Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო და უნგრეთი ინვესტიციების დაცვაზე შეთანხმდებიან - ხელშეკრულების პოლიტეკონომია


საქართველოს და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების, ირაკლი კობახიძისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრა - ფოტოილუსტრაცია
საქართველოს და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების, ირაკლი კობახიძისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრა - ფოტოილუსტრაცია

პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ 23 აპრილს გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვით, საქართველომ უნგრეთთან ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ ხელშეკრულებას უნდა მოაწეროს ხელი.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ დოკუმენტს, რომელიც უნგრელი ინვესტორებისთვის მათი ინვესტიციების დაცვის დამატებითი გარანტი უნდა გახდეს, ხელს უახლოეს მომავალში მოაწერენ .

„[საინვესტიციო] შეთანხმების გაფორმება წაახალისებს უნგრელ ინვესტორებს გაზარდონ არსებული ინვესტიციები, მათ შორის, ხელს შეუწყობს ინვესტორების დაინტერესებას ინვესტიციები განახორციელონ ახალ სექტორებში“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას ეკონომიკის სამინისტროში.

Როგორია უნგრეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა დღეს?

საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობა მწირია, ინვესტიციები - უმნიშვნელო, ვაჭრობა - მეტწილად ცალმხრივი.

ინვესტიციები

2023 წელს უნგრეთიდან 1.9 მლნ დოლარის ინვესტიცია შევიდა საქართველოში, რაც ჯამური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 0.1%-ია. 2022 წელთან შედარებით ინვესტიციების მოცულობა 28%-ით შემცირდა. ბოლო ხუთ წელიწადში უნგრეთის წილი ინვესტიციებში 0.3%-0.1%-ს შორის იყო.

ვაჭრობა

2023 წელს უნგრეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 77.7 მლნ დოლარი იყო, თუმცა აქედან 76 მლნ დოლარი იმპორტზე მოდიოდა. Საქართველო უნგრეთიდან ძირითადად მედიკამენტებს ყიდულობს. მცირეა ექსპორტი, შარშან საქართველომ უნგრეთში ჯამში 1.6 მლნ დოლარის პროდუქცია გაიტანა.

ტურიზმი

ასევე უმნიშვნელოა უნგრეთის წილი ქართულ ტურიზმში. შარშან უნგრეთიდან მხოლოდ 6658 ვიზიტორი შემოვიდა საქართველოში. ჯამური ვიზიტების მხოლოდ 0.2% მოდიოდა უნგრეთზე. წლევანდელი წლის [იანვარი-თებერვალი-მარტი] მონაცემებით, უნგრეთიდან 1275 ვიზიტი შედგა, 113%-ით მეტი 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

ენერგეტიკა

ენერგეტიკის სექტორში საქართველო და უნგრეთი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ პროექტში არიან ჩართულები.

2022 წლის შემოდგომის შემდეგ საქართველო და უნგრეთი, აზერბაიჯანსა და რუმინეთთან თანამშრომლობენ შავ ზღვაში ელექტროენერგიის წყალქვეშა გადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტზე - აზერბაიჯანული ენერგია გაივლის საქართველოს, შავ ზღვასა და რუმინეთს, და გაიყიდება უნგრეთში. პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ევროკავშირში ელექტროენერგიის გაყიდვას პირველად შეძლებენ. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ივლისში დასრულდება.

უცხოური ინვესტიციები, გარდა იმისა, რომ ახალი სამუშაო ადგილები მოაქვს, უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რაც ლარის კურსის სტაბილურობისთვისაა მნიშვნელოვანი.

2023 წელს FDI [პირდაპირი უცხოური ინვესტიციები] საქართველოში 24%-ით შემცირდა.

ამ ფონზე საქართველოს მთავრობა იღებს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონს, რომელიც დასავლელი პარტნიორების განცხადებით, არა მხოლოდ ევროინტეგრაციის პროცესს შეაფერხებს, არამედ ეკონომიკაზეც მოახდენს გავლენას. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფინანსური პარტნიორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] განცხადებით, „აგენტების კანონი“ ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს დააზიანებს.

„უნგრეთთან ურთიერთობების კუთხით განსაკუთრებული ინტენსივობა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდიდან გვაქვს. ნაწილობრივ ასეთი დაახლოება განპირობებულია ორბანის პოზიციონირებით, რომელიც ხშირად განიხილება როგორც ანტიდასავლური და, ამავდროულად, პრორუსული. ეს გარკვეული კავშირი საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის დიდი ხანია არსებობს ამ იდეოლოგიური მსგავსებიდან გამომდინარე. სრულიად ლეგიტიმურია იმის ვარაუდი, რომ ნებისმიერი ტიპის ხელშეკრულება განსაკუთრებით ეკონომიკის დარგში, უფრო მეტად პოლიტიკური გზავნილი და მაჩვენებელია, რომ საქართველო-უნგრეთს იდეოლოგიური მსგავსება აქვთ, რაც მიმართულია საერთო-ევროპული პროექტის წინააღმდეგ“, - ეუბნება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი მელაშვილი რადიო თავისუფლებას. იგი ეჭვობს, რომ საინვესტიციო შეთანხმებით ქვეყანაში უნგრეთიდან ინვესტიციების მოცულობა გაიზარდოს.

გიორგი მელაშვილი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი
გიორგი მელაშვილი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი

ახალი სტრატეგიული პარტნიორი

ეკონომიკაში მწირი თანამშრომლობისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ მთავრობის პოლიტიკური ურთიერთობა უნგრეთთან ბოლო დროს მნიშვნელოვნად განმტკიცდა. საქართველომ უნგრეთთან ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას 2022 წლის ოქტომბერში მოაწერა.

Მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა „ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც ვიზიტების რეგულარულ გაცვლასა და დარგობრივი კავშირების გაფართოებას მოიცავდა“.

ახალმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ წინამორბედის მსგავსად უნგრეთში, მასპინძელ კოლეგა ვიქტორ ორბანთან ერთად „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში“ (CPAC-ში) მიიღო მონაწილეობა. თავად ორბანი პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსად ითვლება. მაშინ, როცა დასავლეთის ძირითადი ქვეყნები ღიად უჭერენ მხარს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას და მოსკოვზე ზეწოლას აძლიერებენ, ორბანი რუსეთისთვის სანქციების მხარდაჭერით ვაჭრობს და ხშირად იმეორებს, რომ სანქციები არ მუშაობს.

„თუ არსებულ ვითარებას განვიხილავთ, არ არის გამორიცხული, რომ ეს ხელშეკრულება მიზნად ისახავდეს რუსული კაპიტალისთვის წვდომის გამარტივებას საერთაშორისო ბაზრებზე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სერიოზული ინვესტორები დაინტერესდებიან, რადგან ვიცით, რომ ნებისმიერი ინვესტორისთვის ფუნდამენტურია კანონის უზენაესობა, რა მიმართულებითაც საქართველოში პრობლემებია. ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ კარგი, “სუფთა” ინვესტორები ამ ხელშეკრულებით დაინტერესდებიან“, - ამბობს გიორგი მელაშვილი.

ეკონომისტი და ყოფილი დიპლომატი ელგუჯა ხოკრიშვილი მიუთითებს, რომ მსგავსი ხელშეკრულება ერთგვარი ფორმალობაა, საქართველოს ბევრ ქვეყანასთან აქვს გაფორმებულია და ამის გამო ინვესტიციების ზრდა ნაკლებად სავარაუდოა.

„უფრო მგონია, რომ ეს არის ჩვეულებრივი, რუტინული ხელშეკრულება. ასეთი ხელშეკრულებები განმსაზღვრელი არ არის, ინვესტიციები რამდენი პროცენტით მოიმატებს. ინვესტორებისთვის უმთავრესია ბიზნესგარემო და დამოუკიდებელი სასამართლო. ეს უბრალოდ დამატებითი ინსტრუმენტია, რომლითაც ორმაგი დაბეგვრის საკითხი გვარდება. უნგრეთთან როგორც ვაჭრობის, ისე ინვესტიციების კუთხით განსაკუთრებული ურთიერთობა არ გვაქვს, ამიტომ მხოლოდ ამ ხელშეკრულების დადებით არაფერი შეიცვლება“, - ამბობს ხოკრიშვილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG