ვალების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებსაიტზე, vali.ge-ზე ამჟამად 10 ბანკისა და 9 არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციის ინფორმაციაა ატვირთული. შესაბამისად, მოვალეებს უკვე შეუძლიათ მოიძიონ ინფორმაცია თავიანთი როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო სესხების თაობაზე.
ფონდ „ქართუს“ პროექტის ფარგლებში ამოქმედებულ ვებსაიტზე ატვირთული ინფორმაცია ამ ეტაპზე 552,483 მსესხებელს, 1,154,414 ერთეულ სესხსა და 3,682,200,002 ლარის ჯამურ დავალიანებას მოიცავს. არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციების ჩამონათვალში შედიან:
- შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო" (სესხის გამცემი: lendo.ge, pino.ge, banko.ge);
- შპს "ემ.კოლექტორი" (სესხის გამცემი: sohocredit.ge);
- შპს "კრედიტ ექსპერტ ჯორჯია" (სესხის გამცემი: wandoo.ge, netcredit.ge, moneza.ge, credium.ge);
- შპს "გრანატ კაპიტალ" (სესხის გამცემი: netcredit.ge, moneza.ge);
- შპს "გრანატ ინვესთმენთ" (სესხის გამცემი: vivus.ge);
- შპს "პრობლემური აქტივების ბიურო“ (სესხის გამცემი: vivus.ge, amica.ge, moneybus.ge, wincredit.ge, moneyman.ge, mycredit.ge, netcredit.ge, moneza.ge, crediton.ge, lendo.ge, mamy.ge, ipuli.ge, okcredit.ge, credium.ge, solva.ge);
- შპს "ფინანსური ბიურო" (სესხის გამცემი: moneza.ge, mycredit.ge, netcredit.ge, vivus.ge);
- შპს "ფინანსური მონიტორინგის ბიურო" (სესხის გამცემი: vivus.ge);
- შპს "ფინანსური სექტორი" (სესხის გამცემი: ccloan.ge).
ამ ჩამონათვალში რამდენჯერმე გვხვდება, მაგალითად, vivus.ge, moneza.ge, lendo.ge ან სესხის გამცემი სხვა ორგანიზაციები. ეს იმას ნიშნავს, რომ მათგან სასესხო პაკეტები შეძენილი აქვს სესხის ამომღებ არაერთ კომპანიას. როგორც ფინანსთა სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, „კოლექტორების, ე.წ. ამომღები კომპანიების შემთხვევაში, სესხები შესაძლებელია შეძენილი იყოს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტიდან, როგორიცაა: ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ონლაინ სესხის გამცემი და სხვა.“
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ვებგვერდზე ატვირთულია 19 საფინანსო ორგანიზაციიდან შეძენილი სესხები/კრედიტები. თუმცა რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი 60-ზე მეტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან ვალების განულების პროგრამაში არ არის ჩართული, სულ ცოტა, 22 ორგანიზაცია. ჯერჯერობით უარის მთქმელთა სია არ გამოქვეყნებულა. შესაბამისად, მათ მოვალეებს ვალის განულების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.
14 დეკემბრის შემდეგ, vali.ge-ზე გაიზარდა ბანკების ჩამონათვალიც. ამჟამად, საკუთარი გვარის მოძებნა უკვე 10 ბანკის სიაში შეგიძლიათ, ესენია:
- სს „საქართველოს ბანკი“;
- სს „თიბისი ბანკი“;
- სს „ლიბერთი ბანკი“;
- სს „სილქ როუდ ბანკი“;
- სს „ხალიკ ბანკი საქართველო“;
- სს „იშბანკი საქართველო“;
- სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“;
- სს "ბაზისბანკი";
- სს "ტერაბანკი";
- სს "კრედო ბანკი".
ფონდ „ქართუს“ ინფორმაციით, ვებსაიტზე (vali.ge) განთავსებული ინფორმაცია საფინანსო ორგანიზაციების მიერ არის მიწოდებული და იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი საკუთარ თავს ვერ აღმოაჩენს სიაში, უნდა მიმართოს სესხის გამცემ ორგანიზაციას. მაგრამ სია ჯერ ისევ არასრულია. ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ ერთიანი ბაზა ეტაპობრივად შეივსება და ვალის პატიების პროცესიც ეტაპობრივად წარიმართება.