Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქციები ივანიშვილს, სავიზო ლიბერალიზაციის გადახედვა - რას განიხილავს ევროპარლამენტი „აგენტების კანონზე“ პასუხად


ფოტოილუსტაცია
ფოტოილუსტაცია

თუ „აგენტების კანონს“ საბოლოოდ მიიღებენ: დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და კანონის მხარდამჭერ პარლამენტარებს; გადაიხედოს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიდერალიზაცია, შეუწყდეს ევროკავშირისგან ფინანსური დახმარება - ევროპარლამენტი განიხილავს, რა ზომები მიიღოს „აგენტების კანონის“ პასუხად.

დღეს, 23 აპრილს, სტრასბურგში ევროპარლამენტის წევრები განიხილავენ საქართველოში ხელახლა ინიციირებულ „აგენტების კანონს“.

25 აპრილს, ხუთშაბათს, ევროპარლამენტი გეგმავს, მიიღოს რეზოლუცია ამ საკითხზე.

ჯერჯერობით ევროპარლამენტში „უცხოეთის აგენტების კანონზე“ მისაღები რეზოლუციის ოთხი სამუშაო ვერსია, ოთხი პროექტია წარდგენილი.

საბოლოო კენჭისყრამდე ევროპარლამენტარები საერთო ტექსტზე შეთანხმდებიან.

რეზოლუციის 4 პროექტი

რეზოლუციის ოთხი პროექტის ავტორები, სავარაუდოდ, ხვალ, 24 აპრილს შეაჯერებენ, ზუსტად რა უნდა ჩაწერონ და რა არა რეზოლუციაში, რომლითაც საქართველოს, ასევე, ევროკომისიას, ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს მიმართავენ.

რეზოლუციის პროექტების ავტორები არიან:

  1. მწვანეები/ევროპის თავისუფლების ალიანსი (Verts/ALE) - მარკეტა გრეგოროვა, ვიოლა ფონ კრამონი და სხვები
  2. ჯგუფი „განაახლე“ - ურმას პაეტი, ფაბიო მასიმო კასტალდო და სხვები
  3. სოციალ-დემოკრატები (S&D ჯგუფი, - „ქართული ოცნების“ ყოფილი მოკავშირე პარტია) - სვენ მიკსერი, რაფაელ გლუკსმანი და სხვები
  4. ევროპის სახალხო პარტია (EPP ჯგუფი) - მირიამ ლექსმანი, რასა იუკნევიჩიანე, დევიდ მაკალისტერი, ანდრიუს კუბილიუსი, სანდრა კალიენტე და სხვები.

ყველაზე მკაცრი პროექტი ეკუთვნის ჯგუფს „განაახლე".

საერთო მოთხოვნები

რეზოლუციის ოთხივე პროექტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს საქართველოს პროგრესი 9 რეკომენდაციის შესრულების გზაზე.

თუკი რეზოლუციის საბოლოო ტექსტში ეს ჩანაწერი მოხვდება, შეფასება, სავარაუდოდ, 2024 წლის ოქტომბერში იქნება მზად - საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე.

ოთხივე პროექტი უსვამს ხაზს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობას დემოკრატიულ საზოგადოებებში.

ასევე, ყველა მათგანი ამახვილებს ყურადღებას, რომ ევროკავშირისკენ სწრაფვა ქართველი ხალხის მისწრაფებაა.

ვინ რას ითხოვს

მწვანეები/მწვანეები/ევროპის თავისუფლების ალიანსი:

გმობს „თავდასხმების კამპანიას“, რომელიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და პატივსაცემი საერთაშორისო დონორების წინააღმდეგ.

მოუწოდებს:

  • საქართველოს ხელისუფლებას - არ მიიღოს კანონი;
  • ევროკომისიას და წევრ ქვეყნებს - შეაფასონ, რა გავლენა ექნება მათ, როგორც დონორის, როლზე კანონის მიღებას და ცხადად აუხსნან შედეგები საქართველოს ხელისუფლებას;
  • „განიხილავს, რომ ... კომისიამ მიიღოს გადაწყვეტილება სამომავლოდ კანონის მიღების შემთხვევაში ცალკეულ პირთა სანქციებთან დაკავშირებით“.

ჯგუფი „განაახლე“:

  • ძლიერად გმობს კანონპროექტს;
  • „ქართულ ოცნებას“ მისი გაწვევისკენ მოუწოდებს;
  • სოლიდარულია ქართველი ხალხისადმი;
  • გამოხატავს შეშფოთებას პოლიციის მხრიდან ძალადობაზე;
  • ახსენებს მთავრობას 9 რეკომენდაციას.

ამ ჯგუფის რეზოლუციის პროექტი რამდენიმე მკაცრ ნაბიჯს ითვალისწინებს:

  • მოუწოდებს ევროკავშირს, გაყინოს საქართველოს დაფინანსება, სანამ ეს კანონი იქნება ძალაში;
  • სამომავლო დახმარებაც მკაცრი პირობებით გაიცეს; ასევე, „[საქართველოსთვის განკუთვნილი] ყველა შესაძლო დაფინანსება მიემართოს სამოქალაქო საზოგადოებაზე;
  • მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს, „რა გავლენა ექნება „აგენტების კანონს“ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საორიენტაციო მაჩვენებლებზე, კერძოდ, ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით, რაც ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პოლიტიკის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია“;
  • მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, აუკრძალოს მოგზაურობა „ინდივიდებს, რომლებიც აფინანსებენ და ორგანიზებას უწევენ პროპაგანდას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ“;
  • ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, ყურადღებით დააკვირდნენ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს 2024 წლის არჩევნებამდე.

S&D ჯგუფი:

ხაზს უსვამს, რომ კანონი იქნება „სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნისათვის“.

ასევე,

  • გმობს „ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლება შთაგონებულია რუსეთის მსგავსი, ძალიან პრობლემური კანონმდებლობით, რუსეთის უცხოეთის აგენტების კანონით“;
  • იხსენებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმ დათქმით, რომ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირებისათვის და ევროკავშირსა და მის ღირებულებებზე დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად;
  • მოუწოდებს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას.

ევროპის სახალხო პარტია

მიიჩნევს, რომ კანონი, მიღების შემთხვევაში, „შეასუსტებს კონტროლისა და ბალანსის სისტემას საქართველოში“.

კანონმდებლობა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს.

  • „კიდევ ერთხელ გამოდის მოწოდებით, დაუწესდეს სანქციები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს“;
  • „მოუწოდებს ევროკომისიას, საქართველოს ყველანაირი ფინანსური დახმარება იმ შემთხვევაში გამოუყოს, თუკი საკანონმდებლო ჩარჩოში“ ეს კანონი აღარ იქნება.

აგენტების კანონი - წინ მეორე და მესამე მოსმენაა

საქართველოს პარლამენტმა, მრავალრიცხოვანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, 2024 წლის 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

საბოლოოდ, მესამე მოსმენით კანონის მიღება 17 მაისსაა დაგეგმილი.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის „ევროპულია“.

2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“, რომელიც პირველი მოსმენით ჰქონდა მიღებული, ჩაეგდო.

მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ ჩაანაცვლა.

შესწორება: თავდაპირველ ვერსიაში S&D-ის ნაცვლად, „ქართული ოცნების“ ყოფილ მოკავშირე პარტიად EPP არაზუსტად იყო მითითებული.

XS
SM
MD
LG