Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საშვის პრობლემა თუ ჟურნალისტზე ზეწოლის მცდელობა?


ბუბა ჩივაძე
ბუბა ჩივაძე

საინფორმაციო სააგენტო „ქუთაისი თუდეის“ რედაქტორი, ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე ადგილობრივ ხელისუფლებას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლასა და დაშინების მცდელობაში ადანაშაულებს.

ბუბა ჩივაძის განცხადებით, ამის დასტურია 5 აპრილს მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მისი დაკავება და იქიდან ძალით გაყვანა. ჟურნალისტის თანახმად, დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მისი შეჩერება ძალის გამოყენებით სცადეს, რა დროსაც ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ჩივაძემ მერის მისაღებსა და პირად კაბინეტში მაინც შეაღწია, თუმცა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა კაბინეტი დაატოვებინეს, რის შემდეგაც ჩივაძემ ფოიეში გადაინაცვლა და შიმშილობა გამოაცხადა. პოლიციამ „ქუთაისი თუდეის“ რედაქტორს ფოიეს დატოვება და შენობის პირველ სართულზე მდებარე მოქალაქეთა მისაღებში გადანაცვლება მოსთხოვა, შემდეგ კი, დაუმორჩილებლობის მოტივით, ადმინისტრაციული წესით დააკავა და შენობიდან ძალით გაიყვანა. პოლიციაში გადაყვანისას ბუბა ჩივაძე შეუძლოდ გახდა და ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. მოგვიანებით ჟურნალისტი ხელწერილით გაათავისუფლეს. მის საქმეს სასამართლო განიხილავს.

ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ჟურნალისტი არ დაემორჩილა მერიის თანამშრომლის გაფრთხილებას, რომ საშვი სჭირდებოდა, წინააღმდეგობა გაუწია დაცვის პოლიციას და მერის სამუშაო ოთახში ძალით შეიჭრა. თავად ბუბა ჩივაძე ამბობს, რომ მასალას ამზადებს ქუთაისის მერის ნათესავებისა და მეგობრების ბიზნესინტერესებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში მათ დასაქმებაზე და სწორედ ეს გახდა მერიის შენობაში გადაადგილების შეზღუდვის საფუძველი: „არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომლითაც ჟურნალისტს ეზღუდება მერიაში გადაადგილება, ჩვენ არ ვიყავით ინფორმირებული ახალ რეგულაციაზე, რომელიც მერს დაუწესებია“.

ჟურნალისტ ბუბა ჩივაძის განცხადებით, მას დაზიანებები აქვს კიდურებზე, ექსპერტიზას ჩაიტარებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლების თანდასწრებით და ჩვენებას მისცემს სასამართლოს და არა საგამოძიებო უწყებას.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ირაკლი ვაჩიბერაძე, რომელიც 5 აპრილს პირდაპირ ეთერში აშუქებდა ბუბა ჩივაძის დაკავებას, ამბობს, რომ პოლიციელებმა ძალას გადაამეტეს. ვაჩიბერაძის თქმით, ჟურნალისტი ემორჩილებოდა პოლიციელების მოთხოვნებს, თუმცა შეუძლოდ გახდა და წყალი მოითხოვა, რა დროსაც ბორკილები დაადეს, შენობიდან გაიყვანეს და მანქანაში ძალით ჩასვეს. ირაკლი ვაჩიბერაძის შეფასებით, ჟურნალისტის ამ ფორმით დაკავება მიზნად ისახავდა კრიტიკულად განწყობილი მედიის დაშინებას: „ეს იყო სანახაობა, რომელიც დადგა ხელისუფლებამ და შსს-მ. ამ მასშტაბის სპეცოპერაციით ჟურნალისტის დაკავება, ეს იყო სამაგალითო დასჯა განსხვავებული აზრის. ეს იყო ჩვენება იმისა, რომ თუ ვინმე ხმას ამოიღებს, ამ მდგომარეობაში ჩააყენებენ“.

ირაკლი ვაჩიბერაძის თანახმად, მისთვის, ისევე როგორც სხვა ჟურნალისტებისთვის, უცნობია წესი, რომლის თანახმად, მედიის წარმომადგენლებს მერიის შენობაში გადაადგილებისთვის ელექტრონული საშვი სჭირდებათ. ვაჩიბერაძის თქმით, შესაბამისი ინფორმაცია არ იძებნება მერიის ვებსაიტსა და ფეისბუკგვერდზე და არც ჟურნალისტებს მიუღიათ მსგავსი შეტყობინება. ირაკლი ვაჩიბერაძე ეჭვობს, რომ მერიამ შესაბამისი ბრძანება ბუბა ჩივაძის დაკავების შემდეგ გამოსცა და ძველი რიცხვით დაათარიღა. ელექტრონული საშვით ამ დრომდე არ უსარგებლიათ ქუთაისში მომუშავე არც სხვა ჟურნალისტებს. მათთვის მსგავსი საშვი ამ დრომდე საჭირო არ ყოფილა და შენობაში, სადაც ქუთაისის მერია, საკრებულო და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაა განთავსებული, თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. ტელეკომპანია „მეგა ტივის“ ჟურნალისტ თამარ ქავთარაძის თქმით: „გამოქვეყნდა განცხადება, რომ თითქოს ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე მერიაში შეიჭრა და მას სჭირდებოდა საშვის აღება, რის შესახებაც აქამდე არცერთ ჟურნალისტს არ გვქონდა ინფორმაცია და მხოლოდ გუშინ გავიგეთ, რომ მერიაში გადასაადგილებლად ელექტრონული საშვი გვჭირდება. შემაშფოთებელი იყო, რაც ვიხილეთ“.

ჟურნალისტ ბუბა ჩივაძის დაკავების დროულ და სამართლიან გამოძიებას მოითხოვს კოალიციის „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი, მედიამენეჯერი ნანა თოშხუა. მას 30-წლიანი ჟურნალისტური საქმიანობის განმავლობაში მსგავსი ფაქტი არ ახსენდება. ნანა თოშხუას თქმით, კანონი უპირველესად საჯარო მოხელეებმა უნდა დაიცვან და შეზღუდვებს შერჩევით არ უნდა აწესებდნენ: „ყველამ ვიცით, რომ ბუბა ჩივაძე არის კრიტიკული ჟურნალისტი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამოვარკვიოთ, ეს წესები ვრცელდება შერჩევითად თუ ყველა ჟურნალისტზე თანაბრად. ჩვენ ვგმობთ შერჩევით დამოკიდებულებას ჟურნალისტებისადმი, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისადმი, ადამიანებისადმი. ძალადობა ყველას მიმართ ცუდია და მსგავსი ფაქტები უნდა იყოს დაგმობილი და აღმოფხვრილი“.

მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ქუთაისის მერიის შენობასთან დღეს აქციაც გამართეს და მერთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურში განაცხადეს, რომ იოსებ ხახალეიშვილი მივლინებით თბილისში იმყოფება. სამსახურის ხელმძღვანელმა თეონა გიორგაძემ არ უპასუხა შეკითხვებს მერიის ახალი შიდაგანაწესის შესახებ და მხოლოდ ის თქვა, რომ ჟურნალისტებს, წინასწარი შეთანხმებით, სპეციალური საშვის მიღების შემდეგ შეუძლიათ შენობაში გადაადგილება. „საშვის გარეშე არცერთ სახელმწიფო უწყებაში არ არის გადაადგილება დასაშვები, ამიტომ ნებისმიერ თქვენგანს არ გეზღუდებათ გადაადგილება, შეგიძლიათ საშვის გამოწერის შემდეგ მიიღოთ ნებისმიერი ინფორმაცია“.

ქუთაისის მერის ბრძანება, რომლის მიხედვით, ჟურნალისტებმა შენობაში შესასვლელად ყოველ ჯერზე საშვი უნდა მიიღონ, გაურკვეველია საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის, გიგა შუშანიასთვის. მან ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადა და უთხრა, რომ ფრაქცია, სურვილის შემთხვევაში, დაუშვებს სპეციალურ საშვს, რომლითაც შენობაში გადაადგილებას ნებისმიერ დროს შეძლებენ. „ქუთაისი თუდეის“ რედაქტორის დაკავებისა და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტზე ხელისუფლებისგან დროული და სათანადო რეაგირება მოითხოვეს უფლებადამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

XS
SM
MD
LG