ავლაბარში, მეტროს მოპირდაპირედ, მეტეხის ქუჩაზე რომ ჩაუხვევ, იქვე, 40-50 ნაბიჯში, ფერიცვალების ქუჩის გზაჯვარედინს მიადგები. უცებ, ერთი შეხედვით, იქაურობა დიდ სამშენებლო მოედანს ჰგავს - ტრიალებს ბეტონმზიდის შემრევი, მუშაობს სხვა სამშენებლო ტექნიკა.
აქეთ მხარეს, კიდევ ერთი სამშენებლო მოედანია შემოღობილი. სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. ღობესთან ბანერია გამოკრული - ტერიტორიაზე ოთხსართულიანი, წითელი აგურით მოპირკეთებული შენობის დადგმა იგეგმება. იქვე მითითებულ ნომერზე კი გვპასუხობენ, რომ იყიდება მიწა (957 კვადრატული მეტრი) სასტუმროს ესკიზით. ანუ, აქ, სადაც ახლა მანქანების კერძო სადგომია მოწყობილი, სასტუმრო უნდა აშენდეს.
ამ სამშენებლო ტექნიკას, სამშენებლო მოედნებს, სხვა ახლად აშენებულ სასტუმროებსა თუ საცხოვრებელ კორპუსებს შორის, ფერისცვალების 21 ნომერში, ეკლესიის ნანგრევებია ამოზრდილი.
უფრო ზუსტად, ეკლესიის ნანგრევებს ახალ-ახალი ნაგებობები აქვს შემოშენებული. მეტეხის ქუჩის მხრიდან ეკლესიის ღიად დარჩენილი ფასადიც მალე დაიგმანება.
ეს სომხური ეკლესია, "შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინ“, იმ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკლესია ქალაქში, მეთვრამეტე საუკუნის შუა წლებში აშენდა. ერთ-ერთი წყაროს, პროზაიკოსისა და ჟურნალისტის, ეგნატე იოსელიანის თანახმად, ეკლესია მოქალაქეების ფულით, 1775 წელს დაფუძნდა.
ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი ამბობს, რომ საეკლესიო შენობას სიმყარის პრობლემები ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გამოუვლინდა: „ჩნდება ბზარები და სახელმწიფო კომისიაც კი ყალიბდება, რომ შეისწავლონ ტაძრის მდგომარეობა“.
მეოცე საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს, მიწისძვრის შედეგად კი იშლება ეკლესიის გუმბათი და მას შემდეგ ნაგებობის მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება.
დღეს, ეკლესიის დაბზარულ, ნახევრად დანგრეულ კედლებში, მიწა და ჩამოშლილი აგური, უზარმაზარ გორებადაა ქცეული. მასზე ისე დადიხარ, რომ ვერაფრით წარმოიდგენ, რომ აქ სულ რაღაც რამდენიმე ათეული წლის წინ, მიწა,ზედ გამხმარი ბუჩქები და ხეები კი არა, მოქმედი ეკლესია იყო.
სომხურ ტაძარს 2007 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. თუმცა, ეს სტატუსი მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე არ ასახულა.
ადგილობრივების მთავარი საზრუნავი ახლა არა იმდენად ტაძრის სავალალო მდგომარეობა, არამედ მის გამო წარმოქმნილი შესაძლო საფრთხეებია:
- საშიშია, ვერ ხედავთ, როგორ არის გადმოკიდებული ის ნანგრევი? როდის ჩამოიშლება და ვის დაეცემა, არავინ იცის.
- ან მთლიანად დაშალონ, ან გაამაგრონ, წლებია აქ ვცხოვრობ და წლებია ასეთ მდგომარეობაშია ეს ეკლესია.
- ნახეთ, გარშემო რა ხდება, ამდენი სამშენებლო ტექნიკა მუშაობს, ზანზარებს აქაურობა, როდის ჩამოინგრევა და როდის მოიყოლებს ვინმეს, ამას ელოდებიან?
- ზაფხულში უნდა ნახოთ, რა ხდება ხოლმე. შედიან ნანგრევებში ახალგაზრდები. სავსეა იქაურობა გამოყენებული ნემსებით, ნაგვით.
ხელოვნებათმცოდნეებისთვის ამ სომხურ ეკლესიას, როგორც ძველი ქალაქის შემადგენელ ელემენტს, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს:
„შუა საუკუნეების ყველა ქალაქში, მათ ისტორიულ ნაწილებში, გამოიყოფა ხოლმე ქალაქის მთლიან განაშენიანებაში დომინანტი შენობები. ევროპაში ეს არის რატუშები (საქალაქო საბჭოს შენობა შუა საუკუნეების ევროპაში) და სასულიერო ობიექტები. ქალაქის მთელი განაშენიანებიდან ამოიწვერება ხოლმე ეს შენობები და ორიენტირების ფუნქცია აქვთ. ეს ძეგლი და მასთან ერთად, თბილისში არსებული ბევრი ტაძარი, სწორედ ამ ფუნქციის მატარებელი იყო. დღეს ეს ტაძრები ქალაქის ინტენსიურ განაშენიანებაში ქრება“, - ამბობს თამარ ამაშუკელი.
სუსანა ხაჩატურიანი, სომეხთა სამოციქული ეკლესიის საქართველოს ეპარქიის პრესსპიკერი კი გვეუბნება, რომ 2004 წლიდან მოყოლებული, მათ არაერთხელ მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას ეკლესიის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადარჩენისა და სომხურ ეპარქიაში დაბრუნების თხოვნით, მაგრამ პასუხი მათგან არასდროს მიუღიათ:
„2009 წელსაც მივმართეთ, პრემიერ-მინისტრს, ნიკა გილაურს, რომ ეკლესია დაბრუნებულიყო სომხურ ეპარქიაში, მივმართეთ 2012, 2015 წლებშიც, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა. ხომ შეიძლებოდა ნაგებობის კონსერვაცია, რომ მთლიანად არ განადგურებულიყო. ახლა, ყოველდღიურად იკარგება თითო აგური, თითო ქვა. ალბათ სულ მალე მოვა ის დღე, როცა მისგან აღარაფერი დარჩება“.
თამარ ამაშუკელი ამბობს, რომ ახლა მაინც, აუცილებელია დაუყოვნებლივ შემუშავდეს ძეგლის კონსერვაციის პროექტი, შეფასდეს საშიშროებები და მათ შორის, სადაც საჭიროა, გაკეთდეს მსუბუქი, მინის გადახურვა.
„ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI), ჯერ კიდევ 2017 წელს აცხადებდა, რომ „შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინის“ მახლობლად მიმდინარე ერთ-ერთი მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო კანონის უხეში უგულებელყოფით.
ეკლესიის გვერდით, სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მძიმე ტექნიკის გამოყენებით 2016 წლის მიწურულს დაიწყო. დაზიანდა ეკლესიის შენობის სიმყარე, ქვაბულის ამოღებისას მთლიანად განადგურდა კულტურული ფენები. „მშენებელობის ნებართვის გაცემისას დარღვეულია კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი, უგულებელყოფილია კულტურული ძეგლის როგორც ვიზუალური, ისე ფიზიკური დაცვის არეალები”, - ნათქვამია TDI-ის განცხადებაში.
როგორც ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტში ამბობენ, ვინაიდან „შამხორეცოც სუბ ასტვაწაწინის“ ეკლესია სახელმწიფოს ბალანსზეა, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიას არ გააჩნია ბერკეტი, სამართლებრივ დონეზე მოითხოვოს ეკლესიის დაცვა ან/და თავად უზრუნველყოს მისი მოვლა-პატრონობა. სომეხთა სამოციქულო ეკლესია მოკლებულია იმის შესაძლებლობასაც, რომ ეკლესიის გვერდით მიმდინარე მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობა მოითხოვოს.
„საბოლოოდ, ეს იქნება მსხვილ განაშენიანებაში ჩაფლული ნანგრევი, თუ ამასობაში მთლიანად არ დაიშალა, რისი თეორიული ალბათობაც არსებობს. ყველა ასეთი ისტორიული ობიექტი იმ ამბის ანაბეჭდია, რომელსაც ქალაქი ჰყვება. სამწუხაროდ, ჩვენ ამ ისტორიას ვანაცვლებთ, ვშლით და ახლის დაწერა გვინდა მხოლოდ იმიტომ, რომ ფული ვაკეთოთ, მეტის ამბიცია არ გვაქვს და ეს არის ძალიან სამწუხარო“, - ამბობს თამარ ამაშუკელი.