2023 წლის ნოემბერში ტატო ჯინჯიხაძე გზაზე საზარელ ავარიას შეესწრო, ბეტონის გადამამუშავებელმა მანქანამ ადამიანს ისე გადაუარა, მძღოლს არც კი გაუგია.
„გზაზე მოხუცი ქალი გადადიოდა. ამ დროს მძღოლისთვის მწვანე შუქნიშანი აინთო. ქალმა ხელი მიარტყა მანქანას, ჯერ ნუ დაძრავო, მაგრამ მძღოლმა ვერ გაიგო. ცემენტის მომრევი ხომ სულ ჩართულია და სხვა ხმას ახშობს. დაიძრა და ამ რამდენიმეათეულტონიანმა მანქანამ ქალი ნელა გადასრისა. მე იქვე ვიდექი, საწვავს ვასხამდი ბაკში. ეს რომ დავინახე, გავიქეცი. წინ გადავუდექი, ვკანკალებდი, გააჩერე-მეთქი. გააჩერა, რა ხდებაო. სისხლი ზოლად გასდევდა ასფალტს. ჯერ კიდევ ისროდა რაღაც სიტყვებს. წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ მერე გავიგე, რომ გარდაიცვალა“, - ჰყვება ტატო.
ამ ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი ის იყო, რომ ქალი სატვირთო მანქანის ბრმა ზონაში მოხვდა და მძღოლმა ვერ დაინახა.
ბრმა ზონა ის სივრცეა, რომელსაც მძღოლი მანქანის მართვისას, გვერდით სარკეებშიც ვერ ხედავს. განსაკუთრებით მარჯვენა მხარეს. მსუბუქ ავტომობილებს მსგავსი ზონა შედარებით მცირე აქვთ, მაგრამ სატვირთო მანქანაში ბრმა ზონამ შეიძლება 2-3 მეტრსაც კი მიაღწიოს. ეს კი ნიშნავს, რომ ამ არეალში მძღოლი ვერ ხედავს ვერც მსუბუქ მანქანას, ვერც ველოსიპედისტსა და ვერც ფეხით მოსიარულეს. მარჯვენა მხარე ამ შემთხვევაში ყველაზე კრიტიკულია, რადგან მძღოლი მარცხნივ ზის, მაგრამ ბრმა ზონა მძღოლს შეიძლება ჰქონდეს მარცხნივაც და წინაც.
„კიდევ ერთხელ შევესწარი, მსუბუქ მანქანას დაარტყა სატვირთომ. რომ დაარტყა, მას შემდეგაც ვერ დაინახა, კიდევ გაზს აწვებოდა, ეგონა თვითონ ვერ მიდიოდა წინ. სატვირთო მანქანების მძღოლები სახელმწიფომ რომ დაავალდებულოს, წინ და მარჯვნივ კიდევ ერთი სარკე დაუყენონ მანქანას, უკეთ დაინახავდნენ. ახალ სატვირთოებს უკვე ყველას უყენია ეს სარკეები“.
საქართველოში 2022 წლის მონაცემებით, 111 ათასი სატვირთო მანქანა დადის, აქედან თბილისში - 26 ათასზე მეტი. სულ საქართველოში 1563.2 მანქანაა, თითქმის ყველა მეორადი - 1 230 000 მანქანა ათი ან მეტი წლისაა.
„ძველი ავტოტრანსპორტი თანამედროვე უსაფრთხოების მახასიათებლებით აღჭურვილი არ არის. ეს, ბუნებრივია, მაღალი რისკის შემცველია, განსაკუთრებით, ქალაქში. მძღოლიც ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, როდესაც იცის, რომ ვერ ხედავს. შეიძლება მანქანა დამატებითი სარკეებითაც აღიჭურვოს, არის კიდეც ასეთი რეკომენდაცია. ვგულისხმობ ძველ ავტომობილებს, თორემ ახლებს შეიძლება სარკეებიც ჰქონდეთ და სენსორებიც“, - ამბობს ეკა ლალიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ წარმომადგენელი.
2022 წელს საქართველოში სულ 5469 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, საუბარია ისეთ ავარიებზე, რომელმაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გამოიწვია. აქედან სატვირთო მანქანის მონაწილეობით 284 ავარიაა დაფიქსირებული, დაიღუპა - 47, დაშავდა 400 ადამიანი.
„Transport and Environment“ - ევროპის წამყვანი კომპანიაა სუფთა ტრანსპორტის კუთხით. ის ჯერ კიდევ 2016 წელს წერდა, რომ ყოველწლიურად სატვირთო მანქანების ავარიის შედეგად ევროპაში 4 ათასი ადამიანი კვდება. აქედან შემთხვევების 28 პროცენტი ურბანულ დასახლებაზე მოდის. სატვირთო მანქანები განსაკუთრებული საფრთხეა ველოსიპედისტებისთვის. მაგალითად, ლონდონში ველოსიპედისტების სიკვდილიანობის მიზეზი 50 პროცენტის შემთხვევაში სწორედ სატვირთო მანქანაა.
დათვლილია, რომ ხედვის არეალის გაუმჯობესება წელიწადში, ევროპაში 553 ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა.
„ვერ გხედავ, შენი დედა...“
გენადი (სახელი შეცვლილია) წლებია სატვირთო მანქანების მძღოლია. ტვირთი საქართველოშიც დააქვს, რუსეთშიც და ევროპაშიც. ყველანაირი მანქანა გამოუცვლია და ამბობს, რომ რაც უფრო მაღალია სატვირთოს კაბინა, მით უფრო დიდია ალბათობა, გვერდით მომავალი ვერც მანქანა დაინახო, ვერც ფეხით მოსიარულე.
„ერთხელ თბილისში დავიტვირთე, წამოვედი და იუსტიციის სახლთან ავტომობილი მარჯვენა მხრიდან ისე დამეჯახა, არც დამინახავს. სანამ გადმოვიდოდი, მეგონა დავანგრიე მანქანა, ალბათ ნახევარი მხარე აღარ აქვს-მეთქი. მაგრამ მხოლოდ გაკაწრულიყო. მძღოლმა თავადვე მითხრა, ჩემი ბრალიაო. თბილისში ძალიან ძნელია დიდი მანქანით სიარული, - იხსენებს გენადი, - რუსეთში დამინახავს, სატვირთო მანქანებზე სტიკერებია მიკრული და აწერია: „მე ვერ გხედავ“. ხანდახან გინებაც არის ამ წარწერაზე „ვერ გხედავ, შენი დედა...“, ეს გასაფრთხილებლად, რომ მოერიდო“.
სარკეები უშველის?
ხედვის კუთხის გასაუმჯობესებლად სატვირთო მანქანებზე ზოგი თავად აყენებს დამატებით სარკეს, მარჯვენა წინა მხარეს. ახალ მანქანებს ეს სარკეები უმეტესად ქარხნულად აქვთ.
გივი ღუღუნიშვილი, ავტოსკოლა „შუმახერის“ ხელმძღვანელი, ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი მანქანაზე კამერის დაყენება იქნებოდა, და თუ კამერა ვინმეს ეძვირება, სარკის მაინც.
„სარკე ისანში 20 ლარი ღირს, მაგის დაყენებას რა უნდა. უკეთესი გამოსავალია კამერა. კამერის დაყენება ყველგან შეიძლება. მაგალითად, იყიდება კამერები, რომლებიც სამი მიმართულებით იყურება, წინ, უკან და სალონში. სატვირთოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მარჯვენა, მარცხენა და უკანა სივრცეა, - ამბობს გივი ღუღუნიშვილი, - აუცილებელია, რომ სატვირთო მანქანასთან მიახლოებისას მსუბუქმა მანქანამაც შეინარჩუნოს დისტანცია და ფეხით მოსიარულემაც. ეს კანონმდებლობაშიც წერია. მაგრამ ფეხით მოსიარულეს ამ წესებს არავინ ასწავლის“.
„Transport and Environment“ თავის ბიულეტენში წერს, რომ ახლა მანქანაზე 6 სარკე უკვე სტანდარტიც კია, თუმცა, მძღოლისთვის ერთდროულად რამდენიმე სარკეში ყურება კომფორტული არ არის. თან მაინც რჩება ზონები, რომელიც არცერთ სარკეში არ ჩანს.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ საუკეთესო გზა პირდაპირი ხედვის გაუმჯობესებაა. პირდაპირი ხედვა გულისხმობს სარკის გარეშე საკუთარი თვალით რამის დანახვას.
პირდაპირი ხედვა, როგორც წესი, მაშინ უმჯობესდება, თუ მძღოლი შედარებით დაბლა ზის ანუ მოძრაობის სხვა მონაწილეების სიმაღლეზეა. ამ ცვლილების მისაღწევად სატვირთოს კაბინის დიზაინის შეცვლაა საჭირო. ექსპერტები ევროკომისიას სწორედ ამ მიმართულებით სვლას ურჩევენ.
„არის ევროპული კვლევები, რეკომენდაციები, რომ ახალი ავტოტრანსპორტი საერთოდ სენსორებით გამოვიდეს. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ამაზე საუბარი რთულია. მაგრამ შეიძლება ვისაუბროთ სარკის დამატებასა და ამ კუთხით სახელმწიფოს ჩართულობაზე“, - ამბობს ეკა ლალიაშვილი.
შეიძლება თუ არა, სარკის დამატება მძღოლისთვის აუცილებელი გახდეს? ან საერთოდ რას გამოსავალს ხედავს ამ კუთხით სახელმწიფო? ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა, რომელიც საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს, თუმცა, პასუხი არ მიუღია.