მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებს ადამიანები სამ შემთხვევაში სტუმრობენ:
- როცა სურთ, გარდერობი იაფად განაახლონ;
- როცა სურთ, "სწრაფი მოდის" ზეგავლენა შეამცირონ გარემოზე და ძველი ნივთების მეორედ გამოყენებით დაზოგონ რესურსი, რომელსაც ახალი ტანსაცმლის წარმოება საჭიროებს;
- როცა სურთ, იპოვონ რაიმე განსაკუთრებული, ორიგინალური ან ძველებური.
რაც უფრო პოპულარული ხდება "ნელი მოდა" და არაორდინარული ჩაცმულობა, მით უფრო მეტი მომხმარებელი უჩნდება მეორადი ტანსაცმლის ბაზარს, ჩნდება მოწესრიგებული მაღაზიები, ონლაინგაყიდვების ადგილები და ადგილზე მიტანის სერვისები, თუმცა საქართველოში Second Hand-ის მთავარ მომხმარებელს მაინც ის ხალხი შეადგენს, ვისაც ტანსაცმელში მინიმალური თანხის გადახდა შეუძლია.
ჩვენ ვიყავით ერთ-ერთ მაღაზიაში, სადაც მეორადი ტანსაცმლის უმეტესობა ერთ ლარად იყიდება და გადავიღეთ სხვადასხვა სტილის, სეზონისა და გემოვნების ადამიანისთვის განკუთვნილი ტანსაცმლის ნაკრები, რომელთა ფასები 5-დან 80 ლარამდე მერყეობს.
ამ ტიპის მაღაზიებში სრულიად შესაძლებელია ფეხსაცმელი, შარვალი/კაბა და ჯემპრი/პერანგი, ჯამში, 15 ლარად შეიძინოთ.
ფასი იმატებს, თუკი ქურქს, ტყავის ქურთუკს ან ძველებურ ჩანთებს დაამატებთ, თუმცა ამ შემთხვევაშიც, 80 ლარს არ გაცდებით.
ჩვენს ნაკრებში ყველაზე ძვირად ღირებული სამოსი სწორედ ის არის, სადაც ხელოვნური ბეწვის კაპიუშონიანი ქურქია "გარეული."
ძველი ტანსაცმლის გროვებში სასურველი და თქვენთვის საინტერესო ნივთის პოვნა და მისი სხვა ნივთებთან შეხამება ცოტათი თამაშსაც ჰგავს - ქაოსიდან წესრიგის შექმნის სავარჯიშოს, რომელიც თავისუფალ დროს შეგიძლიათ ითამაშოთ.