Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

PACE-ს დამკვირვებლების მანქანას საარჩევნო უბანთან საბურავი გაუხვრიტეს და მანქანა დააჯახეს - ანგარიში


PACE-ს ანგარიშს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე 27 იანვარს განიხილავენ.
PACE-ს ანგარიშს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე 27 იანვარს განიხილავენ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ს) ანგარიშის თანახმად, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს მისი სადამკვირვებლო მისიის წევრების ავტომობილს საბურავები გაუხვრიტეს და მანქანა დააჯახეს.

ეს წერია PACE-ს ანგარიშში, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 2025 წლის 27 იანვარს განიხილავს სტრასბურგში, ზამთრის სესიაზე.

ანგარიშის თანახმად, ინციდენტი, რომელსაც PACE „მიუღებელს“ უწოდებს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მოხდა.

„დაახლოებით 40-მა არამეგობრულად განწყობილმა, დაკუნთულმა პირმა საარჩევნო უბნის გარეთ [PACE-ს სადამკვირვებლო] გუნდის ავტომობილი მიზანმიმართულად დააზიანა“, - წერია ანგარიშში.

„[ავტომობილს] საბურავი გაუხვრიტეს, რის შემდეგაც დამნაშავეებმა სცადეს, მოეხდინათ ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება, რისთვისაც უკვე დაზიანებულ მანქანას შეაჯახეს ძველი ავტომობილი“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში ხაზგასმულია რიგი საკითხებისა, რომლებმაც, PACE-ს შეფასებით, „მნიშვნელოვნად გამოუთხარა ძირი საარჩევნო პროცესის სამართლიანობას და მისი შედეგების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენა“.

მათ შორისაა:

  • ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, რაც „საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა საარჩევნო უბნების მეოთხედზე დააფიქსირეს“; ამ პრობლემამ, PACE-ს თანახმად, „არჩევნების მთლიანობას ძირი გამოუთხარა“;
  • სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზება; ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების დარეგისტრირება „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად”; ასევე, კითხვის ნიშნები ცესკოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით;
  • „არათანაბარი სათამაშო პირობები“ პარტიებს შორის და „ქართული ოცნების“ მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება; ასევე, არათანაბარი წვდომა მედიაზე და მედიის პოლარიზაცია;
  • დაშინებისა და ზეწოლის ფართოდ გავრცელებული კლიმატი, რომელიც მიზანში იღებდა ამომრჩევლებსა და აქტივისტებს; „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“;
  • კონტროლირებული გარემო: ატმოსფერო, სადაც „დიდი ძმა გიყურებს“, რაც შექმნა „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერების დამონტაჟებამ, რამაც გააჩინა თვალთვალის ფართოდ გავრცელებული შეგრძნება.
  • დემოკრატიული უკუსვლა.

23 დეკემბერს საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა „საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ (IRI) და განაცხადა, რომ „საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი“.

არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნა 20 დეკემბერს გამოაქვეყნა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმაც (ODIHR).

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეუთოს ანგარიში „უკიდურესად კრიტიკულია“ და ის კიდევ ერთი საფუძველია, რომ „საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს“.

ამავე აზრზე არიან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG