რუსეთში, ქალაქ ჩიტაში სასამართლომ, რუსეთის არმიის „დისკრედიტაციის“ ბრალდებით, 30 ათასი რუბლით დააჯარიმა 26 წლის ივან ლოსევი, დისკრედიტაციის ფაქტად კი მიიჩნია სოციალურ ქსელ Instagram-ში მოთხრობილი სიზმარი, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ფიგურირებდა“. შესაძლოა, ეს იყოს სიზმრის შინაარსისთვის გასამართლების პირველი შემთხვევა.
„დამესიზმრა, რომ მობილიზებული ვიყავი, მიმიყვანეს რომელიღაც მოსამზადებელ ბანაკში, სადაც მალევე შემოიჭრნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები ზელენსკის მეთაურობით. შეგვბოჭეს და გვიპირებდნენ დახვრეტას, მაგრამ უცბად ჩემთან მოვიდა ზელენსკი და მითხრა: „ოჰ, მე შენი სთორები ნანახი მაქვს ინსტაზე, დიდება უკრაინას!“ მეც ვუპასუხე: „დიდება გმირებს!“ კმაყოფილმა ზელენსკიმ მხარზე დამკრა ხელი და ბრძანა: „ეს გაუშვით, ყველა დანარჩენი კი დახვრიტეთ“. ჩვენ - მე და ზელენსკი ასე ვიდექით და ვუყურებდით ამ ყველაფერს. ბოლოს მივმართე: "შეიძლება სელფი გადავიღოთ ინსტაზე დასადებად?" ზელენსკიმ მიპასუხა: "შეიძლება", - აი, ასეთი სიზმარი ნახა ჩიტელმა ივან ლოსევმა მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის 21 სექტემბერს „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოაცხადა.
ლოსევმა სიზმრის შინაარსი დაწერა ინსტაგრამის გვერდზე, რომელსაც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ФСБ-ს (რუსეთის დაზვერვის ფედერალური სამსახურის) თანამშრომლები აკვირდებოდნენ.
„დამირეკეს სამსახურის ტელეფონზე და მითხრეს: „არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ თქვენ ეწევით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას“. საუბრის დასასრულს, დამიბარეს პოლიციის განყოფილებაში“, - ამბობს ივან ლოსევი , - რადიო თავისუფლების პროექტის, „სიბირ.რეალიისათვის“ მიცემულ ინტერვიუში, - მაგიდაზე დამიდეს „საქმე“, რომელიც ჩემი სთორების აღწერისგან შედგებოდა. 2022 წლის ივნისიდან თურმე ვიღაც რეგულარულად ნახულობდა და სწავლობდა. გვერდი ღია მაქვს და აზრზე არ ვარ რა ხალხი ნახულობს მას. მეტიც, ბევრი მემუქრებოდა შეტყობინებებში, რომ ФСБ -ში ნაცნობები გვყავს, რომლებიც მოვლენ და ბოთლზე დაგსვამენო".
როგორც საქმის მასალებიდან გაირკვა, 23 სექტემბერს, ФСБ-ს უმცროსმა ოპერ-რწმუნებულმა დანილოვმა, რომელიც ჩიტიდან 400 კმ-ში, პატარა ქალაქ ზაბაიკალსკში ცხოვრობდა, მოამზადა დოკუმენტი, რომელშიც ინსტაგრამზე ლოსევის პუბლიკაციების სკრიპტებია ჩართული. ძირითადად საუბარია მობილიზაციისა და უკრაინაში ომის შესახებ დაწერილ სტატუსებზე:
„რამდენის მობილიზება იგეგმება? 300 000-ის? 1 მილიონის? სულ ერთია, ეს სამარცხვინო მობილიზაცია ვერანაირად ვერ შეაფერხებს უკრაინელების გამარჯვებას. საკითხავი მხოლოდ ისაა, თუ რამდენად გამო***ბული სულელი ხართ, რომ მანდ წახვიდეთ? 2 წელი პირობითი სასჯელი კი არა, 10 წლიანი ციხეც უკეთესია, ვიდრე თქვენი რაშისტი სიფათებისკენ წამოსული HIMARS-ები."
„უმჯობესია ბოთლები გაუგზავნოთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რათა მოლოტოვის კოქტეილები გააკეთონ და ყველა რაშისტი დაწვან“.
მაინც რატომ გადაწყვიტა ინსტაგრამზე თავისი სიზმრის მოყოლა? - ამ კითხვის პასუხად ივან ლოსევი ამბობს, რომ უყვარს ყველანაირი სიგიჟის სოცქსელში გაზიარება:
„როცა პუტინმა მობილიზაცია გამოაცხადა, ყველგან სტრესი იყო, რომ შეიძლება მოგაკითხონ და ა.შ. აი, ამ დროს ვნახე სიზმარი, რომელიც დეტალურად დამამახსოვრდა. გავიფიქრე, კარგია, რომ რაღაც სახალისო, სასაცილო მაინც გამოერია დღის წესრიგში-მეთქი. ჩემმა გამომწერებმა ბევრი იცინეს, თქვეს, მაგარი სიზმარიაო. არც მიფიქრია, რომ ეს ФСБ-ს ყურადღებას მიიპყრობდა, რადგან იმავე დღეს გამოვაქვეყნე სკრინშოტები ახალი ამბების გამოშვებებიდან და დავწერე მათზე ჩემი კრიტიკული მოსაზრებები“.
ლოსევი ამბობს, რომ მეოცნებეა და ხშირად ხედავს სიზმრებს როგორც ოცნებების გაგრძელებას, მათ შორის ხედავს პოლიტიკურ სიზმრებსაც. ერთხელ თავი ამიერბაიკალის ოლქის გუბერნატორად წარმოიდგინა: რამდენი რამის გაკეთებას შეძლებდა, რამდენ რამეს შეცვლიდა... საღამოს კი ესიზმრა, რომ ბაიკალის მხარის გუბერნატორი იყო, ხოლო მის მშობლიურ ჩიტას ლამაზი, ფართო სანაპირო ჰქონდა, თუმცა ლოსევი იმასაც ამბობს, რომ სიზმრები იშვიათად ამახსოვრდება.
„ზელენსკის ინსტაგრამის გამომწერი ვარ, ყოველ საღამოს ვუყურებ მის მიმართვებს, მისი წყალობით ცოტ-ცოტა უკრაინული ენაც კი მესმის“, - ამბობს ივან ლოსევი.
2022 წლის ოქტომბერში, ФСБ-ს თვალთვალის მასალები გადაეცა ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ამიერბაიკალის ცენტრის თანამშრომლებს, რომლებმაც ივან ლოსევის სთორებში ამოიცნეს რუსული არმიის "დისკრედიტაციის" ნიშნები (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.3.3 მუხლი), 1 ნოემბერს კი საქმის მასალები შსს რეგიონული სამმართველოს უფროსის სამუშაო მაგიდამდე მივიდა.
- რატომ დაიწყო გამოძიება?
„ვფიქრობ, დიდი ხანი მაკვირდებოდნენ. შესაძლოა ვინმემ იჩივლა და ამის შემდეგ მომაქციეს ყურადღება. უფრო ხისტი რაღაცებიც დამიწერია. სულ ცოტა, ექვსჯერ მაინც მივეცი საქმის აღძვრის საფუძველი, რაც ოპერატიულ მასალებშიც ჩანს. ასე რომ, თავისუფლად შეეძლოთ ზელენსკიზე ნანახი სიზმრის ამოღება, რათა თავი არ შეერცხვინათ. ვერ წარმომიდგენია, როგორ ზის 40 წლის ფეესბეშნიკი ოფიცერი და სერიოზული სახით როგორ წერს ამბავს იმაზე, რომ მე ზელენსკი მესიზმრა! ეს იდიოტიზმია“, - ამბობს ივან ლოსევი, რომელიც იქვე შენიშნავს, რომ არაფრის ეშინია და, რომ უბრალოდ აკეთებს იმას, რაც საჭიროდ მიაჩნია:
„ჩემთვის ინსტაგრამი ემოციების გამოხატვის საშუალებაა. ხდება ისე, რომ რამდენიმე დღე არაფერს ვწერ, მაგრამ მერე, როცა ვკითხულობ, რა სისულელეებს სჩადის რუსეთი ან რას ამბობს ლავროვი, ემოციებს ვერ ვიკავებ, რომ არ გამოვხატო, გული გამისკდება. უკვე შევეგუე იმ აზრს, რომ მომიწევს გაქცევა, რომ შეიძლება გაქცევის დროც არ მომეცეს და ციხეში მოვხვდე. ჩამსვამენ, მაგრამ ერთ წელიწადში გამომიშვებენ. მგონია, რომ ომი დღე-დღეზე დამთავრდება და არა რუსეთის სასარგებლოდ. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. როგორც კი უკრაინა გაიმარჯვებს, ყველა ადამიანს, ვინც ახლა ციხეშია (ჯარის შესახებ "ფეიკების" გავრცელებისთვის), ან გაათავისუფლებენ, ან როგორღაც გამოუშვებენ. ჩვენ არ შეგვრცხვება თვალი გავუსწოროთ მსოფლიო საზოგადოებას, უკრაინელებს და საკუთარ თავს. იმ ხალხს კი, ვინც ახლა მხარს უჭერს ომს, გამოსცემს ამკრძალავ კანონებს და აღასრულებს მათ, შერცხვებათ, გაწითლება მოუწევთ, როცა ჰკითხავენ, ომის დროს ვის მხარეს იყავითო.“
ივან ლოსევის ადმინისტრაციული საქმე ქალაქ ჩიტის რაიონულ სასამართლოში 8 დეკემბერს შევიდა, მეორე დღეს კი მოსამართლე დანიილ შესტაკოვმა ლოსევი დამნაშავედ ცნო.
ჯერ კიდევ სასამართლო პროცესამდე, როდესაც ლოსევი დაიბარეს პოლიციის განყოფილებაში, მას დაემუქრნენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით, თუ კვლავ შეეცდებოდა არმიის "დისკრედიტაციას". ასევე მიანიშნეს, რომ მოსამართლესთან დავის გამო გაიზრდებოდა ადმინისტრაციული ჯარიმის მოცულობა.
- "ჩემამდე დავიდა, რომ პუტინი არ არის კარგი ადამიანი"
ივან ლოსევის თქმით, ის ოპოზიციონერად და ანტიპუტინისტად ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს ჩამოყალიბდა. კონსერვატიულად განწყობილი ფიზკულტურისა და „უსაფრთხოების“ მასწავლებლებთან კამათის გამო მის მშობლებს ხშირად იბარებდნენ დირექტორთან, თუმცა მშობლები ყოველთვის მის მხარეს იჭერდნენ, კლასელები და მათი მშობლები კი ან აპოლიტიკურები იყვნენ ან სულაც - „პატრიოტები“.
ივან ლოსევი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით ევრომაიდნის დროს 2013 წელს დაინტერესდა, როცა ჯერ კიდევ 17 წლის იყო, თუმცა იოლად მიხვდა, რატომ ისწრაფოდნენ უკრაინელები ევროინტეგრაციისკენ და არა რუსეთთან დაახლოებისკენ, რასაც უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი ემხრობოდა:
„ყოველთვის ვცდილობდი ხელისუფლების გაკრიტიკებას, ოპოზიციური რესურსების წაკითხვას, თვალყურს ვადევნებდი ნავალნის, ნემცოვს. 2014 წლის ოლიმპიადის შემდეგ გაჩნდა განცდა, რომ ჩვენ ვიწყებდით მეგობრობას მთელ მსოფლიოსთან, რომ ყველას მოვწონდით, რომ პუტინმა საკმარისად მოიპარა. შეწყვიტე ომები, შეცვალე დამპალი პოლიტიკა და რუსეთი ძალიან კარგი ქვეყანა იქნება, მაგრამ არა, პუტინმა მსოფლიოსთან თანამშრომლობის ნაცვლად ყირიმი დაითრია. ამის შემდეგ კვლავ დაბრუნდა განცდა, რომ პუტინი საშინელი პრეზიდენტია. სადღაც 2016 წლიდან ვამბობ, რომ ყირიმი უკრაინაა, ხოლო დონბასში არსებულ სიტუაციაში რუსეთია სრულად დამნაშავე. პუტინი რომ საშინელი პრეზიდენტია, ჩემი მშობლები ამას მაშინ მიხვდნენ, როცა პუტინმა წყალქვეშა ნავის, „კურსკის“ შესახებ თქვა ცნობილი ფრაზა: „ის ჩაიძირა“.
სოციალურ ქსელ Vkontakte-ში ივან ლოსევს სტატუსად დაყენებული აქვს უკრაინის ეროვნული ჰიმნის სიტყვები "არ მომკვდარა უკრაინა". ამ სოციალურ ქსელს დიდ დროს არ უთმობს, მაგრამ როცა ნახა რამდენ „მეგობარს“ ჰქონდა სტატუსად გამოტანილი პუტინის ფრაზები და რამდენს ეყენა ავატარად Z, გადაწყვიტა მათი როგორც დაფრთხობა, ასევე გაფრთხილება, რათა სცოდნოდათ, ვის კედელზე იმყოფებოდნენ.
„ვერ ვიტან, რომ ჩემი ქვეყანა სხვა ქვეყანას ანადგურებს. ვგრძნობ ერთგვარ პასუხისმგებლობას, ვგრძნობ უკრაინელების ტკივილს. ვკითხულობ უბრალო ადამიანების ისტორიებს - ეს ძალიან მოქმედებს ჩემზე და ცუდად ვგრძნობ თავს. მომწონს უკრაინა, რადგან ის არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ყველას შეუძლია გახდეს პრეზიდენტი. ბოლო რვა წლის განმავლობაში მათ შეცვალეს ოთხი პრეზიდენტი: იანუკოვიჩი, რომელიც გააგდეს, მოვალეობის შემსრულებელი ოლექსანდრ ტურჩინოვი, ბიზნესმენი პეტრო პოროშენკო და უბრალოდ კარგი, ჩვეულებრივი ადამიანი ვოლოდიმირ ზელენსკი. ეს არის შესანიშნავი მაგალითი რუსეთისთვის. ჩემთვის უკრაინა იდეალური ქვეყნის მაგალითია პოსტსაბჭოთა სივრცეში. თვალს ვადევნებდი ზელენსკის დებატებს პოროშენკოსთან. როგორც პოლიტიკოსი, ძალიან მომწონს. მგონი სწორედ ამიტომაც დამესიზმრა“, - ამბობს ივან ლოსევი.
- "მე მქვია ზელენსკი სტეფან ბანდეროვიჩი"
ივან ლოსევის თქმით, როგორც კი მობილიზაცია გამოცხადდა, მაშინვე დაიწყო წერა სოციალურ ქსელებში, სადაც გამომწერებსა და მეგობრებს ეკითხებოდა: „მზად ხართ ომში წასასვლელად?“ „გინდათ ეს?“ „იქნებ ღირდეს ომის შეჩერება?“
„მეგონა, რომ ხალხს გამოვაფხიზლებდი, მაგრამ სულ ტყუილად, - ამბობს ივან ლოსევი, - მოგვიანებით კომისარიატთან გავიარე: უამრავი ხალხი იდგა, თითქმის მთელი ქუჩა ჰქონდათ გადაკეტილი, არაყს ურტყამდნენ პირდაპირ საბარგულებიდან. მამები შვილებს აცილებდნენ. ძალით არავინ არვის იჭერდა, მხოლოდ პოლიციის ერთი მანქანა იდგა. მოტრიალდი და წამოდი, არც არავინ გაგაჩერებს და არც არავის გაახსენდები. ისინი კი ამის ნაცვლად ავტობუში სხდებოდნენ. რა თქმა უნდა, მეშინია, რომ წამიყვანენ. ერთხელ ბინიდან გავდივარ, ქვევით ჩავდივარ და ვხედავ, სამხედრო კომისარიატის თანამშრომლები ვიღაცის კარზე აკაკუნებენ. გვერდზე ჩავლისას, მეუბნებიან: „ახალგაზრდავ, თქვენი გვარი მითხარით“. მე კი, თითქოს მომზადებული მქონდა პასუხი, შევბრუნდი და ვუპატაკე: "მე მქვია ზელენსკი სტეფან ბანდეროვიჩ". მათ სერიოზულად დაიწყეს თავიანთ სიაში ქექვა“.
იმ შემთხვევისთვის, თუ ძალით მიიყვანენ კომისარიატში ან გასაწვევ პუნქტში, ივან ლოსევი იტყვის, რომ პირველივე შემთხვევისთანავე ჩაბარდება ტყვედ და შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლებს, თუ იარაღს მისცემენ, ეგრევე მათ წინააღმდეგ გამოიყენებს:
„ჯობია ციხეში ჩამსვან, უკრაინელებს არ მოვკლავ, იარაღს ხელში არ ავიღებ. მაქვს ყველა იმ ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც ეხმარებიან რუს სამხედროებს ტყვედ ჩაბარებაში.“
- აქამდე რატომ არ წახვედით რუსეთიდან?
- იმედი მაქვს მალე დამთავრდება ყველაფერი, ამიტომ არსად არ მივდივარ. ჩემი გაგებით, უკრაინის გამარჯვება რუსეთის გამარჯვებაც იქნება. ეს არის შესაძლებლობა, მოვახდინოთ რეაგირება ყველა იმ საშინელებაზე, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, ვამხილოთ პუტინის პიროვნების კულტი და დავიწყოთ ისეთი რუსეთის მშენებლობა, რომელიც იქნება არა ზესახელმწიფო, არამედ ნორმალური, ადეკვატური ქვეყანა. პუტინს და ყველა მისიანს გაასამართლებენ, 24 საათი, კვირაში 7 დღე ტელევიზიით აჩვენებენ ყველა იმ დანაშაულს, რაც 22 წლის განმავლობაში ჩაიდინეს. ჩვენ გადავიხდით რეპარაციას, ბოდიშს მოვუხდით მთელ მსოფლიოს და, შეძლებისდაგვარად, გამოვასწორებთ ყველა საშინელებას, რაც ჩავიდინეთ. ახლა უამრავი ადამიანი მთავაზობს საზღვარგარეთ საცხოვრებელს, მთავაზობენ დახმარებას ამერიკაში პოლიტიკური თავშესაფრისთვის დოკუმენტების მომზადებაში. იმედი მაქვს, ოდესმე მოვხვდები იქ, ოღონდ ტურისტად ან სტუდენტად და არა ემიგრანტად.
- ამიერბაიკალის მხარე რუსეთის აღმოსავლეთში მეორე ადგილზეა უკრაინაში დაღუპულთა რაოდენობით. რატომ მიდიან ამ რეგიონად ომში?
- ჯარი ბევრისთვის ფულის შოვნის ერთ-ერთი საშუალებაა. დედაჩემი სოფლიდანაა. ბევრი მისი თანასოფლელი დაიღუპა. ჩემი ოთხი ნაცნობიც ამ ომს შეეწირა, მათ შორის ჩვენი ქალაქის ყოფილი მერის შვილიშვილი. მის სკოლაში მემორიალური მერხი დადგეს. ჩემს მშობლიურ სკოლაშიც ერთ კვირაში ხუთი „გმირის მერხი“ დაიდგა. მინდოდა ხუმრობით დამეწერა, რომ დროა სკოლა ავიღოთ და მის ადგილზე ერთი დიდი „მერხი“ დავდგათ-მეთქი. ანალოგიური სიტუაციაა სხვა სკოლებშიც. ასეთი სტატისტიკითაც კი ცხადია, რომ 6 ათასი დაღუპული, რაზეც შოიგუ საუბრობს, ტყუილია. ჩვენ გვყავს ხალხი, რომელსაც არ სჯერა, რასაც ინტერნეტში ამბობენ, მათი აზრით, მთელი „სიმართლე“ ტელევიზორშია, სადაც მიდის ომის მუდმივი პროპაგანდა: "ჩვენ შეგვიძლია გამეორება" და ა.შ. მიდიან ომში და ჰგონიათ, რომ თავიანთი ბაბუებივით გმირობებს ჩაიდენენ, რომ მათზე ფილმებს გადაიღებენ. მათზე მართლა გადაიღებენ ფილმებს, ოღონდ ანტიფაშისტურს.
- როგორ ფიქრობთ, საერთოდ რატომ გახდა შესაძლებელი ომი უკრაინაში?
- სულ ცოტა, ამის მიზეზი მიტაცებული ძალაუფლება, ტოტალური კორუფცია და პუტინის კულტის შექმნაა, სხვებთან თანამშრომლობის შეუძლებლობა, სხვების დამონების სურვილი - მოკლედ, იმპერიალიზმი და რევანშიზმი. ჩვენ ძალიან აგრესიულები ვართ, ყველას წინააღმდეგ ვილაშქრებთ, ნაცვლად ერთად სიარულისა - ალბათ ეს არის მთავარი პრობლემა, თუ სხვა ყველაფერს გვერდზე გადავდებთ.
- თუ ოდესმე მართლა აღმოჩნდებით ზელენსკის გვერდით, რას ეტყვით მას?
- ვეტყვი, მაგარი, საკაიფო პრეზიდენტი ხართ, იმედია ჩვენც გვეყოლება თქვენნაირი-მეთქი. პუტინის შემდეგ, რუსეთს სჭირდება გარდამავალი პრეზიდენტი, რომლის ხელში ხალხი სულს მოითქვამს. ადრე უკრაინასაც ძარცვავდნენ, კორუფცია და ქურდობა იყო. ხალხი დაიღალა პოლიტიკოსებით, რომლებიც იპარავდნენ, უბრალოდ კარგი ადამიანი უნდოდათ და არა პოლიტიკოსი. და აი მოვიდა კიდეც კარგი ადამიანი, რომელიც ასევე აღმოჩნდა კაცური კაცი, ვისაც სამყაროს შეცვლა შეუძლია. ჩემი გაგებით, ზელენსკი არის ყველაზე მძლავრი, ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსი მთელ მსოფლიოში. მივალ, ხელს ჩამოვართმევ და ვეტყვი: "მადლობა, რომ ასეთი მაგარი ხართ და ასევე მადლობა სერიალ „ხალხის მსახურისთვის" და ვთხოვ, ერთად სელფის გადაღებას.ჯ