საქართველოს პარლამენტის შენობის ადგილზე, ყოფილ ღუნიბის მოედანზე, თითქმის 40 წლის განმავლობაში იდგა ალექსანდრე ნეველის უზარმაზარი რუსული სამხედრო ტაძარი - ე. წ. სობორო, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში კომუნისტებმა დაანგრიეს სხვა არაერთ ეკლესიასთან ერთად. 2007 წლის 26 დეკემბერს პარლამენტის ეზოში, იქ, სადაც ადრე სენაკები იყო, ხარების სახელობის სამლოცველო გაიხსნა, თუმცა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული პერიოდულად მაინც გაისმის მოწოდება ტაძრის აღდგენის თაობაზე. ბოლოს ასეთი მოწოდება 5 ივლისს, პარლამენტის წინ ჯვრის ფორმის ლითონის კონსტრუქციის აღმართვის დროს გაისმა.
21 მაისი - კავკასიის დამორჩილების დღე
ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძრის ინტერიერში, სამხრეთ მხარეს გაკეთებული რუსული წარწერა იტყობინებოდა, რომ კავკასიის დაპყრობა დასრულდა იმპერატორ ალექსანდრე II-ის მეფობისა და მეფისნაცვლის, დიდი თავადის მიხეილ ნიკოლოზის ძის მმართველობის დროს, 1864 წლის 21 მაისს.
შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ საგანგებოდ იქნა შერჩეული ტაძრის გახსნისა და კურთხევის დღეც - 21 მაისი 1897 წლისა. აი, რას წერდა გაზეთი „ივერია“ 1897 წლის 22 მაისს გამოცემულ 98-ე ნომერში:
„გუშინ, 1897 წლის 21 მაისს, აკურთხეს წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობაზე აგებული ახალი სამხედრო ტაძარი. ეკლესია კარგა მოზრდილია და თითქმის 200 ოთხკუთხი საჟენი ალაგი უჭირავს. აშენებულია ვიზანტიურ გემოვნებაზე და მშვენივრად არის მორთული როგორც შიგნით, აგრეთვე გარედ. საკურთხეველში ასვენია მოსკოვიდან საგანგებოდ გამოწერილი ძვირფასი ხატები, კედლებზე წმინდანების სურათებია დახატული... ეკლესია აკურთხა ეგზარხოსმა ვლადიმირმა ადგილობრივი სამღვდელოების თანდასწრებით. კურთხევას დაესწრო დიდი მთავარი ნიკოლოზ მიხეილის ძე, მთავარ-მართებელი ტ. გოლიცინი მეუღლით, თანაშემწე მისი ა.ა.ფრეზე, კორპუსის კომანდირი თ.ი.გ. ამილახვარი, კომენდანტი რეიტერი, გუბერნატორი ტ. შერვაშიძე, შტაბის უფროსი, პოლიცმეისტერი და მრავალი სხვა. კურთხევის შემდეგ ყველანი მთავარმართებელთან იყვნენ მიწვეულნი სასაუზმედ“.
ისტორიკოს დიმიტრი სილაქაძის თქმით, ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძარი თავისი შინაარსითა და ფორმით განასახიერებდა რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობას:
„I მსოფლიო ომის დროსაც, თუ რამეს ჩაიგდებდნენ ხელში, ოსმალურ შეიარაღებას ან ტექნიკას, ყველაფერს სობოროს ეზოში გამოფენდნენ ხოლმე. ერთი სიტყვით, სამხედრო ხასიათის ტაძარი იყო, კავკასიაში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური სიმბოლო“.
უნდა ითქვას, რომ რუსული სამხედრო ტაძრის გახსნამ მთელი სამი ათული წლით დაიგვიანა, რადგან „უზენაესი ნებართვა“ [„კავკასიის ომის დასრულებისა და მხარის სრული დამორჩილების აღსანიშნავად, აგებულ იქნას ტფილისში კავკასიის არმიის ტაძარი, რისთვისაც გაიხსნას შემოწირულობების მიღება მთელი იმპერიის მასშტაბით“] გაიცა ჯერ კიდევ ომის დასრულებიდან ერთი წლის თავზე, 1865 წლის 4 სექტემბერს, საძირკველი კი გაიჭრა 1871 წლის 10 აპრილს.
ხალხმა ფული არ გაიღო
თუ გაზეთ ,,კავკაზს“ ვერწმუნებით (1871 წ. N 44), ტფილისში მართლაც უცდიათ სობოროსათვის შემოწირულების შეგროვება, თუმცა სამი დღის შემდეგ საძირკველთან არსებული ჯვრების წინ ჭურჭელში ჩაყრილმა ფულმა მხოლოდ 52 მანეთი შეადგინა. და ეს მაშინ, როცა, ჯამში, სობოროს აშენება რუსეთის იმპერიის ხაზინას 450 ათასი მანეთი დაუჯდა.
ცხადია, ფულის შეგროვებასა და საძირკვლის გაჭრას წინ უძღოდა არქიტექტურული კონკურსი, რომლის შედეგადაც I პრემია მიენიჭა პეტერბურგელი არქიტექტორების ვ. შრეტერისა და ჰ. ჰუნის პროექტს, ხოლო II პრემია - პროფესორ დ. გრიმისა და ჰედიკეს პროექტს, თუმცა, როგორც აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე შენიშნავს [„თბილისის ხუროთმოძღვრება 1801-1917“], მშენებლობა ტაძრის მეორე პროექტის მიხედვით განხორციელდა, რადგან ნაკლებ ხარჯს მოითხოვდა.
გაზეთი „კავკაზიც“ მეორე ადგილზე გასულ პროექტს აქებდა: „აკადემიკოსმა გრიმმა თავი გამოავლინა როგორც ბიზანტიური არქიტექტურის ზედმიწევნით მცოდნემ. მისი დაპროექტებული ტაძარი გვევლინება ბერძნულ-ბიზანტიური სტილის საუკეთესო ნიმუშად“.
„სინამდვილეში ამ ორ პროექტს შორის არსებითი განსხვავება არ არსებოდა და ნამდვილ ბიზანტიურ არქიტექტურასთან მათ საერთო ცოტა თუ ჰქონდათ“, - შენიშნავს ვახტანგ ბერიძე. - „ორივე მიეკუთვნებოდა მართლმადიდებელი ეკლესიების იმ პომპეზურ ოფიციალურ სტილს, რომელიც „ბერძნულ-ბიზანტიური სტილის“ სახელით ინერგებოდა იმდროინდელ რუსეთში ხელისუფლების მიერ“.
XIX საუკუნის 20-იანი წლებიდან რუსეთის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე ყოველი ახალი ტაძარი შენდებოდა მკაცრად განსაზღვრული, წინასწარ შემუშავებული და დამტკიცებული ნიმუშების მიხედვით.
„ტაძრების მშენებლობა ხორციელდებოდა წინასწარ შერჩეული და ეგზარქოსების მიერ დანიშნული არქიტექტორ-ზედამხედველის მიერ, რომელიც უზრუნველყოფდა კონკრეტულად ამ გეგმებზე მშენებლობის დაქვემდებარებას. რუსეთის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე შენდებოდა ტაძრები, რომლებიც ალექსანდრე III-ის ფავორიტ არქიტექტორ კონსტანტინე ტონის ტიპური პროექტების მიხედვით იყო შექმნილი. ტაძრები ძირითადად ხუთგუმბათიანი იყო“ [“თბილისის წმ. ალ. ნეველის სახელობის სამხედრო ტაძარი“. ნ. ასათიანი].
ვახტანგ ბერიძის თქმით, დავით გრიმი კარგად იცნობდა ძველ ქართულ ხუროთმოძღვრებას, მაგრამ ტაძრისთვის, რომელიც მეფის იმპერიალიზმის ძეგლად უნდა ქცეულიყო, იგი ვერ გამოიყენებდა ქართული ეროვნული ხუროთმოძღვრების მოტივებს, საამისო სურვილი ან უნარი რომ გამოეჩინა კიდეც.
„პირიქით, მისი ნაწარმოები თითქოს სიმბოლურად აგვირგვინებდა ყოველისავე ეროვნულის დათრგუნვას ხელოვნების დარგშიც“.
იმპერიალიზმის ძეგლი
მეფის იმპერიალიზმის ძეგლი შეუძლებელია შთამბეჭდავი მოცულობის არ ყოფილიყო: ტაძარი გეგმაში ტოლგვერდა ჯვარს წარმოადგენდა, რომელზეც იდგა 16-წახნაგა გუმბათის ყელი. სიმაღლით 30 მეტრს აღწევდა, ფუძის ფართობი კი 600 კვ. მეტრს აღემატებოდა. ტაძრის ფორმისა და მოცულობის გარდა, ასევე რუსეთის იმპერიალიზმის განდიდებას ემსახურებოდა ინტერიერიც: ტაძრის პილონებზე მიმაგრებული იყო 4 დიდი ნაცრისფერი მარმარილოს დაფა, რომლებზეც დაწერილი იყო ყველა იმ მაღალმოხელისა და ოფიცრის გვარი, რომელთაც „ღვაწლი მიუძღოდათ“ კავკასიელ მთიელთა დამორჩილებაში. შესასვლელში, აფსიდის კედლებზე, ჩამოწერილი იყო იმ სამხედრო ნაწილებისა და დანაყოფების დასახელებები, რომლებიც კავკასიის დამორჩილებაში მონაწილეობდნენ.
გაზეთ „ტიფლისკი ლისტოკის“ N118-ის მიხედვით, კედლები მოიხატა ვასილი ვერეშჩაგინისა და ვიქტორ ვასნეცოვის იმ ასლების მიხედვით, რომლებიც მოსკოვის მაცხოვრის ეკლესიასა და კიევის წმ. ვლადიმირის ტაძარს ამშვენებდნენ. თბილისში არსებული ეს ასლები ადგილობრივმა მხატვრებმა კოლჩინმა და ლონგომ გააკეთეს.
შთამბეჭდავი იყო სობოროს განათება, რასაც უზრუნველყოფდა 5 მცირე ქორკანდელი ცვილის სანთლებით და 1 მთავარი ქორკანდელი 218 ელექტრონული ნათურით, რომლებსაც ელექტროენერგიას აწვდიდა სამრეკლოს ქვეშ მდებარე სარდაფში განთავსებული დინამომანქანა და ნავთის საწვავზე მომუშავე 16 ცხენის ძალის მქონე გენერატორი.
საგანგებოდ შეირჩა ადგილი. "ტაძარი განსაზღვრული იყო მაშინდელი გარეუბნის განაშენიანებაში იდეოლოგიური და მასშტაბური აქცენტის წარმოსაჩენად და მაშინდელი ტეტრაკონქის ტიპის, ძველი ქაშვეთის ტაძრის მოპირდაპირე მხარეს უნდა აღმართულიყო. უნდა ყოფილიყო გრანდიოზული, მდიდრული, მარმარილოთი შემკული და ხაზი გაესვა დიდებულებისთვის მაშინ, როცა ქაშვეთი სავალალო მდგომარეობაში იყო იმდენად, რომ მის აღდგენა-შეკეთებას ბევრად მეტი მატერიალური ხარჯი სჭირდებოდა, ვიდრე მის დაშლას და ამავე ადგილას ახალი ტაძრის მშენებლობას" [„თბილისის წმ. ალ. ნეველის სახელობის სამხედრო ტაძარი“. ნ. ასათიანი]
როგორც თეოლოგმა გოჩა ბარნოვმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ალექსანდრე ნეველის რუსული სამხედრო ტაძარი რუსეთის იმპერიამ თავისი მიზნებისა და სამხედროებისთვის ააშენა. შესაბამისად, წირვა და ყველა სხვა რიტუალი რუსულად აღევლინებოდა, ისევე როგორც ყველა სხვა დიდ ტაძარში, მათ შორის ქართულ ტაძარში, რაზეც აკაკი წერეთელიც ჩიოდა თავის ცნობილ პოემაში:
ეგზარხოსი სწირავდა
ფორმად სლავენურადა;
მლოცველებს არ ესმოდათ,
ქონდათ სანანურადა.
ასე დღეს ხვალიობით
ხალხი დაკარგავს რჯულსა.
დამღუპველი შარა-გზა
მიადგება უფსკრულსა.
სობოროს ბედი იმპერიის დაშლის შემდეგ
ვითარება შეიცვალა 1917 წლის შემდეგ, როცა ტაძარი საქართველოს გამგებლობაში გადავიდა. 1920 წლის მაისში პირველმა რესპუბლიკამ ასპინძის ბრძოლის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი „სობოროს“ ეზოში გამართა. 1921 წლის თებერვალში რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ნაწილიც აქ დაკრძალეს.
ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანის თქმით, საქართველოს ოკუპაციის პირველივე წლებში სობორო ბოლშევიკებმა ჯერ კომკავშირს გადასცეს, შემდეგ კი - სპორტულ საზოგადოებას.
„ცნობილი დოკუმენტური კადრები, რომელშიც ლავრენტი ბერია რევოლვერს უმიზნებს კამერას, სწორედ სობოროს ტერიტორიაზეა გადაღებული, მის ეზოში, სადაც სასტენდო სროლაში ვარჯიშობდნენ და სარეკლამო კადრებს იღებდნენ“, - უთხრა ირაკლი ხვადაგიანმა რადიო თავისუფლებას.
დოკუმენტურმა ქრონიკამ ასევე შემოინახა სობოროს ნგრევის კადრები. პირველი საგაზეთო პუბლიკაცია (უფრო ზუსტად, ფოტო მინაწერით), რომელიც ალექსანდრე ნეველის ტაძრის დანგრევას იუწყებოდა, გაზეთ „კომუნისტის“ 1930 წლის 7 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა.
„თბილისის ყოფილი სამხედრო საკრებულო ტაძრის დანგრევა. ტაძრის მთავარ გუმბათს უკვე ახდილი აქვს სახურავი“.
რუსული სამხედრო ტაძრის ადგილზე მალევე აშენდა პარლამენტის დღევანდელი შენობა - ყოფილი „მთავრობის სახლი“, რომლის ზედა კორპუსის (არქიტექტორები ვ. კოკორინი და გ. ლეჟავა) მშენებლობა 1938 წელს დასრულდა, რუსთაველის გამზირზე გამომავალი ქვედა კორპუსი კი 1953 წელს შევიდა ექსპლუატაციაში.
“მძიმე რაღაც, მაჯლაჯუნასებური”
სობოროსგან საქართველოს მთავარი გამზირის გათავისუფლება არ გამოჰპარვია გალაკტიონ ტაბიძეს - თბილისის ქუჩებისა და ყოველდღიურობის იშვიათ მემატიანეს, რომლის თქმითაც, რუსეთი ამ ტაძრით გამოხატავდა თავისი ბიწეული სულის ლტოლვას საქართველოსადმი.
„ამ ადგილას წინად ალექსანდრე ნეველის უზარმაზარი ტაძარი იდგა. ვეება რამე - თავისთავად ისეთსავე სიძულვილის გრძნობას იწვევდა აქ, როგორსაც ალექსანდრე III-ის ძეგლი პეტერბურგში; ეს იყო მძიმე რაღაც, მაჯლაჯუნასებური, ბნელი სტიქიური ძალა, დამმონებელი, ეს იყო სიმბოლო რუსეთის მიერ საქართველოს დამორჩილებისა... დიდი ხანი კი დასჭირდა ამ ტაძრის დანგრევას: ძალიან მკვრივი და ძნელად დასანგრევი რამ გამოდგა ეს ტიელი“, - ვკითხულობთ პოეტის დღიურში.
- ჰქონდა თუ არა რუსულ სამხედრო ტაძარს მხატვრული ღირებულება?
აკადემიკოს ვახტანგ ბერიძის თქმით, არავითარი მხატვრული ღირებულება ამ ტაძარს არ გააჩნდა:
„მისი ამორფული სხეული მძიმე, ტლანქი, თითქოს ერთმანეთზე მიხვავებული მასებისგან შედგებოდა. ფორმები და დეტალები უკიდურესად მშრალი და მონოტონური იყო. მუქი და ღია ფერის ქვის მონაცვლეობით ზოლებად აჭრელებული კედლებიც ხელს უწყობდა ულაზათობისა და უგემურობის შთაბეჭდილებას. ტაძარი სრულებით უცხო იყო თბილისისთვის თავისი უმსგავსო გარეგნობითა და თავისი არსით, უცხო იყო სულითა და ხორცით. მისი დანგრევა გამართლებული იყო როგორც იდეური, ისე წმინდა ესთეტური თვალსაზრისით“.
- არსებობს თუ არა ტაძრის აღდგენის თუნდაც თეორიული საჭიროება?
თეოლოგ გოჩა ბარნოვის თქმით, საქართველოს არც ტაძრის აშენებაში მიუღია მონაწილეობა და არც მის დანგრევაში. სობორო ააშენა მეფის რუსეთმა, დანგრევით კი ბოლშევიკურმა რუსეთმა დაანგრია.
„ტაძრის აღდგენის თაობაზე საუბარიც კი უსაფუძვლოა. არ არსებობს ამის არანაირი არც საჭიროება და არც მიზანშეწონილობა. ჩვენ გვაქვს მანამდე აშენებული ტაძრები, რომლებიც მისახედია და, თუ კი რაიმე ფული გვაქვს, სჯობია მათი აღდგენისთვის გამოვიყენოთ. მივხედოთ გელათს და სხვა ტაძრებს, რომლებიც ჩვენ თვალწინ ნადგურდება უყურადღებობით“, - ამბობს გოჩა ბარნოვი.
საქართველოს ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ (1811 წ) რუსეთმა აღმოსავლეთ საქართველოში არსებული 13 ეპარქიის ნაცვლად მხოლოდ 2, ხოლო დასავლეთ საქართველოს 12 ეპარქიიდან 3 დატოვა. რუსეთის იმპერიის ბიუროკრატიამ და რუსმა ეგზარქოსებმა ქართველ ხალხს მოუსპეს მთავარი - ღვთისმსახურება და ლოცვა მშობლიურ ენაზე; დაუკეტეს, შეუღებეს და დაუნგრიეს ტაძრები; გააუქმეს ეპარქიები; შეამცირეს სამრევლოები; გარეკეს უმრევლოდ დარჩენილი მღვდლები; მოსახლეობას წაართვეს ხატები და ჯვრები. დაიწყო საეკლესიო საგანძურის უკონტროლო გატანა, რაც რუსეთის იმპერიის დაშლამდე გაგრძელდა.