სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ 12 დეკემბერს ძალაში დატოვა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება საქმეზე „თათია სამხარაძე შალვა რამიშვილის წინააღმდეგ“. სასამართლომ არ დააკმაყოფილა შალვა რამიშვილის სააპელაციო საჩივარი, რაც თათია სამხარაძის ადვოკატის, ანა აბაშიძის თქმით, ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადგინა შალვა რამიშვილის მიერ თათია სამხარაძის სექსუალური შევიწროების ფაქტი და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ თათია სამხარაძე დისკრიმინაციული ქმედების მსხვერპლი იყო
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე „თათია სამხარაძე შალვა რამიშვილის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 3 იანვარს გამოიტანა.
საქმე ეხებოდა სექსუალურ შევიწროებას, რომელსაც თათია სამხარაძისა და მისი უფლებადამცველების თქმით, თათია მისი უშუალო ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილისგან განიცდიდა წლების განმავლობაში. სექსუალური შევიწროება გამოიხატებოდა შალვა რამიშვილის მიერ გამუდმებული სექსუალური შინაარსის კომენტარებში თამარის გარეგნობაზე, ჩაცმულობაზე, ასაკზე, სქესსა და პირად ცხოვრებაზე. აღნიშნული ქმნიდა მტრულ სამუშაო გარემოს, რაც შევიწროების ერთ-ერთი ფორმაა.
თათია სამხარაძის ადვოკატებს სააპელაციო სასამართლოს 12 დეკემბრის გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით ჯერ არ ჩაბარებიათ. როგორც ანა აბაშიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, მათთვის ახლა მნიშვნელოვანია დეტალურად გაეცნონ მოსამართლეთა კოლეგიის დასკვნასა და იმ საფუძვლებს, რის გამოც მოსამართლეებმა არ დააკმაყოფილეს შალვა რამიშვილის სარჩელი: „თათია სამხარაძემ სასამართლოში თავის დასაცავად წარადგინა ფარული ჩანაწერი, რადგან ეს იყო ერთადერთი საშუალება, რომ თათიას თავისი უფლებები დაეცვა. ჩვენ სასამართლოში ვამტკიცებდით, რომ მართალია ასეთი ჩანაწერი უკანონო იყო, მაგრამ ეს იყო და არის ერთადერთი საშუალება ასეთ სიტუაციაში ამტკიცო შენი სიმართლე. ეს მტკიცებულება სასამართლოსთვის უნდა ყოფილიყო დასაშვები მტკიცებულება. სექსუალური შევიწროება ისეთი ტიპის გადაცდომაა, რომ ასეთ დროს, როგორც წესი, არ არსებობს სხვა სახის მტკიცებულება, რადგან შემვიწროებელი ყოველთვის ცდილობს ერთი ერთზე დარჩეს მსხვერპლთან და ცდილობს, არ შექმნას მის წინააღმდეგ მტკიცებულებები. ამიტომ თუკი სასამართლო ასეთ ჩანაწერს დაუშვებლად ცნობს, მაშინ ის მსხვერპლს ეუბნება, რომ აღარ უტოვებს საკუთარი თავის დაცვის არანაირ პერსპექტივას. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლომ თავის დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში ეს ჩანაწერი დასაშვებად ცნო“.
გარდა ამისა, ანა აბაშიძის თქმით, თათია სამხარაძე რამდენიმე ხნის განმავლობაში იძულებული იყო, რომ კომუნიკაცია ჰქონოდა მის უფროსთან, შალვა რამიშვილთან, რაც გამოიხატებოდა მესიჯებზე პასუხის გაცემაში და სწორედ ამის გამო, შალვა რამიშვილი ამტკიცებდა, რომ თათია სამხარაძე მასთან ურთიერთობაზე თანახმა იყო. ანა აბაშიძე თვლის, რომ თუკი შალვა რამიშვილის ამ ჩვენებას სასამართლო გაიზიარებდა, ის საფუძველს ჩაუყრიდა ცუდ პრაქტიკას: „ეს ნიშნავს იმას, რომ ხშირად ადამიანები ვერ ეუხეშებიან შემვიწროებელს და ცდილობენ ნაკლები ზიანით გაერიდონ სიტუაციას, რაც მათთვის ძალიან ტრავმულია. ის იძულებულია ჰქონდეს კომუნიკაცია, რომ არ დაკარგოს სამსახური. ჩვენ სასამართლოს ვუმტკიცებდით, რომ მსხვერპლის სპეციფიკიდან შეეხედა სიტუაციისთვის და გაეაზრებინა, რომ როდესაც სუბორდინაციასთან გვაქვს საქმე, ხშირად მსხვერპლი კლასიკური ფორმით ვერ შეწყვეტს ურთიერთობას შემვიწროებელთან“.
თათია სამხარაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ორი წლის წინ, მაშინ, როდესაც გადაწყვიტა, რომ შალვა რამიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში შეეტანა საჩივარი, არ ჰქონდა იმედი, რომ საქმე მის სასარგებლოდ გადაწყდებოდა. თუმცა, დღეს ის ამბობს, რომ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა ყოველთვის ღირს: „ეს საქმე პრეცედენტულია და ის გზას უხსნის სხვა ქალებს, რომ დაიცვან საკუთარი უფლებები და იბრძოლონ სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ. ორი წლის წინ, როდესაც ჩვენ სასამართლოში დავიწყეთ ბრძოლა, მაშინ საუბარიც კი არ იყო სექსუალური შევიწროების შესახებ კანონზე. დღეს კი ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში პარლამენტი დაამტკიცებს საკანონმდებლო ცვლილებებს სექსუალური შევიწროების შესახებ. ეს არის არა მხოლოდ ჩემი გამარჯვება. ეს ქალების პოლიტიკური გამარჯვებაა“.
თათია სამხარაძის საქმე პრეცედენტულია. ის არის ერთადერთი საქმე, რომელზეც სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, მოსამართლემ დაადგინა, რომ თათია სამხარაძე დისკრიმინაციული ქმედების მსხვერპლი იყო, რადგან მას მოუწია სამსახურის დატოვება.
ამჯერად შალვა რამიშვილს აქვს საშუალება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს.