Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ იქცა ყირიმი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის "სასაფლაოდ"


ყირიმის ნახევარკუნძულის რუკა და რუსეთის სამხედრო ობიექტები. ფოტოკოლაჟი
ყირიმის ნახევარკუნძულის რუკა და რუსეთის სამხედრო ობიექტები. ფოტოკოლაჟი

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი თითქმის ყოველთვე კარგავს საბრძოლო ხომალდებსა და კატარღებს.

ამ ორი წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად განადგურდა ან დაზიანდა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ათზე მეტი გემი.

მიუხედავად რუსული სამხედრო დაჯგუფების და სპეცსამსახურების მიერ ანექსირებულ ტერიტორიებზე გაზრდილი კონტროლისა, უკრაინის სამხედრო დაზვერვისა და არმიის მობილური ჯგუფები აგრძელებენ შავი ზღვის ფლოტის კუთვნილი მნიშვნელოვანი საზღვაო საბრძოლო ობიექტების განადგურებას - ყირიმი უკვე რუსული ხომალდების ნამდვილ სასაფლაოდ იქცა.

აქვე გავიხსენებთ, სულ ბოლოს როდის და რა ვითარებაში მოხდა რამდენიმე რუსეთის სამხედრო ხომალდის განადგურება.

„სერგეი კოტოვი“ - ყველაზე რთული სამიზნე

შავი ზღვის ფლოტის საპატრულო ხომალდი "სერგეი კოტოვი" ჯერჯერობით უკრაინელი სამხედროების ბოლო ნადავლია.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ 5 მარტს ქერჩის სრუტესთან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო ხომალდ „სერგეი კოტოვის" (სამხედრო მეზღვაურთა ენაზე პროექტ 22160-ის) განადგურების შესახებ განაცხადა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში აცხადებენ, რომ საზღვაო დრონებით (Magura V5) დარტყმით გაანადგურეს გემის კიჩო და მარჯვენა და მარცხენა ბორტები. სამხედრო დაზვერვამ სოციალური ქსელებით გაავრცელა ვიდეოც, რომელიც, მისი ინფორმაციით, ასახავს „სერგეი კოტოვის" განადგურების ოპერაციას.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა გემ „სერგეი კოტოვზე“ იერიში მიიტანეს 2023 წლის სექტემბერშიც. სამხედრო დაზვერვამ მაშინ განაცხადა, რომ გემი დაზიანებულია.

„სერგეი კოტოვი“ - საპატრულო ხომალდი
„სერგეი კოტოვი“ - საპატრულო ხომალდი

მაგრამ მარტის დასაწყისში სპეციალურმა ქვედანაყოფმა Group 13-მა, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებთან თანამშრომლობით და ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს მხარდაჭერით ეს რთული მისია წარმატებით შეასრულა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს განუცხადა, რომ „სერგეი კოტოვზე“ შეტევის შედეგად იყვნენ დაღუპულები და დაჭრილები. ნიშანდობლივია, რომ გემზე, რომელიც კუნძულ ზმეინიზე თავდასხმაში მონაწილეობდა, რუსეთი გეგმავდა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების განთავსებას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს „სერგეი კოტოვზე“ შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

ღია წყაროებით ცნობილია, რომ საპატრულო კატარღა "სერგეი კოტოვი" იყო რუსეთის სამხედრო კომპლექსის მიერ გამოშვებული ერთ-ერთი ახალი გემი, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტს 2022 წლის ივლისში გადაეცა.

დიდი სადესანტო ხომალდი "ნოვოჩერკასკი"

2023 წლის 26 დეკემბერს, ანექსირებული ყირიმის ფეოდოსიის პორტზე სარაკეტო იერიშის შედეგად, უკრაინის მხარის მონაცემებით, განადგურდა დიდი სადესანტო ხომალდი (დსხ) „ნოვოჩერკასკი“.

ამ ტიპის ხომალდებს ერთ რეისზე 460 ტონამდე სამხედრო ტვირთისა და 300 ადამიანის გადაყვანა შეუძლიათ.

არაოფიციალური მონაცემებით, მაშინ შესაძლოა 30-ზე მეტი მეზღვაური დაღუპულიყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღიარეს გემზე დარტყმა. რუსეთის სამხედროთა შორის დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. სატელიტური ფოტოები და თვითმხილველთა მონათხრობი მოწმობს, რომ გემი ფაქტობრივად განადგურდა.

2023 წლის 23 დეკემბერს უკრაინის არმიის შეტევის შემდეგ დიდი სადესანტო ხომალდ "ნოვოჩერკასკიდან" აი, ეს ჯართის გროვა დარჩა. ტელეგრამის არხ "კრიმსკი ვეტერის" მიერ გამოქვეყნებული ფოტოს სქრინშოთი.
2023 წლის 23 დეკემბერს უკრაინის არმიის შეტევის შემდეგ დიდი სადესანტო ხომალდ "ნოვოჩერკასკიდან" აი, ეს ჯართის გროვა დარჩა. ტელეგრამის არხ "კრიმსკი ვეტერის" მიერ გამოქვეყნებული ფოტოს სქრინშოთი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობაში განაცხადეს, რომ ხომალდზე თავდასხმა თვითმფრინავიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტებით განხორციელდა.

უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრის განცხადებით, დიდ სადესანტო ხომალდ „ნოვოჩერკასკს“ რუსეთის მიერ უკრაინაზე იერიშის მიზნით დრონები გადაჰქონდა.

დამოუკიდებელი წყაროებით ამ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია.

სარაკეტო დარტყმის შემდეგ, „ნოვოჩერკასკის“ ბორტზე ხანძარმა იფეთქა. შესაძლოა აფეთქებულიყო ხომალდში არსებული საბრძოლო მასალაც, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ გემის ნაწილები შემდეგ ეპიცენტრის რადიუსში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე აღმოაჩინეს მიმოფანტული.
დიდ სადესანტო ხომალდ „ნოვოჩერკასკზე“ თავდასხმის შედეგების მასშტაბის შესახებ სრული ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია. რუსეთის ხელისუფლება მასზე არაფერს წერს, ხოლო სოციალურ ქსელებში მეზღვაურების ნათესავების მიერ დაკარგული მებრძოლების მოსაძებნად გავრცელებულ ინფორმაციას საგულდაგულოდ შლის.

"ცეზარ კუნიკოვი"

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ცნობით, 14 თებერვალს თავდაცვის ძალებმა რუსეთის დიდი სადესანტო ხომალდი „ცეზარ კუნიკოვი“ უკრაინული დრონებით, აქ უკვე ნახსენები, Magura V5-ით გაანადგურეს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, დრონებით დარტყმის შედეგად გაიხვრიტა გემის მარცხენა ბორტი და „ცეზარ კუნიკოვმა“ ჩაძირვა დაიწყო. დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანახმად, „ოკუპანტების სამძებრო-სამაშველო ოპერაცია წარუმატებელი" აღმოჩნდა.

დიდი სადესანტო ხომალდი (დსხ) "ცეზარ კუნიკოვი" სევასტოპოლის ყურეში. 20212 წლის აგვისტო
დიდი სადესანტო ხომალდი (დსხ) "ცეზარ კუნიკოვი" სევასტოპოლის ყურეში. 20212 წლის აგვისტო

უკრაინის თავდაცვის ძალები თითქმის ორი წლის განმავლობაში „ნადირობდნენ“ „ცეზარ კუნიკოვზე“, რომელიც სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში დესანტისა და ტექნიკის ტრანსპორტირების ამოცანებს ასრულებდა შავ და აზოვის ზღვებში.

2022 წლის მარტის ბოლოს „ცეზარ კუნიკოვი“, რომელიც იმხანად აზოვის ზღვაში, ქალაქ ბერდიანსკის პორტში იმყოფებოდა, ბეწვზე გადაურჩა უკრაინის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, რომლის დროსაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა ორი დიდი სადესანტო ხომალდი „სარატოვი“ და „ორსკი“ დაკარგა.

„ცეზარ კუნიკოვის“ ეკიპაჟი 87 ადამიანისგან შედგება. მაგრამ ასეთი პროექტის სადესანტო გემს, სხვადასხვა ვითარებაში, 150 მედესანტისა და საშუალო ზომის საბრძოლო ტექნიკის - 10 ტანკის ან 30 ჯავშანმანქანის გადაყვანა შეუძლია.

2008 წლის აგვისტოში ეს გემი მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში.

კრემლთან დაახლოებული საინფორმაციო სააგენტო „ლენტა.რუს“ ცნობით, 2008 წლის 10 აგვისტოს „ცეზარ კუნიკოვი“ იყო იმ ხომალდების ჯგუფის ფლაგმანი, რომლებმაც საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებს ბრძოლა გაუმართეს.

თუმცა ასეთ ბრძოლას რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას უწოდებენ საქართველოში.

ოფიციალურად, რუსეთის ხელისუფლებას "ცეზარ კუნიკოვის" განადგურების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.


უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის მომენტისათვის რუსეთის შავი ზღვის ფლოტს 13 დიდი სადესანტო ხომალდი ჰქონდა.

"ცეზარ კუნიკოვის" განადგურებით მათი რაოდენობა 5-მდე შემცირდება. და კიდევ უფრო შესუსტდა რუსეთის არმიის საზღვაო სადესანტო პოტენციალი. ეს კი არ შეიძლება, არ გვახარებდეს“, - თქვა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელმა დმიტრი პლეტენჩუკმა, ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ ინტერვიუში.

"ივანოვეცი" - კვლავ Group-13-ის ხელწერა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ 2024 წლის 1 თებერვლის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაციის შედეგად გაანადგურეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო ნავი „ივანოვეცი“.

როგორც "სერგეი კოტოვის" შემთხვევაში, უკრაინის დაზვერვის თანახმად, "ივანოვეცი" სპეცდანიშნულების დაჯგუფება Group-13-ის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად აღმოჩნდა შავი ზღვის ფსკერზე.

სარაკეტო კატარღა "ივანოვეცი"
სარაკეტო კატარღა "ივანოვეცი"

უწყებაში არ აზუსტებენ, რომელი იარაღი გამოიყენეს ოპერაციის დროს. უკრაინული დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ ხომალდს კატარღები უახლოვდებიან, რის შემდეგაც ხდება ძლიერი აფეთქება.

რუსულ ხომალდ "ივანოვეცის" აფეთქების მომენტი. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ვიდეოს სქრინშოთი
რუსულ ხომალდ "ივანოვეცის" აფეთქების მომენტი. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ვიდეოს სქრინშოთი

თავდასხმის დროს "ივანოვეცი" ყირიმის დასავლეთით დონუზლავის ტბაში იმყოფებოდა რეიდზე. მაგრამ ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია.

რუსეთის ხელისუფლებას აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

"ზღვაში ჯერ კიდევ ბევრი ადგილია"


უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მთლიანობაში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის 30% დაკარგა. რუსეთი თავისი ხომალდების დაკარგვის ფაქტების უმეტესობას რეაგირების გარეშე ტოვებს.

განადგურებული და დაზიანებული რუსული საზღვაო ხომალდები
განადგურებული და დაზიანებული რუსული საზღვაო ხომალდები


ამავე დროს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა „კრიმ. რეალიის“ უჩვენა რუსული ხომალდების ჩაძირვისა და დაზიანების ადგილები შავსა და აზოვის ზღვებში.

"შავი ზღვა რუსეთის საზღვაო ძალების სასაფლაოდ გადაიქცა", - აცხადებენ უკრაინის სამხედრო უწყებაში და ხუმრობით მიანიშნებენ, რომ "ზღვაში ჯერ კიდევ ბევრი ადგილია".


რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმაზე ყურადღება ალიანსის 2023 წლის ანგარიშში ნატოს გენერალურმა მდივანმაც გაამახვილა.

"უკრაინის ერთ-ერთი დიდი გამარჯვება ისაა, რომ მან შეავიწროვა რუსეთის შავი ზღვის ფლოტი და ხელი შეუწყო ოდესიდან ბოსფორამდე დერეფნის გახსნას... ზოგიერთი სისტემა და ზოგიერთი რაკეტა, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ამ მიზნის მისაღწევად, [უკრაინას] ნატოს მოკავშირეებმა მიაწოდეს", - განაცხადა სტოლტენბერგმა 14 მარტს ნატოს შტაბბინაში გაკეთებულ ყოველწლიურ ანგარიშში.

გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ შავ ზღვაში რუსეთზე სტრატეგიული უპირატესობის მისაღწევად ალიანსის წევრები აპირებენ გააფართოონ თანამშრომლობა საქართველოსა და უკრაინასთან.

სტოლტენბერგმა ასევე მოუწოდა მოკავშირეებს, გააძლიერონ იარაღის მიწოდება კიევისთვის, რომელიც ბრძოლის ველზე საბრძოლო მასალების მხრივ პრობლემებს აწყდება.

„მოკავშირეების უპრეცედენტო დახმარებამ უკრაინას შეაძლებინა, გადარჩენილიყო როგორც სუვერენული ქვეყანა, მაგრამ უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება და ეს ახლა არის საჭირო“, - თქვა სტოლტენბერგმა ალიანსის წლიური ანგარიშის წარდგენისას.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG