Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დროშა რუსეთში BRICS-ის თამაშებზე ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის დროშებთან ერთად გამოჩნდა


საქართველოს დროშა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დროშებთან ერთად „ბრიკსის თამაშებზე“
საქართველოს დროშა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დროშებთან ერთად „ბრიკსის თამაშებზე“

რუსეთში, ქალაქ ყაზანში მიმდინარე „ბრიკსის თამაშებში“ (BRICS Games), რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, საქართველოს დროშაც გამოჩნდა.

12 ივნისს, ყაზანში, თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიაზე მონაწილეთა შორის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ერთად, საქართველოც გამოაცხადეს.

მიიტანეს საქართველოს დროშაც.

საქართველოს დროშა „ბრიკსის თამაშების“ გახსნის ღონისძიებაზე რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ ყაზანში
საქართველოს დროშა „ბრიკსის თამაშების“ გახსნის ღონისძიებაზე რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ ყაზანში
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა „ბრიკსის თამაშების“ გახსნის ღონისძიებაზე რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ ყაზანში
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა „ბრიკსის თამაშების“ გახსნის ღონისძიებაზე რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ ყაზანში

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა „ბრიკსის თამაშების“ გახსნის ღონისძიებაზე რუსეთში, ქალაქ ყაზანში.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა „ბრიკსის თამაშების“ გახსნის ღონისძიებაზე რუსეთში, ქალაქ ყაზანში.

BRICS-ის 2024 წლის თამაშების ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, საქართველოდან შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებენ ქართველი სამბოისტები, თუმცა ეს ინფორმაცია არ დასტურდება.

საიტის თანახმად, მონაწილეობას იღებენ მსოფლიო ჩემპიონები საქართველოდან, ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე.

„ორივე სპორტსმენი საქართველოში და არსად წასულა. ასეთ რაღაცაზე არცერთი ნორმალური ქართველი არ წავა, მით უმეტეს ჩვენი სპორტსმენები“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას სამბოს ფედერაციაში.

რადიო თავისუფლებას ელენე ქებაძემაც უთხრა, რომ ისინი არ მონაწილეობენ ჩემპიონატში: „რაღაც შეცდომაა“, - მოგვწერა მან.

„სკრინშოტი“ ბრიკსის თამაშების საიტიდან, სადაც მონაწილეთა შორის ელენე ქებაძე და ნინო ოძელაშვილი არიან მითითებულნი
„სკრინშოტი“ ბრიკსის თამაშების საიტიდან, სადაც მონაწილეთა შორის ელენე ქებაძე და ნინო ოძელაშვილი არიან მითითებულნი

რადიო თავისუფლება ამ საკითხზე ასევე დაუკავშირდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს. უწყებების პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

დროშის საკითხს „ვიკვლევთ“

კაზანში ღონისძიებაზე საქართველოს დროშასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე სამბოს ფედერაციაში გვითხრეს, რომ სახელმწიფო სწავლობს ამ საკითხს:

„ვარკვევთ ამ საკითხს, სამინისტროს, ყველა ჩართულია, ვინ ვის რა შეთავაზება მისცა, რა როგორ იყო. გავარკვევთ ყველაფერს დეტალურად. ასეთ რაღაცაზე, მით უმეტეს საქართველოდან იქ, სადაც წართმეული და ოკუპირებული ტერიტორიების დროშებია, საუბარიც ზედმეტია“, - ამბობენ ფედერაციაში.

გახსნის ცერემონია

ოთხშაბათს, 12 ივნისს, გახსნის ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ რუსეთის მაღალჩინოსნები, მათ შორის - რუსეთის სპორტის მინისტრი მიხაილ დეგტიაროვი.

ცერემონიაზე სპორტსმენებს ვიდეოჩართვით მიმართა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და თამაშებიც მან გამოაცხადა გახსნილად.

ვლადიმირ პუტინი მიმართავს ყაზანში „ბრიკსის თამაშების“ გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას
ვლადიმირ პუტინი მიმართავს ყაზანში „ბრიკსის თამაშების“ გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას

პუტინმა განაცხადა, რომ ბრიკსი არის მაგალითი, თუ როგორ მომგებიანია განვითარებული ქვეყნებისთვის ერთმანეთთან პარტნიორობა, რათა თავიანთი ქვეყნების ტრადიციები დაიცვან.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფართომასშტაბიანი სპორტული დღესასწაული თვალსაჩინოდ წარმოაჩენს სპორტის უნივერსალური ღირებულებების ტრიუმფს, თანაბარ შესაძლებლობებს და სამართლიან, უკომპრომისო ბრძოლას“, - განაცხადა მან.

როგორ მოხვდნენ სპორტსმენები ოკუპირებული ტერიტორიებიდან?

რუსეთმა „ბრიკსის თამაშებში“ აფხაზი სპორტსმენები 2023 წლის ბოლოს მიიწვია.

სოხუმმა მიწვევა მიიღო 2023 წლის 14 დეკემბერს, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ტარას ხაგბა მოსკოვში მიიღო რუსეთის სპორტის მინისტრმა, ოლეგ მატიცინმა.

მოგვიანებით, 25 დეკემბერს, რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტულ მედია „სპუტნიკში“ - Sputnik Абхазия-ში, რომელიც ძირითადად ოკუპირებულ აფხაზეთზე მაუწყებლობს, - გავრცელდა დამატებითი ცნობა, რომ „აფხაზი სპორტსმენები ბრიკსის თამაშებზე რესპუბლიკის დროშით იასპარეზებენ“.

რადიო თავისუფლებამ ჯერ კიდევ 2024 წლის 3 იანვარს ჰკითხა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ინფორმირებულია თუ არა „ბრიკსის თამაშებში“ აფხაზეთის შესაძლო მონაწილეობაზე, თუ კი, რა რეაგირება ჰქონდა, და ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია, მათ შორის, პეკინთან. პასუხი არ მიგვიღია.

რა არის ბრიკსის თამაშები

„ბრიკსის თამაშები“ არის „ბრიკსის“ ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ ყოველწლიურად ორგანიზებული სპორტული ღონისძიება.

„ბრიკსი“ 10 ქვეყნის ალიანსია.

წლების განმავლობაში ის ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთობა იყო. სახელიც ამ წევრი სახელმწიფოების ინგლისური დასახელებისგან შემდგარი აბრევიატურაა (BRICS).

2024 წლის პირველი იანვრიდან ჯგუფი გაფართოვდა. ხუთი ახალი წევრია: ირანი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ეთიოპია.

ანალიტიკოსების უმრავლესობა თანხმდება, რომ „ბრიკსის“ ყველაზე ძლიერი მოთამაშე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაა, რომელიც ალიანსს მეტი ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვების საშუალებად ხედავს.

როგორც წესი, „ბრიკსის თამაშებს“ ის ქვეყანა ატარებს, ვინც „ბრიკსის“ ყოველწლიურ სამიტს მასპინძლობს ხოლმე. 2024 წლის „ბრიკსის“ სამიტის მასპინძელი კი რუსეთია.

პირველი „ბრიკსის თამაშები“ ჩინეთში ჩატარდა 2017 წელს, 2021 წელს მას ინდოეთმა უმასპინძლა, 2023 წელს სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა, 2024 წელს კი უკვე რუსეთში, თათრეთში, ქალაქ ყაზანში იმართება.

ამჟამად რუსეთი, უკრაინაში შეჭრისა და მისი ტერიტორიის ანექსიის ფონზე, საერთაშორისო სპორტული ღონისძიებებიდან - მათ შორის ოლიმპიური თამაშებიდან - გარიცხულია.

რუსული პასპორტების მქონე სპორტსმენებს ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობა კი შეუძლიათ, მაგრამ ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება რუსეთის წევრობის შეჩერებაზე კვლავ ძალაშია.

„ბრიკსის თამაშების“ საიტის თანახმადვე, თამაშებში მონაწილე ქვეყნებს შორის, რუსეთის გარდა, არიან:

  • „ბრიკსის“ ქვეყნები, მათ შორის ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთი აფრიკა და ირანი,
  • აზერბაიჯანი და სომხეთი,
  • ბელარუსი,
  • ისრაელი,
  • ევროპიდან დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი,
  • ჩრდილოეთი კორეა,
  • აფრიკის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოები.

შენიშვნა: სტატია განახლდა 12:10 საათზე ელენე ქებაძის კომენტარით, 12:45-ზე კი სამბოს ფედერაციის კომენტარით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG