7 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო სერგო რატიანი, პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი. სერგო რატიანი ჩართულია დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, რომელშიც შედის 17 დეპუტატი. მათგან 9 არის ფრაქციიდან - "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის". ექვსი დეპუტატით არის წარმოდგენილი ჯგუფში ფრაქცია "ქართული ოცნება". კომისიის წევრები არიან აგრეთვე: ადა მარშანია, ფრაქციიდან "საქართველოს პატრიოტები" და სალომე ზურაბიშვილი, დამოუკიდებელი დეპუტატი. საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობს სერგი კაპანაძე, პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი უმცირესობიდან. სერგო რატიანი თვლის, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარის თქმა იგივე იქნებოდა, რაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა იმის გამო, რომ იქ ოპოზიციაც არის. საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობა სწორედ ოპოზიციონერი დეპუტატები არიან. სერგო რატიანი კომისიის მუშაობისგან ელოდება მეტი დეტალის გამოვლენას 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულისა და მისი გამოძიების პროცესზე. სერგო რატიანი იძლევა პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალების დაპირებას.