Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სის გეგმები და პუტინის იმედები


ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი
ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი

18 ოქტომბერს ჩინეთში გამართულ ფორუმზე „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ძირითადად ჩინეთის ეკონომიკურ გეგმებსა და მომავალ წარმატებებზე ილაპარაკა.

ფორუმის მთავარმა სტუმარმა, რუსეთის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ჩინეთის გეგმები დიდწილად მოიცავს რუსეთის იდეას დიდი ევრაზიული პარტნიორობის ჩამოყალიბების შესახებ.

პეკინის სახალხო კრების სასახლის დარბაზში სიტყვით გამოსვლისას სი ძინპინმა ჩინეთი წარადგინა როგორც ახალი, მეტად ინკლუზიური სამყაროს ლიდერი ქვეყანა, რომლის წარმატება და ეკონომიკური აღმასვლა სარგებელს მოუტანს ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც ჩაერთვება პეკინის მიერ ჯერ კიდევ 2013 წელს ინიციირებულ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტში.

"ერთი სარტყელი, ერთი გზა" - ფორუმის მონაწილეები, ცენტრში სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინი. 2023 წლის 18 ოქტომბერი
"ერთი სარტყელი, ერთი გზა" - ფორუმის მონაწილეები, ცენტრში სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინი. 2023 წლის 18 ოქტომბერი

ვლადიმირ პუტინის ყოფნა სამიტზე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ოფიციალურად არ მოუწერია ხელი „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივისათვის, ხაზს უსვამს ორი ქვეყნის ახლო ურთიერთობას.

საერთაშორისო პოლიტიკის ბევრი მიმომხილველი მიიჩნევს, რომ ჩინეთი და რუსეთი სიმბიოზურ ალიანსს ქმნიან: ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია რუსეთი დასავლეთთან წინააღმდეგობაში, ხოლო მოსკოვისთვის ჩინეთია მთავარი საყრდენი ვაჭრობისა და გეოპოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით. თუმცა, დროსთან ერთად მოსკოვი ამ ურთიერთობაში სულ უფრო და უფრო ხშირად წარმოჩინდება უმცროსი პარტნიორის როლში.

სამხედრო კომპონენტი

პოლიტიკის ანალიტიკოსებს აინტერესებდათ, უკრაინასთან ომში შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო თუ არა ჩინეთში გამართულ ფორუმზე რუსეთსა და ჩინეთს შორის რაიმე სახის ღია ან ჩრდილოვანი სამხედრო შეთანხმებების გაფორმება. სინოლოგი ალექსანდრ ჩიგადაევი, რომელიც მრავალი წელია აკვირდება ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობას, Current time-თან საუბარში ამბობს, რომ ფორუმზე ამის შესაძლებლობა ვერ იქნებოდა რამდენიმე მიზეზის გამო:

  • ფორუმი არის შინამოხმარების ამბავი, უაღრესად მნიშვნელოვანი ჩინური პროპაგანდის, პოლიტიკური ცხოვრების, ეკონომიკური ცხოვრებისა და მსოფლიოში ჩინური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. შესაბამისად, ფორუმი გამორიცხავს სხვა საკითხების, მათ შორის სამხედრო კონფლიქტების განხილვას.
  • ჩინეთს ახლა არ ჰყავს თავდაცვის მინისტრი, ხოლო დელეგაცია, რომელიც სი ძინპინს ფორუმზე ახლდა, ძირითადად ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სფეროების წარმომადგენლებისგან შედგებოდა.
  • ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია აშშ-თან ურთიერთობა. ამერიკასა და ჩინეთს შორის წლიური სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 750 მილიარდი დოლარია, ჩინეთსა და რუსეთს შორის კი - 190 მილიარდი.

რა თქვა ამხანაგმა სიმ?

ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, სი ძინპინმა განაცხადა, რომ 2013 წელს მის მიერ ინიციირებულ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში 3 ათასზე მეტი პროექტი ხორციელდება, ინვესტიციების მოცულობა კი 1 ტრილიონ დოლარს აღწევს. სი ძინპინის თქმით, ჩინეთი კვლავაც გააგრძელებს სესხების გაცემას და გააფართოებს ჩინეთის ბაზრის წვდომას უცხოური კომპანიებისთვის.

„ჩვენ არ ვართ ჩართული იდეოლოგიურ დაპირისპირებასა და გეოპოლიტიკურ თამაშებში. ჩინეთი ეწინააღმდეგება ცალმხრივ სანქციებს, ეკონომიკურ იძულებასა და ჯაჭვის რგოლების, კავშირების გაწყვეტას“, - ამ განცხადებით, როგორც სააგენტო Associated Press-ი წერს, ჩინეთის ლიდერმა მიანიშნა სანქცირებულ ქვეყნებთან ვაჭრობის დივერსიფიკაციაზე.

სი ძინპინი
სი ძინპინი

სი ძინპინის თქმით, ჩინეთი მზადაა ძალისხმევა გასწიოს მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოდერნიზაციისთვის.

„ჩვენ არ ვცდილობთ ჩინეთის იზოლირებულ მოდერნიზაციას, ვიმედოვნებთ, რომ განვახორციელებთ მოდერნიზაციას მრავალ განვითარებად ქვეყანასთან ერთად“, - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა, რომელიც იმედოვნებს, რომ ამგვარი საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით, ჩინეთის საგარეო ვაჭრობა (საქონელბრუნვა და მომსახურება) უახლოეს 5 წელიწადში გადააჭარბებს, შესაბამისად, 32 ტრილიონ და 5 ტრილიონ დოლარს.

ფორუმის მსვლელობისას სი ძინპინს არ გაუჟღერებია ფაქტობრივად არცერთი პოლიტიკური განცხადება. სინოლოგ ალექსეი ჩიგადაევის თქმით, სამიტზე ძირითადად ჩინეთის ეკონომიკური მომავალი განიხილეს.

„სი ძინპინმა ფაქტობრივად თქვა, თუკი ჩინეთში ყველაფერი კარგად იქნება, მაშინ მსოფლიოშიც ყველაფერი კარგად იქნება და პირიქითო. არ მოგვისმენია არცერთი პოლიტიკური განცხადება არცერთი ლიდერის გამოსვლაში. ეს გაკეთდა გააზრებულად, რათა არ გაფერმკრთალებულიყო ფორუმის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგენელები“, - უთხრა Current time-ს სინოლოგმა ალექსეი ჩიგადაევმა, რომლის თქმითაც, სი ძინპინის მიერ ათი წლის წინ ინიციირებული პროექტის ერთ-ერთი ნაკლი ისაა, რომ მას არ აქვს პოლიტიკური ინსტიტუტები:

ალექსეი ჩიგადაევი
ალექსეი ჩიგადაევი

„მხოლოდ ახლა იწყება გარკვეული ინსტიტუტების შექმნა, რომლებიც განახორციელებენ ამ პროექტს. თუ გაქვთ შეკითხვა: "მე ვარ პატარა ქვეყანა, მინდა გავხდე პროექტის - „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ - მონაწილე, რა უნდა გავაკეთო?", მექანიზმი არ არსებობს, უფრო სწორად არსებობს ბუნდოვანი მექანიზმი, რომელიც კორუფციის წინაპირობას ქმნის. ზოგადადაც ჩინეთის საგარეო პოლიტიკის დიდი მინუსია ინსტიტუტებისა და იდეალების ნაკლებობა. მაგალითად, აშშ-ის მიდგომა ასეთია: „გჭირდებათ ლიბერალური დემოკრატიის აშენება საბაზრო ეკონომიკით“, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების ჩინური მოდელი განუმეორებელია, ჩინეთი ვერ იტყვის, გააკეთეთ ისე, როგორც ჩვენ ვაკეთებთ და ყველაფერი კარგად იქნებაო“.

რა თქვა პუტინმა

ვლადიმირ პუტინმა თავისი გამოსვლა დააფუძნა ჩინეთის გეგმებსა და რუსეთის ინიციატივებს შორის კავშირზე, რუსეთის ლიდერი განსაკუთრებულად უხვსიტყვიანი და მოუზომავი იყო ჩინეთის მიღწევებზე საუბრისას:

„ჩვენ ძალიან გვიხარია ჩინეთის წარმატებები, რადგან ეს წარმატება ბევრ ჩვენგანს ეხება. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ რუსეთი და ჩინეთი, ისევე როგორც მსოფლიოს უმეტესი ქვეყნები, იზიარებენ თანაბარი, ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის სურვილს, რათა მიაღწიონ მდგრად და გრძელვადიან ეკონომიკურ წინსვლასა და სოციალურ კეთილდღეობას. ჩინეთის ინიციატივას -„ერთი სარტყელი, ერთი გზა“ - კარგად ერგება სხვადასხვა რეგიონში განვითარებული ინტეგრაციული პროცესები. ის ასევე შეესაბამება რუსეთის იდეას ისეთი ინტეგრაციული კონტურის შექმნის შესახებ, რომელშიც სრულად იქნება უზრუნველყოფილი ვაჭრობის, ინვესტიციების, შრომის თავისუფლება“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა, რომლის სიტყვით გამოსვლისას დარბაზი დატოვეს იტალიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა.

ვლადიმირ პუტინის თქმით, სი ძინპინის პროექტი სრულ შესაბამისობაშია რუსეთის ინიციატივასთან, ჩამოყალიბდეს დიდი ევრაზიული სივრცე.

ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

„ეს იქნება თანამოაზრეების თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების სივრცე, სადაც ერთმანეთს დაუკავშირდება სხვადასხვა ინტეგრაციული პროცესი: "ერთი სარტყელი, ერთი გზა", შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია და ევრაზიის ეკონომიკური ალიანსი, რომელსაც რუსეთი წარმატებით ავითარებს თავის პარტნიორებთან ერთად პოსტსაბჭოთა სივრცეში“, - თქვა პუტინმა, რომლის თქმითაც, რუსეთმა და ჩინეთმა მიაღწიეს შეთანხმებას ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროგრამის პარალელური და კოორდინირებული განვითარების შესახებ.

პუტინმა ასევე ჩამოთვალა მრავალი პოტენციური სატრანსპორტო დერეფანი, რომელთაგანაც ერთ-ერთი დააკავშირებს არქტიკას ინდოეთის და წყნარი ოკეანეების სანაპიროებთან რუსეთის ტერიტორიის გავლით:

„რაც შეეხება ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტს, რუსეთი პარტნიორებს უბრალოდ კი არ სთავაზობს აქტიურად გამოიყენონ მისი სატრანზიტო პოტენციალი, არამედ რუსეთი იწვევს დაინტერესებულ სახელმწიფოებს უშუალოდ მონაწილეობა მიიღონ მის განვითარებაში. ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ მარშრუტი ყინულმჭრელებით, საიმედო კავშირით და მომარაგებით“.

პეკინში ჩასულ რუსეთის დელეგაციაში იმყოფებოდნენ ენერგეტიკის, გაზისა და ნავთობის სფეროს წარმომადგენლები. სპეციალისტების თქმით, სანქციების ქვეშ მყოფი რუსეთისთვის ნავთობისა და ბუნებრივი აირის ჩინეთის ბაზარზე შეტანა სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია. რუსეთის დელეგაციაში მყოფმა „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა გამოცემა „კომერსანტს“ უთხრა, რომ ჩინეთისთვის გაზის მიწოდების მოცულობამ შეიძლება მალე მიაღწიოს ევროპაში 2022 წლამდე ექსპორტირებული გაზის რაოდენობას.

ვლადიმირ პუტინი და ალექსეი მილერი
ვლადიმირ პუტინი და ალექსეი მილერი

2022 წლის შედეგების მიხედვით, „გაზპრომმა“ დაახლოებით 85 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა ევროპაში, მაშინ როცა იმავე 2022 წელს ჩინეთმა მხოლოდ 15,5 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზი შეისყიდა.

ალექსეი მილერის თქმით, უახლოეს წლებში ჩინეთში „გაზპრომის“ ექსპორტის მოცულობა წელიწადში 48 მილიარდი კუბური მეტრი იქნება, ხოლო მონღოლეთის გავლით სატრანზიტო გაზსადენის ჩათვლით - წელიწადში დაახლოებით 100 მილიარდი კუბური მეტრი.

რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ ფორუმის დასრულების შემდეგ პუტინი და სი ძინპინი კიდევ ერთხელ, 3 საათით შეხვდნენ ერთმანეთს. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, შეხვედრის მსვლელობისას სი ძინპინმა განაცხადა, რომ „ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთს ეროვნული სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ინტერესების დაცვაში“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG