Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა უფრო მოუნდათ?


რუსეთის მოქალაქეების ერთი ნაწილი ქართველებს ამხნევებს და პუტინის პოლიტიკასთან ბრძოლაში სოლიდარობას უცხადებს. ამის დასტურია იმ კომენტარების შინაარსი, რომლებიც ფეისბუკსა თუ YouTube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოებს მოსდევს.

რუსოფობიის სარჩულით პრეზიდენტ პუტინის მიერ საქართველოსთვის დაწესებულ სადამსჯელო სანქციებზე რუსი ბლოგერის (Новости СВЕРХДЕРЖАВЫ) ვიდეოს - „საქართველომ პუტინი თავის ადგილას მოსვა“ (Грузия поставила Путина на место) YouTube-ზე 7 ათასამდე კომენტარი აქვს.

რუსეთის მოქალაქეების ნაწილი სწორედ რუსეთის პრეზიდენტის ჯიბრზე აპირებს საქართველოში დასვენებას.

  • "რუსებო, ყველანი დასასვენებლად საქართველოში! მადლიერებისა და საქართველოს მხარდაჭერის ნიშნად";
  • "მომიწევს წელს საქართველოში ჩავიდე... ჩემი „ზღაპრული“ პრეზიდენტის მხარდასაჭერად";
  • "დიახ, ჩვენ არ გვინდა ვიყოთ მონები! ჩვენ გვინდა ვიყოთ საქართველოსავით";
  • "როგორც მივფრინავდით საყვარელ საქართველოში, ასევე ჩავფრინდებით... „აეროფლოტს“ კრძალავს და ე.ი. ჩავფრინდებით გადაჯდომით";
  • "შემეშინდა, ცოლ-შვილით წელს ვერ დავისვენებ-მეთქი საქართველოში... ახლა დავწყნარდი. დავისვენებ";
  • "ყოჩაღ, ქართველებო, როგორც იქნა ვიღაცამ უკანალზე მისცხო ამ უგვანოებს";

რუს კომენტატორებს ქართველებიც ეხმაურებიან და საქართველოს გულწრფელ მხარდამჭერებს საქართველოში უსაფრთხო დახვედრას ჰპირდებიან. ერთ-ერთი კომენტატორი ქართული გვარით შენიშნავს: „მადლობა! ჩვენ გვინდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ - მეორე რუსეთის არსებობა, მითი არ არის“.

უკვე 12 ათასამდე რუსეთის მოქალაქემ მოაწერა ხელი პეტიციას, რომლითაც ისინი საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებას ითხოვენ. პეტიციის ადრესატია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი.

პეტიციის ავტორების აზრით, ორი ქვეყნის მოქალაქეებს მეგობრული ურთიერთობის გაგრძელების საშუალება უნდა მიეცეთ და თავად უნდა გადაწყვიტონ რომელ სახელმწიფოში ჩავიდნენ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან საქართველოსთან სამგზავრო ავიამიმოსვლა დროებით შეწყდება.

ამ გადაწყვეტილების საფუძვლად სახელდება „რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა დაცვა დანაშაულებრივი ან სხვა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან“.

„2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთის ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალებათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეთა საჰაერო გადაყვანა (მათ შორის, კომერციული)“, - აღნიშნულია დოკუმენტში. ამასთან, ტუროპერატორებსა და ტურისტულ სააგენტოებს მიეცათ რეკომენდაცია, თავი შეიკავონ საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეების გადაყვანისგან.

რუსეთის პრეზიდენტის სადამსჯელო სანქციები მოჰყვა თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის ჩაშლის ფაქტს. როდესაც საქართველოში საზოგადოებამ მწვავედ გააპროტესტა რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ ასამბლეის სხდომის წაყვანის ფაქტი, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან. გავრილოვი სრულად იზიარებს პუტინის პოლიტიკას საქართველოს ოკუპაციის შესახებ.

მწვავე პროტესტის გამო, რუსი დეპუტატების დელეგაციას დაგეგმილზე ორი დღით ადრე, სასწრაფოდ მოუწია საქართველოს დატოვება.

XS
SM
MD
LG