ასეთი ვიდეოების „ნამდვილად თავზარდამცემი რაოდენობა“ გავრცელდა 17-19 სექტემბერს მიმდინარე საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების პირველ დღეს - წერს აშშ-ში დაფუძნებული პოლიტიკის ანალიტიკოსი, ანდრას ტოთ-ციფრა ტვიტერით. ვიდეოების ამტვირთავი პირების მიერ გამოთქმული ბრალდებების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ ხერხდება.
ეს ვიდეო ბრიანსკის ოლქში, 475-ე საარჩევნო უბანშია გადაღებული და ასახავს პირს, რომლის სახეც ნაწილობრივ ქურთუკითაა დაფარული და რომელიც საარჩევნო ყუთში სულ მცირე თორმეტ ბიულეტენს ყრის.
პირმა, რომელმაც ვიდეო ტვიტერზე ატვირთა, ყუთში ბიულეტენების ჩამყრელი ადამიანი დაასახელა საარჩევნო უბნის კომისიის წევრად.
Mediazona-ის თანახმად, ამ უბანზე კომუნისტური პარტიის დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ ბიულეტენების მთლიან რაოდენობას იქ კიდევ სულ მცირე 300 დამატებითი ბიულეტენი დაემატა.
ასევე ბრიანსკის რეგიონში, 131-ე საარჩევნო უბნიდან კომუნისტურმა პარტიამ ატვირთა ვიდეო, რომელიც თითქოს აჩვენებს როგორ ყრის საარჩევნო უწყების წარმომადგენელი პირი ბიულეტენებს ყუთში.
სანქტ-პეტერბურგში მომუშავე დამკვირვებელმა გაავრცელა ახალგაზრდა კაცის ვიდეო, რომელიც 1615-ე საარჩევნო უბანზე ყუთში რვა ბიულეტენის ჩაყრას ცდილობს. მას შემდეგ, რაც ეს კაცი ამ აქტის დროს დამკვირვებლებმა გამოიჭირეს, ის უბნიდან პოლიციამ გაიყვანა.
18 სექტემბერს არჩევნებზე იმავე დამკვირვებელს რამდენიმე „პროვოკატორი“ შეხვდა 1641-ე უბნის გარეთ. დამკვირვებლის თქმით, ამ პირებმა ერთმანეთთან ჩხუბი დაიწყეს, და პოლიციამ ისინიც და თავად დამკვირვებელიც სწრაფად დააკავა.
ასევე სანქტ-პეტერბურგში, 2189-ე საარჩევნო უბანში გადაღებული ვიდეო გაავრცელა
Dozhd TV-მა, რომელშიც ჩანს, როგორ აჩერებს პოლიცია ქალს, რომელსაც ჩანთაში დიდი რაოდენობით ბიულეტენები უდევს. ტელეკომპანიის კორესპონდენტი მანამდე იუწყებოდა, რომ დაინახა ეს ქალი როგორ ელაპარაკებოდა საარჩევნო უბნის უფროსს და შემდეგ ისინი ერთად ჩასხდნენ მანქანაში.
სანქტ-პეტერბურგის 1809-ე უბანზე გადაღებული ვიდეო თითქოს აჩვენებს კაცს, რომელიც უბნის თანამშრომლების თვალწინ ბევრ ბიულეტენს ათავსებს საარჩევნო ყუთში. თანამშრომლები ამაზე არ რეაგირებენ, ისინი ამ კაცს ბოლოს მხოლოდ გასასვლელისკენ მიასწავლიან გზას.
ვიდეო გაავრცელა პარტია იაბლოკოს პატიმრობაში მყოფი კანდიდატის, ანდრეი პივოვაროვის ტვიტერის ანგარიშმაც. ეს ვიდეო მოსკოვის ბალაშიხის ოლქში, 3667-ე უბანზეა გადაღებული და აჩვენებს საარჩევნო უწყების თანამშრომელს, რომელიც ახალგაზრდა კაცს ჯიხურში შესვლამდე დიდი რაოდენობით ბიულეტენებს გადასცემს.
კიდევ სხვა ვიდეოში იგივე თანამშრომელი ბევრ ბიულეტენს აძლევს ქალს, მაშინ, როცა ფარდიდან გამოდის სხვა ახალგაზრდა კაცი და ყუთში შვიდ ბიულეტენს ყრის.
პივოვაროვის ანგარიშზე იმავე საარჩევნო უბნიდან კიდევ ორი ვიდეო აიტვირთა და ორივე მათგანი თითქოს აჩვენებს ყუთში რამდენიმე ბიულეტენის ჩაყრის პროცესს.
სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატობის მოსკოველმა კანდიდატმა, მიხაილ ლობანოვმა ფეისბუკით გაავრცელა ბიულეტენებით სავსე ყუთის ფოტო მოსკოვის 3487-ე საარჩევნო უბნიდან და დაწერა, რომ ნახა ყუთში ბიულეტენების ჩაყრის პროცესი და პოლიციაც გამოიძახა.
მეორე დღეს მან ატვირთა ვიდეო რეგიონული საარჩევნო კომისიის სხდომიდან, რომელზეც მისი საჩივარი უარყოფილ იქნა. ლობანოვი წერს, რომ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც, როგორც იუწყებიან, ბაშკირეთის რეგიონში, 1660-ე საარჩევნო უბანზეა გადაღებული, ასახავს ორ ახალგაზრდა ქალს, რომლებიც ერთი მეორის მიყოლებით ყრიან ბიულეტენებს ყუთში.
როგორც ჩანს, ასევე ორი ქალის მიერ ათობით ბიულეტენის ჩაყრის აქტს აჩვენებს სარატოვის ოლქში, 550-ე საარჩევნო უბანზე გადაღებული ვიდეო. რეგიონში კომუნისტურმა პარტიამ ამ ინციდენტს „კიდევ ერთი კრიმინალური აქტი“ უწოდა.
რუსეთის მიერ კონტროლირებულ უკრაინის ქალაქ სევასტოპოლის 98-ე უბანზე გადაღებული ვიდეო ასევე აჩვენებს ადამიანთა ჯგუფს - როგორც ჩანს, საარჩევნო უბნის თანამშრომლებს - რომლებიც ორ ყუთში ბევრ ბიულეტენს ყრიან, იქვე ახლოს მჯდომი ქალი კი ამ პროცესს უბრალოდ თვალს ადევნებს.
რუსეთში არჩევნები მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა ვლადიმირ პუტინის ძალაუფლების ერთ-ერთი მთავარი საყრდენის, მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის“ პოპულარობა ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა, სახელმწიფო ახორციელებს მასშტაბურ ზეწოლას ოპოზიციის კანდიდატებზე, დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებზე და მედიაზე.
ანალიტიკოსების თქმით, კრემლის მთავარი მიზანია ერთიანმა რუსეთმა 450-ადგილიან სახელმწიფო სათათბიროში შეინარჩუნოს საკონსტიტუციო, ორი მესამედისგან შემდგარი უმრავლესობა.