რამდენიმედღიანი ბრძოლების შედეგად დაიღუპა 1 500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე - ალავიტების უმცირესობიდან, რომელსაც ასადიც ეკუთვნის. ლონდონში განთავსებული სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო ცენტრის ცნობით მკვლელობების უმეტესობა უსაფრთხოების ძალებმა ან მათმა მოკავშირე ბოევიკებმა განახორციელეს.
ძალადობამ შოკი გამოიწვია სირიაში. აქ მცხოვრები უმცირესობები მომავლის მიმართ იმედიანად განეწყვნენ მას შემდეგ, რაც სუნიტმა ისლამისტმა მეამბოხეებმა, რომლებმაც ჩამოაგდეს ასადი, პირობა დადეს, რომ დაიცავდნენ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს ქვეყნის მრავალფეროვანი საზოგადოების შესანარჩუნებლად.
ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ ლატაკიაში შეტაკებებში ორი სომეხი მამაკაცის დაღუპვამ შიში გამოიწვია აქ მცხოვრები ქრისტიანული უმცირესობის წევრებში. 2011 წელს, სამოქალაქო ომის დაწყებამდე. სირიაში 100 000-ზე მეტი ეთნიკური სომეხი ცხოვრობდა.
სომხეთის მთავრობის შეფასებით, ქვეყანაში 30 000 სომეხია დარჩენილი. 60 000-ზე მეტმა კი სომხეთსა და სხვა ქვეყნებში შეაფარა თავი.
„ყველას ეშინია ლაპარაკის“, - უთხრა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს ჰაკობ ალთუნიანმა, ეთნიკურად სომეხმა ლატაკიიდან, რომელიც ახლა ერევანში ცხოვრობს. - ”მათ გარეთ გასვლის და ტელეფონზე საუბრის ეშინიათ”.
ალთუნიანი მუდმივად ურეკავს მეგობრებსა და ოჯახს ლატაკიაში მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რეგიონში მომხდარი შეტაკებების შესახებ.
„შეტევა დაიწყეს. სოფლებში ტანკებით შევიდნენ და ისვრიან“, - ამბობს ლატაკიიდან გამოგზავნილ აუდიოშეტყობინებაში ადამიანი, რომელიც ალთუნიანმა თავის მეგობრად მოიხსენია.
”გავიგეთ, რომ სახლები დაწვეს და არ ვიცით, ვინ არის ცოცხალი და ვინ მკვდარი”, - ამბობს მამაკაცი აუდიოშეტყობინებაში, რომელიც ალთუნიანმა რადიო თავისუფლებას გაუზიარა.
დევნილი სირიელი სომეხი დალიდა კაჰეჯიანი, რომელიც ერევანში ცხოვრობს, ძალადობის დაწყების შემდეგ, რეგულარულად ამოწმებს თავის ქალიშვილს კესაბში, ლატაკიის რეგიონის თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქში.
„ელექტროენერგია არ აქვთ. სკოლები და ეკლესიები დაკეტილია“, - განუცხადა მან რადიო თავისუფლებას ეთნიკური სომხებით დასახლებული რეგიონის შესახებ.
„წასვლაზე ფიქრობენ“, - თქვა კაჰეჯიანმა კესაბში მცხოვრებლებზე. - ”მაგრამ ამჟამად მათი პასპორტები მოქმედი არაა”.
სირიის სომხური თემის ზოგიერთ წევრს სომხური პასპორტებიც აქვთ - ეს ნაწილია ერევნის მცდელობისა, უზრუნველყოს დიასპორის უსაფრთხოება.
10 მარტს Reuters-თან ინტერვიუში სირიის მოქმედმა მეთაურმა აჰმედ აშ-შარაამ მომხდარს უწოდა საფრთხე ქვეყნის ერთიანობისთვის და განაცხადა, რომ დამნაშავეები დაისჯებიან, მისი მოკავშირეების ჩათვლით.
ფორუმი