Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არა, დე, არ ვარ აქციაზე" - როგორ იცავდნენ ახალგაზრდები ევროპულ მომავალს


პარლამენტის წინ გამართულ აქციებზე პოლიციამ დაახლოებით 20-ჯერ სცადა მომიტინგეების დაშლა. ოცივეჯერ უშედეგოდ
პარლამენტის წინ გამართულ აქციებზე პოლიციამ დაახლოებით 20-ჯერ სცადა მომიტინგეების დაშლა. ოცივეჯერ უშედეგოდ

7, 8 და 9 მარტს რუსთაველის გამზირზე დრამა დატრიალდა. ის ათასობით ახალგაზრდა დემონსტრანტის გამარჯვებით დასრულდა.

“მაგრად მოიტანა, გალის პლანივითაა”, - 35 წლამდე კაცი, რომელიც 10 წუთის წინ კვამლისგან იხრჩობოდა და ხელებს ასავსავებდა, ახლა იცინის.

ქალთა საერთაშორისო დღის დასრულებას ათი წუთი უკლია. თბილისში, ლესია უკრაინკას ქუჩაზე ვართ, ავტოფარეხის შესასვლელში. სულ ახლახან პოლიციამ ისევ ბრუტალურად დაშალა მომიტინგეები რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის უკან.

არადა, მხოლოდ იმას ითხოვდნენ, რომ “ქართულ ოცნებას” უარი ეთქვა კანონპროექტზე, რომელიც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს “უცხოეთის აგენტის” სამარცხვინო იარლიყს აკრავდა.

კვამლს გამოქცეულები

ოცამდე ახალგაზრდა ახველებს და სულს ითქვამს. ზოგი ჩამუხლულია, ზოგს თავი უკან აქვს გადაწეული. გოგონა თეთრი სამკლავურით დასიებულ თვალებში შპრიცით ფიზიოლოგიურ ხსნარს უშხურებს.

ცრემლსადენი გაზითა და წიწაკის სპრეით ათეულობით ადამიანი დაშავდა
ცრემლსადენი გაზითა და წიწაკის სპრეით ათეულობით ადამიანი დაშავდა

ოდნავ მოშორებით, წინ-უკან დადის მუქი სილუეტის ქათქათა ბოტასები. “არა, დე, არ ვარ აქციაზე. კაი, წავედი ახლა”, - ამბობს ის მოგუდულად.

ქვემოთ, რუსთაველის გამზირზე, ტოქსიკური კვამლის ფარდა თხელდება. ახლა ის ნელ-ნელა აქეთ ამოდის. ავტოფარეხში გაჩერება აღარ შეიძლება. “ზემოთ ავიდეთ, ზემოთ”, - ყვირის სამკლავურიანი გოგონა. ჟურნალისტთან ლაპარაკი არ უნდა. დეა ვარ, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, - მხოლოდ ამას მეუბნება.

რუსთაველის გამზირიდან კვამლთან ერთად დროდადრო აფეთქებების ხმა ამოდის. ეს ნიშნავს, რომ რობოკოპები კვლავ ისვრიან წყლის ჭავლებს და ყუმბარებს. ხალხი ნაბიჯს უჩქარებს.

ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე მარჯვნივ ვუხვევთ. ბესიკის ქუჩის კვეთაზე კიდევ ოცდაათამდე ადამიანია. ბევრი ბორდიურებზე მწკრივადაა ჩამომჯდარი. უსაფრთხოების განცდა ხანმოკლეა. ხალხი ისევ ხველას იწყებს. კვამლმა აქამდეც მოაღწია.

თვალები ისევ გვეწვის. ულვაშიანი შავგვრემანი კაცი სველ ბამბებს გვირიგებს. ეს 36 წლის ალიკ მამედოვია. 2022 წლის მარტის დასაწყისში რუსეთიდან ჩამოვიდა.

“ემიგრანტების თემში ბევრს ვკამათობდით, ჩავრეულიყავით თუ არა. მაგრამ ზოგმა გადავწყვიტეთ, რომ კოსმონავტებთან ბრძოლას ეროვნება არ აქვს”, - ამბობს ის. კოსმონავტებს რუსეთში რობოკოპებს ეძახიან.

ისევ რეივი პარლამენტთან

ღამის პირველი საათი იქნება. ჭავჭავაძის ქუჩით ქვემოთ ჩავდივარ. რუსთაველის გამზირზე კვლავ უამრავი ხალხია. ჩემდა გასაკვირად, ისევ პარლამენტისკენ მიდიან.

“მოქალაქეებო, გთხოვთ დაიშალოთ” შეტყობინება პოლიციას პარლამენტის წინ აშკარად ტყუილად აქვს ჩართული. რობოკოპების ჯაჭვი, წყლის ჭავლისა და საპოლიციო სირენის მანქანები ჯორჯაძისა და ჭიჭინაძის გზაჯვარედინს ამაგრებენ. იქვე, საფეხმავლო ნაწილზე, შსს-ს თანამშრომლები განლაგდნენ. ასიოდე მეტრში არიან მომიტინგეებიც.

პოლიციის ყველა მცდელობის მიუხედავად, ახალგაზრდები დაშლას არ აპირებდნენ.
პოლიციის ყველა მცდელობის მიუხედავად, ახალგაზრდები დაშლას არ აპირებდნენ.

“*ლეს მოგვჭამ, ძია”, - უყვირის პოლიციელებს ორი მოზარდი. ისინი ეროვნული გალერეის კიბეებზე თეძოებს იქნევენ. ხმაზე ეტყობათ, რომ დიდი-დიდი 14-15 წლისები იქნებიან.

ამ დროს პოლიცია სირენას რთავს. მაგრამ ხალხი არ იშლება. ოციოდე ახალგაზრდა ცეკვავს და პოლიციას შუა თითს უჩვენებს. ასე გრძელდება დაახლოებით 15 წუთი.

ბოლოს ხმა წყდება. მოცეკვავეები ტაშს ისე უკრავენ, გეგონებათ, მათმა საყვარელმა არტისტმა ყველა დროის საუკეთესო გამოსვლა დადოო.

ევროპული გამარჯვების დღე

მაგრამ ეს ზეიმი არ ყოფილა, ეს იყო რისხვა. ზეიმი მოგვიანებით დაიწყო. 9 მარტს, საღამოს შვიდ საათზე, რუსთაველის ძეგლთან ასობით სტუდენტი შეიკრიბა.

“ქართულმა ოცნებამ” უკვე თქვა, რომ ჩააგდებს კანონპროექტს “უცხოეთის აგენტების” შესახებ. მაგრამ კანონის მოწინააღმდეგეები მოდუნებას არ აპირებენ. ხელისუფლებას ახსენებენ, რომ დაპირებას შესრულება უნდა.

21 წლის ჟორჟ ჟამერაშვილი, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს, ამ პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორია. “მიიღეს სუფთა წყლის რუსული კანონი. მივხვდით, რომ ან ვიქნებით ევროპა, ან ვიქნებით რუსეთი”, - ამბობს ის.

10 მარტს, დილის 12 საათზე გამარჯვება ოფიციალურად გაფორმდა
10 მარტს, დილის 12 საათზე გამარჯვება ოფიციალურად გაფორმდა

ძალიან კმაყოფილია, რომ ეს პროტესტი ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ვერ დაისაკუთრეს. რადგან, “აქ უმრავლესობა გეტყვით, რომ პოლიტიკოსები არ დგანან ჩვენ მხარეს. შეიძლება აქციაზე ჩვენთან ერთად დგანან, მაგრამ მხოლოდ პირადი რეიტინგისთვის”.

სტუდენტების მსვლელობა პარლამენტისკენ მიემართება. საფეხმავლო ნაწილიდან ხალხი ხელს უქნევს და ესალმება. მაგრამ ყველას არ ეზეიმება. წითელთმიანი გოგონა წარბშეკრული მოდის. ხელში უჭირავს პოსტერი, რომელსაც აწერია ACAB. [All Cops Are Bastards - ყველა პოლიციელი ნაბიჭვარია].

ეს აკრონიმი მსოფლიოში იცის ალბათ თითქმის ყველამ, ვისაც საკუთარ თავზე პოლიციური ძალადობა გამოუცდია. რა განცდა გაქვს დღეს? - ვეკითხები. ჩემი შეკითხვა მეტისმეტად ტლანქია. “რას უნდა ვფიქრობდე, დაგვარბიეს”, - მკვახედ მპასუხობს და აგრძელებს გზას.

ყველაფერი დაიწყო 7 მარტს. მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" პირველი მოსმენით მიიღო თავისი სატელიტი პარტიის, "ხალხის ძალის" მიერ შემოტანილი კანონპროექტი "უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ". ის ჰგავდა კანონს, რომელიც 2012 წელს მიიღეს რუსეთში და რომელმაც მას შემდეგ დაადუმა ქვეყანაში ყველანაირი კრიტიკული აზრი. კანონპროექტის მიღებისთანავე, რუსთაველის გამზირი დემონსტრანტებით გაივსო.
10 მარტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართა. ის საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე იყო და მხოლოდ ოთხ წუთს გაგრძელდა. ამ სხდომაზე პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო.
  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG