ლატვიამ არასასურველ პირებად გამოაცხადა თინა კანდელაკი და რუსეთის კიდევ 24 მოქალაქე
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მხარდაჭერის გამო, ლატვიამ არასასურველ პირებად გამოაცხადა და ქვეყანაში ჩასვლა აუკრძალა რუსეთის 25 მოქალაქეს. ამის შესახებ ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
არასასურველ პირთა შორის არიან ტელეწამყვანი თინა კანდელაკი, კინორეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი, მსახიობი ვლადიმირ მაშკოვი, პიანისტი დენის მაცუევი, დირიჟორი ვალერი გერგიევი და რუსული პოპ-მუსიკის წარმომადგენლები მიხაილოვი, რასტორგუევი და სხვები.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს პირები ამართლებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებულ ომს და მის პროპაგანდას ეწევიან.
უკრაინის პროკურატურა: რუსეთის შეჭრიდან ერთ თვეში 128 ბავშვი დაიღუპა
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრიდან ერთ თვეში დაიღუპა 128 ბავშვი და 172-ზე მეტი დაიჭრა.
ოფისის ცნობითვე, მთლიანად დანგრეულია 73 სასწავლო დაწესებულება და კიდევ 500-მდე დაზიანებულია. მათ შორის 230 სკოლა და 155 საბავშვო ბაღი. ყველაზე მეტი დონეცკის, ხარკოვის, ნიკოლაევის, სუმის, კიევის, ხერსონის და ჩერნიგოვის ოლქებში და დედაქალაქ კიევში.
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებით, ეს მონაცემები არ ასახავს სრულ სურათს, რადგან შეუძლებელია შესვლა იმ რაიონებში, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
გაეროს მიერ 23 მარტს გამოქვეყნებული მონაცემებით, ომის გამო ლტოლვილი გახდა 3.6 მილიონი უკრაინელი, მათ შორის 1.5 მილიონზე მეტი ბავშვი.
დღეს, 24 მარტს ერთი თვე გავიდა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს სამოქალაქო ობიექტებსაც - საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს, სასწავლო დაწესებულებებს და სავაჭრო ცენტრებს.