Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საიდან შემოუტევს საქართველოს რუსეთი


შეერთებული შტატები მოელის, რომ რუსეთი სხვადასხვა გზით ჩაერევა საქართველოს საარჩევნო პროცესებში. მოლოდინს ზოგადად კრემლის პოლიტიკა და ის ფაქტიც აჩენს, რომ მოსკოვმა სხვის საქმეებში ჩარევის პრაქტიკა არაერთხელ და არაერთ სახელმწიფოში გამოსცადა. რა არის რუსეთის მიზანი და კონკრეტულად რა შეიძლება გააკეთოს მოსკოვმა საქართველოში მოახლოებული მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის? რა საყრდენი აქვს რუსეთის მიზნებს საქართველოში?

„საქართველო აშკარა არის სამიზნე... არ მაქვს კონკრეტული მტკიცებულება, მაგრამ აბსოლუტურად რეალისტურია, რომ რუსეთი შეეცდება საქართველოს არჩევნებში ჩარევას“, - აცხადებს ამერიკის ელჩი კელი დეგნანი და რუსეთისგან მოსალოდნელ ორ სავარაუდო ქმედებას ახსენებს.

  • ყალბი ამბების, დეზინფორმაციის გავრცელება - რუსეთის მიერ საინფორმაციო ომში ფართოდ გამოყენებული ინსტრუმენტი;
  • კიბერშეტევა - რუსეთის მიერ მრავალ ქვეყანაში და მათ შორის - აშშ-ში, ბრიტანეთსა თუ გერმანიაში ნაცადი ინსტრუმენტი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სახელმწიფო უწყებებისა და მედისაშუალებების ვებსაიტებსა თუ სერვერებზე მასშტაბური კიბერთავდასხმა 2019 წლის ოქტომბერში განხორციელდა. 2020 წლის 20 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ - ეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ნახელავი იყო. ფაქტი კატეგორიულად დაგმო საერთაშორისო თანამეგობრობამ. პარტნიორმა ქვეყნებმა საქართველოს დახმარება აღუთქვეს.

1 ივლისს, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) მიერ ორგანიზებულ ონლაინკონფერენციაზე, ელჩმა დეგნანმა თქვა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს რუსეთიდან მომავალი საფრთხეების თავიდან ასაშორებლად. თუმცა ეს იოლი საქმე არ იქნება.

GIP-ის დირექტორი, კორნელი კაკაჩია გვეუბნება, რომ რუსეთი არ აიღებს ხელს თავის მთავარ მიზნებზე და შანსის გამოყენებას ზუსტად ხელსაყრელ დროს, არჩევნებისთვის შეეცდება. კაკაჩიას თქმით, საერთაშორისო პარტნიორები კარგად აცნობიერებენ რუსეთის მუდმივ მიზანს:

  • შეცვალოს საქართველოს პროდასავლური კურსი - ხალხს უარი ათქმევინოს ნატოზე, ევროკავშირზე და თავის მარწუხებში მოაქციოს საქართველო;
  • ამ მიზნის მისაღწევად შეაფერხოს საქართველოს დემოკრატიული განვითარება, ხალხი ერთმანეთს გადაჰკიდოს, გამოიწვიოს დესტაბილიზაცია;
  • ამ მიზნის მისაღწევად გამოიყენოს ანტიდასავლური პარტიები და რადიკალური ჯგუფები და ხელისუფლებაში მათ მოსვლას შეუწყოს ხელი.

„ზუსტად არავინ იცის, როგორ დაეხმარება ამ ჯგუფებს რუსეთი - დააფინანსებს თუ სხვა დესტრუქციულ მეთოდებს მიმართავს. მაგრამ ის აშკარად დაინტერესებულია, რომ პრორუსული ძალები, რომლებიც საკმაოდ მომძლავრდნენ საქართველოში, იხილოს უფრო ძლიერი შემადგენლობით მომავალ პარლამენტში“, - ამბობს კორნელი კაკაჩია.

ექსპერტებს წარმოდგენაც კი არ უნდათ, თუ რამხელა არეულობა შეიძლება მოჰყვეს არჩევნებში ჩარევას - მაგალითად, კიბერთავდასხმის გზით ამომრჩეველთა სიების არევ-დარევას ანდა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული მონაცემების შეცვლას. თუმცა ჰიბრიდული ომის არსენალში რუსეთს კიდევ მრავალი ნაცადი იარაღი მოეპოვება.

„პროცესებში ჩარევისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია სოციალური ქსელები, სოციალური მედია“, - გვეუბნება „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენელი, მიხეილ ბენიძე.

საქართველოში ჩატარებული მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ რუსეთის საინფორმაციო ოპერაციები დაპირისპირების კერების გაჩენისკენ და ანტიდასავლური განწყობების დანერგვისკენ არის მიმართული.

ბენიძე შეგვახსენებს რამდენიმე შემთხვევას, რომლებზეც რეაგირება უკვე მოახდინა „ფეისბუკმა“:

  • არაავთენტური ყალბი ანგარიშები და ფეისბუკგვერდები კოორდინირებულად ავრცელებდნენ „სპუტნიკის“ ვებგვერდზე განთავსებულ ერთი შეხედვით უწყინარ მასალებს, თუმცა ამ სქემით მომხმარებლები შესაძლოა აღმოჩენილიყვნენ რუსული საინფორმაციო გავლენის სივრცეში და შესაძლოა, მიზანი ასევე ყოფილიყო ვებგვერდის ვიზიტორების პირადი ციფრული ინფორმაციის შეგროვებაც;
  • ასევე მრავალი ყალბი ანგარიშისა და არაავთენტური ფეისბუკგვერდის გამოყენებით იყო აწყობილი სქემა „News-Front“-ის შემთხვევაშიც და გაშლილი იყო ღიად აგრესიული პრორუსული და ანტიდასავლური საინფორმაციო ფრონტი, მაგალითად - ემიგრანტებთან თუ რელიგიურ თემატიკასთან მიმართებით.

არჩევნებისთვის რუსეთის გააქტიურებას ასევე მოელის „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კინწურაშვილი.

MDF-ის მიერ ჩატარებული მრავალი კვლევითაც დასტურდება, რომ რუსეთის პროპაგანდა დამკვიდრების მრავალნაირ მექანიზმს იყენებს, დიდწილად ყალბ ინფორმაციას ნერგავს და საქართველოში ფარულად მოქმედი ჯგუფების იმედზეა.

თუმცა, კინწურაშვილის თქმით, „შესაძლოა, რუსეთის ჩარევის აუცილებლობა აღარც იყოს, თუკი საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს იმ საქმეს, რომელიც რუსეთის ინტერესებშია“ და, მაგალითად, თუკი ყურადღება საერთოდ არ ექცევა პრორუსული ჯგუფების მიერ გავრცელებულ ანტიდასავლურ ინფორმაციასა და მათ საეჭვო დაფინანსებას, „ხელისუფლების სხვადასხვა შტოები აქტიურად ესხმიან თავს კრიტიკულ მედიას“.

ბოლო პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“აქტიურად დაიწყო პოლიტიკური ოპონენტების დადანაშაულება ანტიდასავლურობაში. ასეთი განცხადებები უპირატესად „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით კეთდებოდა, მაგალითად - საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის არმიცემისა თუ გერმანიის ელჩთან დაკავშირებული მოვლენების ჭრილში.

ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ 2 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთისა და პოლიტიკური ოპონენტების დესტრუქცია სინქრონულად ვითარდება - „რუსეთისგან და ჩვენი ზოგიერთი ოპონენტის მხრიდან დესტრუქცია ერთმანეთის კვალდაკვალ, პარალელურად ვითარდება, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ”.

ასევე 2 ივლისს მსგავსი განცხადება გააკეთა უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემაც. მისი თქმით, საქართველოში მოქმედებენ ისეთი პარტიები და ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან ღიად დაკავშირებული რუსეთთან, თუმცა რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან.

„პრობლემა ის არის, რომ ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც თავისი მოქმედებებით ხელს უწყობს ამას, რომ თვითონ ნერგავს სიძულვილს ჩვენს მოქალაქეებს შორის და ფუნდამენტურად უარს ამბობს ანგარიშვალდებულებასა და დემოკრატიაზე. ქვეყნის შიგნით თესავს სიძულვილს და გარე მტერს აძლიერებს, პირდაპირ თუ ირიბად“, - ასეთია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, გიგა ბოკერიას პასუხი.

ოპოზიცია უკვე დიდი ხანია მწვავედ აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“ რუსეთის მიმართ არგაღიზიანებისა და დათბობის პოლიტიკის გამო. ოპონენტები სამარცხვინოს უწოდებენ მაგალითად იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხმამაღლა და ღიად არ დაგმო რუსეთის სპეცსამსახურების უკვე დადასტურებული მონაწილეობა გერმანიაში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის საქმეში და ასევე თავშეკავებული იყო ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სავარაუდო შეკვეთილი მკვლელობის გახმაურებისას.

თუმცა ბოლო პერიოდში, საერთაშორისო სარბიელზე, სხვადასხვა დოკუმენტსა თუ პუბლიკაციაში რუსეთთან მოკავშირეობის შესახებ დასმული პირდაპირი აქცენტები ოპონენტებს მეტის თქმის საშუალებასაც აძლევს.

კიდევ უფრო გააქტიურდა საუბარი იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება - ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, რუსეთის ინტერესებს ემსახურება და დასავლურ ინვესტიციებს ებრძვის.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG