17 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ ხელისუფლებას შეიძლება მოუწიოს უვიზო რეჟიმის გადახედვა რუსეთთან. საქართველო რჩება იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეებს შეუზღუდავად შეუძლიათ როგორც შესვლა, ასევე ცხოვრება.
რა ხდება ევროპის ქვეყნებში?
9 სექტემბერს ევროპულმა საბჭომ მთლიანად შეაჩერა ევროპის კავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ ხელშეკრულების მოქმედება იმ სანქციების ჩარჩოში, რომელიც მოსკოვს დაუწესეს უკრაინაში შეჭრის გამო.
რუსი ტურისტებისთვის შენგენის ზონაში მოგზაურობა გართულებული და გაძვირებულია. აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიის და ჩრდილოეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის სურვილი იყო რუსეთის მოქალაქეთათვის მთლიანად აეკრძალათ ევროპაში მოგზაურობა.
ახლანდელი ვითარების გათვალისწინებით, აცხადებდნენ ისინი, რუს ტურისტებს არ უნდა დაერთოთ ევროპაში ჩასვლის ნება. მაგრამ ევროკავშირი იმ მომენტისთვის სრული აკრძალვის შესახებ შეთანხმებისთვის მეტისმეტად გახლეჩილი იყო.
ზოგიერთმა ქვეყანამ, ესტონეთმა და ლიეტუვამ, თავიანთ დონეზე აუკრძალეს რუსებს ამ ქვეყნებში შესვლა. სხვებმა (მაგალითად, ლატვიამ და ფინეთმა) გამოაცხადეს, რომ არ მიიღებენ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ვლადიმირ პუტინის მიერ 21 სექტემბერს გამოცხადებულ მობილიზაციას გაურბიან.
საბოლოო ჯამში, ევროკავშირმა გადაწყვიტა, გაამკაცროს სავიზო წესები ბლოკის ქვეყნებში ჩასვლის მოსურნე რუსების რიცხვის გაზრდის საპასუხოდ.
ვნახოთ, რას გვამცნობენ ევროპაში ჩასული რუსების შესახებ მონაცემები.
რამდენს მოგზაურობენ რუსები?
„ლევადა-ცენტრის“ მონაცემებით, რიცხვი რუსეთის იმ მოქალაქეებისა, რომლებიც უცხოეთში მიემგზავრებიან, ბოლო ათწლეულებში მუდმივად იზრდება.
1996 წელს გამოკითხულთა 16-მა%-მა თქვა, რომ უცხოეთში ნამყოფი იყო. ეს მაჩვენებელი 2022 წელს 41% გახდა. ყველაზე დიდი მაჩვენებელი ჰქონდათ მოსკოველებს (62%), ხოლო 500 ათასზე მეტი მოსახლეობის მქონე ქალაქების მკვიდრთა 45 %-ია ნამყოფი საზღვარგარეთ.
2019 წელს რუსეთის მოქალაქეთა უმეტესობა თურქეთს ეტანებოდა. ამ წელიწადში იქ 7 მილიონი რუსი ჩავიდა. რუსეთის მოქალაქეებმა 16 მილიონჯერ იმოგზაურეს ევროკავშირის ქვეყნებში, როგორებიცაა ფინეთი, ესტონეთი და გერმანია.
როგორ ჩადიან რუსეთის მოქალაქეები ევროპაში
ევროპის კავშირში მოსახვედრად, რუსეთის მოქალაქეებმა უნდა მოითხოვონ ქვეყანაში ყოფნის ხანმოკლე ვიზა. თუ სახელმწიფო, სადაც ისინი მიემგზავრებიან, შენგენის წევრია, მათ განაცხადი უნდა შეიტანონ შენგენის ხანმოკლე ვიზაზე.
საჭიროა ანკეტის შევსება, პასპორტის წარდგენა, მოგზაურობის მიზანი და მარშრუტი და სხვა დოკუმენტები, ასევე საჭიროა რუსეთში შენგენის წევრი რომელიმე ქვეყნის საკონსულოში გასაუბრებაზე ჩაწერა.
ევროკავშირის ხუთი წევრი - ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ირლანდია და რუმინეთი, არ შედიან შენგენის ზონაში და ამიტომ მათ არ შეუძლიათ მთელი რეგიონისთვის ვიზის გაცემა. ამ ქვეყნებისთვის ვიზის მიღების მოთხოვნები იგივეა, მაგრამ ვიზა მოქმედებს მხოლოდ იმ ქვეყანაში, რომელმაც ის გასცა.
მეორე მხრივ, ისლანდია, ნორვეგია და შვეიცარია არ არიან ევროკავშირის წევრები, მაგრამ შენგენის ზონაში შედიან. შესაბამისად, მათ მიერ გაცემული ვიზა მოქმედია მთელი რეგიონისთვის.
2012-დან 2021 წლამდე დაახლოებით 123 მილიონი ვიზა გაიცა შენგენის ქვეყნების საკონსულოების მიერ მთელ მსოფლიოში.
რუსეთში მოქმედ საკონსულოებზე მოდის მათგან 38 მილიონი (დაახლოებით მესამედი), ბევრად მეტი, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყნიდან. მაგალითად, ჩინეთში შენგენის ქვეყნების საკონსულოებმა ყველა შენგენის ვიზის 14% გასცეს.
2014-დან 2021 წლამდე კიდევ ოთხი მილიონი ვიზა გაიცა ბულგარეთში, ხორვატიასა და რუმინეთში წამსვლელებისთვის. მათგან ნახევარი რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. თუმცა ამ ვიზით მათ შენგენის ქვეყნის სხვა არეალებში მგზავრობის უფლება არ ეძლევით.
შენგენის ვიზების ყველაზე დიდი რაოდენობა, შვიდი მილიონი, რუსებზე გაიცა 2013 წელს, ხოლო ყველაზე მცირე, 2016 წელს - 3,5 მილიონი.
უფრო ნაკლები (600 ათასი) ვიზა გაიცა რუსეთის მოქალაქეებზე პანდემიის გამო, 2020 და 2021 წლებში.
შენგენის ხანმოკლე ვიზები არსებობს ქვეყანაში ერთჯერადი ან მრავალჯერადი შესვლისთვის.
როგორც დასახელებაც გვეუბნება, ერთჯერადი შესვლის ვიზით ადამიანს შეუძლია ერთხელ ესტუმროს ამა თუ იმ ქვეყანას და შემდგომი მოგზაურობისთვის კვლავ განცხადება უნდა შეიტანოს. მრავალჯერადი ვიზით კი მოქალაქეებს შეუძლიათ შევიდნენ შენგენის ზონაში განუსაზღვრელი რაოდენობით. რაც შეეხება ქვეყანაში დარჩენას, ყოველთვის მოქმედებს 90/180-ის წესი, ანუ 180 დღის განმავლობაში ადამიანს შეუძლია შენგენის ზონაში დაჰყოს მხოლოდ 90 დღე.
მთელ მსოფლიოში ყველა ვიზის წილი მრავალჯერადი შესვლის უფლებით (MEV) გაიზარდა 42%-დან - 2012 წელს - 59%-მდე - 2019 წელს და მიაღწია 72%-ს 2021 წელს. რუსეთის საკონსულოში გაცემულ ვიზებს იგივე ტენდენცია აქვთ, მაგრამ ეს რიცხვი მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს აღემატება. 2012 წელს რუსეთში გაცემული ვიზების თითქმის ნახევარი მრავალჯერადი შესვლის უფლებით იყო. 2016 წელს ამ წილმა 80%-ს გადააჭარბა, ხოლო 2021 წელს თითქმის 88%-ს მიაღწია.
ის ფაქტი, რომ ვიზები მრავალჯერადი შესვლის უფლებით გაიცემა ერთჯერადი შესვლის უფლების ვიზების მიღებისა და გამოყენების შემდეგ, მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის საკონსულოებში ვიზისთვის მისული პირები უფრო ხშირად მოგზაურობენ.
შენგენის ვიზები, ზოგადად, შენგენის ზონის ყველა ქვეყანაში მოქმედებს. თუმცა, ქვეყანაში შესვლის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ განაცხადი უნდა შეიტანონ იმ ქვეყნის საკონსულოში, რომელშიც აპირებენ წასვლას, თუ რამდენიმე ქვეყანაში ჩასვლას გეგმავენ
2012-დან 2021 წლებს შორის პერიოდში ფინეთი იყო მთავარი დანიშნულების ქვეყანა მათთვის, ვისაც შენგენის ვიზის მისაღებად განაცხადი შეჰქონდა საკონსულოებში რუსეთში. მას მოჰყვებოდა ესპანეთი და საბერძნეთი.
ბულგარეთის საკონსულოებმა რუსეთში ასევე დიდი რაოდენობის ვიზები გასცეს - დაახლოებით 1.8 მილიონი - 2014-დან 2021 წლებს შორის პერიოდში (უფრო ადრინდელი მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის). ეს ვიზები მოქმედი იყო მხოლოდ ამ ქვეყანაში, რადგან ბულგარეთს არ შეუძლია შენგენის ვიზების გაცემა.
რუსები ევროპაში - რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ
მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაიწყო, 1.36 მილიონზე მეტი რუსი ლეგალურად შევიდა შენგენის ზონაში სახმელეთო საზღვრების, უმეტესად ფინეთისა და ესტონეთის გავლით (5 ოქტომბრის მონაცემებით). 1.32 მილიონზე მეტი რუსი დაბრუნდა რუსეთში ევროკავშირთან სახმელეთო საზღვრების გავლით.
Frontex-ის თანახმად, ეს მოგზაურები, სავარაუდოდ, ალტერნატიულ მარშრუტებს პოულობდნენ შეზღუდული საჰაერო კავშირების გამო.
მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, Frontex-ის თანახმად, ევროპის კავშირის სახმელეთო საზღვრის გავლით ბლოკის ტერიტორიაზე შემსვლელთა რაოდენობა 30 პროცენტით გაიზარდა (19-25 სექტემბრის კვირის განმავლობაში წინა კვირასთან შედარებით).
ასევე გაიზარდა Google-ში რუსეთის დატოვების გზების ძებნა და მკვეთრად გაიზარდა ცნობები რუსეთიდან ერთი მიმართულების რეისებზე ბილეთების შესახებ. Frontex-ის პროგნოზით, გაიზრდება საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და არალეგალური ყოფნის შემთხვევები.
საზღვრების დაკეტვა
მოსაზრებები იმის შესახებ, უნდა აეკრძალოთ თუ არა რუს ტურისტებს ევროპის კავშირში შესვლა, კვლავაც გაყოფილია. აკრძალვის მთავარ არგუმენტებს შორისაა უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოხატვა, უსაფრთხოების შემცირება და მოსკოვზე მეტი ზეწოლის განხორციელება.
მეორე მხრივ, ისინი, ვინც აკრძალვის წინააღმდეგ გამოდიან, ამბობენ, რომ საჭიროა იმ ხალხისთვის დახმარების გაწევა, ვინც რუსეთიდან გარბის და არა კრემლის პროპაგანდის ხელშეწყობა, რომელიც დასავლეთს ადანაშაულებს.
19 სექტემბრის მდგომარეობით, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა თითქმის მთლიანად შეზღუდეს საზღვრის გადაკვეთა შენგენის ვიზების მქონე რუსებისთვის.
აგვისტოში ფინეთმა გამოაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას 90 პროცენტით შეამცირებდა და მოგვიანებით დაკეტა თავისი საზღვრები ბოლო მოვლენების გამო, მხოლოდ მცირე გამონაკლისის გარდა.
შენგენის ზონასთან სახმელეთო საზღვრის ბოლო დარჩენილი ნაწილი, ნორვეგიაში, ახლა გაძლიერებულადაა დაცული და შესაძლოა, ასევე დაიკეტოს მომავალში.
სხვა ქვეყნებმა, როგორიცაა ჩეხეთი და სლოვაკეთი, განაცხადეს, რომ არ გასცემენ ჰუმანიტარულ ვიზებს რუსებისთვის, რომლებიც ცდილობენ თავი აარიდონ მობილიზაციას.
ათასობით რუსის საქართველოში, ყაზახეთ სადა სხვა მეზობელ ქვეყნებში გაქცევის შესახებ ცნობების შემდეგ, გერმანულმა საელჩოებმა რეგიონში ვიზების მოთხოვნის ზრდის თაობაზე განაცხადეს.
თუმცა, ევროპის კავშირის უკანასკნელი მითითებების თანახმად, წევრმა ქვეყნებმა არ უნდა მიიღონ ვიზებზე განაცხადი რუსებისგან მესამე ქვეყანაში, რაც კიდევ უფრო ამცირებს ევროპის კავშირში მოხვედრის შესაძლებლობას.