თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება 25 წლის უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის განხილვა, რომელშიც ამ ეტაპზე ორი ბრალდებული ფიგურირებს - გიორგი სოხაძე და ავთანდილ კანდელაკიშვილი.
მათ ბრალი ედებათ ვიტალი საფაროვის განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო. ეს დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109.2.დ.ე. მუხლით ისჯება და თუ ბრალდებულებს დანაშაული დაუმტკიცდებათ, მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
აქამდე გამოკითხული მოწმეების უმრავლესობა კანდელაკიშვილს და სოხაძეს ახასიათებენ როგორც ნეონაცისტური და ფაშისტური იდეების მომხრე პირებს და თავიანთ მონათხრობებში ხაზს უსვამენ, რომ მათ განსაკუთრებით აგრესიული დამოკიდებულება ჰქონდათ უცხოელების მიმართ და ამის დასტურად მოჰყავთ მათი ქცევა და სიძულვილის ენა.
28 მაისს საფაროვის საქმეზე მერვე სხდომა გაიმართა, რომელზეც ექსპერტებთან და საქმის ერთ-ერთ გამომძიებელთან ერთად უნდა დაეკითხათ საფაროვის მეგობარი და კოლეგა გიორგი მარჯანიშვილიც, თუმცა, სხვა მოწმეების ხანგრძლივი დაკითხვის გამო, მას სასამართლომ ვეღარ მოუსმინა.
საფაროვის მკვლელობის საქმეზე გამართულ სხდომებზე ყველაზე მეტ კითხვას ბრალდებულ ავთანდილ კანდელაკიშვილის ადვოკატი, ზურაბ ბეგიაშვილი სვამს ხოლმე. ყველაზე მეტ შენიშვნასაც მოსამართლისგან მოწმეზე ზეწოლის ან ზედმეტი ემოციურობის გამო, ის იღებს. ყველაზე მეტ შუამდგომლობას აყენებს ხოლმე პროკურორი მიხეილ ჩხეიძე, სწორედ ბეგიაშვილის მიერ დასმული კითხვების განრიდების თაობაზე. ბეგიაშვილის პასუხი ამ ყველაფერზე ის არის, რომ ის "ნამდვილ მკვლელს" ეძებს და რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კანდელაკიშვილი, რომელსაც, მოწმეების მონათხრობის თანახმად, დანა ეჭირა, დამნაშავე არ არის.
საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი მეორე ბრალდებულის, გიორგი სოხაძის უდანაშაულობაშია დარწმუნებული მისი სამივე ადვოკატი. მათ შორის, ლევან ბუაძე, მედიასთან საუბარში დაჟინებით აცხადებს, რომ სოხაძე მკვლელი არ არის.
ყველა ადვოკატი ასევე კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ვიტალი საფაროვი ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე მოკლეს. უარყოფენ იმასაც, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულებს ნეონაცისტურ ჯგუფებთან რაიმე კავშირი აქვთ.
28 მაისის სხდომის დეტალები
ამჯერად სასამართლოს წინაშე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს, გიორგი ცინცაძეს მოუსმინეს. გამოძიებამ ცინცაძეს ერთი მთავარი შეკითხვა დაუსვა - საქმეში არსებული საგანი - ცივი იარაღი, კერძოდ, დანა, იყო თუ არა მკვლელობის იარაღი, რომლითაც ვიტალი საფაროვს არაერთი ჭრილობა მიაყენეს.
ექსპერტის დასკვნის თანახმად, შესაძლებელია, რომ ვიტალის სხეულზე არსებული ჭრილობები მიყენებული იყოს ამ დანის მიერ.
ადვოკატი ზურაბ ბეგიაშვილი: თქვენ ადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ჭრილობები არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან?და რომ ჭრილობების ზომები არ ჰგავს ერთმანეთს და ისინი მათემატიკური ციფრებშია გამოსახული?
გიორგი ცინცაძე: ცხადია, ყველა ჭრილობას აქვს თავისი ზომა.
ზურაბ ბეგიაშვილი: თქვენ ვარაუდობთ, რომ ასეთივე სხვა დანა ყოფილიყო კიდევ გამოყენებული?
გიორგი ცინცაძე: დიახ, არც ეგ არის გამორიცხული.
ზურაბ ბეგიაშვილი: ის, რომ ჭრილობები ვიტალი საფაროვის სხეულზე სხვადასხვა ადგილას არის მიყენებული, ტერფიდან სხვადასხვა სიმაღლეზე, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ეს ჭრილობები მას სხვადასხვა სიმაღლის ადამიანმა მიაყენა?
გიორგი ცინცაძე: არა, ეგ მაგას არ ნიშნავს.
ზურაბ ბეგიაშვილი: კონკრეტულად რომელი ადამიანის მიერ მიყენებულ ჭრილობას შეეძლო გამოეწვია ვიტალი საფაროვის სიკვდილი, თუ მასთან ურთიერთქმედებაში რამდენიმე ადამიანი იყო?
გიორგი ცინცაძე: კომისიური ექსპერტიზის ფარგლებში ეგ საკითხი არ დასმულა. ჩვენ მაგ საკითხზე არ გვიმსჯელია. ჩვენ გვკითხეს მხოლოდ ის, ჭრილობები მიყენებული იყო თუ არა შავი ფერის მეტალის დანით.
ზურაბ ბეგიაშვილი: დანა რომ ვერცხლისფერი ყოფილიყო, გამოიწვევდა იგივე შედეგს?
პროკურორი მიხეილ ჩხეიძე: პროტესტი
მოსამართლე შორენა გუნცაძე: კითხვა განრიდებულია.
ზურაბ ბეგიაშვილი: ბატონო გიორგი, თქვენთვის თუ არის ცნობილი ფაქტი, რომ კანდელაკიშვილს ვინმე მოეკლა?
პროკურორი მიხეილ ჩხეიძე: პროტესტი, გთხოვთ განარიდეთ კითხვა.
მოსამართლე შორენა გუნცაძე: კითხვა განრიდებულია.
ხუთი უცნობის ბიოლოგიური მასალა შემთხვევის ადგილიდან
გამოძიების თანახმად, 2018 წლის 30 სექტემბრის გამთენიას, როდესაც ვიტალი საფაროვი მოკლეს, მომხდარს სულ 7 ადამიანი შეესწრო - დიუმას ქუჩაზე, კაფე „საბვეის“ უკან იყვნენ თავად ვიტალი საფაროვი, მისი მეგობარი ოთარ გელაშვილი, მათი ნაცნობი ირაკლი ბელთაძე, ორივე ბრალდებული გიორგი სოხაძე და ავთანდილ კანდელაკიშვილი, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზ შანავა და დაპირისპირებული მხარეების ასევე საერთო ნაცნობი, ოფიცერი ზურაბ მორჩილაძე.
თუმცა 28 მაისის სხდომაზე, ექსპერტმა შორენა კვიცარიძემ განაცხადა, რომ ადგილზე მოპოვებულ ნივთებზე ასევე აღმოჩენილია კიდევ ხუთი უცნობი პირის, მამაკაცების ბიოლოგიური პროფილი, თუმცა ამ პირების ვინაობა უცნობია.
ზურაბ ბეგიაშვილი: ანუ იქ მყოფი ადამიანების გარდა, რამდენი უცნობი გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა?
შორენა კვიცარიძე: მამრობითი სქესის 5 სხვადასხვა პროფილი.
ზურაბ ბეგიაშვილი: ამ ხუთ სხვადასხვა პროფილზე თუ წარმოადგინა გამოძიებამ თქვენთან ვინმეს შესადარებელი ნიმუშები და ნაცვლად იმისა, რომ ტრანსფარანტები ეძებნა ქუჩაში,მოეძებნა ეს პიროვნებები?
შორენა კვიცარიძე: აღნიშნული პროფილები არ არის იდენტიფიცირებული.
ზურაბ ბეგიაშვილი: შესაძლებელია ამ ბიოპროფილების მესაკუთრეების განსაზღვრა?
შორენა კვიცარიძე: დიახ. ეს გენეტიკური პროფილები არის საღი და საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ კონკრეტული ტიპის იდენტიფიკაცია.
ზურაბ ბეგიაშვილი: ფაქტია, რომ გამოძიებას ერთხელაც არ უცდია მოეძებნა ეს ხუთი პიროვნება, მაშინ როცა ქუჩაში ტრანსფარანტებს ეძებდა.
მოსამართლე შორენა გუნცაძე: ტრანსფარანტები რა შუაშია?დასვით არსებითი კითხვა! ადვოკატი ხართ და მოთოკეთ ემოციები!
ზურაბ ბეგიაშვილი: ადამიანი ვარ!
ბრალდებულ კანდელაკიშვილის ადვოკატი გონივრული ეჭვის საფუძველზე აცხადებს, რომ შესაძლოა, პროკურატურამ განგებ არ მოძებნა და არ დაკითხა ეს ხუთი ადამიანი - ამან, ამბობს ბეგიაშვილი, შესაძლოა, საქმე ამოატრიალოს:
ექსპერტმა კვიცარიძემ ასევე განაცხადა, რომ საქმეში არსებულ დანაზე აღმოჩენილია ვიტალი საფაროვის სისხლი და ავთანდილ კანდელაკიშვილის ბიოლოგიური პროფილი.
ზურაბ ბეგიაშვილი: რამდენი ხანი იყო ეს დანა გამოძიებისთვის უცნობ ადგილზე?
შორენა კვიცარიძე: ეს არ არის ჩემი კვლევის საგანი.
ზურაბ ბეგიაშვილი: ადასტურებთ თუ არა რომ მორჩილაძის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე აღმოჩენილი მოყავისფრო ლაქები ვიტალი საფაროვის სისხლია?
შორენა კვიცარიძე: დიახ, ეს სისხლი არის ვიტალი საფაროვის.
ზურაბ ბეგიაშვილი: თქვენს დასკვნაში წერია, რომ ავთანდილის ხელისგულებიდან აღებულ ანაწმენდზე არსებული ლაქები სისხლს არ შეიცავს. ანუ თქვენ ადასტურებთ, რომ კანდელაკიშვილს ხელებზე სისხლი არ ჰქონდა?
შორენა კვიცარიძე: მე მხოლოდ იმას ვადასტურებ, რომ მისი ხელებიდან აღებული ანაწმენდები სისხლს არ შეიცავდა.
ზურაბ ბეგიაშვილი: და შანავას ხელებიდან აღებული ანაწმენდები საერთოდ არ შეგისწავლიათ?
შორენა კვიცარიძე: არა.
ზურაბ ბეგიაშვილი: მაგრამ თქვენ შეისწავლეთ ნიკოლოზ შანავას ტანსაცმელი. იქ აღმოჩენილი მოწითალო ლაქა არის სისხლი და ეს არის მისი სისხლი. ანუ შანავა დაზიანებული იყო და სისხლი მოსდიოდა?
შორენა კვიცარიძე: ჩვენ მაგას არ ვადგენთ, დაზიანებული იყო თუ არა.
თუმცა ის, რაც ადვოკატ ბეგიაშვილს საქმეში შესაძლო გარდატეხის მომხდენ გარემოებად მიაჩნია, პროკურორ მიხეილ ჩხეიძისათვის ასე არ არის. მისი განმარტებით, მკვლელობის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია ცალკეული ნივთები, მათ შორის ერთჯერადი ჭიქა, ხელსახოცი, სიგარეტის ნამწვი და ა.შ. რომელზეც აღმოჩნდა სხვა ადამიანების კვალიც, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ დროს, იმ ჩხუბის მომენტში ეს ადამიანები იქ იყვნენ.
ეთნიკური ნიშანი
28 მაისის სხდომის ბოლო მოწმე გამომძიებელი ირაკლი ფიფია იყო,რომელმაც თავის დროზე დაკითხა ვიტალი საფაროვის დედა, მარინა ალანაკიანი.
ზურაბ ბეგიაშვილმა, რომელიც ხშირად უსვამს ხაზს, ამ მკვლელობას არაფერი აქვს საერთო ეთნიკური ნიშნით მკვლელობასთან და მკვლელობის მოგვიანებით გადაკვალიფიცირებულ მოტივს არ ეთანხმება, გამომძიებელს ჰკითხა, დაკითხვის დროს ჰკითხა თუ მან არა ეროვნება საფაროვის დედას და დაინტერესდა თუ არა, ესაჭიროება თუ არა მას თარჯიმანი?
ირაკლი ფიფია: კონკრეტულად არ მახსოვს.
ზურაბ ბეგიაშვილი: ალანაკიანი, თქვენი ინტელექტუალური შემეცნებიდან გამომდინარე, სადაური გვარია?
ირაკლი ფიფია: ვერ გეტყვით.
ზურაბ ბეგიაშვილი: ვალდებული იყავით თუ არა, შეგემოწმებინათ მოწმე, ხომ არ სჭირდებოდა მას თარჯიმანი?
ირაკლი ფიფია: ვკითხე და მას თქვა რომ არ სჭირდებოდა.
ზურაბ ბეგიაშვილი: ქალბატონმა მარინამ თქვენ გიპასუხათ, რომ ის ეროვნებით სომეხი იყო, მაგრამ საქართველოში გაზრდილი, და რომ მან იცოდა ქართულად წერა კითხვა და თარჯიმანი არ სჭირდებოდა.ასე იყო?
ირაკლი ფიფია: მე ვადასტურებ, რომ ის თარჯიმნის გარეშე გამოვკითხე.
ზურაბ ბეგიაშვილი: ქალბატონი მარინა ებრაულად, ივრითზე თუ საუბრობდა?
ირაკლი ფიფია: სამართალწარმოების ენა იყო ქართული. მე არ ვიცი ქალბატონი მარინა ფლობს თუ არა სხვა ენას.
ზურაბ ბეგიაშვილი: თქვენ იცით ებრაული?
ირაკლი ფიფია: არა.
ზურაბ ბეგიაშვილი: მეგრული?
პროკურორი: პროტესტი
მოსამართლე: კითხვა განრიდებულია.
ებრაელობის თემა ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რადგან მოწმეების მონათხრობის თანახმად, როდესაც საქართველოსა და ქართველობის არსის შესახებ საუბარი კონფლიქტში გადაიზარდა, ვიტალი საფაროვმა თქვა, რომ "ის ებრაელია, მაგრამ ის საქართველოს მოქალაქეა და უყვარს საქართველო". მოწმეები ყვებიან იმასაც, რომ მკვლელობის მომენტში კანდელაკიშვილი და სოხაძე ვიტალის მისამართით ყვიროდნენ ფრაზებს: "მოკალი, ამის ებრაელი დედაც".
ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 7 ივნისს არის დანიშნული.