Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სამოქალაქო მოძრაობის“ აქტივისტი დეპუტატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს


პროპორციულ სისტემაზე არგადასვლა გახდა მიზეზი იმისა,რომ ალეკო ელისაშვილს კამპანია დაეწყო სახელწოდებით „ამხილე ფეოდალი მაჟორიტარები“. კამპანია კახეთიდან დაპირისპირებითა და ინციდენტით დაიწყო. სიღნაღის მუნიციპალიტეტში ჩასულ ალეკო ელისაშვილსა და მის მხარდამჭერებს „ქართული ოცნების“ აქტივი დახვდა. „სამოქალაქო მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ „ოცნების“ დეპუტატი მას ფიზიკურად გაუსწორდა. გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო, თუმცა “სამოქალაქო მოძრაობა” მუხლის გადაკვალიფიცირებასა და დეპუტატის დაკავებას ითხოვს.

სიღნაღში, სოფელ ბოდბისხევის ბაზარში, 24 ნოემბერს მომხდარ ინციდენტში მონაწილე "სამოქალაქო მოძრაობის" აქტივისტი ნინო გოგოლაშვილი სიღნაღის პოლიციაში დღეს გამოკითხვაზე მივიდა. გოგოლაშვილი ამბობს, რომადვოკატთან ერთად სამართალდამცველებს დაპირისპირების ამსახველი ვიდეომტკიცებულება წარუდგინა, სადაც ჩანს, თუ როგორ ურტყამს მას სიღნაღის საკრებულოსიურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ილია ბაიდოშვილი.

"სამოქალაქო მოძრაობის" აქტივისტი დეპუტატის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს:

„დეტალურად გამოგვკითხეს, რა მოხდა. მე ვუთხარი, რომ ეს იყო ორგანიზებული დანაშაული, რომელიც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ შექმნილი ბანდისგან იმართებოდა და ჩვენზე მოხდა თავდასხმა. მე ფიზიკურად გამისწორდნენ. მოთხოვნაა, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს ეს ადამიანი [„ქართული ოცნების“ დეპუტატი] და ყველა ის პირი, რომელმაც ხელი შეგვიშალა. ვიდეომტკიცებულება წარვადგინეთ იმის საფუძვლად, რომ ეს არის სისხლის სამართლის საქმე და არა ადმინისტრაციული, როგორც პოლიცია მოიაზრებს“.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გამოკითხვაზე იმყოფებოდა სიღნაღის საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ილია ბაიდოშვილიც. დეპუტატი ჩვენთან სატელეფონო კომენტარშიკატეგორიულად უარყოფს, რომ მან ნინო გოგოლაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა არ უარყოფს შელაპარაკებას. მას შემდეგ, რაც დამატებითი შეკითხვები დავუსვით, მან სატელეფონო კავშირი გათიშა.

„მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რასაც ამბობს ქალბატონი ნინო. არანაირი ჩარტყმა და ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა, ეს არის ტყუილი. მე ბაზარში ვიყავი ჩასული საყიდლებზე, სადაც ამ ადამიანებთან შელაპარაკება იყო, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ყოფილა ისეთი. არც ჩარტყმის ფაქტი არ ყოფილა, როგორც ამბობენ“.

სოფელ ბოდბისხევის საკვირაო ბაზარში ხმაური და დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ალეკო ელისაშვილი მხარდამჭერებთან ერთად მივიდა. მათ ადგილზე დახვდა „ქართული ოცნების“ ადგილობრივი აქტივი და დიდი რაოდენობით პოლიცია. ელისაშვილმა კახეთიდან დაიწყო კამპანია „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“. ეს კამპანია მას შემდეგ დაანონსდა, რაც 14 ნოემბერს პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის მომზადებული კანონპროექტი პირველივე კენჭისყრაზე ჩავარდა. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა მაჟორიტართა დიდმანაწილმა, მათ შორის სიღნაღი-დედოფლისწყაროსდეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა. ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მაჟორიტარები რეგიონებში თანამედროვე ფეოდალები არიან, მათ კვლავ აქვთ მომავალ პარლამენტში მოხვედრის სურვილი და სწორედ ამიტომ არ დაუჭირეს მხარი პროპორციულ სისტემას. ელისაშვილის განცხადებით, „სამოქალაქო მოძრაობა“ ჩავა ყველა რეგიონში, შეხვდება ადგილობრივებს და მოუყვება, რა გააკეთეს მაჟორიტარებმა ხალხისთვის ბოლო 3 წლის განმავლობაში და რა ქონებას ფლობენ დღეს ისინი:

„პირველი ჩამოვედით კახეთში, ქიზიყში, რომ ეს შიოლაშვილი-ღარიბაშვილი-თამაზაშვილების კლანის ხელის ბიჭი გვემხილა. სიღნაღის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სცადეს ხელის შეშლა, რაც არ გამოუვიდათ, თუმცა ჩვენს წარმომადგენელს, ნინო გოგოლაშვილს, ერთ-ერთმა ორმეტრიანმა დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, ვინმე გარეწარმა ბაიდოშვილმა ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა. მის ძალიან სერიოზულ დასჯას მოვითხოვთ და ამ საქმეს ბოლომდე გავყვებით“.

ირაკლი შიოლაშვილი
ირაკლი შიოლაშვილი

ბოდბისხევის ბაზარში მომხდარ დაპირისპირებას სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატიც გამოეხმაურა. ირაკლი შიოლაშვილი ამბობს, რომ ის, რაც მოხდა, იყო ბუნებრივი პროცესი:

„როდესაც ოპოზიციის ლიდერები მიდიან შეურაცხმყოფელი პლაკატებით და აკეთებენ ასეთივე განცხადებებს, აქვე წინსწრებით უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გამოიწვევს გარკვეულ დაპირისპირებას. მათ შორის შეიძლება იყვნენ პოლიტიკურად ჩვენი მომხრეები ან მოწინააღმდეგეები. ეს არის ბუნებრივი პროცესი. ჩვეულებრივ ადამიანებსაც ჰქონდათ პროტესტი როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს“.

ბოდბისხევის ბაზარში 24 ნოემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა 166-ე, ხულიგნობის, მუხლით დაიწყო. მოხდება თუ არა ამ მუხლის გადაკვალიფიცირება, როგორც ამას „სამოქალაქო მოძრაობის“ აქტივისტი ნინო გოგოლაშვილი ითხოვს, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG