Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინელი ბავშვები ქრებიან


2022 წლის 23 ოქტომბერს რუსეთის მიერ კონტროლირებადი ხერსონიდან ბავშვები ავტობუსით ოკუპირებულ ყირიმში მიჰყავთ.
2022 წლის 23 ოქტომბერს რუსეთის მიერ კონტროლირებადი ხერსონიდან ბავშვები ავტობუსით ოკუპირებულ ყირიმში მიჰყავთ.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრა, რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიიდან 13 ათას ბავშვზე მეტი გაიყვანა. კიდევ 330 უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ეს არის მონაცემები ეროვნული საინფორმაციო ბიუროსი, რომელიც გატაცებულების, ტყვეებისა და უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი მოქალაქეების საქმეებს განიხილავს.

უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ მონაცემები არასრულია.

როდესაც ხერსონი ოკუპირებული იყო, ოკუპანტებს ბავშვები ვითომ დასასვენებლად რუსეთში ან მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიჰყავდათ, ხანდახან მთელი კლასიც კი. ხერსონის რეგიონის ბავშვთა სახლებში ერთი ბავშვიც კი არ დარჩა. რუსეთში ამას „ბავშვების საფრთხისგან გარიდებას“ უწოდებენ.

ქალაქის ექიმები შეეცადნენ ბავშვების რუსეთში გაყვანისგან დახსნას. ისინი მათი ავადმყოფობების ისტორიებს აყალბებდნენ. წერდნენ, რომ პატარებს კრუნჩხვები, სისხლდენა და სხვა მძიმე დაავადებები აწუხებდათ, რომ ძალიან სუსტები იყვნენ ტრანსპორტირებისთვის. ბავშვები, რომლებმაც მშობლები დაკარგესმ ბავშვთა სახლებში აღარ მიჰყავდათ.

პატარა ანდრეი და კიდევ ათი ჩვილი სწორედ ასეთი ბავშვები არიან. ისინი ომის გამო დაობლდნენ, მაგრამ ღვთის ამარა არ დარჩენილან. მათ ახლა ხერსონის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმები და ექთნები უვლიან.

„მათი ბავშვთა სახლში გადაყვანის გვეშინოდა, ვინც ჩვენთან მკურნალობდა, ყველა ჩვენ დავიტოვეთ, - ჰყვება ოლგა პილიარსკაია, საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების უფროსი, - ბავშვთა სახლი მთლიანად რუსეთში გაიტანეს, ესენი კი დარჩნენ. ყველანაირად ვცდილობდით, ისინი არ გამოგვეჩინა“.

პილიარსკაია ჰყვება, რომ ოკუპანტები მათ ძალიან მკაცრად სთხოვდნენ პასუხს ბავშვების დაბადების მოწმობების გაფორმებასთან დაკავშირებით. ექიმები სიცოცხლეს სწირავდნენ, რომ ბავშვები დეპორტაციისგან ეხსნათ. „ძალიან სერიოზული კითხვები ჰქონდათ. მათ ბავშვები სჭირდებათ“, - ამბობს ის.

ხერსონში იმასაც აღიარებენ, რომ გატაცებისგან ბევრი ვერ დაიხსნეს. ბავშვთა სახლებიდან ბავშვები მთლიანად წაიყვანეს რუსეთში. სკოლის მოსწავლეებიც კი მიჰყავდათ, რომლებსაც მშობლები ჰყავთ.

„ჩვენთან ხერსონში არც ერთ ბავშვთა სახლში ბავშვი აღარაა. ყველანი ოკუპანტებმა წაიყვანეს, - ჰყვება გალინა ლუგოვაია, ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, - არც ამ ბავშვების ბედი ვიცით, არც იმათი, ვინც საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მიჰყავდათ. ისინი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე წაიყვანეს ვითომ „გამაჯანსაღებელი“ ღონისძიებისთვის. მაგრამ მშობლებს მოსთხოვეს ბავშვებისთვის დაბადების მოწმობები გაეტანებინათ, ორიგინალები. ეს ჩვენი, უკრაინელი ერის განადგურება იყო“.

ლუგოვაია ამბობს, რომ გატაცებული ბავშვების ზუსტი რაოდენობა უცნობია: „სადღაც 1000 ბავშვი ნამდვილად იქნება. სიები ჰქონდათ, მთელი კლასები გაჰყავდათ“.

Associated Press-ის მონაცემებით, რუსეთი უკრაინელ ბავშვებს რუსულ ოჯახებს აძლევს გასაზრდელად. რუსეთში ამას არ უარყოფენ. ომის შემსწავლელ ინსტიტუტში ამ ქმედებას ოკუპირებული ტერიტორიის მიზანმიმართულ დეპოპულაციას უწოდებენ.

XS
SM
MD
LG