პროკურორმა, რომელმაც გასული წლის თებერვალში წინასასამართლო პალატას ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერების გაცემის თაობაზე მიმართა, 20 მაისს განაცხადა, რომ სურს დაპატიმრების ორდერები გაიცეს ისრაელის ლიდერებზე, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტზე, ისევე როგორც აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის ხელმძღვანელებზე.
როგორია ალბათობა, რომ საერთაშორისო ზეწოლის ფონზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) გასცეს ისრაელის ლიდერებზე დაპატიმრების ორდერები და რა იურიდიული გავლენა ექნება ასეთ ორდერს ისრაელზე, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტზე?
კარიმ ხანის "გონივრული საფუძველი" ისრაელისა და ჰამასის ლიდერების წინააღმდეგ
ICC-ის მთავარი პროკურორი, კარიმ ხანი აცხადებს, რომ მას აქვს „გონივრული საფუძველი“ ივარაუდოს, რომ „ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი პასუხისმგებელი არიან ომის დანაშაულებზე და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე პალესტინის ტერიტორიასა და ღაზის სექტორში 2023 წლის 8 ოქტომბრიდან“.
ისრაელის ლიდერთა შემთხვევაში დაპატიმრების ორდერების გაცემის საფუძვლად კარიმ ხანი ხაზგასმით გამოყოფს შემდეგ ანტიჰუმანურ ქმედებას:
- „ომის მეთოდად სამოქალაქო მოსახლეობის შიმშილს“,
- სამოქალაქო მოსახლეობაზე „გამიზნულ თავდასხმას“
- და „დიდი ტანჯვის განზრახ მიყენებას“.
ICC-ის პროკურორი თავის განცხადებაში მიუთითებს ისრაელის უფლებაზე დაიცვას საკუთარი მოსახლეობა, რაც აუცილებლად საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებული ნორმების დაცვით უნდა მოხდეს.
ისრაელის ლიდერებთან ერთად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი სასამართლოსაგან ორდერის გაცემას აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის ხელმძღვანელებზეც მოითხოვს. ჰამასის სამი ლიდერი - იეჰია სინვარი, მოჰამედ დეიფი და ისმაილ ჰანიე, კარიმ ხანის აზრით, პასუხისმგებელი არიან:
- სამოქალაქო პირების მოსპობაში;
- მძევლების აყვანაში;
- გაუპატიურებასა და სხვადასხვა სახის სექსუალურ ძალადობაში;
- წამებასა და სხვა არაადამიანურ ქმედებაში.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის მიმართვის შემდეგ, წინასასამართლო პალატამ უნდა განსაზღვროს, არსებობს თუ არა ორდერების გასაცემად საკმარისი მტკიცებულება.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წარმომადგენელმა ფადი ალ-აბდალამ რადიო თავისუფლებას ელექტრონული ფოსტის საშუალებით აცნობა, რომ სასამართლოს მოსამართლეები თავიანთ გადაწყვეტილებას „დადგენილ ვადებში გამოიტანენ“. კონკრეტული ვადა მას წერილში არ მიუთითებია.
იურიდიული თვალსაზრისით რთული საქმე
აშშ-ის ბლუმინგტონის (ინდიანის შტატის) უნივერსიტეტის პროფესორმა და ICC-ის ექსპერტმა დევიდ ბოსკომ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არსებული პრაქტიკის თანახმად, შეუძლებელია გადაჭრით იმის თქმა, რომ პროკურორი სასამართლოსგან ყველა ორდერს მიიღებს.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს ერთი რამ: წლების განმავლობაში ICC-ში მუშაობის დროს, მოსამართლეები და პროკურორი ყოველთვის არ თანხმდებოდნენ. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ წინასწარ არ არის გადაწყვეტილი, რომ პროკურორი მიიღებს ყველა დაკავების ორდერს, რაც მას სურს, ან იმ კონკრეტული ბრალდებების თაობაზე, რომელზეც მას სურს. ვფიქრობ, რომ ჰამასის ლიდერების დაპატიმრების ორდერების გაცემა ალბათ უფრო მარტივია იმ თვალსაზრისთ, რომ არსებობს... 7 ოქტომბრის თავდასხმა, რომლის სამიზნე, ჩანდა, რომ პირველ რიგში მშვიდობიანი მოსახლეობა იყო“, - აცხადებს დევიდ ბასკო.
ისრაელის ლიდერებთან დაკავშირებით კი საქმე უფრო რთულადაა. კერძოდ, უნდა დადგინდეს, უშვებს თუ არა ღაზის სექტორში ისრაელი საკმარის ჰუმანიტარულ დახმარებას და ნამდვილად ცდილობს თუ არა ის შიმშილის იარაღად გამოყენებას.
„მე ვიტყოდი, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით ეს გარკვეულწილად უფრო რთული საქმეებია“, - დასძენს ბასკო.
გარდა ამისა, ისრაელი არ არის ICC-ის წევრი და მაშინაც კი, თუ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ ორდერები გაიცემა, გაურკვეველია, დაემუქრებათ თუ არა სისხლის სამართლის დევნა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს. მაგრამ პროკურორ კარიმ ხანის განცხადება ზრდის საერთაშორისო ზეწოლას ისრაელზე ღაზის სექტორში მის მიერ წამოწყებული საბრძოლო ოპერაციის გამო.
„სავარაუდო დაპატიმრების ორდერის შემდეგ, მსოფლიო უფრო დავიწროვდება ნეთანიაჰუსა და მისი თავდაცვის მინისტრისათვის, თუ ისინი, მაგალითად, ევროპაში წავლენ. ჰამასს კი არ ანაღვლებს, გაიცემა თუ არა დაპატიმრების ორდერი მისი ლიდერებისთვის; მათი, როგორც მარგინალების სტატუსი იმაზე მეტად ვერ გაუარესდება, ვიდრე არის. მაგრამ ისრაელის პოლიტიკოსებისთვის კი ახალი ერა დგება“, - წერს გერმანული გამოცემა „ზიუდოიჩე ცაიტუნგი“.
ისრაელის, ჰამასისა და დასავლეთის ქვეყნების რეაქცია
ღაზის სექტორში შვიდთავიანი ომის განმავლობაში ისრაელი უარყოფს სამხედრო დანაშაულის ჩადენას.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ICC-ის მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის მიერ მოყვანილ ბრალდებებს ფაქტების ამაზრზენი დამახინჯება და „ახალი ანტისემიტიზმი“ უწოდა.
„ისრაელის მოქალაქეები გპირდებით ერთ რამეს - ჩვენთვის ხელების შეკვრა ვერ მოხერხდება. როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრი, გპირდებით, რომ არანაირი ზეწოლა და არანაირი გადაწყვეტილება არცერთ საერთაშორისო დონეზე ხელს არ შეგვიშლის, რომ გავანადგუროთ ისინი, ვინც ჩვენს განადგურებას ცდილობს“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
გარდა ამისა, ისრაელის პარლამენტის 100-ზე მეტმა დეპუტატმა მოაწერა ხელი პეტიციას ICC-ის გადაწყვეტილების წინააღმდეგ.
„ჰააგის პროკურორის მიერ ისრაელის ლიდერების და ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის ლიდერების სკანდალური შედარება წარუშლელი ისტორიული დანაშაული და ანტისემიტიზმის ნათელი გამოხატულებაა“, - ნათქვამია დოკუმენტში.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის განცხადებას „აღმაშფოთებელი“ უწოდა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
„ნება მიბოძეთ განვმარტო: რაზეც არ უნდა მიანიშნებდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, შეუძლებელია ისრაელისა და ჰამასის გათანაბრება. ჩვენ ყოველთვის ვიდგებით ისრაელის გვერდით და დავუპირისპირდებით მისი უსაფრთხოების წინაშე მდგარ გამოწვევებს“, - ნათქვამია თეთრის სახლის განცხადებაში.
თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სამარცხვინო უწოდა ICC-ის პროკურორის განცხადებას, რომელშიც გათანაბრებული არიან ჰამასისა და ისრაელის ლიდერები. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ICC-ს არ აქვს აუცილებელი იურისდიქცია ისრაელსა და პალესტინურ დაჯგუფებას შორის კონფლიქტთან დაკავშირებით. ბლინკინის თქმით, პროკურორის გადაწყვეტილება არანაირ სარგებელს არ მოიტანს და მხოლოდ საფრთხის ქვეშ დააყენებს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს.
აშშ-ის კონგრესმა დაუშვა სანქციების დაწესება ICC-ის წინააღმდეგ, თუ სასამართლო დაამტკიცებს ნეთანიაჰუს და გალანტის დაკავების ორდერებს.
ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერებთან ერთად, დემოკრატიულად არჩეული მთავრობის წარმომადგენლებზე დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ მოთხოვნას „შემაძრწუნებელი და ყოვლად მიუღებელი“ უწოდა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ.
მაგრამ განსხვავებული რეაქციები ჰქონდათ ICC-ის პროკურორის განცხადებაზე ევროკავშირის წევრ საფრანგეთსა და ბელგიას.
20 მაისის საღამოს საფრანგეთმა და ბელგიამ გამოაქვეყნეს განცხადებები ICC-ის გადაწყვეტილების მხარდასაჭერად.
„მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, მის დამოუკიდებლობას და დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლას ყველა სიტუაციაში“, - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„მიუხედავად იმის, თუ ვინ არიან დამნაშავეები, ღაზის სექტორში ჩადენილი დანაშაულები უმაღლეს დონეზე უნდა დაისაჯოს“, - განაცხადა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაჯა ლაჰბიბმა.
ICC-ის მთავარი პროკურორის მოთხოვნას მხარი დაუჭირა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩმა“, რომლის თანახმად, პალესტინასა და ისრაელში 7 ოქტომბრის შემდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის დაპატიმრების ორდერების მოთხოვნა, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების ზეწოლის მიუხედავად, „საერთაშორისო სასამართლოს გადამწყვეტ როლს ადასტურებს“.
გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე ჰამასის მეომრების შეჭრის შემდეგ, როცა 1200 პირი დაიღუპა და 250 მძევალი გაიტაცეს, ისრაელი საპასუხო სამხედრო მოქმედებას მიმართავს ღაზის სექტორში, პალესტინელთა ტერიტორიაზე ჰამასის წინააღმდეგ. (ჰამასს აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევენ.) ამ დროის განმავლობაში ისრაელის ავიაციის მოქმედებას ემსხვერპლა 35 ათასზე მეტი პალესტინელი, - იტყობინება ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყება. პალესტინელთა ამ რეგიონს ჰამასის პოლიტიკური ფრთა მართავდა.
ICC, რუსეთი და საქართველო
რომის 1998 წლის ხელშეკრულებაზე, ანუ რომის სტატუტზე, რომლითაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) დაარსდა, ხელი 124 ქვეყანას აქვს მოწერილი. აშშ-ის მთავრობა 1998 წელს, რომის კონფერენციაზე არ მიემხრო სასამართლოს და 2000 წელს, მაშინდელმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა ხელი მოაწერა რომის სტატუტს, მაგრამ ის კონგრესს არ დაუმტკიცებია. 2002 წელს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა აცნობა გაეროს მაშინდელ გენერალურ მდივანს, კოფი ანანს, რომ აშშ არ დაამტკიცებს რომის სტატუტს და არ არის ვალდებული დაიცვას მისი დებულებები. იგივე გააკეთეს ისრაელმა, სუდანმა და რუსეთმა, რომლებმაც უარი თქვეს ხელშეკრულების წევრობაზე.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო განიხილავს ისეთ მძიმე დანაშაულებს, როგორიცაა ომის დანაშაული, გენოციდი, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული და ასევე აგრესია.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის განცხადების საფუძველზე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები გასცა.
სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.
პასუხად იმავე წლის 20 მარტს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორ კარიმ ახმად ხანისა და პუტინის დაპატიმრების ორდერის გამცემი მოსამართლეების წინააღმდეგ.
მანამდე, 2022 წლის მარტში, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა 2008 წლის აგვისტოს ომის ფარგლებში საქართველოს საქმეზე პირველი დაპატიმრების ორდერები წარუდგინა სასამართლოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილ თანამდებობის პირებზე:
- გენერალ-ლეიტენანტ მიხაილ მინძაევზე, რომელიც 2005 წელს დაინიშნა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრად და თანამდებობაზე იყო 2008 წლის 31 ოქტომბრამდე;
- ჰამლეტ გუჩმაზოვზე, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსზე;
- და დავიდ სანაკოევზე, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელზე ადამიანის უფლებათა საკითხებში.
2022 წლის 30 ივნისს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პირველმა წინასასამართლო პალატამ საქართველოს საქმეზე სამივე ამ პირის დაკავების ორდერების საჯარო ვერსიები გამოაქვეყნა. ეს დაკავების ორდერები უკავშირდება მათ ქმედებას 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს.
- 2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
- 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.
- საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში - ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს - სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.
ფორუმი