საქართველოს უახლესი ისტორიის ბოლო 30-წლიანი მონაკვეთი მდიდარია როგორც საპროტესტო გამოსვლებით, ასევე პროტესტის გამოხატვის ფორმებით. საყოველთაო გაფიცვა, დემონსტრაცია, შიმშილობა, გზების გადაკეტვა, სახელმწიფო უწყებების ბლოკირება, სახელმწიფო უწყებებში შეჭრა... თუმცა ბოლო დროს მნიშვნელოვნად შეიცვალა პროტესტის ენა და სტრუქტურა. 2023 წლის წლის 7-8 მარტის საპროტესტო გამოსვლები - მისი ფორმა და შინაარსი - არსებითად განსხვავდება ყველა წინა აქციისაგან. პირველად მოხდა ისე, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ხალხმა, რომლის ძირითადი ნაწილი ახალი თაობის, ე.წ. Generation Z-ის წარმომადგენელია, არ დაიწყო თავის მართლება იმის გამო, რომ ჩაამსხვრიეს პარლამენტის შენობის ფანჯრები, დაწვეს პოლიციის მანქანა, გამოიყენეს "მოლოტოვის კოქტეილი" და ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს მათ დასაშლელად მისულ სპეციალური დანიშნულების რაზმს. სიახლეა ისიც, რომ საპროტესტო მოძრაობაზე ოდნავი გავლენაც კი ვერ იქონია სახელისუფლებო პროპაგანდის ცილისმწამებლურმა ნაკადმა, რომელიც აქამდე იოლად ახერხებდა მომიტინგეთა დისკრედიტაციას და მიტინგისათვის მუხტის გამოცლას.
- რა არსებითი სიახლეა დღევანდელ პროტესტში?
- ვინ დგას რუსთაველზე?
- რატომ აღმოჩნდა ის ეფექტიანი?
- რატომ ვერ მოახერხა პროპაგანდამ მისი გაშავება?
- რა იქნება ამის მერე?
ვანდალიზმი თუ პროტესტის დასავლური სტანდარტი?
თსუ ფილოსოფიის მიმართულების დოქტორანტი, 29 წლის დავით გალაშვილი, რომელიც მონაწილეობდა 7-8 მარტის გამოსვლებში, ამბობს, რომ ახლანდელი პროტესტი სიახლეა პირველ რიგში შინაარსის თვალსაზრისით, ხოლო ფორმა მეორე პლანზეა:
„იმაზე, რომ დაზიანდა სახელმწიფო ქონება, ნაკლებად ლაპარაკობენ, ჩემთვის თვისებრივი სიახლეა, რადგან რეალურად საზოგადოებრივი აზრი აღარ არის იმისკენ მიმართული, რომ პარლამენტთან შეკრებილი ახალგაზრდები სახელმწიფოს მტრები და პროვოკატორები არიან. ღამის 4 საათზე რაც დაიწყო პოლიტიკოსების გარეშე, თვითონ ამ ახალგაზრდებმა რაც გააკეთეს, მგონია, რომ პროტესტის თვისებრივად ახალი ფორმა იყო, შეიძლება ითქვას, ევროპულიც კი. გავიხსენოოთ „ყვითელი ჟილეტები“, რომლებმაც მთელი საფრანგეთის პარალიზება მოახდინეს, პოლიციის მანქანებიც დაწვეს და მოლოტოვის კოლქტეილებიც დაუშინეს. რეალურად ყველა პროტესტს მოჰყვება ეგეთი რაღაც, აზვირთება ემოციურად და ემოციურ აზვირთებას კი თავისი ფორმები აქვს“.
პროტესტის ფორმებზე საუბრისას დავით გალაშვილი ამბობს, რომ მსგავსი ფორმები ადრეც გამოუყენებიათ, მათ შორის სამტრედიაში, სადაც 2016 წელს 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობას საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა, მათ შორის, ხალხმა დააზიანა პოლიციის ავტომობილებიც.
„მაშინ ბევრი პოლიტიკოსი გამოდიოდა და ამბობდა, ეს სახელმწიფო ქონების დაზიანებაა და არ შეიძლებაო, ოპოზიციის მხრიდანაც იყო ასეთი განცხადებები... ახლა ამაზე ნაკლები აქცენტი გაკეთდა, რაც თვისებრივი სიახლეა“.
საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მონაწილის, ახალგაზრდა მკვლევრის, ისტორიის მიმართულების დოქტორანტის, გიორგი ჭკადუასთვისაც მიუღებელია საუბარი აქციის მონაწილეთა მიერ გამოვლენილ ძალადობისა და ვანდალიზმზე.
„როდესაც შენ მიერ დაქირავებული სახელმწიფო, შენს ცალსახა და მკაფიო ბრძანებას არ ასრულებს, რა ბერკეტი გრჩება რეალობის შესაცვლელად?“ - კითხულობს გიორგი ჭკადუა, რომლის თქმითაც, დემონსტრაციაზე პოლიციელები არ დაზიანებულან, არ ყოფილა ჩხუბი და აყალმაყალი ხალხში:
„თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მდგომი სკამები გამოიყენეს ან ყველაზე რადიკალური რამ, პარლამენტის შენობის შუშები ჩალეწეს და პოლიციის მანქანა ამოატრიალეს, ეს ვინმეს არამშვიდობიანი დემონსტრაცია რატომ ჰგონია? საჯარო სივრცის სკამები ჩვენი ფულითაა ნაყიდი, პოლიციელებს ეკიპირება, ტყვიები, ჩაცმულობა, მანქანები და მანქანის ბენზინიც კი ჩვენი ფულით აქვთ შეძენილი. პარლამენტს საერთოდ არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. ეს არის ბუნებრივი ბრაზის გამოხატულება, რომელიც არის საყოველთაო“.
რაც შეეხება „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებას, გიორგი ჭკადუა ამბობს, რომ არც რუსთაველის გამზირზე გამოსული ახალგაზრდების და არც უკრაინელი ხალხის თვითმიზანი არ ყოფილა მათი გამოყენება:
„ჩვენ ყოველდღე ვუყურებთ უკრაინელი ხალხის ბრძოლას. ვუყურებთ მოლოტოვის კოქტეილებით რუსების ჯარის წინააღმდეგ ომს. ბუნებრივია, ჩვენ გვინდა, რომ მეომარ ერს დავემსგავსოთ. უკრაინელ ხალხს კოქტეილების გაკეთება არ დაუწყიათ მოწმენდილ ცაზე. იყო საფრთხე და გასცეს პასუხი. მე დავინახე საფრთხე, დავინახე, რომ რამდენიმე კოქტეილი გაისროლეს აქეთა მხრიდან და შეგრძნება მქონდა, რომ არაფერი არ შავდებოდა ამით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მინდა ასე მოქცევა, შეიძლება მე ვერც ვისროლო, შეიძლება ვინც ისვრის, მის გვერდით რომ ვიდგე, ვუთხრა, რომ არ ისროლოს. თუმცა, ვინც ისროლა, იმას ვერ გავამტყუნებ ისევე, როგორც ვერ გავამტყუნებ უკრაინაში მებრძოლ ხალხს. სამწუხაროა, რომ ჩვენთვის მაგალითს სხვა ერის ხალხი წარმოადგენს. თუმცა, ჩემთვის გასაგებია. ბოლო ათწლეულების ამდენი იმედგაცრუება ყველანაირ ენერგიას აცლის ადამიანს. თუმცა, იმედი მაქვს, ეს შინაგანი ენერგია მშობლების თაობას გაახსენებს, თუ ვინ არიან სინამდვილეში. შემოგვხედონ და დაინახონ საკუთარი თავები“.
ვინ დგას რუსთაველზე?
სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, მარტის საპროტესტო გამოსვლებს წინა წლების მიტინგებისგან გამოარჩევს ის, რომ მასში დომინანტურად ჩაერთო ახალი თაობა - ე.წ. Generation Z - დაბადებულები 1995-2012 წლებში, რომელიც არ არის დატვირთული ე.წ. პროტესტის ჰუმანიზაციის ვალდებულებით, რაც თავის მხრივ გულისხმობს „დავარცხნილ“ პროტესტს, ანუ ბრძოლას არაძალადობრივი მეთოდების გამოყენებით, რასაც ასევე შეიძლება დაერქვას ბრძოლა „თეთრი ხელთათმანებით“, რომელიც რეჟიმების მიმართ ბრძოლის მაჰათმა განდისეული მიდგომაა.
„ახალი თაობა მიმართავს პროტესტის ხისტ ფორმებს, ანუ შეგნებულად მიდის დევიაციის (ზოგჯერ, დანაშაულის) რისკზე, რადგან ფიქრობს, რომ მშვიდობიანი მეთოდები ამოწურულია, დროში გაუმართლებლად გაწელილია, ანდა - პრინციპულად უშედეგო. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ხისტი საზოგადოებრივი პროტესტი Generation Z-ისთვის არის არა თვითმიზანი, როგორც პირველადი სტიმული (გამღიზიანებელი), არამედ რეაქცია უსამართლობის განცდაზე, ანუ მეორადი რეფლექსია, თანაც - სიტუაციური, ანუ კონტექსტიდან ამოზრდილი. ყველამ დავინახეთ, რომ ახალგაზრდებმა პოლიციის მანქანა ამოატრიალეს არა იმიტომ, რომ ზოგადად პოლიცია (როგორც ინსტიტუტი) და პოლიციელია ცუდი, არამედ იმიტომ, რომ პოლიცია, მოცემულ კონტექსტში, უსამართლოდ მოიქცა და ასეთი რეაქცია დაიმსახურა“, - უთხრა იაგო კაჭკაჭიშვილმა რადიო თავისუფლებას.
ბევრი მიიჩნევს, რომ „ხისტი პროტესტი“ განაპირობა არა იმდენად თაობის სპეციფიკამ, რამდენადაც სრულმა სპონტანურობამ, რომ არ არსებობდა რამე მაკოორდინირებელი ცენტრი, რომელიც შეაკავებდა უკონტროლო ემოციას და პროტესტს მშვიდობიან კალაპოტში დააბრუნებდა, თუმცა როგორც მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, შოთა დიღმელაშვილი ამბობს, სწორედ ეს სპონტანურობა გამოარჩევს მარტის საპროტესტო გამოსვლებს წინა წლებში გამართული მიტინგებისგან:
„კარგი გაგებით უთავო პროტესტია, რასაც აქვს თავისი პლუსები და თავისი მინუსები. მინუსი ისაა, რომ უმართაობის ზღვარზეა, მაგრამ ეს შეიძლება პლუსიც იყოს იმიტომ, რომ კომპრომისისკენ უბიძგოს ხელისუფლებას, - ამბობს შოთა დიღმელაშვილი, ბოლო წლების საპროტესტო გამოსვლების აქტიური მონაწილე და ორგანიზატორი, - ლიდერშიპი ხომ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს? რაღაცების ლეწვა რომ იწყება, შენი პასუხისმგებლობაა, იმიტომ რომ შენი დაორგანიზებულია აქცია, შენთან არის ხალხი მოსული და რაღაცნაირად ცდილობ დაამშვიდო, დააშოშმინო ისინი. გუშინ რომ ვუყურებდი, თვითდინებით იკეტებოდა გზები, თავისით ხდებოდა რაღაცები, თვითორგანიზდებოდნენ... როცა საორგანიზაციო ჯგუფი არ არის, ცხადია, იზრდება წილი ისეთი ქმედებებისა, როგორიცაა „მოლოტოვის“ სროლა, მანქანების გადაყირავება და ა.შ. თუმცა ჩვენი მოძრაობის გამოცდილებით, ამ ქმედებების ნაწილი შესაძლოა ავთენტურიც არ იყოს. ჩვენი ერთ-ერთი აქციის დროსაც ამოაბრუნეს „შკოდა“. 8 მარტსაც, სურათებს რომ ვათვალიერებდი, შევამჩნიე, რომ ერთ მანქანას ნომრები არ ჰქონდა. ცოტა უცნაურად მენიშნა. ჩვენ შემთხვევაში ჩამოწერილი მანქანა ამოატრიალეს, ოღონდ აქციის ეპიცენტრიდან მოშორებით და მერე რაღაც ვიდეო გაავრცელეს, სადაც ამ მანქანას ბავშვები არბევენ და ზედ ახტებიან. ეს არ იყო ავთენტური, აქციის მონაწილეთა მიერ გამოჩენილი აგრესია“.
გიორგი ჭკადუა, რომელიც სწორედაც რომ იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ ნახსენები თაობის - Generation Z-ის წარმომადგენელია, ამბობს, რომ პარლამენტის წინ მართლაც ამ თაობის ბევრი წარმომადგენელი იდგა, თუმცა იქვე იდგნენ მათი მშობლებიც.
„პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ამ აქციის შემდეგ არავის ჩემთვის ნარკომანი არ უწოდებია. პირველად მოხდა, რომ ახალგაზრდებს როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია, საკმაოდ მოწიწებით მოიხსენიებდა. ლევან ხაბეიშვილმა პირდაპირ თქვა, ამ ახალგაზრდებს სულ ფეხებზე ჰკიდიათ პოლიტიკური პარტიებიო. ეს დიდი საქმეა, რადგან ჩვენთვის, როგორც მზარდი პიროვნებებისთვის, ძალიან რთულია თან საკუთარი იდენტობა ამტკიცო და თან სხვების იდენტობა გამოამჟღავნო. ეს ზოგადადაც რთულია, თუმცა ახალგაზრდებს კიდევ უფრო უჭირთ. ჩვენ ჩვენი სიტყვა ჯერ არ გვითქვამს. არ გვითქვამს იმიტომ, რომ რამდენჯერაც დავაპირეთ, მშობლებმა ნება მისცეს სხვებს, ეძახებინათ ჩვენთვის ის, რასაც გვეძახდნენ. ამ აქციებზე, მშობლებიც აქ იდგნენ. ეს არის დიდი განსხვავება“, - ამბობს გიორგი ჭკადუა, რომლის თქმითაც, ამ თაობის ახალგაზრდებმა იგრძნეს, რომ სივრცე და ქუჩებიც მათია, რომ შეუძლიათ კომუნიკაცია და ერთმანეთის დახმარება ყველანაირი შესავლისა თუ წინაპირობის გარეშე.
„ეს არა მხოლოდ საქართველოში მიგრძვნია, არამედ სომეხ და უკრაინელ ახალგაზრდებთან კონტაქტის დროსაც ძალიან ცხადია ხოლმე. როდესაც მათ ველაპარაკები, ძალიან მარტივად გვესმის ერთმანეთის გასაჭირის. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ არის მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის ბრძოლა. მე მშვიდობა მინდა, მაგრამ არა ისეთი მშვიდობა, რომელიც რეალურად ომია, მაგრამ სანგარში ჩუმად ჯდომას გულისხმობს. და კიდევ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ჩვენთვის არ არის საკრალური. რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ, ვიცით „9 აპრილიც“, მაგრამ ვიცით „9 მარტიც“, ვიცით ალექსანდრეს ბაღისა და ორბელიანის მოედნის კუთხეებში პირველი დემონსტრაციების შესახებ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. აქ ყოველი ქუჩა პროსტესტის ადგილია. ვერ დათვლიან, რამდენი რობოკოპი ეყოფა თითოეული ქუჩის ჩაკეტვას. ჩვენ კი ეს დათვლა არ გვჭირდება“, - უთხრა გიორგი ჭკადუამ რადიო თავისუფლებას.
რატომ აღმოჩნდა პროტესტი ეფექტიანი?
დავით გალაშვილის თქმით, 7-8 მარტის გამოსვლების ეფექტიანობა დიდწილად განაპირობა ისეთი ახალგაზრდების სიმრავლემ, რომლებზეც ერთ-ერთი პარტიის ლიდერმა ლაკონიურად თქვა, ამ ხალხს ყველა პარტია ფეხებზე ჰკიდია, საკუთარი ქვეყნისა და სამშობლოს გარდაო.
„ყველა მიხვდა, რომ პოლიტიკური ელიტის გამო არავინ დგას, რომ ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების უმეტესობა აპარტიულია. პოლიტიკური მოთხოვნები აქვთ, მაგრამ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ უჭერენ მხარს. არიან თვითორგანიზებულები და არავის მოწოდებას არ ემორჩილებიან, თვითონ წყვეტენ, რომელ ქუჩაზე წავიდნენ, რომელი ქუჩა გადაკეტონ და როგორ დაბრუნდნენ დაშლის შემდეგ უკან“, - ამბობს დავით გალაშვილი, რომელმაც გაიხსენა წინა წლების საპროტესტო გამოსვლები, როცა რადიკალიზაციას ყოველთვის პოლიტიკოსები აორგანიზებდნენ:
„წინა წლების გამოსვლებისგან განსხვავებით დღეს ოპოზიცია, პოლიტიკოსები ფაქტობრივად განრიდებული არიან მიმდინარე პროცესებისგან ანუ პროტესტი თავიდან ბოლომდე უპარტიოა. ამიტომაც ვეღარ ამბობს ვერაფერს პროპაგანდა... ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ვინც გამოვდივართ და ვინც იქ ვდგავართ, არც ერთი პარტია არ გვაინტერესებს. პროპაგანდა მოქმედებს მაშინ, როცა მის მსჯელობაში რაღაც სიმართლის ნამცეცი მაინც არის და იმას აზვიადებს, მის უტრირებას აკეთებს, მაგრამ ახლა არანაირი საფუძველი არ აქვთ. ვინც იქ არის, ყველა გულწრფელადაა გასული ყოველგვარი კერძო ინტერესის, მით უფრო პოლიტიკური ელიტების ინტერესების გარეშე. პოლიტიკურმა ელიტებმა თვითონვე გაიძევეს თავი იმიტომ, რომ ხვდებიან, ზედმეტები არიან. შეიძლება მედიაში გამოესვლებათ და მედიაში საუბრობენ, აქვთ ეს ტრიბუნა, მაგრამ ხალხში აღარანაირი ტრიბუნა აღარ აქვთ“.
ის, რომ საპროტესტო მოძრაობას არ მართავს არათუ რომელიმე პოლიტიკური პარტია და პოლიტიკოსები, არამედ კონკრეტული ჯგუფიც კი, ძალიან აბნევს როგორც ხელისუფლებას, ასევე მის განკარგულებაში მყოფ პროპაგანდას, - მიაჩნია შოთა დიღმელაშვილს:
„თავიდან 2019 წლის 20 ივნისის პროტესტის დროსაც ძალიან გაუჭირდა ხელისუფლებას პროცესის გაშავება, მესიჯბოქსი არ ჰქონდათ კარგად დალაგებული, რადგან ვერ გაერკვნენ ვითარებაში. მართალი გითხრათ, ჩემთვისაც გაურკვეველი იყო, რა ხდებოდა პირველი სამი დღის განმავლობაში. სცენა რომ დავიკავეთ, არეულობა იყო, სხვადასხვა ჯგუფი ჩნდებოდა და პროტესტის სახელით ლაპრაკობდა და ა.შ. ბოლოს დალაგდა და გამოიკვეთა ორგანიზატორთა ჯგუფი, თან ამასობაში რაღაც დრო გავიდა და დაიწყეს ამ ადამიანების დისკრედიტაცია, გაშავება. ახლა მთელი აქცია თვითდინებით მიდის. ეს არის პრინციპული განსხვავება. კონკრეტული ადრესატი არ ჰყავთ, რომ გააშავონ... იძახეს ნაცები, ნაცები, მაგრამ იქ არ არიან არც ნაცები და არც სხვები, ერთი გამოკვეთილი ჯგუფიც კი არ არის, რომ იმას დაუმიზნო პროპაგანდის მანქანა და დისკრედიტაცია მოახდინო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას შოთა დიღმელაშვილი, რომლის თქმითაც, საორგანიზაციო ჯგუფის არარსებობა ხელისუფლებას ასევე აცლის კიდევ ერთ მძლავრ იარაღს ფიზიკური თუ ფინანსური ეგზეკუციის სახით:
„ზუსტად ერთი წლის წინ, 2022 წლის 8 მარტს, უკრაინის სოლიდარობის აქციაზე 16 კაცი დაგვიჭირეს, სახეებით იცოდნენ, ვინ უნდა დაეჭირათ... და 35 ათასი ლარის ჯარიმა დაგვაკისრეს. საორგანიზაციო ჯგუფს რომ ასეთ რაღაცას უკეთებ, პროტესტი ფერხდება. ახლანდელ საპროტესტო გამოსვლებს ამას ვერ გაუკეთებ. ძალიან მომწონს რაც ხდება“.
რა იქნება
რამ განაპირობა 7-8 მარტის გამოსვლებში პოლიტიკოსების სიხალვათე? - ამ კითხვის პასუხად დავით გალაშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდებსა და პოლიტიკურ ელიტას შორის უფსკრულმა:
„პოლიტიკოსებმა არ იციან, რეალურად რაზე უნდა ელაპარაკონ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსთაველზე დგანან. ეს ხალხი მარტო იმის გამო არ გამოსულა ქუჩაში, რომ კანონი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ცუდია. გამოვიდნენ იმის გამო, რომ ადამიანები გაბრაზებული არიან სხვადასხვა მიზეზის გამო, რაც სოციალურ და ყოფით ცხოვრებაში ხდება ყოველდღიურად. ამაზე არავინ ელაპარაკება, გარდა იმისა, რომ პროდასავლურის და პრორუსულის დიქოტომია გვაქვს, რომელიც აბსტრაქტულია და პოლიტიკური შინაარსი არ აქვს, თუ ასე ცარიელ ფრაზებად გამოვიყენებთ. რას ნიშნავს პროდასავლურობა ღირებულებებში? იმას, რომ ჯანდაცვის პოლიტიკა უნდა გვქონდეს სხვანაირი, სხვანაირი ეკოლოგიური პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, სხვანაირი შრომის კოდექსი უნდა გვქონდეს და ა.შ. და რომ ამ ყველაფრის საწინააღმდეგო არის პრორუსული, მტაცებლური კაპიტალიზმი, საზოგადოების ოლიგარქიზაცია, ადამიანების დამონება და დამორჩილება - ამ შინაარსში არავინ არ შედის, არადა, რეალურად, ამ შინაარსში შესვლა ნიშნავს იმას, რომ ადამიანის პრობლემები იცოდე”.
დავით გალაშვილის თქმით, პოლიტიკოსები ვერ იხედებიან პარლამენტის შენობის იქით, ამიტომ არის, რომ თუნდაც სტუდენტებისთვის არავის უთქვამს, რომ ლექციებზე აღარ მიხვიდეთ, სტუდენტური გაფიცვა მოაწყვეთო, არავის მიუმართავს მეტროს მემანქანეებისთვის, ქალაქის პარალიზება მოვახდინოთო და ა.შ. არ მიუმართავთ იმიტომ, რომ პოლიტიკოსები ამ ადამიანების პრობლემებს არ იცნობენ და, შესაბამისად, არ იციან როგორ ჩართონ ეს ადამიანები რაღაც ერთი მიზნისა და იდეის გარშემო გაერთიანებულ მოძრაობაში; როგორ შეიძლება, ამ კანონის გაპროტესტებას მძივივით აესხას სხვა მთელი რიგი პრობლემების გაპროტესტება, რომელიც შემდეგ გადაიზრდება ხელისუფლების წინააღმდეგ დიდ ამბოხსა თუ აჯანყებაში.
„ამ კანონზე არ გადის რეალურად ეს პროტესტი, ეს პროტესტი საბოლოო ჯამში უნდა მივიდეს ბოლომდე: ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს და ეს ხელისუფლება წავიდეს, სხვა პერსპექტივას ვერ ვხედავ. როგორ შეიძლება, 8 მარტის შემდეგ ეს ხელისუფლება გვყავდეს და ამათ პირობებში ვცხოვრობდეთ?!“, - კითხულობს დავით გალაშვილი.
7-8 მარტის პროტესტს დასრულებულად, წარსულ დროში გადატანილად არც გიორგი ჭკადუა მიიჩნევს.
„წარსულ დროში ლაპარაკი მთავრობის დაგებულ ხაფანგში გახვევაა. მათ გავრცელებულ ნარატივში წარსულ დროში ეწერა ყველა წინადადება, რომელიც ამ კანონს შეეხებოდა. მაგალითად: „საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში“. თუ ფიქრობენ, რომ ამ კანონის მიღება საჭირო იყო და ახლა აღარ არის, მაშინ ჩვენ მოტყუებულებს რატომ გვეძახიან? თუ ეს კანონი ჯერ წარსული არაა და მაინც დღის წესრიგშია, მაშინ აწმყოში რატომ არ საუბრობენ? ეს ემოციური თამაშია, რაც ახალგაზრდებისთვის მარტივად გადასაყლაპი ლუკმა არ იქნება. ეს იმიტომ, რომ ჩვენ აწმყოს უფრო განფენილად აღვიქვამთ. ამას მარტივი ახსნა აქვს. ვსწავლობთ, სწავლა ოთხწლიანი, ორწლიანი ან ექვსწლიანია. ჩვენთვის აწმყო არის რამდენიმე წელი და არა - დღე. ჩვენთვის უახლოესი აწმყო არის არა ხვალ, არამედ რამდენიმე წელიწადში“, - უთხრა გიორგი ჭკადუამ რადიო თავისუფლებას.