Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

6 საათი უშუქოდ - აფხაზეთში დენი ისევ გრაფიკითაა


სოხუმი
სოხუმი

აფხაზეთში საოჯახო საქმეები ისევ ელექტროენერგიის განრიგის შესაბამისად იგეგმება. მოსახლეობას დღე-ღამეში დენი 6 საათით ეთიშება. ენერგეტიკულ კრიზისს ორი ძირითადი მიზეზი აქვს - რუსეთმა აფხაზეთს დენის მიწოდება შეუმცირა, რასაც ახლა ენგურჰესის გათიშვაც დაემატა.

რამდენიმე დღის წინ ჰიდროელექტროსადგურის 8-კილომეტრიან გვირაბში კედელი ჩამოინგრა და ნამსხვრევები ტურბინების განყოფილებაში მოხვდა.

„[ამის გამო] გადაწყდა, რომ სადგურის მუშაობა დროებით შეწყდება. სარესტავრაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, 15 აპრილამდე გაგრძელდება“, - განაცხადა ენერგოკომპანია ჩერნომორენერგომ 6 აპრილს. თუმცა, ელექტროენერგიის სრული ნაკადი აფხაზეთმა რესტავრაციის დასრულების შემდეგაც შეიძლება ვერ მიიღოს, ეს ჯვრის წყალსაცავის დონეზეც იქნება დამოკიდებული.

დენის გრაფიკით მიწოდების ცნობებს აფხაზეთში ეჭვებით შეხვდნენ. მოსახლეობის ნაწილი ეჭვობს, რომ ეს დივერსია იყო, ხელისუფლება კი ენერგოინფრასტრუქტურას გასაყიდად ამზადებს.

ჩერნომორენერგო ფეისბუკში გვირაბის დაზიანებული მონაკვეთის ვიდეოს აქვეყნებს კომენტარით, რომ სადგურის თანამშრომლები დაზიანებულ მონაკვეთს ნამსხვრევებისგან წმენდენ, ბრიგადები კი სამ ცვლაში მუშაობენ.

აფხაზეთს ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება. გამონაკლისია გალის რაიონის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა. რადიო თავისუფლებასთან ისინი ჰყვებიან, რომ შუქი ზამთარში 3-ჯერ გაუძვირდათ, ზაფხულში კი 2-ჯერ. დენის საფასური კი გაიზარდა, მაგრამ შუქი ისევ გრაფიკით აქვთ.

„11 საათზე გაითიშა დღეს და პირველზე მოვიდა, საღამოს შვიდზე გაითიშება და 9-ზე მოვა, დილის ხუთზე რომ გაითიშება, შვიდზე გვექნება დენი, ჯამში 6 საათი გამოდის 24 საათში. თუ აქამდე ყოველთვე 500 რუბლს ვიხდიდით გალის რაიონის მოსახლეობა, 1500 რუბლის გადახდა მოგვთხოვეს ზამთარში და 1000 ზაფხულში და როცა ვიხდით, რატომ უნდა მოგვეწოდებოდეს ასე გაჭირვებით შუქი, არ ვიცით“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრი ქალი.

„თუ ვინმე ფიქრობს, რომ სადგური განზრახ გავაჩერეთ, ძალიან ცდება. ჩემი ინტერესია, სადგური მუშაობდეს და ფულს იღებდეს, ხელფასებს იხდიდეს, საოპერაციო ხარჯებს ფარავდეს“, - უთხრა ენგურჰესის ხელმძღვანელმა ლევან მებონიამ აფხაზურ მედიას.

მისი თქმით, რეგიონს დენს ახლა კერძო ქართული კომპანია აწვდის, თუმცა რომელი, არ უთქვამს. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისთვის უცნობია, რომელ კომპანიაზე ლაპარაკობს მებონია.

ენგურჰესის დირექტორის თქმით, „კერძო დენი“ ენგურჰესის ელექტროენერგიასთან შედარებით 6-7-ჯერ ძვირია.

„ცოტა მოითმინეთ… აპრილის განმავლობაში ამ მოცულობის ელექტროენერგია [კერძო კომპანიისთვის] იქნება დასაბრუნებელი. ენგურჰესის ამოქმედების შემდეგ, აფხაზეთში შეზღუდვები შესაძლოა გაგრძელდეს, მაგრამ არა ამ მოცულობით. სიტუაცია მარტივი არაა, ნოემბერში, დეკემბერში, იანვარში, თებერვალში მთელი ელექტროენერგია აფხაზეთს მიაქვს, საერთოდ არ მაქვს ფინანსური შემოსავალი“, - ამბობს მებონია.

დენის გრაფიკით მიწოდება აფხაზეთში 2020 წლიდან იწყება. ბოლო წლებში ენერგოკრიზისი იმდენად დამძიმდა, რომ სოხუმში ელექტროსფეროს დენაციონალიზაციაზეც ალაპარაკდნენ, რაც აფხაზებისთვის მტკივნეული საკითხია.

ენერგეტიკული კრიზისის მთავარი მიზეზი ბიტკოინების გამომუშავებაა, რომელიც აფხაზეთში 2016 წლიდან იწყება. კრიპტოვალუტის უკონტროლო გამომუშავებამ ენერგოდეფიციტი შექმნა, რის გამოც 2018 წელს მისი მოპოვება აკრძალეს.

2020 წელს ეს აკრძალვა მოიხსნა, იფიქრეს, რომ მაინინგის ლეგალიზაცია პრობლემას გადაჭრიდა, თუმცა ასე არ მოხდა და პირიქით, დენის მოხმარება ისევ 20%-ით გაიზარდა.

ენერგეტიკული დეფიციტის გამო 2 წელიწადში მაინინგი მეორედ აკრძალეს. თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ კრიპტოდანადგარები მოსახლეობას ჩამოართვეს, ხოლო დიდი ფერმები ისევ არალეგალურად აგრძელებენ მუშაობას.

ქართველი ენერგეტიკოსების თქმით, კრიპტოვალუტის მოხმარება რომ არა, 5-6 წლის წინ აფხაზეთს თავისი 40%-ის ათვისებაც კი უჭირდა.

პრობლემას ამძიმებს ისიც, რომ აფხაზეთში დღემდე არ მოწესრიგებულა მრიცხველების სისტემა და, შესაბამისად, დახარჯული დენის კონტროლიც. აფხაზეთს ერთ სულ მოსახლეზე ორჯერ მეტი მოხმარება აქვს, ვიდრე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტს.

აფხაზეთში ელექტროენერგიის საფასური საბაზრო ღირებულებასთან შედარებით ძალიან დაბალია - 1 რუბლი და 40 კაპიკი ერთი კილოვატისთვის, რაც დაახლოებით 4 თეთრია მოსახლეობისთვის და 2 რუბლი 80 კაპიკი იურიდიული პირებისთვის. ამ ფასის მიუხედავად, დენის საფასურს მომხმარებლების 40% არ იხდის.

თბილისი და სოხუმი 1990-იან წლებში ხელმოწერის გარეშე შეთანხმდნენ, რომ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული მთლიანი ენერგიის 40% აფხაზეთში უნდა წასულიყო.

ჰიდროელექტროსადგურის აგრეგატები აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელი საბერიო.
ჰიდროელექტროსადგურის აგრეგატები აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელი საბერიო.

ენგურჰესის მიერ გამომუშავებული დენი აფხაზეთს არ ჰყოფნის, განსაკუთრებით ზამთარში, რის გამოც ბოლო წლებში დეფიციტს რუსეთიდან შემომავალი ელექტროენერგიის ნაკადით ავსებდნენ, თუმცა 18 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „სოციალური ნაკადი“ დასრულდა და აფხაზეთს რუსული იაფი დენი აღარ ექნება.

  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

XS
SM
MD
LG