Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსუდან მაისურაძე: „სანამ სასამართლოს მივმართავდით, Netflix-ს ვთხოვეთ, ნონა გაფრინდაშვილისთვის ბოდიში მოეხადა”


რუსუდან მაისურაძე
რუსუდან მაისურაძე

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ის წინააღმდეგ - სასამართლო დავა, რომელიც მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ აღმოჩენილი შეცდომების გამო წამოიწყო, იურიდიული კუთხით კომპანია BLB-იმ მოამზადა. ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის ინტერესს სწორედ BLB იცავს, ერთ ამერიკულ იურიდიულ კომპანიასთან ერთად. სარჩელი კალიფორნიის შტატის სასამართლოში 16 სექტემბერს შეიტანეს და ფილმის შემქმნელებისგან, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, ხუთ მილიონ დოლარს ითხოვენ.

გაფრინდაშვილის ინტერესების დამცველები დარწმუნებულნი არიან, რომ Netflix-ს შეცდომა არ დაუშვია. სიმართლე მიზანმიმართულად დაამახინჯა და ამით საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო ქალი სპორტსმენი დაამცირა. სერიალის ფინალურ ეპიზოდში, კომენტატორი ნონა გაფრინდაშვილზე ამბობს, რომ ის მსოფლიოს ჩემპიონია ქალთა შორის, მაგრამ მამაკაცებს არასდროს დაპირისპირებია.

- „ნონა გაფრინდაშვილს მამაკაცების წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია და ეს იმ ნოველაშიც ეწერა, რომელიც ფილმის შემქმნელებმა სცენარად გამოიყენეს. სამწუხაროდ, მაყურებელს მაინც ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს“ - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში BLB-ის პარტნიორმა რუსუდან მაისურაძემ.

- სერიალის გამოსვლიდან თითქმის წელიწადია გასული. რატომ გადაწყვიტეთ, ახლა სარჩელის შეტანა და არა შარშანვე?

- „ლაზიერის გამბიტი“ შარშან, შემოდგომის ბოლოს გავიდა ეთერში. ნონა გაფრინდაშვილმა მაშინვე განაცხადა საერთაშორისო გამოცემებთან ინტერვიუებში, რომ შეურაცხყოფილი იყო. Netflix-მა გარდა იმისა, რომ დამახინჯებული სახით მიაწოდა მაყურებელს ინფორმაცია, თითქოს მსოფლიოს ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი მამაკაცებს არასოდეს დაპირისპირებია, ლეგენდარული მოჭადრაკე ფილმში რუს სპორტსმენად მოიხსენია. ჩვენი კომპანია საქმეში მალევე - იანვრიდან ჩაერთო. შევისწავლეთ ყველა დეტალი და მას შემდეგ, რაც სარჩელის შეტანა გადავწყვიტეთ, ერთ ძალიან ცნობილ ამერიკულ იურიდიულ კომპანიას დავუკავშირდით.

- საქმეში ამერიკელი იურისტების ჩართვამდე თავად არ გიცდიათ Netflix-თან კომუნიკაცია?

- სწორედ ამით დავიწყეთ - დავუკავშირდით Netflix-ს. ვთხოვეთ, შეცდომები გაესწორებინათ და ნონა გაფრინდაშვილისთვის ბოდიში მოეხადათ. დიდხანს არ გვპასუხობდნენ. მერე წერილობით შეგვატყობინეს, რომ არც რამის შეცვლას აპირებდნენ და არც ბოდიშს მოიხდიდნენ. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ სასამართლოსთვის მიგვემართა. ნონა გაფრინდაშვილის მოთხოვნით ამერიკულ კომპანიასთან მათსავე ქვეყნის სასამართლოში უნდა გვებრძოლა. სარჩელი 16 სექტემბერს შევიტანეთ კალიფორნიის შტატის სასამართლოში.

- ეს სიმართლის მიზანმიმართულად დამალვის და დამახინჯების შემთხვევაა? ხომ შეიძლება უბრალოდ შეცდომა იყოს...

- მთელი რიგი მტკიცებულებები და ფაქტები ადასტურებს, რომ ეს იყო შეგნებულად გავრცელებული ტყუილი და ამ ნაბიჯით ფილმის შემქმნელებმა მტკივნეული დარტყმა მიაყენეს ლეგენდარულ სპორტსმენს. ნოველაში, რომლის მიხედვითაც ეს სერიალი გადაიღეს, აბსოლუტურად გარკვევით წერია, რომ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი მამაკაცების წინააღმდეგაც თამაშობდა. ფილმში მთლიანადაა გადატანილი ნოველის ტექსტი. შეცვლილია მხოლოდ ერთადერთი ფრაზა. ასეთი რამ შემთხვევით ნამდვილად არ ხდება. მათ შეგნებულად დააკნინეს დიდი ჩემპიონის როლი. აქვე ერთი საინტერესო ფაქტიც, Netflix-მა, „ლაზიერის გამბიტზე“ მუშაობისას დაიხმარა რამდენიმე პროფესიონალი მოჭადრაკე. ერთ-ერთი კონსულტანტი იყო ლეგენდარული გარი კასპაროვი, რომელიც პირადად იცნობს ნონა გაფრინდაშვილს და ისიც იცის, რომ ნონა მამაკაცთა ტურნირებში საკმაოდ ხშირად იღებდა მონაწილეობას.

- რა ინტერესი უნდა ჰქონოდა Netflix-ს, როდესაც ქართველ ჩემპიონზე ცრუ ინფორმაციის გავრცელება გადაწყვიტა?

- ფილმის შემქმნელებმა დამახინჯებული ინფორმაცია ბოლო სერიაში გაავრცელეს, „ლაზიერის გამბიტის“ მთავარი გმირის მიღწევის კიდევ უფრო მკვეთრად გადმოსაცემად, მაგრამ ეს ნაბიჯი გადადგეს სხვისი დამცირების ხარჯზე.

- ალბათ მეორე მხარეს ექნება არგუმენტი, რომ საუბარია სერიალზე და არა დოკუმენტურ ფილმზე. შესაბამისად, რეალობიდან გადახვევა და ფაქტების გადაკეთება თავისუფლად შეეძლოთ...

- ეს არგუმენტი დამაჯერებელი იქნებოდა, თუკი სერიალში, სადაც ყველა გამოგონილი პერსონაჟია, მხოლოდ ერთ რეალურ ადამიანს არ ჩართავდნენ და მასაც მარტო იმიტომ, რომ მისი მიღწევა მაყურებლისთვის დამახინჯებულად მიეწოდებინათ. ხომ შეეძლოთ საერთოდ არ ეხსენებინათ ნონა გაფრინდაშვილი და მის ნაცვლადაც გამოგონილი სახელი და გვარი ეთქვათ?!

- ნეტფლიქსისგან ხუთ მილიონს ითხოვთ...

- მორალური ზიანისთვის მოსათხოვი თანხის ოდენობა ამერიკელი იურისტების კონსულტაციით განისაზღვრა. ესაა მინიმუმი, რაც მსგავსი შინაარსის საქმეზე შეიძლება მოგვეთხოვა.

- სარჩელი შეტანილია. ახლა როგორ გაგრძელდება საქმე, რას ველით?

- კომპანია BLB შინაარსობრივ ნაწილში აქტიურად იყო ჩართული, ამერიკულ იურიდიულ კომპანიასთან ერთად. ახლა უკვე ისინი აკონტროლებენ პროცესის მიმდინარეობას და როგორც ვიცი, მაქსიმუმ ორ თვეში უნდა გამოიკვეთოს საქმის მიმართულება. მოლოდინი, რა თქმა უნდა, პოზიტიურია. მტკიცებულებები სახეზეა და აშკარად ჩანს, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა.

- თავად ნონა გაფრინდაშვილი რა დონეზეა ჩართული მიმდინარე პროცესში?

- ქალბატონი ნონა ჩვენ გვენდო. თავიდანვე გვითხრა, რომ თუ ბრძოლას ვიწყებთ, აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. მისთვის ეს თემა ისედაც მტკივნეულია და მაქსიმალურად ვარიდებთ თავს მის შეწუხებას.

  • 16x9 Image

    ოთარ მაღლაკელიძე

    სპორტული ჟურნალისტი. ბლოგერი. აშუქებს ქართული და უცხოური სპორტის ამბებს. არის ქართველ სპორტსმენთა შესახებ გამოცემული ოთხი წიგნის ავტორი; ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის. 2012-2017 წლებში იყო „თავისუფლების დილის“ თანაწამყვანი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან.

XS
SM
MD
LG