“ერთი წუთი გვაცადეთ, პოლიციიდან ვართ”, - პასუხობს შავქურთუკიანი. მისი, როგორც პოლიციელის, იდენტიფიცირება შეუძლებელია, მის ქურთუკზე მხოლოდ “ადიდასის” ლოგო ჩანს.
“როგორ მივხვდე, რომ პოლიციელი ხართ? რამე გაცვია?” - ისევ კითხულობს გოგო, პასუხად კაცი ბრუნდება და “ტოიოტას” მარკის თეთრი ავტომობილისკენ მიდის, ჯინსებსა და შავ ქურთუკებში ჩაცმული ნიღბიანი კაცები ამ მანქანაში სვამენ დაკავებულ ახალგაზრდას. ის “ტვ პირველის” ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილია.
მოგვიანებით გაირკვევა, რომ შავებში ჩაცმულები მართლაც პოლიციიდან იყვნენ, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციიდან მანქანისკენ მიმავალი ლაშა ჯიოშვილი კი პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.
მის დაკავებას შემთხვევით შეესწრნენ გოგოები, რომლებიც სულ მცირე 10 წუთი ცდილობდნენ გაერკვიათ, პოლიცია აკავებდა ახალგაზრდა კაცს თუ “ტიტუშკები” იტაცებდნენ. დახმარება ახლოს მყოფ პატრულის თანამშრომლებსაც სთხოვეს.
პოლიცია თუ “ტიტუშკები”
ლაშა ჯიოშვილი ტელევიზიის ოპერატორია, თუმცა 18 თებერვალს პარლამენტთან აქციაზე სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.
დაკავებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე მას აქციაზე შემთხვევით შევხვდით. პლაკატი, რომელიც ხელში ეჭირა, ყურადღებას იქცევდა, თეთრ ქაღალდზე დიდი ასოებით ეწერა: “დღეს ყველა ვთანხმდებით პრეზერვატივის მნიშვნელობაზე”.
ეს წარწერა “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს და მის დაბადების დღეს ეძღვნებოდა. როგორც ჯიოშვილმა მაშინ გვითხრა, უწყვეტი პროტესტის 83-ე დღეს აქციაზე სწორედ ამის “აღსანიშნავად” ჩამოვიდა გორიდან, სადაც მუშაობს და ცხოვრობს.
ლაშა ჯიოშვილი მმართველი პარტიის ოპონენტია, როგორც პოლიტიკური აქტივისტი და გორის საკრებულოსთან თანამოაზრეებთან ერთად აქციებსაც მართავს ხოლმე.
“ის რაც დღეს ხდება, საშინელებაა იმიტომ, რომ შეუძლიათ ამ ბანერის გამოც დამაკავონ არჩადენილ დანაშაულზე“, - გვითხრა მან დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, გამოხატვის შემზღუდავ ახალ კანონებზე საუბრისას.
ლაშა აქციაზე რამდენიმე საათით დარჩა და როცა სახლში წასვლა გადაწყვიტა, ჯავახიშვილის ქუჩაზე დაპარკინგებული მანქანისკენ დაიძრა. ოპერისა და ბალეტის თეატრის შემდეგ შესახვევში, მესხიას ქუჩაზე მეგობართან ერთად ჩაუხვია და შეამჩნია შავებში ჩაცმული კაცი, რომელიც ჯერ ტელეფონში იხედებოდა, შემდეგ კი მას უყურებდა.
ჯიოშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პოლიციელებს, რომლებიც მაშინ “ტიტუშკები” ეგონა, მისი ფოტო ჰქონდათ:
“ტელეფონში უყურებდნენ ჩემს ფოტოს, ნამდვილად მე ვიყავი თუ არა. მელოდებოდნენ და როგორც კი ჩამოვედი [მესხიას ქუჩიდან], მაშინვე მომვარდნენ”, - მოუყვა დაკავებული ოპერატორი ადვოკატს.
თუმცა, სანამ შავებში ჩაცმული კაცები მიუახლოვდებოდნენ, ჯიოშვილის თქმით, მან პატრულის მანქანა დაინახა და რადგან ეს შავებში ჩაცმული ხალხი “ტიტუშკები” ეგონა, პოლიციისკენ გაემართა.
მისი გაქცევა და შავსამოსიანების ადევნება დაინახა ქეთი წულუკიძემ. ის მეგობარ თაკო ხელაძესთან ერთად პროტესტიდან ბრუნდებოდა. სწორედ ქეთიმ და თაკომ გადაიღეს ჯიოშვილის დაკავებაც.
“დავინახეთ, რომ დროშიანი ადამიანი მირბოდა და უკან მისდევდა შავებში ჩაცმული ათი კაცი. თავიდან ჩვენც “ტიტუშკები“ გვეგონა და მანქანიდანვე დავიწყეთ ყვირილი, სანამ მივადგებოდით. მანქანით რომ მივადექით, გვითხრეს გაიარეთო, ჩვენ გავაჩერეთ მანქანა და ჩამოვედით.
თავიდან ტელეფონი ამოვიღე, წამიერად გავიფიქრე, რომ 112-ში დავრეკავდი, მაგრამ მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა. ეგეთ გარემოში ვცხოვრობთ უკვე, რომ ვერავინ გვიცავს ერთმანეთის გარდა და ეგრევე “ლაივი” ჩავრთეთ მე და ჩემმა მეგობარმა”, - იხსენებს ქეთი რადიო თავისუფლებასთან.
ვიდეოში ჩანს, როგორ უყვირის თაკო დაკავებულ კაცს:
- "ვინა ხარ? სახელი და გვარი მითხარი!"
ისიც ხმამაღლა პასუხობს - "ლაშა ჯიოშვილი ვარ, "ტვ პირველის" ოპერატორი. მგონი რაღაცას მიდებენ".
ქეთი გადაღებას განაგრძობს და თან შავსამოსიანების გასაგონად ყვირის: "გიღებთ, ყველას სახეები ჩანს".
ადვოკატი დაახლოებით 3 საათი ეძებდა დაკავებულს. დარეკა სხვადასხვა წინასწარი დაკავების იზოლატორში, მათ შორის, როგორც ჯიოშვილი ამბობს, დარეკეს იქ, სადაც თავად იმყოფებოდა და გაიგონა, როგორ უარყოფდნენ მის იქ ყოფნას პოლიციელები.
პარალელურად, იმის გარკვევას, თუ ვინ და სად წაიყვანა დაკავებული დემონსტრანტი, ადგილზე მყოფი მოქალაქეები ცდილობდნენ.
“პატრული რომ მოვიდა, ვცდილობდით აგვეხსნა რა მოხდა. ძალიან ჩქარ-ჩქარა ხდებოდა ეს ყველაფერი. რამდენიმე ნიღბიანი, რომლებიც მანქანაში ვერ ჩაეტივნენ, ფეხით გაიქცნენ გვირაბის მიმართულებით. პოლიციელებს მივუთითებდით ერთ-ერთზე, რომელიც ჯერ კიდევ ჩანდა, თუმცა გაგვექცა, რომ ეს იყო თავდამსხმელი და ვთხოვდით დაეჭირათ. ეს პოლიციელი არ რეაგირებდა, შეკითხვებს სვამდა, მაგრამ ფაქტობრივად არ განძრეულა”, - ჰყვება რადიო თავისუფლებასთან ერთ-ერთი თვითმხილველი, ნინო კალანდია.
პატრულის თანამშრომლები ჩანან ქეთი წულუკიძის პირდაპირი ეთერის ჩანაწერშიც. ერთ-ერთ მათგანს მოქალაქეები ეუბნებიან, რომ ადამიანი გაიტაცეს, ის კი ეკითხება - დაიმახსოვრეს თუ არა მანქანის ნომრები და ჩქარი ნაბიჯით მიემართება შავქურთუკიანი კაცებისკენ, რომლებზეც მოქალაქეები მიუთითებენ. ისინი გვირაბში დროდადრო სირბილით, ხან კი ჩქარი ნაბიჯით მოძრაობენ, სხდებიან საპატრულო ეკიპაჟის წინ მდგომ მანქანაში და მიდიან. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული სხვა ნიღბიანი კი მოშორებით მდგომ მანქანაში ჯდება, რომელსაც აწერია - პოლიცია. ტერიტორიას ეს მანქანაც ტოვებს.
როცა გგონია, რომ გიტაცებენ, რა უნდა ქნა -„ქართული ოცნების“ რჩევები
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თვითმხილველებს ან თავად დაკავებულს უჭირს გარჩევა - აქციიდან მომავალს პოლიცია აკავებს თუ უცნობი პირები მის “გატაცებას” ცდილობენ.
“გარჩევა როგორ ხდება, იცი? სად აღმოჩნდება [მოქალაქე]. აღმოჩნდება სასაფლაოზე, სადაც კლავენ, თუ აღმოჩნდება დაკავების ადგილას”, - უთხრა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ 19 თებერვალს ჟურნალისტებს.
მისი კოლეგა, ლადო ბოჟაძე კი, ამტკიცებს, რომ “ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს არ იტაცებენ” და თუ ეჭვი მაინც შეგეპარათ, პოლიცია გაკავებთ თუ გიტაცებენ, “უნდა ჰკითხოთ, პოლიციელები არიან თუ არა და გაგცემენ პასუხს”. ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა გამტაცებელს თქვას, რომ პოლიციელია, ბოჟაძე პასუხობს:
“კი, შეუძლია. უნდა ენდოთ იმიტომ, რომ პოლიცია თქვენს ნდობას იმსახურებს. თუ აღმოჩნდებით გატაცებული, მერე მოითხოვეთ 112-ში დარეკვა, დარეკავთ, დაგარეკვინებენ [გამტაცებლები] და გაგათავისუფლებენ”.
იმაზე, რომ მოქალაქეებს ხშირად უჭირთ გარკვევა, აკავებენ თუ იტაცებენ, რადიო თავისუფლება გასულ თვეშიც წერდა. ლაშა ჯიოშვილის დაკავებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე აქციიდან მომავალი ორი დემონსტრანტი ზანდუკელის ქუჩაზე უცნობმა პირებმა “ჰიუნდაის” ტიპის ავტომობილში ჩასვეს. მანქანას ქართული სანომრე ნიშნებიც არ ჰქონია. პოლიცია მათაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდა 173-ე და 174-ე პრიმა მუხლებით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს.
„დარწმუნებული არ ვიყავი, პოლიცია მაკავებდა თუ კრიმინალებმა გამიტაცეს“, - ამბობდა კიდევ ერთი დაკავებული, ლადო ბჟალავა, რომელიც 2024 წლის 12 დეკემბერს, ძაღლის გასეირნებისას დააკავეს. მაშინაც დაკავების მიზეზად პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა დაასახელეს.
“ციმციმებით უნდა გეცნეთ” - უფორმო პოლიციელის კანონიერი მოთხოვნა
“ციმციმებით უნდა მიმხვდარიყავი, რომ პოლიციელები ვართო”, უთხრეს თეთრ “ტოიოტაში” მჯდომ ლაშა ჯიოშვილს, როდესაც განყოფილებაში მიჰყავდათ.
“კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას როცა მედავებით, პირველ რიგში, არ ყოფილა მოთხოვნა, და რომც ყოფილიყო, როგორ უნდა დაგმორჩილებოდით, როცა არ ვიცი, რომ პოლიციელები ხართო, ასეთ ციმციმას რამდენიმეს ვიყიდი 200 ლარადო”, - გვიყვება ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი, ლაშას ნაამბობს.
მისი თქმით, ჯიოშვილისთვის დაკავებისას არავითარი დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარუდგენიათ, რომ პოლიციიდან იყვნენ. რაც შეეხება არც ისე ძვირადღირებულ ციმციმებს, მათი მაღაზიებში შეძენაც იოლია და გამოწერაც.
ადვოკატის თქმით, ჯიოშვილის უფლებები სხვა მხრივაც დაირღვა:
- დაკავებისას არ გააცნეს უფლებები
- არ დაარეკვინეს ოჯახთან და ადვოკატთან
- დაკავებისას გამოიყენეს არაპროპორციული ძალა, რის შედეგადაც მარცხენა ხელზე აქვს სისხლჩაქცევა
- რამდენიმე საათის განმავლობაში მალავდნენ მის ადგილსამყოფელს
პოლიციის მხრიდან ლაშა ჯიოშვილის დაკავებისას შესაძლო გადაცდომასთან დაკავშირებით ადვოკატმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს. უწყებაში აცხადებენ, რომ დაწყებულია მოკვლევა.
“როცა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში უნდა იყო იდენტიფიცირებადი, როგორც პოლიციელი. ასე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დაგაკავოს და ხომ არ ენდობი სიტყვაზე.
ამასთან, შენი მოთხოვნა მართლაც კანონიერი უნდა იყოს. გააჩნია, რა არის შენი მოთხოვნა. მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ნიშნავს, რომ რამდენჯერმე მოუწოდე შენ, არ დაგემორჩილა და მერე დააკავე, რაც არ მომხდარა”, - განმარტავს მიგინეიშვილი.
კანონის თანახმად, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს მართლაც აქვთ უფლება ეცვათ სამოქალაქო ტანსაცმელი, თუმცა “პოლიციის შესახებ კანონის” მეთვრამეტე მუხლის თანახმად:
“პოლიციელი ვალდებულია, თუ გარეგნული ნიშნებით შეუძლებელია მისი, როგორც პოლიციელის, იდენტიფიცირება, პირს წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუკი ეს ხელს არ შეუშლის საპოლიციო ფუნქციების შესრულებას”.
იურისტი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორი, შორენა ლოლაძე განმარტავს, რომ “საპოლიციო ფუნქციების შესრულების” ხელშეშლაში იგულისხმება დამნაშავის გამოვლენასთან დაკავშირებული ღონისძიებები:
“ეს ნაწილი უფრო ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც, მაგალითად, თუ პოტენციურმა დამნაშავემ გაიგო, რომ პოლიციელია იქვე, აღარ ჩაიდენს დანაშაულს და მისი, როგორც დამნაშავის გამოვლენა შეუძლებელი იქნება. ან ისეთ დროს, როდესაც გადაუდებელი აუცილებლობა არსებობს და შეუძლებელია იმ მომენტში დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა”, - ამბობს ლოლაძე და ამატებს, რომ ეს არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ადამიანი არ არის შეიარაღებული, არის მარტო, მიდის მშვიდობიანად და რამდენიმე პოლიციელი აკავებს.
ასეთ შემთხვევაშიც პოლიციელი ვალდებულია, სასამართლოზე ახსნას - რაში შეუშლიდა ხელს მას იდენტიფიცირება.
ლოლაძის შეფასებით, ის რომ აქციიდან წამოსულ დემონსტრანტებს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციელები აკავებენ და ასეთი შემთხვევების სიხშირე, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ სახელმწიფოს რეპრესიულ მექანიზმზე მიუთითებს.
“ბოლო დროს, არაერთი შემთხვევა გახდა ცნობილი, როდესაც სწორედ ისეთი პირების მიმართ ატარებენ მსგავს ღონისძიებებს, ვინც მაგალითად აქციიდან მიდის სახლში, აქციებზე ან სოციალურ ქსელებში აქტიურობს, აფიქსირებს საჯაროდ საკუთარ მოსაზრებებს. ამას სხვა ადამიანებზე აქვს ერთგვარი დაშინების ეფექტი”, - ამბობს ლოლაძე.
ლაშა ჯიოშვილი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა დაკავებიდან დღე-ნახევრის შემდეგ, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის 2500 ლარით დააჯარიმა.
პროცესის შემდეგ ჯიოშვილმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება მოსამართლის გადაწყვეტილებას და მის გასაჩივრებას გეგმავს.
ფორუმი