Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული ავიაკომპანიები საქართველოში - ვინ დარჩა მოგებული, თბილისი, მოსკოვი თუ "ჯორჯიან ეარვეისი"?


ავიაციის ბაზრის მონაცემებზე დაყრდნობით უკვე შეიძლება იმის თქმა, რა შედეგები აქვთ რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში და ვინ მოიგო რუსეთთან ფრენების აღდგენით.

შარშან, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა აღდგა.

ევროკავშირის და აშშ-ის ღიად უარყოფითი პოზიციისა და სანქციების საფრთხის მიუხედავად, მთავრობის არგუმენტი იყო, რომ რუსული ავიაცია საქართველოს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანდა და ამ შესაძლებლობაზე უარი არარაციონალური იქნებოდა.

ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2023 წლის ავიაციის ბაზრის მონაცემები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ რუსული ავიაკომპანიები 127 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ.

ამ სტატიაში გიყვებით:

  • რა შემოსავალი მიიღო საქართველომ რუსეთთან ფრენებით
  • რა სარგებელი მიიღეს რუსულმა ავიაკომპანიებმა
  • რამდენად დიდია მათი როლი საქართველოს საავიაციო ბაზარზე

2023 წელს რუსული ავიაკომპანიების წილი ჯამში მხოლოდ 3% იყო.

„ამ სტატისტიკიდანაც ჩანს, რომ რუსული ავიაკომპანიები არ არიან გადამწყვეტი საქართველოს ბაზრისთვის. 30-40% ფრენების რომ მოდიოდეს რუსეთიდან, იტყოდი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობის ბაზარია ... ასე ნამდვილად არ არის. ამავდროულად, რაც უფრო მეტი მიმართულება გაქვს, უკეთესია. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ყოველთვის იქნება გარკვეული ტიპის მიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის, თუ ეს პოლიტიკური მიზეზების გამო არ არის გაჩერებული“, - ამბობს ავიაციის ექსპერტი ირაკლი ნასიძე.

სულ ქართული აეროპორტები შარშან 6 მილიონ ადამიანზე მეტს მოემსახურნენ, აქ შიდა ფრენებით გადაყვანილი მგზავრებიც შედიან, მათგან 127-მა ათასმა იფრინა რუსული კომპანიებით.

  • Azimuth-მა – 89 804 მგზავრი გადაიყვანა
  • Red Wings-მა – 37 511

„ეს მონაცემები მთლიანი წლის შედეგებს არ ასახავს. მაისის ბოლოდან აღდგა ფრენები, გარკვეული პერიოდიც არის საჭირო, რეისი რომ შეივსოს, ბილეთები გაიყიდოს. ამიტომ ეს მონაცემები სრულ სურათს არ გვაჩვენებს. რუსული ბაზრის პოტენციალი უფრო დიდია, ვიდრე ამ სტატისტიკაშია ნაჩვენები. იგივე სიხშირე და ავიაკომპანიები რომ დარჩნენ ბაზარზე, ეს რიცხვი წელს უფრო დიდი იქნება“, - ამბობს ნასიძე.

მართალია, რუსულმა კომპანიებმა ფრენები შუა წლიდან დაიწყეს, თუმცა მათ ტურიზმისთვის და, შესაბამისად, ავიაციისთვის ხელსაყრელ ზაფხულის პერიოდში დანიშნეს პირველი რეისები.
ამ ეტაპზე რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან ფრენების უფლება გაცემულია Azimuth-სა და Red Wings-ზე, რომლებიც კვირაში 40 რეისს ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებენ.

რუსული კომპანიების გარდა მოსკოვში ქართული „ჯორჯიან ეარვეისიც“ დაფრინავს, რომლის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი მხარს უჭერდა და იწონებდა ფრენების აღდგენას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, შარშან ქართულ ავიაკომპანიას მგზავრების 120%-იანი ზრდა ჰქონდა და მეოთხე ადგილი დაიკავა ლიდერ ავიაკომპანიებს შორის.

თუ 2022 წელს კომპანია 148 612 მგზავრს მოემსახურა, 2023 წელს მონაცემები გააორმაგა - 326 873 მგზავრი გადაიყვანა.

„ჯორჯიან ეარვეისში“ არ გვითხრეს ზუსტად რამდენი მოდის რუსეთზე, მაგრამ ასეთ ზრდაში ლოგიკურად რუსეთის წილიც უნდა იყოს.

ამ ეტაპზე ავიაკომპანია თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით კვირაში 14 რეისს ასრულებს. აპრილიდან კი მოსკოვში ბათუმის აეროპორტიდანაც იფრენს. კომპანიის საიტზე ბილეთები უკვე იყიდება.

2023 წლის მონაცემებით, საქართველოში რუსეთიდან 1.8 მლნ შემოსვლაზე მეტი დაფიქსირდა, თუმცა მათგან რამდენმა ისარგებლა პირდაპირი ავიარეისებით, ზუსტად თქმა შეუძლებელია, რადგან ამ სტატისტიკას შს სამინისტრო არ აქვეყნებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის პროფესორი კორნელი კაკაჩია გვეუბნება, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენით საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთში რეპუტაციული ზიანი მიადგა. კაკაჩია ასევე იხსენებს ევროკავშირს ელჩების მიერ გამოცხადებულ დემარშს.

"ქართული ოცნებას" და განსაკუთრებით მის საგარეო პოლიტიკას ხშირად იმის გამო აკრიტიკებენ რომ ხანდახან მოკლევადიან ინტერესებს გრძელვადიან ეროვნულ ინტერესებზე მაღლა აყენებენ. ეს ფრენების შემთხვევაშიც ჩანს. როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ ძალიან კარგად უნდა უყოს აწონილი რას მოიგებ მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპერქტივაში. დარწმუნებული ვარ, ეს არ გაკეთებულა. გასაგებია, რომ ეს ერთი კომპანიისთვის შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ ის თანხვედრაში უნდა იყოს სახელმწიფო ინტერესებთან", - ამბობს კაკაჩია.

რუსულ სამოქალაქო ავიაციას პრობლემები აქვს - რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის Siberia.Realii-ის გამოთვლებით, 2023 წლის დეკემბერში რუსული კომპანიების თვითმფრინავები თითქმის იმდენჯერ გამოვიდა მწყობრიდან, რამდენჯერაც მთელი 2022 წლის განმავლობაში.

მიზეზი ძირითადად დასავლეთის სანქციებია. ევროკავშირმა აკრძალა ავიაციასთან დაკავშირებული ტექნიკის, მათ შორის სათადარიგო ნაწილების რუსეთში ექსპორტი. რუსეთს მომსახურება შეუწყვიტეს უდიდესმა დასავლურმა საავიაციო კომპანიებმა Boeing-მა და Airbus-მა. არადა, 2021 წლის ბოლოსთვის უცხოური თვითმფრინავები რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ფლოტის (801 თვითმფრინავი) 70%-ს შეადგენდა, მათ შორის 298 Airbus-ი, 236 - Boeing-ი იყო.

ექსპერტები ამბობდნენ, რომ ასეთ პირობებში რუსეთის ავიაციას არა მხოლოდ საერთაშორისო ფრენები, არამედ შიდა რეისების შესრულებაც გაურთულდება. სააგენტო Reuters-ის დათვლებით, ომის შემდეგ სანქცირებული რუსული ავიაციის სექტორი რომ არ გაჩერებულიყო, რუსეთის ხელისუფლებამ დარგის სუბსიდირებასა და სესხებზე ბიუჯეტიდან დაახლოებით 12 მილიარდი დოლარი დახარჯა.

საქართველოში ძირითადად უცხოური ავიაკომპანიები დაფრინავენ და ბაზარიც საკმაოდ მრავალფეროვანია, 40-ზე მეტი ავიაკომპანიით. უკვე რამდენიმე წელია, ყველაზე მეტი მგზავრი ბიუჯეტურ Wizz air-ს გადაჰყავს, რომლის მთავარი კონკურენტი ქართულ ბაზარზე Turkish Airways-ია.

კორნავირუსმა ტურიზმთან ერთად ყველაზე მეტად ავიაცია დააზარალა, არადა, პანდემიამდე ქართული საავიაციო ბაზარი მზარდი იყო, ემატებოდა ახალი რეისები, იზრდებოდა მგზავრების ნაკადი. განსაკუთრებით ქუთაისის აეროპორტში, რადგან Wizz air-ი ევროპის ახალ მიმართულებებს იქიდან ამატებდა.

შარშან, პანდემიამდელ მაჩვენებელთან დაბრუნება თბილისის და ბათუმის აეროპორტებს ცოტა დააკლდათ, თუმცა მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდა ქუთაისის აეროპორტს, რომელმაც თავისივე რეკორდი მოხსნა.

XS
SM
MD
LG