100 წლის წინ, როცა ახალი, 1923 წელი დადგა, საბჭოთა კავშირში, რომელიც ის-ის იყო იშვა რუსეთის (რსფსრ) წიაღიდან, ჯერ კიდევ არ იყო დამკვიდრებული ნაძვის ხეების მორთვისა და ახალი წლის პომპეზურად აღნიშვნის ტრადიცია. შესაბამისად, მაშინდელ ქართულ პრესაში ვერ ნახავთ ვერც ახალი წლის მისალოც ტექსტებს და ვერც სიკეთით სავსე, ჯადოსნურ ზღაპრებს. 1923 წლის იანვრის პერიოდიკა სულ სხვა შინაარსის ცნობებით იყო გაჯერებული. მათი უმეტესობა ეთმობოდა როგორც ახალი რეალობის გააზრებას, ასევე მასთან დაკავშირებული ცვლილებების ასახვას. ახალი რეალობა კი ასეთი იყო: 1922 წლის 30 დეკემბერს მოსკოვში საბჭოების პირველმა ყრილობამ მიიღო დეკლარაცია და ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შეიქმნა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, სადაც საქართველო შევიდა არა როგორც ცალკე რესპუბლიკა, არამედ როგორც ამიერკავკასიის ფედერაციის ნაწილი. რომ არა ქართველი ბოლშევიკების ერთი ჯგუფის მოულოდნელი წინააღმდეგობა, საქართველო, საბჭოთა კავშირის ნაცვლად, საერთოდაც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში აღმოჩნდებოდა ავტონომიის სახით. სწორედ ამას ითვალისწინებდა სტალინის მიერ მხარდაჭერილი „ავტონომიზაციის“ იდეა, რომლის მიხედვითაც, ყველა საბჭოთა რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციაში შემავალ ავტონომიურ რესპუბლიკად უნდა ქცეულიყო. გადამწყვეტი აღმოჩნდა ლენინის განსხვავებული პოზიცია.
100 წლის წინ...
„1922 წლის 30 დეკემბერს შესდგა რსფსრ, უკრაინის, ამიერ-კავკასიის ფედერაციის და ბელორუსიის რესპუბლიკების საბჭოთა ყრილობების მიერ არჩეულ სრულუფლებიან დელეგაციების კონფერენცია. პრეზიდიუმის შემადგენლობაში არჩეული არიან: ამხ. კალინინი (რსფსრ), პეტროვსკი (უკრაინის სსრ), ცხაკაია (ამიერ-კავკასიის სფსრ) და ჩერვიაკოვი (ბელორუსიის სსრ). კონფერენციამ დაამტკიცა დეკლარაციის პროექტი საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკების კავშირის დაარსების შესახებ და ხელშეკრულების პროექტი, - წერდა 1923 წლის „კომუნისტის“ N1 ნომერი, - მოსკოვის დიდ თეატრში საზეიმოდ მორთულ დარბაზში გაიხსნა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების I საკავშირო ყრილობა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 1217 დელეგატი საბჭოთა რუსეთიდან, 354 დელეგატი უკრაინიდან, 78 დელეგატი ამიერ-კავკასიიდან, 23 დელეგატი ბელორუსიიდან“.
ყრილობა გახსნა პიოტრ სმიდოვიჩმა - სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასკომის უხუცესმა წევრმა:
„ყველა საბჭოთა რესპუბლიკების მშრომელებმა თავიანთ საბჭოთა ყრილობებზე გამოთქვეს ერთსულოვანი სურვილი საბჭოთა რესპუბლიკების უფრო მჭიდროდ გაერთიანების შესახებ. ამ სურვილს მხარი დაუჭირეს რსფსრ მშრომელებმა საბჭოთა მეათე ყრილობაზე. ამ საბჭოთა რესპუბლიკების გაერთიანება დამყარებულია არა ძალადობაზე, არამედ მშრომელთა კეთილ სურვილზე. გაერთიანება არის ძლიერების წყარო და სათავე საბჭოთა რესპუბლიკების კავშირის გამარჯვებისათვის“.
ყრილობამ აირჩია პრეზიდიუმი 25 კაცის შემადგენლობით. დელეგატები ტაშით შეეგებნენ წინადადებას ყრილობის საპატიო თავმჯდომარედ ლენინის არჩევის შესახებ, შემდეგ სიტყვა მიეცა ყრილობის ცენტრალურ ფიგურას, იოსებ სტალინს, რომელმაც 1922 წლის 30 დეკემბრის ისტორიულ მნიშვნელობაზე ილაპარაკა:
„ამხანაგებო, დღეს არა მხოლოდ ყრილობის შემაჯამებელი დღეა, ამავე დროს ეს არის ახალი რუსეთის ძველ რუსეთზე - ევროპის ჟანდარმზე, აზიის ჯალათზე ტრიუმფალური გამარჯვების დღე. დღეს ახალი რუსეთის დღეა, რუსეთისა, რომელმაც გაწყვიტა ეროვნული ჩაგვრის ჯაჭვები, გაიმარჯვა კაპიტალზე, შექმნა პროლეტარიატის დიქტატურა, გამოაღვიძა აღმოსავლეთის ხალხები, შთააგონა დასავლეთის მუშები, შემოიკრიბა საბჭოთა რესპუბლიკების ხალხები იმისათვის, რომ შეექმნათ ერთი სახელმწიფო - საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, მომავალი მსოფლიო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პროტოტიპში“.
სტალინმა წაიკითხა დეკლარაცია და საკავშირო ხელშეკრულება, რომლის ბოლო, 26-ე პუნქტი ცინიკურად იუწყებოდა, რომ ყოველ საკავშირო რესპუბლიკას ჰქონდა უფლება გასულიყო საბჭოთა კავშირიდან.
ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა კიდევ ერთი ქართველი ბოლშევიკი, ამიერკავკასიის სფსრ-ის ცაკ-ის პრეზიდიუმის თავმჯდომარე, მიხა ცხაკაია, რომელმაც 30 დეკემბრის უქმე დღედ გამოცხადების წინადადება წამოაყენა:
„ძალების გაერთიანებისა და საერთო ძალისხმევის გარეშე, ჩვენ საფრთხეს გვიქმნის ძველი სამყარო როგორც შიგნიდან, ისე გარედან. ჩვენ უნდა დავამარცხოთ ეს ძველი სამყარო, მისი დამარცხება კი შესაძლებელია მხოლოდ მთელი მსოფლიოს პროლეტარიატის ერთიანი ძალისხმევით. ამიტომ, ეს დღე ნამდვილად იმსახურებს მომავლის ისტორიაში შეტანას, როგორც საზეიმო დღე. ამიტომ, პრეზიდიუმის სახელით, გთავაზობთ დავავალო სსრკ მომავალ ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს, რომ ეს დღე (30 დეკემბერი) გამოაცხადოს საერთაშორისო პროლეტარიატის დღესასწაულად“.
რა ხდებოდა სინამდვილეში
მაშინდელ საქართველოში არსებული ვითარების საწინააღმდეგოდ ქართველი ბოლშევიკები ამტკიცებდნენ, რომ საქართველო სსრკ-ის წევრი გახდა ნებაყოფლობით, ხალხის ნებით; არადა, საქართველო სულ რაღაც ერთი წლის დაპყრობილი ჰყავდა საბჭოთა რუსეთს და, შესაბამისად, დიდი იყო წინააღმდეგობის ხარისხიც.
ქართველი ბოლშევიკები სასტიკ რეპრესიებს ახორციელებდნენ საქართველოში დარჩენილი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ, იდევნებოდნენ როგორც განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეები, ასევე პოლიტიკური პარტიები, თუმცა ამის მიუხედავად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში პერიოდულად იფეთქებდა ხოლმე აჯანყება.
სვანეთში ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება 1921 წლის 28 ოქტომბერს დაიწყო. აჯანყებული სვანები მულახში მდებარე სამაზრო რევოლუციური კომიტეტის შენობას დაესხნენ თავს. აჯანყებას მალე შეუერთდა რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობა. აჯანყებულმა სვანებმა საბჭოთა ხელისუფლების სახელზე პეტიცია შეადგინეს, რომელიც თბილისში 1922 წლის 20 იანვარს ჩაიტანეს, თუმცა 1922 წლის 15 მარტს აჯანყებამ ახალი ძალით იფეთქა. სვანები თავს დაესხნენ ლენტეხის, ჩოლურისა და ლაშხეთის საგუშაგოებს და ბოლშევიკები და წითელარმიელები დაატყვევეს. მოგვიანებით აჯანყებულებმა ცაგერს შეუტიეს, მაგრამ ვერ აიღეს და უკან დაიხიეს
- 1922 წლის 12 მარტს ქაქუცა ჩოლოყაშვილის პარტიზანული რაზმი, ე.წ. შეფიცულთა ჯგუფი გავიდა ტყეში და ღიად დაუპირისპირდა საბჭოთა ხელისუფლებას
- 1922 წლის ივლისში აჯანყებამ იფეთქა ფშავ-ხევსურეთში...
- 1922 წლის აპრილ-მაისში იქმნება „დამოუკიდებლობის კომიტეტი“, რომელმაც დაიწყო საყოველთაო აჯანყების მომზადება
საკავშირო I ყრილობის მიმდინარეობისას გაზეთ „პრავდისთვის“ დაწერილ წერილში ფილიპე მახარაძე ცდილობს იმის დამტკიცებას, თუ როგორ ეფექტიანად აღმოფხვრა საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ მენშევიზმი:
„საბჭოთა ხელისუფლების მუშაობა საქართველოში მუდამ სწარმოებდა ორი მიმართულებით. ერთის მხრივ საჭირო იყო მენშევიზმის აღმოფხვრა, გახრწნილ მენშევიზმის ნაშთების მოსპობა, მეორე მხრივ საკუთარი საბჭოთა აღმშენებლობა. მენშევიზმი აღმოფხვრილია. ქალაქის პროლეტარიატმა საბოლოოდ და სამუდამოდ ზურგი უჩვენა მათ. თვით საქართველოს ობივატელური, წვრილი ბურჟუაზია, მეშჩანური ნაწილიც, მენშევიზმის მთავარი დასაყრდენი, მტრულად უცქერის მათ. ჩვენ შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, მენშევიზმი არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს“.
საქართველოს რევკომის ყოფილი თავკაცი და ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე, ფილიპე მახარაძე რუს ამხანაგებს უმტკიცებს, რომ საქართველოს საბჭოთა ხელისუფლება საზოგადოების ყველა ფენის მხარდაჭერით სარგებლობს, რაც, რბილად რომ ითქვას, არ შეესაბამება სიმართლეს:
„გლეხობა ჩვენ მხარეზეა. ჩვენ ვცდილობდით საქართველოს გლეხობა ჩაგვება საბჭოთა აღმშენებლობის ორომტრიალში. მიწის საკითხის მოგვარებამ საბოლოოდ გადმოხარა გლეხობის სიმპატია ჩვენს სასარგებლოდ. საქართველოს გლეხობა მზად არის აქტიურად და სრული შეგნებით დაგვიჭიროს მხარი.
მრეწველობა უახლოვდება ომამდე არსებულ ნორმას. საქართველოს მუშების ცხოვრების პირობები ძლიერ უმჯობესდება, განსაკუთრებით ბინის მხრივ. ლოზუნგი - უკეთესი სახლები მუშებს - ტარდება საქართველოში მტკიცედ და გადაუხვევლად.
ბაზარზე ფასების ზრდა. ბურჟუაზია კვლავ იმეორებს ცდებს საბოტაჟისა და ჩვენი დეკრეტებისთვის გვერდის ახვევისთვის. ამ უკანასკნელ დროს თბილისში ადგილი ჰქონდა ბაზარზე პირველ მოთხოვნილების საგნებზე ფასების ხელოვნურ აწევას, მაგრამ ჩვენ შევებრძოლებით ამ ბოროტებას და არ დავერიდებით თვით სასტიკ ზომებს.
უკანასკნელ დროს გაიხსნა მთელი რიგი სამეცნიერო საზოგადოებები: ეთნოგრაფიული, ისტორიული, საექიმო.
მენშევიკები ჩირქს სცხებენ წითელ არმიას, თითქოს ის ახშობდეს „მცხოვრებთა უკმაყოფილებას“. ჩვენ პასუხად მივუთითებთ ქართული ნაწილების დაარსებაზე, რაც წარმატებით დამთავრებულია“.
ასეთი იყო ფილიპე მახარაძის თვალით დანახული საქართველო, სინამდვილეში კი ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში იდგა საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარი - სწორედ ეს წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის „ერთიანობის“ ძირითად საფუძველს, „ქართული ნაწილები“ კი, რომელთა დაარსების შესახებაც ფილიპე მახარაძე საუბრობდა, ჯერ კიდევ სუსტი და მცირერიცხოვანი იყვნენ. ნიშანდობლივია, რომ საბჭოთა კავშირში „ნებაყოფლობით და კეთილი ნებით“ შესვლიდან სულ რაღაც ერთი თვის თავზე საქართველოში დახოცეს „ქართული მსროლელი დივიზიის” ხელმძღვანელი ამხანაგები: საშა ობოლაძე, პოლიკარპე სანიკიძე, დათიკო ჩუბინაშვილი.
ეს ის საშა ობოლაძეა, რომელმაც „თავი გამოიჩინა“ 1922 წელს ოზურგეთის მაზრაში ანტისაბჭოთა გამოსვლების ჩახშობით და, რომელიც სოფელ კვაჭალათში მოკლა გოგია ღლონტმა. სწორედ ამ წითელი კომისრის მკვლელობის შესახებ შეიქმნა ხალხური ლექსი:
„ატყდა სროლა კვაჭალათზე
ჩააძაღლეს ობოლაძე
გურიაში რა გინდოდა
თუ სიკვდილი არ გინდოდა“.
საბჭოთა კავშირი დღეს...
ლექსი მომდევნო წლებშიც ბევრი დაიწერა, თუმცა ძირითადად დაიწერა საბჭოთა კავშირისა და მისი სულის ჩამდგმელთა სადიდებლები. 1942 წელს, როცა სსრკ-ის დაარსების 20 წლისთავი აღინიშნებოდა, „ლიტერატურულმა გაზეთმა“ გამოაქვეყნა ყაზახი სახალხო პოეტის ჯამბულ ჯაბაევის ასეთი ლექსი:
„იყავ დღეგრძელი
მშობლიურო სსრკ მნათო,
ტალღათა შორის მტკიცედ მდგარო,
როგორც კლდესალი!
იყავ დღეგრძელი
ბედნიერების დიდო ოსტატო
ჩვენო მამავ და მეგობარო,
ბელადო სტალინ!”
საბჭოთა კავშირსა და სტალინს მეხოტბეები არც საქართველოში დაჰკლებია. სტალინის ნებით შექმნილი ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაცია სტალინის ნებითვე დაიშალა 1936 წელს. შესაბამისად, ამ დროიდან საქართველოს სსრ, სომხეთსა და აზერბაიჯანთან ერთად, მოკავშირე რესპუბლიკების სახით ირიცხებოდნენ სსრკ-ში, რომლის შესახებაც დაშლამდე ცოტა ხნით ადრე ერთ-ერთი საბჭოთა გამოცემა წერდა:
„საბჭოთა კავშირში ყველა ხალხი გაერთიანებულია ერთ დიდ შეხმატკბილებულ მრავალეროვან ოჯახად. სსრ კავშირის შემადგენლობაში ამჟამად შედის 15 მოკავშირე რესპუბლიკა, 18 ავტონომიური რესპუბლიკა, 10 ავტონომიური ოლქი, 10 ეროვნული ოკრუგი. სსრ კავშირის ერები ერთმანეთს ეხმარებიან და მხარს უჭერენ სახელმწიფოებრივი, სამეურნეო და კულტურული მშენებლობის ყველა სფეროში. აადვილებენ ჩვენში საზოგადოების წინსვლას კომუნიზმისკენ“.
1922 წლის 30 დეკემბერს შექმნილმა საბჭოთა კავშირმა არასრული 69 წელი იარსება. 1991 წლის 25 დეკემბერს გადადგა საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ლიდერი, მიხეილ გორბაჩოვი, მეორე დღეს კი, 1991 წლის 26 დეკემბერს, სსრკ უმაღლესი საბჭოს რესპუბლიკების საბჭომ მიიღო დეკლარაცია სსრკ-ის დაშლის შესახებ.
საბჭოთა კავშირში 70-წლიანმა ყოფნამ წარუშლელი კვალი დაამჩნია საქართველოს პოლიტიკურ კულტურასა და ეკონომიკას, ისტორიკოს სტივენ ჯონსის თქმით, სწორედ საბჭოთა მემკვიდრეობა და გამოცდილება აფერხებს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. 2012 წელს გამოცემულ წიგნში „საქართველო - პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ პროფესორი ჯონსი ამბობს, რომ საბჭოთა სისტემისათვის დამახასიათებელი იყო ისტორიის პოლიტიზება და პროგრესულად მოაზროვნეების წმინდანებად შერაცხვა, რამაც შედეგად ის მოიტანა, რომ ქართველების თვითწარმოდგენა ფოკუსირდა გენეალოგიაზე, მტრისადმი გაწეულ წინააღმდეგობასა და ვიქტიმიზაციაზე და, რაც მთავარია, საქართველოს ოქროს ხანის ჰეგემონიაზე.
„ეს საკმაოდ გამოსადეგი მექანიზმი იყო საბჭოური კონტროლის განსახორციელებლად და პოლიტიკური იარაღიც გახლდათ ერთგულების შესანარჩუნებლად, - ამბობს სტივენ ჯონსი, - თუმცა საბოლოო ჯამში ძირი გამოუთხარა საბჭოთა ღირებულებებს. კონკრეტულად პოსტსაბჭოთა საქართველოს კი, ამ იარაღის დამსახურებით, სერიოზული პრობლემები შეექმნა. პირველი, აფხაზებმა, ოსებმა და ქართველებმა ერთმანეთის გამომრიცხავი ისტორიები ააგეს. ტერიტორიულ და კულტურულ პრივილეგიებზე პრეტენზიებმა რთული გახადა მრავალეროვნული სამოქალაქო საზოგადოების (საქართველოს მოქალაქეების) შექმნა, მეორე, შეიქმნა საკმაოდ გავლენიანი ინტელიგენცია, რომლის შემოქმედებითი ზრდა შეფერხდა სწორედ წარსულზე ფოკუსირების გამო. ქართული, აფხაზური და ოსური ინტელიგენცია, რომელიც აბსოლუტურად გულგრილი იყო დამოუკიდებლობის პერსპექტივისადმი, მოუმზადებელი და საბოლოოდ უუნაროც გამოდგა იმისთვის, რომ სახელმწიფო თანამედროვე სამყაროში აუცილებელ სამოქალაქო განვითარებაზე გადაეწყო“.
საქმე ის არის, რომ საბჭოთა კავშირი თავის შემადგენლობაში მყოფ ხალხებს უფლებას აძლევდა, „გაეზარდა ეროვნული თვითშეგნებისა და საკუთარი ისტორიული ფესვებისადმი ბუნებრივი ინტერესი“. სტივენ ჯონსის თქმით, კულტურული ნაციონალიზმის ამ ფორმის წყალობით ქართველებში ეროვნული სიამაყე გაძლიერდა და მათი ხედვა და წარმოდგენებიც მტკიცედ გადაეჭდო რომანტიკულ-ჰეროიკულ წარსულს, რამაც შეაყოვნა ერთიან ინსტიტუტებსა და კანონებზე დამყარებული ნაციონალური საზოგადოების მშენებლობა:
„ამ გზით საბჭოთა კოლონიალიზმმა ჩაშალა, საბოტაჟი მოუწყო თანამედროვე და ლიბერალური ერი-სახელმწიფოს შექმნას საქართველოში. საბჭოთა კავშირის მიერ ქართული ეროვნული მითების ინკუბაცია არასწორად, ქართული ნაციონალური ერთიანობის ნიშნად იქნა გაგებული. თითქოსდა არსებობდა სოციალური და პოლიტიკური საფუძველი ქმედითი ქართული სახელმწიფოსათვის: განათლებული მოსახლეობა, პოლიტიკური ელიტა, კვაზისახელმწიფოებრივი სტრუქტურები, - მაგრამ დამოუკიდებლობის შემდეგ გამოაშკარავებულმა იდენტობის კრიზისმა გვიჩვენა, რომ უპირატესობის შეგრძნებისა და ფოლკლორული ტრადიციების გაფეტიშებასთან მიბმული „კულტურული ნაციონალიზმი“ აბრკოლებდა ინსტიტუტების ასაგებად საჭირო შესაძლებლობების განვითარებას“.
თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს ასევე მძიმე ბორკილებად ექცა საბჭოთა ეკონომიკაში ინტეგრაცია, რაც, როგორც ფილოსოფოსი მამუკა ბიჭაშვილი წერს სოციალური და პოლიტიკური კვლევების ალმანახ „საზოგადოება და პოლიტიკაში“ (1996 წ.), ბოლშევიკების ყველაზე დიდი დამსახურება შეიძლება იყოს რუსული იმპერიის წინაშე, დაკარგული მიწების დაბრუნებაზე მეტიც კი. საუბარია ინდუსტრიალიზაციის სტალინურ გეგმაზე, რომელშიც, ბუნებრივია, სხვა მოკავშირე რესპუბლიკებთან ერთად, საქართველოს სსრ-ც იყო ჩართული.
„ბოლშევიკებმა ნათლად გააცნობიერეს, რომ ქვეყნის ერთიანობა შიშველი პოლიტიკური ხერხებით შეუძლებელი ხდებოდა და ამიტომაც ბევრი გააკეთეს ერთიანი სამეურნეო სტრუქტურისა და ეკონომიკის შესაქმნელად. ეს ეკონომიკა, პოლიტიკურ და სამხედრო საშუალებებთან ერთად, აღმოჩნდა არანაკლებ ქმედითი, ამჯერად უკვე ეკონომიკური იარაღი, რომელიც უზრუნველყოფდა კოლონიების ერთიან იმპერიულ სივრცეში ყოფნას. შესაძლოა ეს უფრო დამაჯერებელი ხდება დღეს იმ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის, რომლებიც გარდა სამხედრო-პოლიტიკური და სპეცსამსახურების აქტიური დაწოლისა, ეკონომიკურ ზეწოლასაც განიცდიან“, - წერს მამუკა ბიჭაშვილი და იქვე შენიშნავს, რომ ამ ეკონომიკურ სტრესს დროდადრო ენაცვლება შემრიგებლური, შემპარავი ტონით გაკეთებული განცხადება რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისა, აღვადგინოთ ძველი ეკონომიკური კავშირებიო.
„ეს ლოზუნგი მკვეთრ იმპერიალისტურ ჟღერადობას შეიძენს, თუ გავითვალისწინებთ, რომ „ძველი კავშირები“ საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის იმგვარი ეკონომიკური ბადეა, რომლის სათავეებიც ერთ ცენტრში, ერთ ხელში იყრის თავს და მხოლოდ აქედან იმართება. სხვა შემთხვევაში, წმინდა საბაზრო ურთიერთობების პირობებში, ამ „ძველ კავშირებს“ არავითარი აზრი არ აქვს. ისინი უბრალოდ ვერ იმუშავებენ. აშკარაა, რომ ძველი ეკონომიკური კავშირების აღდგენის მომხრენი შინ თუ გარეთ, საბოლოო ჯამში იმპერიის აღდგენის მომხრენი არიან. რუსეთის იმპერია და საბჭოთა ტოტალიტარიზმი ამ ასპექტში ერთმანეთს ემთხვევა“.
მდგრადი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ასაშენებლად, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 32 წლის შემდეგაც კი, აქტუალურია იმის გაგება, რომ არა მხოლოდ აუცილებელია ძველი ეკონომიკური კავშირების (არსებითად კი საცეცების) გაწყვეტა, არამედ „ძირფესვიანად შესაცვლელია პრიორიტეტები და ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურა“. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ქართული საზოგადოება როდისღაც მაინც უნდა გათავისუფლდეს, როგორც მწერალმა ზურაბ ქარუმიძემ უწოდა, საბჭოთა საქართველოში ჩამოყალიბებული „ნარცისული ნაციონალიზმისგან“. სწორედ საბჭოთა პერიოდში წახალისებულმა ისტორიულმა მიდგომამ მიიყვანა ქართული საზოგადოება ნაციონალისტურ უგუნურებამდე. დღესაც, როცა ე.წ. კონსერვატიული ჯგუფები „ქართველობის დაცვის“ საბაბით თუ „ქართველობის დაკარგვის“ შიშით ძალადობენ, უნდა ვიცოდეთ, რომ სწორედაც რომ საბჭოთა რუსეთის მიერ დიდსულოვნად ბოძებულ „ქართველობაზეა“ საუბარი და სხვა არაფერზე.