე დაკავებულია პრეზიდენტობის ე.წ. სპოილერი კანდიდატების შერჩევით.

გამოიყენებს თუ არა უკრაინა პუტინის მოკვლის შესაძლებლობას?

უკრაინის დესტაბილიზაციის მიზნით მოსკოვის მიერ ჩაფიქრებული სპეცოპერაცია „მაიდანი 3“, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანულ ტაბლოიდ „სანის“ ჟურნალისტ ჯერომი სტარკთან ინტერვიუშიც ახსენა.

ზელენსკის თქმით, ეს სპეცოპერაცია დაიგეგმა მას შემდეგ, რაც მანამდე კრემლმა რამდენჯერმე წარუმატებლად სცადა უკრაინის ლიდერის ლიკვიდაცია. უკრაინის ლიდერის თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის განმავლობაში რუსეთის სპეცსამსახურები იმდენჯერ შეეცადნენ მის მოკვლას, რომ მას სათვალავიც კი აერია.

„პუტინის 5-6 თავდასხმას გადავურჩი. პირველი - ყველაზე საინტერესო იყო. შემდეგ კი როგორც კოვიდი, უფრო და უფრო მსუბუქი ხდებოდა“, - ხუმრობით ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავი აარიდა ჟურნალისტის შეკითხვას, გამოიყენებდა თუ არა უკრაინა პუტინის მოკვლის შესაძლებლობას.

"მე არ შემიძლია თქვენთან ერთად განვიხილო უკრაინის დაზვერვის, საიდუმლო სამსახურის ან სპეცრაზმის რაიმე სპეცოპერაცია. არსებობს გარკვეული პუნქტები, რომლებსაც ჩვენ არ განვიხილავთ. ეს არის ომი და უკრაინას აქვს ყველა უფლება საკუთარი მიწის დასაცავად“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ნათქვამს კრემლის პრესმდივანი გამოეხმაურა და უკრაინის ლიდერის განცხადებას მორიგი "სიტყვიერი მუქარა" უწოდა.

„თუ გახსოვთ, პუტინს უკრაინიდან, სხვადასხვა დონეზე, არაერთხელ დაესხნენ თავს სიტყვიერად. ჩვენ ამას ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ", - განუცხადა დმიტრი პესკოვმა კრემლში აკრედიტებულ ჟურნალისტს, პაველ ზარუბინს.

პუტინის პრესმდივანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით გაიმეორა, რომ „უეჭველად იქნება მიღწეული სპეციალური სამხედრო ოპერაციის (ასე უწოდებს კრემლი მასშტაბურ ომს უკრაინის წინააღმდეგ - რედ.) ყველა მიზანი და ამოცანა“.

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ანექსირებული ყირიმი).

  • ომის დაწყებიდან მალევე ბრიტანულ გამოცემა The Times-ზე დაყრდნობით ვოლოდიმირ ზელენსკიზე თავდასხმის რამდენიმე მცდელობის შესახებ გახდა ცნობილი.
  • გამოცემის თანახმად, თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ვოლოდიმირ ზელენსკიზე, ბოლო ერთ კვირაში სულ მცირე სამჯერ სცადეს თავდასხმა
  • გამოცემის ინფორმაციით, ზელენსკის მოსაკლავად უკრაინაში გაგზავნილი იყო რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ჯგუფი და ჩეჩენთა სპეცრაზმიც.
  • როგორც The Times-ი წერდა, უკრაინის სპეცსამსახურებმა თავდასხმები აღკვეთეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის იმ თანამშრომლების წყალობით, რომლებიც უკრაინაში ომს ეწინააღმდეგებიან.
  • ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, „ვაგნერის“ ჯგუფმა თავდასხმის მცდელობისას კიევში დანაკარგები განიცადა, დაქირავებული ჩეჩნების ჯგუფი კი ლიკვიდირებული იყო.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG