Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და ყირიმი. ანუ, როგორ აღიარო ის, რასაც თავგამოდებული უარყოფდი


2014 წლის 27 თებერვლის გარიჟრაჟზე მწვანეუნიფორმიანმა შეიარაღებულმა პირებმა, რომელთაც ამოსაცნობი ნიშნები არ ჰქონდათ, შტურმით აიღეს რეგიონული პარლამენტი სიმფეროპოლში და შენობაზე რუსეთის დროშა აღმართეს.

შტურმი ერთ დღეში მოჰყვა შენობასთან მდებარე მოედანზე მომხდარ შეხლა-შემოხლას რუსეთის მომხრე და მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს შორის. ისინი სხვადასხვაგვარად ხედავდნენ ნახევარკუნძულის მომავალს მას შემდეგ, რაც წინა დღეს კიევიდან, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, გაიქცა კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ასეთივე ფორმაში გამოწყობილმა სამხედროებმა აიღეს მთელი ყირიმი. მათ ალყა შემოარტყეს უკრაინის სამხედრო ბაზებსა და დაიპყრეს სტრატეგიული ობიექტები. აშკარა გახდა, რომ ამას რუსეთის არმია აკეთებდა. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ეს პირდაპირ კამერის წინ თქვა.

მაგრამ მიუხედავად აშკარა მტკიცებულებებისა, რომ სამხედროები, რომელთაც „მწვანე კაცუნები“ შეარქვეს, მოსკოვს ექვემდებარებიან, რუსეთი დაჟინებით უარყოფდა, ან ჩქმალავდა მათ წარმომავლობას და როლს ყირიმის ანექსიაში.

რუსეთმა მათ უწოდა „თავდაცვის ძალები“, რომლებიც ადგილობრივმა მოსახლეობამ შექმნა, თითქოსდა, ნახევარკუნძულის რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ უკრაინელი ულტრანაციონალისტების მუქარის გამო.

მხოლოდ მოგვიანებით მოიგონეს განსხვავებული სიტყვები.

საყურებელი აქ არაფერია

ყირიმის პარლამენტისა და მთავრობის შენობის ხელში ჩაგდების შემდეგ, შენიღბული რუსი ჯარისკაცები სიმფეროპოლის აეროპორტს მიადგნენ. იქვე ხალხი შეკრებილიყო, და ჯარისკაცების წარმომავლობაში, როგორც ჩანს, ეჭვი არ ეპარებოდა ქალს, რომელიც აღტაცებული იძახდა: რუსეთი! რუსეთიო!

მაგრამ იმავე დღეს ევროკავშირში რუსეთის ელჩმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში გამოაცხადა, აეროპორტში რუსი ჯარისკაცები არ არიანო. „იქ საერთოდ არ არიან ჯარისკაცები, ყოველ შემთხვევაში, რუსი ჯარისკაცები“, მშვიდად თქვა ვლადიმირ ჩიჟოვმა.

რამდენიმე დღეში, ყირიმის მოვლენებზე საჯაროდ პირველად საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ჰკითხეს, რუსი ჯარისკაცები არიან თუ არა შეიარაღებული პირები, რომლებიც ბლოკავენ უკრაინელ ჯარისკაცებს მათსავე სამხედრო ბაზებზე ყირიმში.

წინა დღეებში ასეთ ბლოკადებში რუსი ჯარისკაცების აშკარა როლის მიუხედავად, პუტინმა პასუხად თქვა: ისინი თავდაცვის ადგილობრივი ძალები იყვნენო.

იმავე დღეს უკრაინელმა ჟურნალისტმა „იუტუბზე“ გამოაქვეყნა ერთ-ერთ „მწვანე კაცუნასთან“ საუბრის ვიდეოჩანაწერი. ის აღიარებს, რომ რუსეთიდანაა.

„სრული სისულელე“, - ასეთი იყო რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს პასუხი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია-ნოვოსტის“ კორესპონდენტის შეკითხვაზე ჯარისკაცების შესახებ, რომლებიც თავს რუსებად მოიხსენიებენ.

იმავე პერიოდში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მადრიდში პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ყირიმში „პრორუსული ძალები“ არ ექვემდებარებიან მოსკოვს, ხოლო სევასტოპოლში რუსეთის სამხედრო ბაზის პერსონალი დისლოკაციის ადგილებზე რჩება.

რაღაცნაირი აღიარება

რამდენიმეკვირიანი უარყოფის შემდეგ რუსეთმა ფირფიტა შეცვალა. ამას ხელი შეუწყო სეპარატისტების რეფერენდუმმა, რაც მოსკოვმა გამოიყენა ყირიმის ანექსიის ოფიციალურად გასაფორმებლად. გაეროს გენერალური ასამბლეის წევრებიდან ასი ქვეყანა არ ცნობს რეფერენდუმის კანონიერებას.

რუსეთთან ყირიმის მიერთების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დღეს, პუტინის პრესმდივანი ბიბისისთან ინტერვიუში ირწმუნებოდა, რომ „ყირიმის თავდაცვის რაზმები“ არ აძლევენ „ზოგ“ უკრაინელ ჯარისკაცს ბაზების დატოვების უფლებას. თუმცა, დმიტრი პესკოვმა აღიარა, რომ რუსი ჯარისკაცები აკონტროლებენ ყირიმის, სულ ცოტა, რამდენიმე რაიონს - კერძოდ, ნახევარკუნძულის საზღვარს უკრაინის დანარჩენ ტერიტორიასთან.

10 დღის შემდეგ პუტინმა კრემლში ასე მიმართა არმიის ხელმძღვანელობას: „მადლობას ვუხდით შავი ზღვის ფლოტის, ყირიმში განთავსებული სხვა ნაწილებისა და ქვედანაყოფების სარდლობასა და სამხედრო მოსამსახურეებს გამძლეობისათვის, სიმამაცისათვის, ზუსტი და პროფესიონალური ქმედებებისათვის, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს პროვოკაციების თავიდან აცილება, არ დაუშვეს სისხლისღვრა, უზრუნველყვეს რეფერენდუმის მშვიდობიანად და თავისუფლად ჩატარება“.

ერთ თვეში პუტინმა საჯაროდ აღიარა, რომ რეფერენდუმის წინ ნახევარკუნძულზე მოქმედებდნენ რუსეთის ჯარები.

2014 წლის 17 აპრილს ყოველკვირეულ ტელეშოუში „პირდაპირი ხაზი ვლადიმირ პუტინთან“, მან უპასუხა პირდაპირ შეკითხვას „მწვანე კაცუნებზე“: „ყირიმის თავდაცვის ძალების ზურგს უკან, რასაკვირველია, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები იდგნენ. ისინი მოქმედებდნენ ძალიან კორექტულად, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, გადაჭრით და პროფესიონალურად.“

მართალია, ჩვენ ვიყავით

რუსეთმა ანექსიიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეწყვიტა თავის მოკატუნება, რომ არ მონაწილეობდა ყირიმის შეიარაღებულ დაპყრობაში. 2015 წლის მარტში სახელმწიფო ტელეარხზე აჩვენეს დოკუმენტური ფილმი პუტინის მონაწილეობით, რომელიც იხსენებს, როგორ გაჩნდა ყირიმის დაპყრობის სურვილი მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩმა ძალაუფლება დაკარგა.

მან დასძინა, რომ არმიასა და სპეცსამსახურებს დაავალა უკრაინის პრეზიდენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 2014 წლის 22 თებერვალს კიევიდან გაქცევის შემდეგ, იანუკოვიჩი სამხრეთ რუსეთში აღმოჩნდა.

ფილმში „ყირიმი: გზა სამშობლოსაკენ“ პირდაპირ ამბობენ, რომ „მწვანე კაცუნები“, რომლებმაც ყირიმის მთავრობის შენობები, აეროპორტები და სხვა ობიექტები დაიპყრეს, რუსი ჯარისკაცები იყვნენ.

სიმფეროპოლის აეროპორტი, სადაც, ევროკავშირში რუსეთის ელჩის ვლადიმირ ჩიჟოვი როგორც ირწმუნებოდა, არ იმყოფებოდნენ რუსეთის ჯარები, შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ქვეითებმა დაიპყრეს. ამის შესახებ ფილმში ამბობენ.

ფილმში ნათქვამია ისიც, რომ პუტინმა რუსეთიდან ყირიმში გააგზავნა ათასობით ჯარისკაცი და ოფიცერი და ამტკიცებენ, რომ ეს კანონიერად მოხდა, რადგან სამხედროების საერთო რაოდენობა არ აღემატებოდა 25 ათას ადამიანს, რაც განსაზღვრული იყო ორმხრივი ხელშეკრულებით. თუმცა, ამავე დოკუმენტით, რუსეთს უკრაინის თანხმობა უნდა მიეღო სევასტოპოლის სამხედრო ბაზის მიღმა ჯარების გადაადგილებაზე და დაუშვებელი იყო „ჩარევა უკრაინის საშინაო საქმეებში“.

პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთის ჯარების შეყვანა გადაწყდა უკრაინელი ნაციონალისტებისაგან ადგილობრივი, უმეტესწილად, რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად და რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის შეტაკებების თავიდან ასაცილებლად.

რუსეთის პრეზიდენტს მიეცა შესაძლებლობა, საჯაროდ განემარტა ყირიმში სამხედრო მოსამსახურეთა წარმომავლობის შესახებ თავისი შეხედულების შეცვლის მიზეზი. ავსტრიელმა ჟურნალისტმა არმინ ვოლფმა მას რამდენიმეჯერ დაუსვა შეკითხვა „მწვანე კაცუნებზე“, მაგრამ პუტინმა არ მოისურვა საკუთარ ურთიერთსაწინააღმდეგო გამონათქვამებზე მსჯელობა.

ვლადიმირ პუტინი, არმინ ვოლფი
ვლადიმირ პუტინი, არმინ ვოლფი

ამის ნაცვლად, მან დაგმო „შეიარაღებული გადატრიალება“ კიევში და აღნიშნა: „ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა“ შესაძლებელი გახადეს ყირიმში მცხოვრებთა „ნების გამოხატვაო“.

ვოლფმა პუტინს უთხრა: „მოგვიანებით თქვენ მართლაც აღიარეთ, რომ ყირიმში რუსეთის არმია იმყოფებოდა, მანამდე კი ამას უარყოფდით“. პუტინის პასუხი: „არაფერს უარვყოფდი. იქ ყოველთვის იყო რუსეთის არმია“.

ინტერვიუს ტექსტში, რომელიც კრემლის საიტზე გამოქვეყნდა, გამოტოვებულია სიტყვები „არაფერს უარვყოფდი“.

XS
SM
MD
LG