იყო დრო, ამ ჩვეულებას ძირითადად სუფრებსა და სადღეგრძელოებში ჰქონდა ასპარეზი, მაგრამ მერე გაზეთებისა და ჟურნალების გამოცემა დაიწყო და ძველმა ჩვეულებამ ტექსტური ფორმა და მეტად ღრმა შინაარსი შეიძინა.
სწორედ ამ ჩვეულების ფარგლებში 1898 წლის 1 იანვარს გაზეთმა „ივერიამ“ გამოაქვეყნა უსათაურო და ხელმოუწერელი სარედაქციო წერილი, როგორც ახლა იტყვიან - ედიტორიალი, რომელიც ალბათ ყველაზე ხშირად წაკითხული და ციტირებული ქართული საახალწლო ტექსტია.
„აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი!.. რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ?“ - ასე იწყება ეს საახალწლო წერილი, რომელმაც ჩრდილში მოაქცია მანამდე ქართულად გამოქვეყნებული ყველა საახალწლო მიმართვა, სადღეგრძელო თუ სარედაქციო სტატია, მათ შორის „დროების“ სერგეი მესხისაც, ბევრად ადრე, 1878 წლის 31 დეკემბერს რომ გამოქვეყნდა და რომელშიც, როგორც „საახალწლოებშია“ ხოლმე მიღებული, დიდი ადგილი ეთმობა გასული წლის იმედგაცრუებებსა და შეუსრულებელი იმედების მიზეზებზე საუბარს:
„ნეტავი, ფანრით რომ მოვსძებნოთ, თუ ვიპოვოთ ჩვენში იმისთანა კაცი, რომელსაც თავის სინიდისის წინაშე შეეძლოს გულწრფელად თქმა ამ სიტყვებისა: ეს წელიწადი მე ისე გავატარე, როგორც კაცურ კაცს ეკადრება! თქვენ გგონიათ, მე ვიტყვი: არა, არ მოიპოვებაო? სულაც არა; პირიქით, მე დარწმუნებული ვარ, რომ თითქმის ყველა იმას იტყვის, რომ ეს წარმავალი წელიწადი მე კარგათ, რიგიანად, სინიდისიანათ გავატარეო!“ - ამბობს ავტორი და ჩამოთვლის: „ვაჭარი, რომელმანც ამ წლის დამდეგს ხუთი მანეთი მანეთი ასესხა გლეხს და წლის ბოლოს სარგებლითა და „ნეუსტოიკებით“ ოც-და-ხუთი მანეთი გადაახდევინა ამ ვალში, მოსამართლე, რომელმანც თავის კერძო მტერობით, ანუ უმეცრებით რამდენიმე უმანკო კაცს ციმბირის გზა უჩვენა, ჩინოვნიკი, რომელიც მთელი წლის განმავალობაში ქრთამის აღებისა და თავის უფროსის წინ წელის მოდრეკის მეტს არაფერს აკეთებდა, - სოფლის მებატონე, რომელიც დილიდამ საღამომდინ მხარ-თეძოზე წამოწოლილი იყო და და გლეხებს კი სულს აძრობდა გადასახადი მალე მოიტანეთო, - მასწავლებელი, რომელიც მთქნარებით შედიოდა კლასში და თავის შეგირდებიცა და თავის სასწავლებელი საგანი ჟამივით ეზიზღებოდა, - ყველა ერთი სიტყვით, დარწმუნებული და დაჯერებული, რომ ბეჯითად, სინდისიანათ და პატიოსნად გაატარა ეს წელიწადი“.
რა თქმა უნდა, აქაც მწარე სიმართლეებია, მაგრამ ეს უფრო მიმდინარე სიმართლეებია, უფრო შედეგები, ვიდრე მიზეზები, ილიასთან კი - დიდ, ზოგად სიმართლეებსა და მიზეზებზეა ლაპარაკი. სხვა თუ შეგუებული იყო („ამგვარის ქადაგებით განა ჩვენ უპატიოსნოს გავაპატიოსნებთ? განა უსინიდისოს სინდისს ჩაუდგამთ და ბაიყუშს გავაარწივებთ?! ჩვენზე უკეთესს „ბულბულებს“ უმღერნიათ ამ კილოზე, მაგრამ ვერა გამხდარან-რა...“), ილიამ უფსკრული დაგვანახვა:
„არ ვიცით - რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ - რანი ვართ, ვერ გამოგვისახია - რანი ვიქნებით. ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების წინ და აინუშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა ხელი გვკრან - და შინ გადავიჩეხებით დედაბუდიანად. ორბი, არწივიც კი ვეღარ გვიპოვის, ვეღარ დასწვდება ჩვენს ძვლებს, რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ, ისეთი ღრმაა ეს თხრილი, ისეთი უძირო. ვდგევართ და უღონოდა ვბზუით „მე ვარ და ჩემი ნაბადიო“ და ამ ბზუილიდან არა გამოდის-რა. იქნება იმიტომ, რომ ყველა ბუზი კი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის. ახალო წელიწადო, თუ რამ შეგიძლიან, თვალი აგვიხილე, ყურებიდან ბამბა გამოგვაცალე, ფუტკრისგან გვასწავლე დროთა შესაფერი სამამაცო ზნენია, რომ ჩვენმა შემდეგმა მაინც აღარა სთქვს: რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“
ილიას შემდეგ ამ „უზარმაზარ თხრილს“, რომელიც ქართველების წინაა და გადაყლაპვას უპირებს, ხან ვშორდებოდით და ხან ვუახლოვდებოდით. „დროის ჩარხმა“ XX საუკუნის დადგომასთან ერთად ერების დამოუკიდებლობა მოითხოვა და საქართველოც, ილიასა და სხვათა მეცადინეობით, ამ დროებას შესაბამისი ცოდნით დაუხვდა. ილიასავე რომ დავესესხოთ, სწორედ ეს დროის შესაბამისობა იყო ჩვენი გადარჩენის მთავარი მიზეზი მრავალი საუკუნის განმავლობაში:
„რამ შეგვაძლებინა? რამ გვიხსნა? ჯვარცმულნი ქრისტესთვის როგორ გადავრჩით? წამებულნი და სისხლმთხეველნი მამულისათვის რამღა გვაცოცხლა, რამ გვასულიერა?“ - კითხულობს ილია და თავადვე უპასუხებს: „მან, რომ ვიცოდით - იმ დროს რა უნდოდა, რა იყო მისი ციხე-სიმაგრე. მისი ფარ-ხმალი, ვაჟკაცობა უნდოდა, ვაჟკაცნი ვიყავით, ხმალი უნდოდა, ხმლის ჭედვა ვიცოდით, ომის საქმეთა ცოდნა უნდოდა, ომის საქმენი ვიცოდით. აი, რამ შეგვაძლებინა, რამ გვიხსნა, რამ შეგვინახა... იმ დროთა ჩარხზე გაჩარხულნი ვიყავით, იმ დროთა ქარ-ცეცხლში გამოფოლადებულნი, იმ დროთა სამჭედურში ნაჭედნი“.
1918 წელმა საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა, ქართველი ხალხი მნიშვნელოვან მანძილზე მოშორდა მის დასაღუპად და გასაქრობად გამზადებულ უძირო თხრილს.
„მთელი წელიწადი საქართველო უფსკრულის ნაპრალზე იდგა, ვიწრო ბილიკით მთის უძირო ჯურღმულს მისდევდა, მაგრამ გაიარა ბეწვის ხიდი და გაკაჟებული გამოვიდა ყოველივე გამოცდისაგან. და დღეს იგი უფრო ძლიერია, ვინემ იყო წლის დასაწყისში. დღეს იგი უფრო ღონიერია, მტკიცე და შეგნებული ვინემ წლის თავში. ამ წელმა ჩვენი ხალხი ფეხზე დააყენა, თავის-თავის იმედი აღუძრა, საკუთარ ძალებზე დაყრდნობას შეაჩვია, სხვის თვალში შემყურეობაზე ხელი ააღებინა“, - ვკითხულობთ 1919 წლის 1 იანვარს დაბეჭდილ „ერთობის“ საახალწლო წერილში, რომლის მიხედვითაც, გასულმა, 1918 წელმა თვისებრივად შეცვალა როგორც ცალკე აღებული მოქალაქე, ასევე მთელი ერი:
„გარეშე საფრთხეთა მძიმე ჭიდილში გაინასკვა ფსიხოლოგიური კვანძი დამოუკიდებელ არსებობისა, გაიზარდა ადამიანი, გაიზარდა შეგნება თავის პიროვნების, ღირსების, პატივის; და ესაა უდიდესი შენაძენი წარსული წლისა მთელი ხალხისათვის. შინაური ფსიხოლოგია, „რუს ხელმწიფის“ კალთის ქვეშ თავის შეფარება დღეს აზრათ აღარ მოსდის ჩვენს დემოსს, ხალხს, უბრალო მოქალაქეს. იგი ამისთვის მეტათ გაიზარდა, ამ ჩვილი-ყრმის აკვნიდან ამოვიდა და იგი ამიერიდან ყმათ არავის გაუხდება: იგი ვარგა ძმათ, მეგობრათ, ტოლათ, მოყვარეთ, მტრათ, მებრძოლათ, მაგრამ მონათ კი არა. და იგი იცხოვრებს თავისით, თუ ძმურათ სხვას შეუერთდება, მაინც თავის დემოკრატიულ სულს და დამოუკიდებლობას არ დაკარგავს“.
1919 წლის განმავლობაში საქართველომ კიდევ უფრო მძლავრი ნაბიჯები გადადგა სიცოცხლისკენ, ქართველი ხალხი უფრო მეტად მოშორდა უფსკრულის პირს.
„გასული 1919 წელი, შეიძლება ითქვას, კარგი წელიწადი იყო. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენმა ხალხმა შესძლო შეენარჩუნებინა ის, რაც მან წინა წელში მოიპოვა - ეს იყო და არის ჩვენი დამოუკიდებლობა, - წერდა 1920 წლის 1 იანვარს გამოსული „საქართველოს რესპუბლიკა“ სარედაქციო წერილში „პატარა შენიშვნები. გასული წელი“:
„გაცხარებული აღმაშენებლობითი მუშაობას ეწეოდა ჩვენი დემოკრატია, სხვა და სხვა მიზეზების გამო არ მოხერხდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება დიდი სახელმწიფოების მიერ, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვსთქვათ: იმდენი მაინც გაკეთდა, რომ შორს არ არის ის დრო, როცა ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარებულ იქნება. <...> მთელი წლის განმავლობაში შინაური ძალა არ გამოსულა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, გვებრძოდნენ მხოლოდ გარეშე ძალები – ფულით მოსყიდული აგენტებით, პროვოკაციებით და სხვ. უკანასკნელმა ეგრეთ წოდებულმა ბალშევიკურმა გამოსვლამ ნათლად დაანახა ყველას, რომ ხალხი გარეშე ძალას არ გაჰყვება, ხალხმა უკვე შეითვისა დამოუკიდებლობის იდეა და სისხლით იცავს მას!”
1919 წელს ძალიან ბევრი გაკეთდა შინაური ცხოვრების მოსაწესრიგებლად, ხალხი ნელ-ნელა ეგუებოდა იმ აზრს, რომ მისი და მხოლოდ მისი მოსაწყობია საკუთარი ცხოვრება, რომ მან უნდა ააყვავოს მეურნეობა და მან უნდა იზრუნოს თავის ქვეყანაზე. ამგვარი ზრუნვის მაგალითია მეწარმე აკაკი ხოშტარიას შემოწირულება და ტფილისის თვითმმართველობის საახალწლო გადაწყვეტილება, რომელიც 31 დეკემბერს გამოქვეყნდა:
„ქალაქის მოურავმა ბენია ჩხიკვიშვილმა მოახსენა გამგეობას, რომ მან მიიღო ცნობილ მწარმოებელ აკ. ხოშტარიასაგან წერილი, რომლითაც ის ატყობინებს, რომ მან მიაქირავა თავისი სახლი (დღევანდელი მწერალთა სახლის შენობა მაჩაბლის ქუჩაზე. რთ.) ბრიტანეთის მისიის მეთაურს ბ-ნ ოლივერ უორდროპს მისიის საჭიროებისათვის 180 გირვანქა სტერლინგათ და ამ თანხის ნახევარს, 90 გირვანქა სტერლინგს გადმოსცემს ქალაქის მოურავს საგანმანათლებლო მიზნისათვის. ქალაქის თავმა მოითხოვა გამგეობისაგან ამ თანხის დასახარჯათ რაიმე დანიშნულება. გამგეობამ დაადგინა ეს თანხა მოხმარდეს ქალაქის დაწყებითი სკოლების მოწაფეთათვის საახალწლო ნაძვის ხის (იოლკის) მოწყობას“.
განვლო 1920 წელმაც…. 1921 წლის 1 იანვარს საახალწლო ედიტორიალში გასული 1920 წელი შეაჯამა ქვეყნის მთავარმა გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“:
„ეს წელი მეტად შინაარსიანი და მრავალმხრივ მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ამ წლის განმავლობაში რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება ხვდა წილად საქართველოს დემოკრატიას. უპირველესად აღსანიშნავია წლის დასაწყისშივე 12 იანვრის გამარჯვება, როცა მოკავშირე სახელმწიფოებმა აღიარეს საქართველო დე იურე. ამ წლის განმავლობაში კარგად გაგვიცნო ევროპის დემოკრატიამ, მან სავსებით დაინახა ჩვენი მისწრაფებანი, ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკის ლტოლვა დღეს ყველასათვის უდავო ჭეშმარიტებაა, რომ საქართველო ღირსია დამოუკიდებლათ არსებობისა, რომ მას შესწევს უნარი საკუთარივე ძალებით უპატრონოს თავისთავს, და ამის შემდეგ ჩვენ ღრმად გვწამს, რომ სხვა სახელმწიფოებიც აღიარებენ იურიდიულათ ჩვენს რესპუბლიკას და საქართველო საბოლოოდ იქნება მიღებული ერთა ლიგაში სრულ უფლებიან წევრად“.
სარედაქციო წერილის მეორე ნახევარი მთლიანად დაეთმო „ავანტიურისტული სულით გაჟღენთილ ბალშევიკებთან“ ბრძოლას, ბოლშევიკებთან, რომლებმაც, მას შემდეგ, რაც თავიანთი ძალაუფლება დაამყარეს მეზობელ „ადერბეიჯანსა“ და სომხეთზე, საქართველო ამოიღეს სამიზნეში:
„ჩვენმა მთავრობამ ამიტომ დააყენა თოფ ქვეშ ჩვენი ერის საუკეთესო შვილნი, რომლებიც დღეს გმირულად სდგანან საგუშაგოებზე, ფრონტზე ეგებებიან ახალ წელს. დღეს მარტო ვართ. ამიერკავკასიაში მარტო საქართველომ შეინარჩუნა თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ძვირფასია ეს დამოუკიდებლობა. აუწერელია და დაუფასებელი. ამაშია ხსნა ჩვენი ქვეყნისა. ამაშია ჩვენი მომავალი და იმედი. <…> დღეს საქართველო ერთია, მისი სხეული განუკვეთელია და შეერთებული, ის გამარჯვებული ეგებება ახალ წელიწადს. საქართველოს დემოკრატია, მისი ნდობით აღჭურვილი მთავრობა წელსაც ძველი გზით ივლის, მისი მიზანი ამ წელშიაც ძველი იქნება: საკუთარი თავის დაცვა და ყველა ერებთან მეგობრობა და სოლიდარობა, ეს სწორი გზა საბოლოოდ მოუპოვებს ჩვენს რესპუბლიკას გამარჯვებას და ჩვენც იმედით ვეგებებით და ვულოცავთ მკითხველს ახალ წელს!“
1921 წელს საქართველო იმედიანად ხვდებოდა, იგეგმებოდა ევროპაში გემთა რეისების ორგანიზება. კერძოდ, საუბარი იყო „იტალიის მთავარ სანაოსნო საზოგადოებაზე“, რომლის გეგმაში შედიოდა „პირდაპირ მიმოსვლის უზრუნველყოფა ბათომისა იტალიის, ინგლისის და როტერდამის ნავთსადგურებთან - საქართველოსა და ჩრდილოეთ ევროპის ნავთსადგურების შორის ეკონომიურ დამოკიდებულების დამყარების მიზნით. საუბარია 8-12 ხომალდზე“.
საახალწლოდ საქართველოს მთავრობა ტფილისელებს „შობის ხეებსაც“ სთავაზობდა: „მიწადმოქმედების სამინისტროს მოუვიდა ბორჯომიდან შობის ხეები, რომლებიც გაიყიდება ქებაძის მაღაზიაში (რუსთაველის პრ.). პირველ რიგში დაეთმობა სასწავლებლებს, სამხედრო ნაწილებს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ თუ საქველმოქმედო საზოგადოებებს, ბოლოს კი კერძო პირთაც“.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ყოველი წელი იყო უმაგალითო ცვლილებებისა და ბრძოლის წელი, გაჯერებული იმედებითა და გარეშე საფრთხეებით - ოსმალეთის, ბოლშევიკების, დენიკინის არმიის აგრესიით, საიდანაც საქართველო ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა, მაგრამ 1921 წელმა დემოკრატიულ რესპუბლიკას ნამდვილი კატასტროფა დაატეხა თავს, საქართველო, ილიას რომ დავესესხოთ, კვლავ უძირო თხრილის პირას აღმოჩნდა.
ახალი 1922 წელი, როგორც ქართველი ბოლშევიკების მთავარი ბეჭდური ორგანო გაზეთი „კომუნისტი“ შენიშნავდა, იყო „პირველი წითელი ახალი წელი“ ქართველი ხალხის ცხოვრებაში.
„1921 წელი მოკვდა, ისტორიას ჩაბარდა. მის ნაცვლად მოვიდა ახალი წელი, - წერდა საოკუპაციო რეჟიმის მთავარი გაზეთი საახალწლო მიმართვაში, - დღევანდელი ახალი წელი მშრომელთა დიქტატურის ახალი წელია. დღეს ჩვენ პროლეტარულ ქუჩაზე დღესასწაულია. დღეს მენშევიკურ ბურჟუაზიულ-იმპერიალისტურ ქუჩაზე ტირილი, გლოვა და სრული უიმედობა სუფევს. ჩვენ კი ვზეიმობთ დღეს ქართველი მუშების და გლეხების გამარჯვებას ბურჟუაზიაზე, მემამულეებზე, ხუცებზე და მათ ერთგულ პარტიებზე... ახალი წელი დაასრულებს და დააგვირგვინებს, ხორცს შეასხამს იმას, რის დათავებაც ვერ მოასწრო ძველმა“.
ერთი სიტყვით, საქართველო გადაიჩეხა ისტორიის მორიგ თხრილში, სადაც მთელი 70 წელი დაჰყო (რეპრესიებით, საუკეთესო შვილების დახვრეტით, ქართული ენის დევნით, 1956 წლის 9 მარტისა და 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი ტრაგედიებით გატანჯულმა), ვიდრე არ დადგა ახალი, 1991 წელი, რომლის შესახებაც პოეტმა მუხრან მაჭავარიანმა თქვა:
„დღემდე მე რამდენ ახალ წელსაც მოვესწარი, - ახალი არ ყოფილა არც ერთი.
მხოლოდ წლევანდელი ახალი წელია ნამდვილად ახალი.
ამას რას ვეღირსეთ, ხალხნო!
ეს რა დღე დაგვიდგა, ქართველნო!..
აფსუს, სადაა ახლა ამხანაგი სერგო
(გულზე რომ გასკდეს ბოღმით)!
აფსუს, სადაა ახლა ბატონი ქაქუცა
(ცას რომ ეწიოს სიხარულით)!..
დედაო ღვთისა, - ძითურთ!..
შენ უბედნიერე ეს ნამდვილად ახალი წელი სამშობლოს ჩემსას!
ძგერდეს გული ქართული!
ჟღერდეს სიტყვა ქართული!
წვიმდეს წვიმა ქართული!
თოვდეს თოვლი ქართული!
იხარე ჭერო! - მოკვდი მტერო!
ვინც მოვიდა, - გაუმარჯოს!“
1991 წლის 1 იანვარს საქართველო არჩეული პარლამენტითა და დამოუკიდებლობის გამოცხადების მოლოდინით შეხვდა. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ზვიად გამსახურდიას საახალწლო მიმართვა სრულად იყო დაცლილი მხატვრულ-დიდაქტიკური ელემენტებისაგან, რაზეც თვითონაც გაამახვილა ყურადღება:
„ჩემი დღევანდელი მიმართვა თქვენდამი არ იქნება ტრადიციული საახალწლო მიმართვა, ზოგადი საუბრები პატრიოტიზმზე, კეთილი სურვილები მხოლოდ, ზოგადი მოწოდებები, არამედ ეს იქნება ერთგვარი ანგარიში ერის წინაშე. მე ვალდებული ვარ, ჩავაბარო ანგარიში ჩვენს ერს, რომელმაც მხარი დაგვიჭირა არჩევნებში, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენს მოძრაობას და რომელმაც ისურვა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ხელისუფლების სათავეში. ეს არ იქნება ისეთი მიმართვა, როგორიც სჩვევიათ ბედნიერი ქვეყნების პრეზიდენტებს. ეს იქნება მიმართვა უფრო გამომდინარე საქართველოს დღევანდელი, რეალური პოლიტიკური ვითარებიდან“.
საახალწლო მიმართვაში საქართველოს პირველი პრეზიდენტი ძირითადად პოლიტიკურ გეგმებზე ლაპარაკობდა, ამბობდა, რომ პარლამენტის საქმიანობა დაემყარებოდა ეროვნული ინტერესების სამსახურს:
„დაემყარება იმ კურსს, რომელიც ჩვენ გამოვიმუშავეთ და რომელიც მოგაწოდეთ ჩვენი პლატფორმის სახით, და რომლის მთავარი მიზანია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, ეროვნული შეიარაღებული ძალების შექმნა. როგორც მოგეხსენებათ, უკვე ჩამოყალიბდა ეროვნული შინაგანი ჯარი, ეროვნული გვარდია, რომელიც სტაბილური მდგომარეობის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი უნდა იყოს საქართველოში. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა არაოფიციალურ შეიარაღებულ ფორმირებას, იარაღი ჩააბაროს, დაიშალოს და შემოუერთდეს ეროვნულ გვარდიას, რათა საქართველოში იყოს სტაბილური მდგომარეობა, სამოქალაქო მშვიდობა, აღმოიფხვრას დამნაშავეობა, მოსახლეობამ იცხოვროს მშვიდობიანად. ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. უნდა დავირაზმოთ ეროვნული პარლამენტის გარშემო, რათა მომავალმა თაობამ უახლოეს ხანში დამოუკიდებელ, ეკონომიკურად აღორძინებულ, თავისუფალ და ბედნიერ საქართველოში იცხოვროს. გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ განხორციელებულიყოს ჩვენი ერის ყველაზე დიდი, სანუკვარი ოცნება და მომავალ წელს დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში შევხვედროდეთ“.
1991 წელს საქართველომ მართლაც აღიდგინა ეროვნული დამოუკიდებლობა, შეიქმნა ყველა წინაპირობა იმისა, რომ ქვეყანა არსებითად დაშორდებოდა უფსკრულსა და თხრილის კიდეს, მაგრამ მოულოდნელად, როგორც პოეტმა თქვა, ჩარხი უკუღმა დატრიალდა: მომავალი, 1992 წელი დაიწყო საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობით. 1992 წელმა საქართველოში ზარბაზნების გრიალით, ცრემლებითა და ცხედრებით შემოაბიჯა.
„დღეს 6 იანვარს, საქართველოში დაემხო კომუნისტური დიქტატურისგან ნაშობი გამსახურდიას დიქტატურა... დიქტატურის დამარცხება, საუბედუროდ ვერ მოხერხდა უსისხლოდ...“ - ასე იწყება სამხედრო საბჭოს მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებული თენგიზ სიგუას საშობაო მიმართვა, რომელიც კიდევ უფრო „უცნაურად“ მთავრდება:
„თანამემამულენო! ნგრევა მუდამ შენებაზე ადვილი იყო. მოგიწოდებთ შენებისაკენ; ჩვენ უნდა დავაპუროთ, შევმოსოთ, გავათბოთ და, რაც მთავარია, თავისუფლების განცდა დავუბრუნოთ მთელ საქართველოს, მის ყოველ მკვიდრს. ყველაფერ ამას სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა. ყველამ ჩვენ-ჩვენი საქმე ვაკეთოთ კეთილსინდისიერად და, მერწმუნეთ, ამით საქართველოს საქმეს გავაკეთებთ.
დიდ დღესასწაულს, შობას, დაჭრილი საქართველო, საბედნიეროდ, - არასასიკვდილოდ დაჭრილი, თვალზე სინანულის ცრემლით და გულში იმედით ეგებება. შევრიგდეთ, მოვინანიოთ, გავერთიანდეთ და - გავიმარჯვებთ“.
ახალმა „ხელისუფლებამ“ ყველაფერი პირიქით გააკეთა. სახელმწიფო გადატრიალებით დაწყებული ახალი წელი გაგრძელდა სახელმწიფო ინსტიტუტების სრული მორღვევით, ეკონომიკის მოშლით, დესტაბილიზაციით, შეურიგებელი მტრობით, კრიმინალური ფორმირებების რამდენიმეწლიანი თარეშით, ტერიტორიებზე კონტროლის დაკარგვით და ა.შ. საქართველო, ვინ იცის, მერამდენედ დაეკიდა უფსკრულის თავზე, მერამდენედ დადგა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე. დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდა სახელმწიფოს ელემენტარული ნიშნების დაბრუნებას, სუვერენიტეტის გამტკიცებას, თხრილის კიდიდან ნაბიჯ-ნაბიჯ გამოსვლას...
თუმცა, ახლაც, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30-ზე მეტი წლის შემდეგ, ძნელია იმის მტკიცება, რომ საქართველომ თავი დააღწია სახიფათო ზონასა და იმ საფრთხეს, რაზეც ილია ლაპარაკობდა თავის საახალწლო მიმართვაში. საქართველო საბედისწეროდაა აყოლილი ქანქარის მოძრაობას: პერიოდულად, ხან მოშორდება თხრილს, ხან მიუახლოვდება; მოშორდება, მიუახლოვდება...
ამ მხრივ ახალი 2024 წელიც, რომელსაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით ხვდება, უაღრესად მნიშვნელოვანია. საპარლამენტო არჩევნები ან არსებითად დაგვაშორებს უფსკრულის პირს, ან მორიგ ჯერზე ჩაგვახედებს მის სიღრმეში. საჭირო იქნება მთელი საზოგადოების ძალისხმევა, არ გამოგვადგება, როგორც ილიას „ივერიელი“ თანამოკალმე დათიკო ვერმიცანაშვილი (ლავრენტი წულაძე) ამბობდა, უბრალოდ დროის მიყოლა, რადგან პასიურობა დროის მიყოლის სახით არც არასოდეს გამოგვდგომია.
„ჩვენ მხოლოდ ნიადაგ ენაზე გვადგია კარგა ხანია ხმარებიდან განსადევნი თქმულება „დროს მიჰყევიო“ და თუ ვინმემ ჩვენს უარარაობისა და ქარაფშუტობის გამო ხმა ამოიღო, ყველას ამას მივახლით პირში, სრულიად დარწმუნებულნი და დაიმედებულნი, რომ მტკიცე და შეურყეველი საფუძველი ვსთქვით. ერთი ვიანგარიშოთ, რა გაგვიკეთა დროის მიყოლამ? ის, რომ დაგვაბერა და დაგვაუძლურა არა მარტო ხორციელად, როგორც რიგი და წესია, არამედ სულიერადაც და გონებრივადაც, როგორც არც რიგია და არც წესი“, - წერდა ილიას იმ ცნობილ სარედაქციო წერილამდე ბევრად ადრე („ძველისა და ახალის წლის გამო“. „ივერია“. 1891 წლის 1 იანვარი) საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ლავრენტი წულაძე, რომლის თქმითაც, სახიფათოა დროის მიყოლა და სწორედ მისი ბრალია, რომ ბევრი ახალი წელიწადი ჩაგვაბერდა და ჩაგვაძველდა ხელში ისე, რომ იგივე დავრჩით, რაც ვიყავით, არც ზნე გვიცვლია, არც ფერი:
„ჩვენ რომ, ცოტა არ იყოს შეგვეძლოს დაფიქრება და დაკვირვება იმის შესახებ, რაც ჩვენს გარშემო ხდება, რასაკვირველია, ყოველთვის მარცხით არ გათავდებოდა ჩვენ მიერ დაწყებული საქმე. მარცხმა გამარჯვებისთვის უნდა მოამზადოს ადამიანი, მაგრამ ჩვენთვის ეს უნარი არ მოუცია ღმერთს: ჩვენი საქმე მხოლოდ ისაა, რომ წყევლა-კრულვით გავისტუმროთ ძველი წელიწადი და ლოცვა-კურთხევით მივეგებოთ ახალს“.
თუ რამე უნდა ვინატროთ და ვისურვოთ საახალწლოდ, პირველ რიგში, უნდა ვისურვოთ და ვინატროთ იმის შეცვლა, რაც ძვალ-რბილში გაგვიჯდა საუკუნეების განმავლობაში და ახლაც საზოგადოების მანიპულირების ნოყიერ ნიადაგს იძლევა. დროს კი არ უნდა მივყვეთ, „ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი“. ილიას თანამოკალმის თქმით:
„უნდა ვინატროთ და ვისურვოთ, ჩვენ თვითონ შეგვექმნას დრო ჩვენის საკუთარი მხნეობითა და გამრჯელობით და შეგვექმნას ისეთი დრო, რომელიც ჩვენს საჭიროებას შეეფერება, რომელიც ჩვენს საერთო წყლულს ეწამლება, და ჩვენს საერთო გულისტკივილს და სულის ტკივილს მალამოდ დაედება. ხოლო შორს ჩვენგან ის ფიქრი და აზრი, რომ დრომ თავის თავად, ჩვენდა ხელგანუძრევლად, რამე მოგვიტანოს და რამე ხეირი დაგვაყაროს!“
დროის შესაბამისობა მოითხოვს ქართული დემოკრატიის გაძლიერებას, საქართველოს ყოფნას ევროკავშირსა და ნატოში, თუმცა დრო თავისთავად, ჩვენი ძალისხმევის გარეშე ვერაფერს იზამს, ახალ, 2024 წელს საქართველოს მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი, რათა, როგორც ილიამ ინატრა, შემდეგმა თაობებმა მაინც აღარ თქვან, რა გითხრათ, რით გაგახაროთო.