საოკუპაციო გამყოფი ხაზი 2018 წელს

საოკუპაციო გამყოფი ხაზი 2018 წელს

2008 წლის ომის შემდეგ 2018 წელი იყო ყველაზე მძიმე ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, მაია ოთინაშვილის გატაცება და ათდღიანი პატიმრობა, ატოცში ახალი საოკუპაციო ხაზის მშენებლობა - ეს სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელმაც ვითარება დაძაბა.
მხოლოდ ამ ერთი წლის მანძილზე საოკუპაციო გამყოფ ხაზთან დაკავებულია საქართველოს 90-მდე მოქალაქე.

იანვარი, 17
არცევში მარეკ დუდაევს კლავენ

დუდაევს, რომელსაც თავში ორი ტყვია აქვს მოხვედრილი, სოფლის კლუბში პოულობენ. მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცველებმა 2004 წელს რამდენიმე ადამიანის მკვლელობის, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ერთ წელიწადში მას თბილისის სასამართლომ 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 9-წლიანი პატიმრობის შემდეგ დუდაევს ჯერ ამნისტია შეეხო, შეკრებითობის პრინციპის გაუქმების შემდეგ კი, 2013 წლის 7 ივნისს ის პატიმრობიდან გათავისუფლდა. საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ დამნაშავედ მიიჩნეული დუდაევი ცხინვალში როგორც გმირი, ისე მიიღეს.

 

 

 

თებერვალი, 23
პირველი ცნობა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ

ოსური მხარე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ახალგორში წინა დღით დაკავებული არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გულის უკმარისობით გარდაიცვალა. წყარო ამტკიცებს, რომ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია ბადრაგს, იარაღის წართმევა სცადა, რა დროსაც კიბეზე დაგორდა და დაზიანებები მიიღო. ამ ვერსიას თავიდანვე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ინფორმაციას აწვდიან საერთაშორისო მისიებს და ცხინვალში ექსპერტების შეშვებას მოითხოვენ.

თებერვალი, 24
ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულები ახალგორში გადაჰყავთ

პატიმრობიდან ათავისუფლებენ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს, რომლებიც არჩილ ტატუნაშვილთან ერთად 22 თებერვალს დააკავეს. ცხინვალიდან ქუტაშვილი და პავლიაშვილი ოკუპირებულ ახალგორში გადაჰყავთ და სახლიდან გასვლას უკრძალავენ.  

 

თებერვალი, 26
საპროტესტო აქციები

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმა და თანასოფლელებმა ცხედრის გადმოცემის მოთხოვნით საპროტესტო აქციები წამოიწყეს და ჯერ რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალი, შემდეგ კი სენაკი-თბილისის ცენტრალური გზა გადაკეტეს.

მარტი, 2
საგანგებო მდგომარეობა ახალგორში

სპეცდანიშნულების რაზმები ჩხრეკენ დაბაში შემსვლელ და გამომსვლელ ავტომანქანებს და ადგილობრივ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ საგანგებო მდგომარეობა რუსეთის პრეზიდენტის მოახლოებულ არჩევნებსა და მოსალოდნელ პროვოკაციებს უკავშირდება.

მარტი, 11
ქუტაშვილი და პავლიაშვილი ახალგორს ტოვებენ

არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოდიან. ქუტაშვილი და პავლიაშვილი 2 კვირაზე მეტხანს ახალგორში, შინაპატიმრობაში იყვნენ, რადგან საბუთები ჰქონდათ ჩამორთმეული. ისინი მთავარი მოწმეები არიან საქმეში, რომელიც ტატუნაშვილის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთისა და მისი განზრახ მკვლელობის გამო აღიძრა. 

მარტი, 20
ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება

დაღუპვიდან 26 დღის შემდეგ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალიდან თბილისში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ოსურმა მხარემ ქართულ მხარეს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით, ცხედარი ერგნეთის საგუშაგოზე გადასცა. სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი თბილისიდან სოფელ წილკანში, ოჯახში გადაასვენეს. ტატუნაშვილის ახლობლები ამბობენ, რომ არჩილი წამებით არის მოკლული.

 

 

მარტი, 24
არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვა

არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მას ღირსების ორდენი მიენიჭა.

აპრილი, 9
აღდგომა მავთულხლართების მეორე მხარეს 

აღდგომის დღეებში იძულებით გადაადგილებულმა პირებმა და იმ სოფლების მცხოვრებლებმა, რომელთა ნათესავების საფლავები და სალოცავები ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა, ისევ ვერ შეძლეს საოკუპაციო ხაზზე გადასვლა.

 

აპრილი, 20
ელიზბარ მესტუმრიშვილის დაკავება 

სოფელ ჯარიაშენში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 77 წლის ელიზბარ მესტუმრიშვილი დააკავეს. მესტუმრიშვილს სოფლის განაპირას ძროხა საოკუპაციო ხაზს მიღმა გაექცა და მის მოსაბრუნებლად გადავიდა, ამ დროს იქვე ჩასაფრებულმა შეიარაღებულმა პირებმა მანქანაში ჩასვეს და ზემო არცევის სამხედრო ბაზაზე წაიყვანეს. დაკავებას მინდორში მყოფი მწყემსები შეესწრნენ, მაგრამ დახმარება ვერ შეძლეს.

აპრილი, 23

აკაკი მისირელი სახლში ბრუნდება 

65 წლის აკაკი მისირელს ცხინვალის იზოლატორიდან ათავისუფლებენ. იგი ქერეში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ერთი კვირის განმავლობაში ეს გამყოფ ხაზთან საქართველოს მოქალაქის დაკავების მესამე შემთხვევაა. მისირელის გარდა, სოფელ ჯარიაშენში ელიზბარ მესტუმრიშვილი, ფლავისმანში კი თამაზ ილურიძე დააკავეს. სამივე ერთდღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს ცხინვალიდან.

 

აპრილი, 26

სერგო დარბაიძეს საკუთარ ნაკვეთში აკავებენ 

სოფელ ქვეშში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 55 წლის სერგო დარბაიძე დააკავეს. დარბაიძე საკუთარ მიწის ნაკვეთში საქონელს აძოვებდა, როდესაც რუსი მესაზღვრეები გამოჩნდნენ და მას ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს. 

მაისი, 8

ახალი ხნულები ნიქოზთან 

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ნიქოზთან, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებსა და გამყოფ ღობეებთან ხნულების გავლება განაახლეს. ხნულები გაავლეს არა მხოლოდ ოკუპირებულ, არამედ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეც. საქართველოს ხელისუფლება ამ ფაქტს "განგრძობადი ოკუპაციის" ნაწილად მიიჩნევს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზიდან ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანამდე საოკუპაციო ძალებს გავლებული აქვთ ყველაზე გრძელი, 12-კილომეტრიანი,  ე.წ. სასაზღვრო ღობე.

მაისი, 15

ინციდენტების პრევენციის ჯგუფის 86-ე შეხვედრა

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის ეს შეხვედრა ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა მანამდე გამართულ მოლაპარაკებებთან შედარებით. ერგნეთში 9 საათზე მეტხანს მხარეები  17 საკითხს განიხილავდნენ. აქედან ყველაზე რთული სამი საკითხია: არჩილ ტატუნაშვილის საქმე და მისი შინაგანი ორგანოების გადაცემა; დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება და "ბორდერიზაციის" განახლება.

მაისი, 25

გიორგი კეფაშვილის დაკავება

სოფელ ფლავის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე, 23 წლის გიორგი კეფაშვილი, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს და მას  ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადალახვის ბრალდება წაუყენეს. კეფაშვილი ჯერ ოკუპირებულ ოსურ სოფელ ოტრევში გადაიყვანეს, იქიდან კი ცხინვალის იზოლატორში. კეფაშვილის ოჯახის წევრებმა ამ დაკავების შესახებ ქართველი პოლიციელებისგან შეიტყვეს.

ივნისი, 7

ინციდენტების პრევენციის ჯგუფის 87-ე შეხვედრა 

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მთავარი საკითხი კვლავ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეა. საქართველოს ხელისუფლება ისევ არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.

ივნისი, 15

ტატუნაშვილის მკვლელებს ბრალი წაუყენეს

საქართველოს პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და მის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა ოკუპირებული ახალგორის ე.წ. პროკურორის მოვალეობის შემსრულებელ დავით გურწიევს და ე.წ. უშიშროების კომიტეტის ახალგორის განყოფილების უფროსს ალიკ ტაბოევს.

ივნისი, 18

მიხეილ პეტრემღვდლიშვილის დაკავება 

ახალუბნელი 68 წლის მიხეილ პეტრემღვდლიშვილი სოფლის განაპირას ორ თანასოფლელთან ერთად საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ. ორმა მოქალაქემ გამოქცევა მოახერხა, მიხეილ პეტრემღვდლიშვილს კი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს და ჯერ ოკუპირებული არცევის სამხედრო ბაზაზე, იქიდან კი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ახალუბნელები აცხადებენ, რომ მწყემსები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

ივნისი, 21

კიდევ ორი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს და ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 19 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი და 27 წლის გოჩა ბერიანიძე თანასოფლელებთან ერთად ღამით სოფლის ეკლესიაში მივიდნენ, რა დროსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ. სამმა გაქცევა მოახერხა, ბერიანიძე და ჯავახიშვილი კი დააკავეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ბერშუეთი ოკუპირებულ სოფელ წინაგარს ესაზღვრება, სადაც საოკუპაციო ძალებს სამხედრო ბაზა აქვთ.

ივნისი, 26
ქვეყნდება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია 

საქართველოს მთავრობამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 პირი შეიყვანა. სიაში ცხინვალისა და ახალგორის რაიონებიდან 9 ადამიანი მოხვდა. ჩამონათვალს დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი ხსნიან, რომლებიც არჩილ ტატუნაშვილის დაკავებაში მონაწილეობდნენ.  

სიის პირველი ნაწილი აფხაზეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს ეხება, სიის ბოლო ნაწილში კი ცხინვალის რეგიონში სხვადასხვა დროს ჩადენილ დანაშაულებში ბრალდებული და მსჯავრდებული პირები არიან.   

 

ივნისი, 29
თამარ მეარაყიშვილი ყურადღებას ითხოვს 

ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, რომ ერთკვირიან შიმშილობას დაიწყებს საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად.

„ეს არის პროტესტი იმ დუმილზე, რასაც ეს თვეები ვხედავ. ეს არის პროტესტი იმისთვის, რომ მივიქციო ყურადღება" - ამბობს იგი.

ოკუპირებული რეგიონის პროკურატურის მიერ თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრულია რამდენიმე საქმე. სამოქალაქო აქტივისტს ბრალად სდებენ „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღებას, ყალბი დოკუმენტის გამოყენებას და ცილისწამებას დე ფაქტო რესპუბლიკაში მმართველი პარტია „ედინაია ოსეტიას“ მიმართ.

ივლისი, 10

ინციდენტების პრევენციის  ჯგუფის 88-ე შეხვედრა 

მოლაპარაკებები ერგნეთში 6 საათს გრძელდება. ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემა ქართული მხარის  მთავარ მოთხოვნად რჩება.

ივლისი, 26

ვერტმფრენი ხურვალეთის თავზე 

სოფელ ხურვალეთის თავზე ადგილობრივებმა რუსეთის ვერტმფრენი შენიშნეს. ვერტმფრენი სოფლის სიღრმეში შეფრინდა, წრე მოხაზა და ოკუპირებული ორჭოსნის სამხედრო ბაზაზე დაეშვა.   

აგვისტო, 7

აგვისტოს ომის მე-10 წლისთავი 

ამ მოვლენის  აღნიშვნა 7 აგვისტოდან დაიწყო. მომდევნო დღეებში ღონისძიებები გაგრძელდა ერგნეთსა და შინდისში. 11 აგვისტოს შინდისში ომის გმირები გაიხსენეს.

 

აგვისტო, 28

ხუთი მოლაშქრე ცხინვალის იზოლატორში 


თრუსოს ხეობაში სალაშქროდ წასული ახალგაზრდები ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს რუსმა და ოსმა სამხედროებმა. ხუთივე მათგანი ცხინვალის იზოლატორიდან ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.  

სექტემბერი, 5

თამარ მეარაყიშვილის პატარა გამარჯვება 

ახალგორის რაიონულმა სასამართლომ თამარ მეარაყიშვილის საქმე პროკურატურას უკან დაუბრუნა. მოსამართლემ ჩათვალა, რომ პროკურატურის ბრალდება შედგენილია მრავალმხრივი დარღვევებით, რის გამოც სასამართლო მეარაყიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანს.   

სექტემბერი, 14

ინციდენტების პრევენციის ჯგუფის  89-ე შეხვედრა 

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ერგნეთში ოსური მხარის პროტესტის გამო ჩაიშალა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღის წესრიგიდან არჩილ ტატუნაშვილის და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის საკითხების ამოღება მოითხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი შეხვედრა დატოვეს. 

ოქტომბერი, 2

მაია ოთინაშვილს პატიმრობას უსჯიან 

ახალგორის დე ფაქტო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა სოფელ ხურვალეთის მკვიდრ მაია ოთინაშვილს. ის რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 29 სექტემბერს დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის და დე ფაქტო ხელისუფლებას გადასცეს. როგორც წესი, ამ უკანონო ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეებს ჯარიმის გადახდას აკისრებენ და მალევე ათავისუფლებენ, მაგრამ დე ფაქტო რესპუბლიკის „უშიშროების კომიტეტმა“ განაცხადა, რომ მაია ოთინაშვილი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდა „სამხრეთ ოსეთისა“ და საქართველოს მოქალაქეებს. 

 

ოქტომბერი, 9

მაია ოთინაშვილი ოჯახს უბრუნდება. 

11-დღიანი პატიმრობის შემდეგ მან თქვა, რომ თავისი ბაღიდან ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს. 4 დღის განმავლობაში ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში ამყოფეს, შემდეგ კი საპატიმროში გადაიყვანეს. ცხინვალში ყოფნისას ის ორჯერ დაკითხეს. ოთინაშვილის გათავისუფლების საქმეში მნიშვნელოვანი როლი ქართველმა და ოსმა მოჭიდავეებმა ითამაშეს. 

ოქტომბერი, 25

ცხინვალი ჯარიმას ზრდის 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ  ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის სანქცია დაამძიმა. საქართველოს მოქალაქეებს 2 000 რუბლის ნაცვლად 5 000 რუბლის (დაახლოებით 200 ლარი) გადახდა მოუწევთ. ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯის ტყეში დაკავებული იასონ შუკაკიძე და გიორგი შამანაური მხოლოდ 4-დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. გაჭიანურების მიზეზი გაზრდილი ჯარიმა გახდა. ოჯახებს მეტი დრო დასჭირდათ ფულის შესაგროვებლად.  მოგვიანებით დე ფაქტო ხელისუფლება ჯარიმებს კიდევ 10-ჯერ გაზრდის. ამიერიდან  2000 რუბლის (80 ლარი) ნაცვლად დაკავებულთა გასათავისუფლებლად 20 ათასი რუბლი (800 ლარი)  იქნება საჭირო.

ოქტომბერი, 28

საპრეზიდენტო არჩევნებზე მავთულხლართების გავლით 

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება გამოიყენა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა დავით ვანიშვილმა, რომელმაც მავთულხლართზე გადმოსვლისას ხელი გაიჭრა. ვანიშვილმა ხმა ხურვალეთის საარჩევნო უბანში მისცა.   

ნოემბერი, 7

"ბორდერიზაციის" ახალი ეტაპი 

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა  სოფელ ატოცში, დახლოებით ნახევარ კილომეტრზე, ახალი ძელები დაამონტაჟეს. ატოცში ანტისაოკუპაციო მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ საპროტესტო აქციები და პატრულირება დაიწყო.

ნოემბერი, 8

სალომე ზურაბიშვილი ატოცში ჩადის 

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სოფელ ატოცში იმ ტერიტორიაზე ჩადის, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის გავლება დაიწყეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა სოფლის მცხოვრებთა მიწის ნაკვეთების ნაწილი.

ნოემბერი, 10

გამომწვევი პროტესტი  

სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ და პოლიტიკური მოძრაობა „გირჩი“ ატოცში საოკუპაციო ძალების ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გავლების ფაქტს ერთად აპროტესტებენ. აქციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს გაშიშვლებული საჯდომი აჩვენა.

დეკემბერი, 11

ატოცში გრიგოლ ვაშაძე ჩადის 

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ატოცში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ჩადის. ის მხარს უჭერს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს, რომლებიც თვეზე მეტია, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დამონტაჟებულ ძელებთან პატრულირებენ.

დეკემბერი, 18

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის ჯგუფი შეიკრიბა 

სამთვიანი წყვეტის შემდეგ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრები განახლდა. 90-ე შეხვედრა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრაზე გამყოფ ხაზთან მომხდარი ბოლო ინციდენტები განიხილეს. ქართულმა მხარემ გააპროტესტა სოფელ ატოცში "ბორდერიზაციის" განახლებული პროცესი.

დეკემბერი, 19

მოხალისეები ატოცში დაბანაკდნენ

ანტისაოკუპაციო მოძრაობამ მთავარი შტაბი ატოცში გადაიტანა, საიდანაც ოკუპაციის ხაზის გასწვრივ პატრულირებას და საპროტესტო აქციების მოწყობას განაგრძობს.  

დეკემბერი, 23
ოთარ სამნიაშვილის დაკავება

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხურვალეთელი ოთარ სამნიაშვილი სოფლის სასაფლაოს ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. სამნიაშვილი შშმ პირია, ის ვერ მეტყველებს. ოთარ სამნიაშვილს ერთი დღის შემდეგ ათავისუფლებენ.
 

დეკემბერი, 27

ახალგორელების ახალი თავსატეხი 

ახალი წლიდან, დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამშვები პუნქტის გავლა მხოლოდ საშვით იქნება შესაძლებელი. 

2019 წლამდე ახალგორში მცხოვრებ მოქალაქეებს არჩევანი ჰქონდათ - მათ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაადგილება ე.წ. საშვით ან დე ფაქტო რესპუბლიკის პასპორტით შეეძლოთ.