De feminis - ვლადიმირ სოროკონის მოკლე პროზის კრებული, მწერლის ბოლო წიგნია, რომელიც ომამდე დაიწერა, თუმცა გამოსვლით 2022 წლის ივლისში გამოვიდა (De feminis, Corpus, 2022). კრებულის სათაურიდანაც ჩანს, რომ წიგნი ქალების შესახებაა. რატომ ქალები? „კაცებმა ჩაისვარეს, ახლა მათზე წერა აღარ არის საინტერესო“-ო, ამბობს მწერალი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად.
ვლადიმირ სოროკინის მოთხრობების კრებული De feminis 9 მოთხრობისგან შედგება და თითოეულ მოთხრობაში მინიმუმ ერთი ქალი პერსონაჟი მაინც მოქმედებს.
ლიტერატურის კრიტიკოსის გალინა იუზეფოვიჩის თქმით, თუ რომანებში სოროკინი თავისი შემოქმედებითი ევოლუციის თვალსაჩინო დემონსტრირებას ახდენს ხოლმე, მცირე პროზაში იგი, როგორც წესი, საოცრად სტაბილურია.
„ყველაფერი, რის გამოც სოროკინი მკითხველს უყვარს (ან არ უყვარს), მცირე პროზაში შენარჩუნებულია მუზეუმისთვის დამახასიათებელი ხელუხლებლობით: სარკასტული, ერთი შეხედვით არავისკენ მიმართული ირონია; პერსონაჟების ვირტუოზულად კონსტრუირებული, თითქოს მიყურადებით ჩაწერილი მეტყველება და, რაც მთავარია, რუსული ლიტერატუტურული კანონის ულმობელი პრეპარირება - ეს ყველაფერი სახეზეა De feminis-შიც“, - ამბობს გალინა იუზეფოვიჩი meduza-ს საიტზე გამოქვეყნებულ რეცენზიაში.
ვლადიმირ სოროკინის თქმით კი, ზოგადად მისი პერსონაჟი ქალები არაგმირულები არიან, თუმცა მათ, მისივე თქმით, თავისუფლება და თავნებობა არ აკლიათ.
„ეს კრებული, როგორღაც თავისთავად გამოვიდა, - უთხრა მწერალმა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს, - უბრალოდ ჩემი თავი გამოვიჭირე იმაში, რომ არ მინდოდა ჩვენი კაცების აღწერა. აშკარაა, რომ ახლა ისინი არ არიან "ჩვენი დროის გმირები". ამიტომ ჩნდება ქალების აღწერის სურვილი. უნდა ითქვას, რომ 1980-იან წლებშიც იყო მსგავსი განცდა. ვიქტორ ეროფეევს ჰქონდა ასეთი რომანი "რუსი მზეთუნახავი", რომელშიც ასევეა განცდა, რომ კაცები მთლიანობაში "ჩაფლავდნენ". როგორც ბროდსკი წერდა თავის "Речь О Пролитом Молоке"-ში, ნაგვები არიან კაცები, სულით სუსტები. სახელმწიფო მოხელე კაცებმა საერთოდ ჩაისვარეს, გაანიავეს სახელმწიფოც და ახალი ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობაც“.
მაინც ვინ არიან De feminis-ის პერსონაჟი ქალები?
„ოქროს XXX“ - ამ მოთხრობაში ეგზალტირებული პოეტი ქალი ვიქტორია, რომელიც ყველა რუსი პოეტის ქალის (გიპიუსიდან ახმადულინამდე) კრებითი, კარიკატურული სახეა, გადაწყვეტს დაწეროს „დიდი მეტაფიზიკური რომანი“, რისთვისაც უწევს უარი თქვას საკუთარ ქალურობაზე (შემთხვევით არ არის, რომ ყველა „დიდი მეტაფიზიკური რომანი“ დაწერილია მხოლოდ მამაკაცების მიერ) და, დელიკატურად რომ ითქვას, ოქროს ძაფით ამოიკეროს თავისი წიაღი.
„გარეული ტახის გამბიტი“ - ტოტალიტარულ ქვეყანაში, რომელშიც შეიძლება ამოვიცნოთ ჩაუშესკუს მოდერნიზებული რუმინეთი, ნიჭიერი ახალგაზრდა მოჭადრაკე ქალი, ანგელოზთან შეხვედრის შემდეგ, უარს ამბობს ჭადრაკის დედოფლის გვირგვინზე. შედეგად, კანონზომიერად ისჯება.
„თათრული ჟოლოს ბაღი“ - მხატვარი ქალი ალინა მთელ თავის მრავალწლიან შთაგონებას, რამაც უზრუნველყო მისი პოპულარობა, სიმდიდრე და ქალთა სიყვარული, ასაზრდოებს გაუპატიურების ერთადერთი სცენით, რომელსაც იგი შემთხვევით შეესწრო ბავშვობაში, ყირიმის სანატორიუმის მიტოვებულ ბაღში.
„ხოჭო“ - გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკის მცველი ქალი ოცნებობს სექსზე, რომელსაც იღებს კიდეც, თუმცა იღებს ყველაზე ველური, ამაზრზენი, გარყვნილი ფორმით.
„პრიზმის სივრცე“ - ლამაზი და მდიდარი ბიზნესმენი ქალის ცხოვრებას შთანთქავს პრიზმა - გაცოცხლებული გეომეტრიული სხეული.
გალინა იუზეფოვიჩის თქმით, მკითხველისთვის, რომელსაც წაკითხული აქვს ვლადიმირ სოროკინის რამდენიმე კლასიკური ტექსტი მაინც, არცერთი მოთხრობის კვანძის გახსნა არ იქნება გამაოგნებელი მოულოდნელობა:
- პოეტი ქალის მიერ დაწერილი „დიდი მეტაფიზიკური რომანი“ აღმოჩნდება სიტყვასიტყვით გადაწერილი „ომი და მშვიდობა“, მხოლოდ ერთი განსხვავებით: ახალ ტექსტში ყველა ზედსართავი სახელი შეცვლილია ერთი სიტყვით: „საშინელი“.
- მოჭადრაკის ტრაგიკომიკური ისტორია კანიბალიზმის მოსალოდნელი სცენით დასრულდება.
- მხატვარი ქალი მთელი ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა ვარიაციაში, ძალადობის ერთი და იმავე ამაზრზენი სცენის ასახვით, სწორხაზოვანი სიცხადით გადმოსცემს თეზისს, რომლის მიხედვითაც, თანამედროვე ხელოვნება დაუსრულებლად ეწევა სიცარიელის ექსპლუატაციას.
- წარმატებული ბიზნესმენი ქალის აბსტრაქტული პრიზმით ჩანაცვლებით, სოროკინი თავაზიანად მიგვანიშნებს „პრიალა“ ცხოვრების ამაოებასა და უაზრობაზე.
ლიტერატურის კრიტიკოსების აზრით, აღფრთოვანებას იწვევს კრებულში შესული, სულ ცოტა, ორი მოთხრობა.
„ნამქერი“ - ამ მოთხრობაში სოროკინი ჰყვება 1981 წელს ამერიკელი სლავისტისა და მოსკოველი სტუდენტი ქალის ხანმოკლე სიყვარულზე, ტრაგიკულ სიკვდილსა და გარდაცვალების შემდეგ ამერიკელი სლავისტის დრამატულ ყოფაზე. მოთხრობის პირველ ნახევარში თბილი ადამიანური ემოციურობა ოსტატურად იცვლება მეორე ნახევრის გამყინავი აბსურდული საშინელებით.
„ორი დედა“ - ესაა საავადმყოფოში მყოფი გოგონას უწერტილმძიმო მონოლოგი - დედის მოლოდინში მყოფი და მაღალი სიცხით გათანგული გოგოს მძიმე სიზმრები. ეს მოთხრობა, ავტორის ვირტუოზული და დაუნდობელი მუცლითმეტყველებით, სოროკინის შედევრის, „რიგის“ დონისაა.
ვლადიმირ სოროკინის თქმით, კაცებმა იმედგაცრუება გამოიწვიეს და არამხოლოდ რუსეთში.
„უხერხემლო ევროპელი ჩინოვნიკებიც იმედგაუცრუებას იწვევენ. ოცი წელი ცდილობდნენ "გაეგოთ ბატონი პუტინისათვის". კაცი-გმირები მხოლოდ ახლა იწყებენ დაბადებას, ჩვენ თვალწინ. ჩვენი დროის გმირია უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი. რუსეთში არიან ნავალნი, იაშინი, ყარა-მურზა-უმცროსი, იური დმიტრიევი. ევროპაშიც გმირები ახლა იბადებიან, მაგრამ ისინი ცოტანი არიან; ერთი სიტყვით, კაცთა სახეები ჯერ არ გამოდის. ქალის სახე უფრო მეტად მიმზიდველია“, - ამბობს ვლადიმირ სოროკინი.