Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედია იარაღია - ბრძოლა არჩევნებში გამარჯვებისთვის დაწყებულია


ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „რუსთავი2“ - ის საკითხზე გამოტანილი გადაწყვეტილებიდან 20 დღეც კი არ გასულა, თუმცა უკვე ნათელია, რომ ერთი ტელევიზიის დახურვისა თუ სახეცვლის მცდელობას უკვე მოჰყვა 2 ახალი ტელევიზიის გახსნის განზრახვა.

„რუსთავი 2 იარაღია - როცა გართმევენ ერთს, უნდა მოიმარჯვო მეორე“, - ეს ფრაზა, ტელეკომპანიის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თავის ერთ-ერთ ვიდეომიმართვაში თქვა. ამ ვიდეომიმართვას მოჰყვა ფეისბუკპოსტი და განაცხადი ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ. სატელევიზიო სივრცეში დაგეგმილი სიახლეების ქრონოლოგიაში კი ჯერჯერობით ბოლოა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის დასტური იმაზე, რომ აპირებს საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას და შესაბამისად, ახალი ტელევიზიის გახსნას.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ არჩევნებამდე მედიაში პოლიტიკური ინტერესების გადალაგების პროცესი სხვადასხვა ფორმით კვლავ გაგრძელდეს, თუმცა ფაქტია ის, რომ „რუსთავი2“ - ის, როგორც გავლენიანი პოლიტიკური იარაღის ხელში ჩასაგდებად ბრძოლას, ორი ახალი ოპოზიციური არხის გაჩენა პოტენციურად უკვე მოჰყვა.

მედია საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე

ქართული მედია ყოველთვის გამოირჩეოდა პოლიტიზირებითა და პოლარიზებით, პიკი კი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო, - გვითხრა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მედიაპროგრამის მენეჯერმა მამუკა ანდღულაძემ. მისი თქმით, „რუსთავი2“ - ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ შექმნილმა ვითარებამ ბიძგი უკვე მისცა ახალ მედიარეალობას.

მამუკა ანდღულაძე
მამუკა ანდღულაძე

​მამუკა ანდღულაძე ფიქრობს, რომ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ახალი ტელევიზიებისთვის თავის დამკვიდრება იოლი არ იქნება, ანუ:

  • მაუწყებლობის შექმნა კანონით აკრძალული არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია, მას ჰქონდეს ეთიკურ, პროფესიულ სტანდარტებზე დაფუძნებული სარედაქციო პოლიტიკა
  • არჩევნებამდე ერთი წლით ადრე უმძიმესი გამოწვევად რჩება ტრადიციის გაღრმავებისა და პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული ტელევიზიების შექმნის რისკი
  • დიდი დროა საჭირო იმისთვის, რათა ახალმა ტელევიზიებმა ბაზარზე ნდობისა და რეიტინგის მოპოვება შეძლონ
  • მნიშვნელოვანია სარეკლამო ბაზარზე დაკვირვებაც, რადგან აქამდე სარეკლამო შემოსავლების 70 %-ზე მეტი მხოლოდ „რუსთავი 2“ - სა და „იმედზე“ მოდიოდა.

მამუკა ანდღულაძე აღნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა შეიცვალოს ხელისუფლების ცდუნებაც, თავისი მიზნების მისაღწევად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი. მისი დაკვირვებით, მიმდინარე პროცესებზე ხელისუფლებაც სათანადოდ რეაგირებს და გარკვეულ გადაჯგუფებებს საკუთარ ფლანგზეც ახორციელებს - ამგვარ ცვლილებათა რიგშია, სავარაუდოდ, ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის შეცვლა. მამუკა ანდღულაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება თავისი დომინანტური პოზიციის შენარჩუნებას შეეცდება როგორც ტრადიციულ, ასევე არატრადიციულ და ახალ მედიაში.

პოლიტიკური დღის წესრიგი და ახალი ტელევიზიები სავარაუდო პარტიული კუთვნილებით

ახალი ტელევიზიები ქართულ მედიასივრცეში, წინასწარი განაცხადების თანახმად, შემოდგომიდან შემოვლენ. მათი პოტენციური დამფუძნებლების საჯარო განმარტებებით, ამ დაანონსებული ტელევიზიებიდან ერთი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იქნება აფილირებული, მეორე კი „ევროპულ საქართველოსთან.“

​ მედიაექსპერტ ზვიად ქორიძის თქმით, კარგი იქნება, ეს მოლოდინი არ გამართლდეს და ამ ტელევიზიებმა უფრო მეტი სურვილი და სულისკვეთება გამოავლინონ იმისა, რომ სრულყოფილად, მრავალმხრივად, მიუკერძოებლად გააშუქონ მოვლენები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზვიად ქორიძის შეფასებით, საზოგადოებას ხელში შერჩება ტელევიზიები, რომლებსაც შესაძლოა უზრუნველყოფილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ჰქონდეთ, თუმცა არ ეთანადებოდნენ საზოგადოების მიზნებს. ამიტომ, ზვიად ქორიძის აზრით, მნიშვნელოვანია:

  • ამ ტელევიზიების მეპატრონეებისა და მათი ფინანსური ბაზისის შესახებ ინფორმაცია იყოს ღია და გამჭვირვალე
  • ღია იყოს ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რას ეფუძნება სარედაქციო პოლიტიკა და რამდენადაა დაცული ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და ოპერატორების სარედაქციო დამოუკიდებლობა

ზაზა ოქუაშვილი, დავით კეზერაშვილი და სხვები

ახალი ტელევიზიები, რომლებიც ფაქტობრივად პოლიტიკური დღის წესრიგით იქმნებიან, ეთერში გასვლას ახალი სატელევიზიო სეზონიდან აპირებენ. მათ გარშემო ჯერ მხოლოდ ვარაუდებით საუბრობენ, თუმცა ცნობილია ორი კონკრეტული გვარიც - ნიკა გვარამიას თანახმად, მის მიერ შექმნილი ახალი არხის სამომავლოდ დაფინანსების პროცესში მონაწილეობის სურვილი „იბერია ბიზნესჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა გამოთქვა, ხოლო „ფორმულა კრეატივის“ ბაზაზე ტელევიზიას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი შექმნის. ორივე პირი ხელისუფლებასთან დაპირისპირებულია.

ზაზა ოქუაშვილი
ზაზა ოქუაშვილი

„ომეგას“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი საქართველოს ხელისუფლებასა გამოძალვასა და ზეწოლაში ადანაშაულებს , თავის მხრივ ხელისუფლება აცხადებს, რომ იგი ცრუ ბრალდებებით ცდილობს თავი აარიდოს ბიუჯეტის წინაშე არსებულ დავალიანებებს.

დავით კეზერაშვილი
დავით კეზერაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის მაღალჩინოსნის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე აღიძრა - მათ შორის სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, „ფულის გათეთრების“ და ტელეკომპანია „იმედის“ უკანონოდ გასხვისების ბრალდებით. მის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა.

დავით კეზერაშვილი ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ფიგურირებდა Panama Papers-ის სახელით გავრცელებულ დოკუმენტებშიც. Tribune De Geneve-ს თანახმად, 2008 წლის დეკემბერში, თანამდებობის დატოვებიდან 10 დღეში დავით კეზერაშვილის რწმუნებულებმა ოფშორულ ზონაში დაარეგისტრირა სამი კომპანია, რომელთაგან ერთ-ერთის ანგარიშზე ნავთობის ბიზნესიდან მიღებული მილიონობით დოლარი ირიცხებოდა.

ბოლო წლებში საქართველოს პროკურატურამ დავით კეზერაშვილის ექსტრადიცია ორჯერ მოითხოვა, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთისგან, თუმცა არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

2017 წლის შემოდგომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილმა მილიონები ყაჩაღობით, ქურდობითა და ძარცვით იშოვა, დღეს კი, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია და მის მიერ შექმნილ „ევროპულ საქართველოს“ აფინანსებს.

სარედაქციო დამოუკიდებლობა: ვის სჭირდება გარანტიები?

„რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიას სახელთან ასოცირებული ახალი ტელევიზიისგან განსხვავებით, შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე შედარებით მეტი სიცხადის დანახვა შეიძლება იმ ტელევიზიაში, რომლის დაფუძნებას და დაფინანსებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი აპირებს. კერძოდ, ცნობილია, რომ ტელევიზია „ფორმულა კრეატივთან“ პარტნიორობით იქმნება და მის ეთერში სხვა პროდუქტთან ერთად გავა ისეთი ცნობილი პროექტები, როგორებიცაა ტელესერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“, კულინარიული შოუ „სამზარეულოს ომები“ და სხვა. სცენარისტ ქეთი დევდარიანის თანახმად, დავით კეზერაშვილთან პარტნიორობის მთავარი პირობა სწორედ სარედაქციო დამოუკიდებლობა იყო.

„ ასე იყო „რუსთავი 2-ში“ ყოფნისას და მომავალშიც ასე იქნება. გვაქვს სიტყვიერი და არამხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება. გვექნება ბორდიც, რომელიც არამხოლოდ ქართველებით დაკომპლექტდება. არანაირი შიში არ მაქვს, რომ ვიღაც ჩვენზე გავლენას მოახდენს”, -უთხრა რადიო თავისუფლებას ქეთი დევდარიანმა. ​

რადიო თავისუფლება დაინტერესდა ასევე მიიღეს თუ არა სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიები საინფორმაციო სააგენტო on.ge-ს თანამშრომლებმა. „ფორმულა კრეატივი“ on.ge-ის 50 პროცენტიანი წილის მფლობელია.

„არ ყოფილა არანაირი მინიშნება, რომ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება. პირობასაც ვდებთ, რომ ეს ასე გაგრძელდება და ვიქნებით მიუკერძოებლები, დაბალანსებულები და კრიტიკულები. On.ge –ს მკითხველები ნახავენ კიდეც, რომ არაფერი შეიცვლება და ასე გაგრძელდება. თუ რაიმე შეიცვლება პირველი მე ვიქნები, ვინც ხმას ამოიღებს“, - გვითხრა on.ge –ს ახალი ამბების მთავარმა რედაქტორმა, გელა ბოჩიკაშვილმა, რომლის თანახმად, არსებობს დამცავი მექანიზმები, მათ შორის ბორდი, რომელიც საინფორმაციო სააგენტოს სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტორია.

მოვლენები კი ისეთივე სისწრაფით ვითარდება, როგორც დაიწყო: ცნობილია, რომ „ფორმულა კრეატივის“ დასაფუძნებელი ტელევიზიის დირექტორი გახდა მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი და პროდიუსერი, „ინტერმედიის“, "რუსთავი 2"- ის ქვეკონტრაქტორი სარეკლამო სახლის დირექტორი ზუკა გუმბარიძე. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ახალი ტელევიზიის კადრები "რუსთავი 2",- ის თანამშრომელთა ნაწილით შეივსება.

თავად „რუსთავი 2-საც“, ამ ეტაპზე მთავარ გამოწვევას სარედაქციო დამოუკიდებლობა წარმოადგენს. არხი მედიამონიტორების დაკვირვების ქვეშაა - წინასწარი შეფასებით "რუსთავი 2"- ს კრიტიკული ტონი არ შეუცვლია.

XS
SM
MD
LG