დღე 27-ე - რუსთაველზე აქცია განახლდა
რუსთაველის გამზირზე განახლდა აქცია „სირცხვილია“, რომლის მთავარი მოთხოვნაა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.
აქცია, ტრადიციულად, მისმა ერთ-ერთმა ორგაზანიტორმა, შოთა დიღმელაშვილმა გახსნა. მისი სიტყვებით, 20 ივლისს ყველა დაინახავს, რამდენი ადამიანი უჭერს მხარს მათ ძირითად მოთხოვნას.
მანამდე კი, ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები აქციების ფარგლებში საპილოტე გადაცემის გაკეთებასაც გეგმავენ. გადაცემა, შესაძლოა, შოთა დიღმელაშვილმა და მიშა მშვილდაძემ წაიყვანონ. შესაძლოა ეს გადაცემა სამშაბათობით ფეისბუკლაივში გავიდეს.
უკვე დანონსდა აქციის 28-ე დღეც - ოთხშაბათს აქციაზე წიგნის დღე მოეწყობა და მას შეუერთდებიან სულაკაურის გამომცემლობა; გამომცემლობა ინტელექტი; წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსა; გამომცემლობა არტანუჯი.
მსურველებს შეეძლებათ აქციის ორგანიზატორების სტენდთან თავისი წიგნების მიტანა, რომელსაც იქვე გაყიდიან. შემოსული თანხა კი აქციის ორგანიზებისთვის გამოყოფილ ანგარიშზე ჩაირიცხება.