სამხედრო-პოლიტიკური ექსპერტი, რომელიც სხვადასხვა დროს უკრაინის თავდაცვის მინისტრის (2022-2023 წწ.) და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მრჩეველი (2014 წ.) იყო, განმარტავს, რატომ არის ვუჰლედარის დაპყრობა უფრო მნიშვნელოვანი რუსებისთვის, ვიდრე მისი დათმობა უკრაინისთვის. სერჰი კუზანმა 2016 წლის უკრაინასა და დღევანდელ საქართველოს შორის პარალელებზეც ისაუბრა. ვაჟა თავბერიძემ მასთან ინტერვიუ ვუჰლედარის დაცემის შესახებ კითხვით დაიწყო.
სანამ ვუჰლედარი თავის ფუნქციას ასრულებდა, მანამდე აზრი ჰქონდა მის დაცვასაც, რადგან რუსების დანაკარგები ჩვენთან შედარებით ბევრად მაღალი იყო.
რადიო თავისუფლება: ვუჰლედარი დაეცა - ორ წელზე მეტხნიანი წინააღმდეგობის შემდეგ. რას ცვლის ეს ომის მდინარებაში?
სერჰი კუზანი: გააჩნია, რა გადმოსახედიდან შევხედავთ - რუსებისთვის ვუჰლედარის დაპყრობა დიდი რამეა, ჩვენთვის კი მისი დათმობა შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია და აი, რატომ: რუსებით დავიწყოთ - ვუჰლედარი იყო სტრატეგიული მაღლობი, რომელიც ფრონტის ხაზს ამრუდებდა, მაგრამ სამაგიეროდ მოწყვლადს ხდიდა რუსების ლოგისტიკის ჯაჭვს, რომელიც დონბასის აღმოსავლეთს სამხრეთთან აკავშირებდა. სამხრეთში სარკინიგზო სისტემა გაუმართავია, რკინიგზა, ლიანდაგი კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსული ლოგისტიკისთვის - თუ ჩვენ და დასავლეთი უფრო სატვირთოებს, მანქანებს ვეყრდნობით, რუსული ჯარის ლოგისტიკა სწორედ რკინიგზაზეა გათვლილ-გაწერილი. აღმოსავლეთში რკინიგზა გამართულია, სამხრეთში არა - იქ რუსები ახლა ცდილობდნენ ახალი ინფრასტრუქტურის გამართვას, რკინიგზის გაბმას დონეცკიდან მარიუპოლისკენ, ვოლნოვახის გავლით. ჩვენ ამას არ ვაცლიდით, ამ რკინიგზის გამოყენებას. ახლა, როდესაც ვუჰლედარი აიღეს, შეუძლიათ შედარებით მშვიდად გააბან ეს ლოგისტიკური ჯაჭვი, აზოვის ზღვის გასწვრივ. მათთვის ბევრად უფრო ადვილი იქნება დანაყოფების და შეიარაღების გადასროლა აღმოსავლეთის ფრონტიდან სამხრეთისკენ, ყირიმამდეც კი. ჩვენი არტილერიით მიწვდომა გაგვიჭირდება, უფრო უსაფრთხოდ იქნებიან.
რაც შეგვეხება ჩვენ - ვუჰლედარი სანახევროდ ალყაში იყო მოქცეული, მისი ფლანგები დაუცველი იყო, და ჩვენს ლოგისტიკას ამ მაღლობის შენარჩუნება დღითი დღე უფრო და უფრო მძიმე ტვირთად აწვებოდა. ვუჰლედარის კონტროლი ტაქტიკურ უპირატესობას გვაძლევდა, მისი ფლანგების დაუცველობა - დაცვა კი შეუძლებელი იყო, რადგან გარშემო დაბლობია, შენობები კი, რომლებიც ფორპოსტად შეგვეძლო გამოგვეყენებინა, რუსებმა მიწასთან გაასწორეს - ტაქტიკურად წამგებიანი იყო. ახლა ფრონტის ხაზი გასწორდება, ჩვენს მთავარ, გამაგრებულ თავდაცვით პოზიციებს მივუახლოვდებით, და რადგანაც ფრონტის ხაზი შემოკლდა, მისი დაცვაც უფრო მოსახერხებელი გახდა.
რადიო თავისუფლება: და მაინც, თვეების განმავლობაში არ თმობდით ვუჰლედარს, გაშმაგებით იცავდით - რატომ უფრო ადრე არ გამოხვედით, თუ მართლაც არცთუ ისე მნიშვნელოვანი იყო მისი შენარჩუნება?
სერჰი კუზანი: იგივე შეგეძლოთ გეკითხათ ავდიივკაზეც - წელიწადზე მეტხანს, ავდიივკა სამი მხრიდან ალყაში იყო მოქცეული. მაგრამ ჩვენ შევძელით ავდიივკის შენარჩუნება წელიწადზე მეტხანს, სანამ ამუნიცია გვყოფნიდა, და ვაკონტროლებდით გარშემო პერიმეტრსაც. ვუჰლედარის მსგავსად, ავდიივკაც ტაქტიკური მნიშვნელობის დომინანტური მაღლობი იყო, საიდანაც მიზანში ვიღებდით რუსების ლოგისტიკის ხაზებს, რკინიგზას, გზატკეცილებს. მაგრამ შემდეგ გაჩნდა პრობლემები შეიარაღებასთან დაკავშირებით - ბანალურად რომ ვთქვათ, გამოგველია, მარაგის შევსებას კი არა და არ ადგებოდა საშველი, სენატი ხომ მთელი 7 თვე ბჭობდა, დახმარებოდა თუ არა უკრაინას… მერე მოგვიწია ავდიივკიდან გამოსვლა, რადგან სხვა გზა აღარ იყო დარჩენილი. ვუჰლედართან მიმართებითაც იგივე სიტუაციაა - როგორც ქალაქი, ვუჰლედარი უკვე წელიწადზე მეტია, აღარ არსებობს, ის ფორპოსტად გადავაკეთეთ. და სანამ ვუჰლედარი თავის ფუნქციას ასრულებდა, სანამ შეგვეძლო მტრის პოზიციებისთვის ცეცხლის მიწვდენა ამ მაღლობიდან, მანამდე აზრი ჰქონდა მის დაცვასაც, რადგან რუსების დანაკარგები ჩვენთან შედარებით ბევრად მაღალი იყო. მაგრამ თანდათანობით, როგორც უკვე გითხარით, მისი ფლანგები მოშიშვლდა და ფორპოსტის შენარჩუნება შეუძლებელი გახდა.
მოთხოვნილის 20-30 პროცენტს თუ გვაძლევენ დასავლელი პარტნიორები, მეტს არა.
რადიო თავისუფლება: შეიძლება თუ არა თქმა, რომ ავდიივკის მსგავსად, შეიარაღება აქაც საკმარისად რომ მოეწოდებინათ, და დროულად - ვუჰლედარსაც არ დაკარგავდით?
სერჰი კუზანი: დიახ, ცალსახად ასეა. რასაც ვითხოვთ - და ვითხოვთ იმას, რაც ფრონტზე გადაუდებლად გვჭირდება - მოკლედ, მოთხოვნილის 20-30 პროცენტს თუ გვაძლევენ დასავლელი პარტნიორები, მეტს არა. სერიოზული პრობლემა გვაქვს შეიარაღებისა და აღჭურვილობის მხრივ - უნდა ვაღიაროთ, რომ რუსებთან შედარებით დიდი დეფიციტი გვაქვს, სერიოზული ჩამორჩენა გვაქვს მათთან. ეს უმწვავესი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა თავიანთი საარტილერიო საწყობები დიდწილად დააცარიელეს, მათი საარტილერიო ცეცხლის ინტენსივობა ჩვენსას 6-ჯერ აღემატება. მაგრამ არტილერიას როგორღაც მაინც ვუმკლავდებით - მათ საწყობებს ვანადგურებთ, ვანადგურებთ უშუალოდ არტილერიასაც, ჯავშანტექნიკას, ტანკებს. ვუმკლავდებით მათ ცოცხალ ძალასაც - მაგრამ ავიაციის წინააღმდეგ პასუხი არ გვაქვს. არ ვიცი, ნახეთ თუ არა, მაგრამ რუსებმა გამოფინეს ვუჰლედარის დაბომბის კადრები - აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან გადმოყრიდნენ საჰაერო ბომბებს, გადაუვლიდნენ ჩვენს პოზიციებს - და ეს გრძელდებოდა ყოველდღე, თავის წამოწევის საშუალებას არ გვაძლევდნენ, ჩვენ კი ვერაფერს ვუპირისპირებდით. ასეთ პირობებში პოზიციების შენარჩუნება, რა თქმა უნდა, ურთულესია.
რადიო თავისუფლება: ისევე, როგორც მანამდე ბახმუტში და მერე ავდიივკაში, რუსეთი ვუჰლედარის წინააღმდეგაც „ხორცსაკეპის“ ტაქტიკას მისდევდა - აგზავნიდნენ და აგზავნიდნენ ჯარისკაცებს, რიცხოვნობით სურდათ თავისი გაეტანათ... და რაც არ უნდა ამრეზით საუბრობდნენ ამ მიდგომაზე დანარჩენ მსოფლიოში, განსაკუთრებით, დასავლურ სამხედრო წრეებში, ფაქტი ჯიუტია - ადრე თუ გვიან, რიცხვებს თავისი გააქვთ, რუსები ნელა, მაგრამ მაინც წინ მოიწევენ. ამიტომ ასეთი კითხვა - და იმედია, ცინიზმში არ ჩამომართმევთ: თუ არცერთი მხარე არ დაიხევს უკან, რა უფრო სავარაუდოა - ის, რომ რუსეთს გაუთავდება ხორცსაკეპში გასაგზავნი ჯარისკაცები და უკრაინას გამოელევა ქალაქები?
სერჰი კუზანი: თუ რიცხვებს ჩავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ის პერიმეტრი, რომლის დაკავებაც რუსებმა ზაფხულის იერიშის განმავლობაში შეძლეს, სიდიდით ჩამოუვარდება პერიმეტრს, რომელიც ჩვენ დავიკავეთ კურსკის ოპერაციის დროს.
რუსებმა ვერცერთი ის ამოცანა ვერ შეასრულეს, რომელიც დასახული ჰქონდათ ამ ზაფხულის იერიშისას.
რადიო თავისუფლება: რამდენად მართებული პარალელია, იმის გათვალისწინებით, რომ კურსკში რუსებს ტერიტორიის დაცვით დიდად არ მოუკლავთ თავი?
სერჰი კუზანი: სწორედაც, და რატომ? იმიტომ რომ რეზერვები არ ჰყავთ. თუ შევხედავთ მათ დანაკარგებს გასული თვის განმავლობაში - 40 000 დახოცილი ან მწყობრიდან გამოყვანილი ჯარისკაცი, გამოდის, რომ დღეში ათასზე მეტი რუსი გამოგვყავდა წყობიდან, 1300-1400. ამ ტემპებით ნებისმიერი არმია გამოიფიტება. ამას გარდა, რუსებმა ვერცერთი ის ამოცანა ვერ შეასრულეს, რომელიც დასახული ჰქონდათ ამ ზაფხულის იერიშისას. გავიხსენოთ - გაზაფხულზე ბევრი შეფიქრიანებული საუბრობდა რუსების უზარმაზარ რეზერვებზე, რომლებიც ზაფხულში უკრაინის თავდაცვის ხაზს არა უბრალოდ გაარღვევდნენ, არამედ საერთოდ გადაუვლიდნენ... არაფერი მსგავსი. სათითაოდ ჩამოვთვალოთ: ავდიივკის შემდეგ, გეგმავდნენ, რომ ივნისის ბოლოსთვის უკვე პოკროვსკს ჩაიგდებდნენ ხელში და დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებს მიადგებოდნენ. მეორე - ჩასივ-იარი უნდა აეღოთ და მიდგომოდნენ სლავიანსკის, კრამატორსკის, კონსტანტინოვკისა და დრუჟივკის კვანძს. მესამე - მაღლა, ჩრდილოეთით, მდინარე ოსკოლის მარცხენა ნაპირი უნდა გადაელახათ და კუპიანსკი უნდა აეღოთ. ვერცერთს ამ დასახულ მიზნებიდან არათუ ვერ მიაღწიეს, ახლოსაც კი არ მისულან. ჩვენი გათვლებითაც კი - ჩვენ ვფიქრობდით, რომ ახლა კუპიანსკისა და პოკროვსკის დაცვით უნდა ვყოფილიყავით დაკავებული, მათ კი ძლივს ვუჰლედარი ჩაიგდეს ხელში, ლუგანსკის ოლქსაც კი ვერ აკონტროლებენ მთლიანად. სამხრეთით კურახოვოც კი ვერ აიღეს. ვხედავთ, რომ მათი რეზერვები „იხარჯება“ და თუ სურთ იერიშის ამ ტემპებით, ამ ინტენსივობით გაგრძელება, - და, რა თქმა უნდა, აქ ჩვენი რეზერვების რაოდენობაც თავის როლს ითამაშებს, - მაგრამ, საბოლოო ჯამში, რუსებს მოუწევთ დამატებითი ძალების მობილიზება.
რადიო თავისუფლება: უკრაინის რეზერვები თქვენვე ახსენეთ და ისედაც უნდა მეკითხა - დასავლურ პრესაში ხშირად იწერება, რომ ამ მხრივ უკრაინას დიდი პრობლემები აქვს, რომ ისინი, ვისაც სამშობლოს დაცვა სურდა, უკვე დიდი ხანია ფრონტზე არიან, დანარჩენებს კი ძალით მიერეკებიან... რამდენად შეესაბამება ეს რეალობას?
სერჰი კუზანი: მე იმის მტკიცებას არ დაგიწყებთ, რომ ყველაფერი კარგადაა და პრობლემები არ გვაქვს. ხდება პოსტების თვითნებური დატოვება, დეზერტირებიც არიან და ბრძანების არშესრულების ეპიზოდებიც გვქონია. მაგრამ უნდა გავიაზროთ, რომ ეს არაა კონტრაქტით დაქირავებული პროფესიონალი ჯარისკაცების არმია და არც მოხალისეების არმიაა. ესაა მობილიზებული არმია, თანაც მრავალრიცხოვანი - ამ არმიაში ხვდება ხალხი სხვადასხვა მოტივაციით, საბრძოლო შემართებით და კომპეტენციით. ეს ამ მასშტაბის და ამ ინტენსივობის ომისთვის სტანდარტული პრობლემაა. საერთოდ, უნდა გვესმოდეს, რომ მოხალისეები - მოხალისეების ტალღა უკვე 22 წელს მომთავრდა. ანუ ყველა ის, ვისაც სურდა საკუთარი ნებით წასულიყო ქვეყნის დასაცავად, 2022 წელსვე ჩაირიცხა არმიაში. 2023 წელსაც იყვნენ ასეთები, მაგრამ ამას უკვე ტალღას ვეღარ დავარქმევთ. 2024 წელს - მით უმეტეს. ცხადი გახდა, რომ ხალხი უნდა გაგვეწვია. და ეს პროცესი მუშაობს - ხალხს მისდის გაწვევის საბუთი, მიდიან, დგებიან მწყობრში, გადიან წვრთნებს. ეს ყოველთვიური პროცესია. ისინი, ვინც ივნის-ივლისში გაიწვიეს, ოქტომბრისთვის დაამთავრებენ წვრთნებს და რეზერვს დაემატებიან. ჩვენ გათვლილი გვაქვს, რა ძალებით მივდივართ ზამთრისკენ და ვიცით, რომ ხალხი საკმარისად გვყავს. ბევრად უფრო მწვავედ დგას მეორე პრობლემა - კომპლექტაციისა. არ გვყოფნის აღჭურვილობა - აქ უკვე კითხვები ჩნდება ჩვენი სამხედრო ინდუსტრიის მიმართ, და პირველ რიგში, პარტნიორების მიმართ, მაგრამ ის, რომ ბრძოლას გავაგრძელებთ, ეჭვგარეშეა. ვიცით, რომ განვაგრძობთ და ისიც ვიცით, როგორ განვაგრძობთ, და ხალხიც გვეყოფა.
ეს რაღაც კონფედერაციის მსგავსი იქნება, საქართველოს სუვერენიტეტის შეკვეცის ხარჯზე.
რადიო თავისუფლება: ბოლო კითხვა სამეზობლოზე - უფრო კონკრეტულად კი, საქართველოზე შემოვინახე. მალე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იქნება - მმართველმა პარტიამ კი გადაწყვიტა, უკრაინის ომი - უფრო სწორად, ომით დაშინება - საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ქვაკუთხედად ექცია. ვხედავთ უზარმაზარ პლაკატებს, სადაც ერთ მხარეს ჩანს დანგრეული მარიუპოლი, მეორე მხარეს ქართული ეკლესია, გზავნილი კი მკაფიო და ერთმნიშვნელოვანია: თუ არ გინდათ, საქართველოშიც ასე მოხდეს, ხმა ჩვენ მოგვეცით. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?
სერჰი კუზანი: ვნახე ეს ფოტოები - რა უნდა ვთქვა? ღია მანიპულაციაა და რუსული ნარატივები. ის, რომ მმართველი პარტია რუსულ ნარატივებს იყენებს, ჩვენთვის ახალი ამბავი არ არის. ეს ყველაფერი უკვე ვნახეთ ჩვენთან, უკრაინაში, 2016 წელს - ჩვენც გვყავდა რუსული ინტერესების გამტარებელი მდიდარი კაცი - ვიქტორ მედვედჩუკი. მედვედჩუკიც გვიჩიჩინებდა, რომ მშვიდობის შესანარჩუნებლად ყველანაირი ფასი უნდა გადაგვეხადა, მათ შორის, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპაციას უნდა შევგუებოდით, მეტიც, ისინი ამ ოკუპირებული ფორმით უნდა ყოფილიყვნენ უკრაინის შემადგენლობაში, როგორც რუსეთის ბერკეტები კიევის სამართავად. სამაგიეროდ, ომი არ იქნებაო... ყველა ეს სპეკულაცია თუ მანიპულაცია რუსეთის ინტერესებს ემსახურება, რუსეთს სურს მეზობლების სახელმწიფოებრიობას ძირი გამოუთხაროს - მოლდოვაში ამას დნესტრისპირეთის მეშვეობით ცდილობდნენ, ჩვენთან დონბასით და ლუგანსკით და დარწმუნებული ვარ, თქვენთანაც ეცდებიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემებით მანიპულაციას - შემოგთავაზებენ სოხუმის და ცხინვალის დაბრუნებას საქართველოს შემადგენლობაში, ოღონდ იმ პირობით, რომ ეს რაღაც კონფედერაციის მსგავსი იქნება, საქართველოს სუვერენიტეტის შეკვეცის ხარჯზე და ა.შ. ეს ყველაფერი რუსული მანევრებია, კაგებეს კლასიკა და ისინი, ვინც გაუაზრებლად თუ წინასწარი განზრახვით მათ ინტერესებს ატარებენ, მოსკოვს ემსახურებიან. მედვედჩუკმა... ცუდად დაამთავრა. და ყველა რუსეთის აგენტი ასე დაამთავრებს, ან კიდევ უარესად. ჩვენ გვწამს - აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვართ ამაში - რომ რუსეთის დამარცხება მხოლოდ უკრაინაში საკმარისი არ არის. ისინი უნდა განიდევნონ როგორც დნესტრისპირეთიდან, ასევე აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, მოლდოვისა და საქართველოს სუვერენიტეტი მათ მთლიან ტერიტორიაზე განუხრელად უნდა ვრცელდებოდეს - მხოლოდ მაშინ შეგვეძლება საუბარი ჩვენი რეგიონის გაუსაფრთხოებაზე.
ფორუმი