რუსეთის ერთ-ერთი უძველესი ინტელექტუალური სატელევიზიო შოუ „რა? სად? როდის?“, რომელიც ეკრანებზე პირველად საბჭოთა პერიოდში, 1957 წელს გამოჩნდა, კვლავაც გადაიცემა რუსეთის ტელევიზიის პირველ არხით.
თავის დროზე ეს თამაში იმდენად პოპულარული იყო, რომ ანალოგები ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-შიც გამოუჩნდა, ხოლო ურიცხვი თაყვანისმცემლები მთელ მსოფლიოში აწყობდნენ სატელევიზიო შეჯიბრებებს.
მაგრამ ახლა ამ ინტელექტუალურ შოუში აღარ არიან ის მოთამაშეები, რომლებმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ აღიმაღლეს ხმა.
მათ შორის აღმოჩნდა ეკატერინა მერემინსკაია. მას ომის დაწყების შემდეგ, ტელეკომპანია „თამაშების“ გენერალურმა დირექტორმა შესთავაზა: ან ფეისბუკში წაეშალა პოსტი „არა ომს“, ან წასულიყო სატელევიზიო კლუბიდან.
სამაგიეროდ მოთამაშეები, რომლებიც ემხრობიან ომს, რჩებიან პირველი არხის ეთერში.
რუსული „რა? სად? როდის?“ კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება გადაიქცეს ინტელექტუალური თამაში, რომელიც პოლიტიკისგან განზე დგომას ცდილობდა, ომის პროპაგანდისტად.
თამაში პოლიტიკის მიღმა - ილუზია აღმოჩნდა
მე უკვე არ მიკვირს იმისა, რომ რუსეთის არმიაში მსახურობენ ჭკვიანი, ინტელექტუალური და აზარტული ადამიანები.ანდრეი კოზლოვი
2009 წელი ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი იყო შოუსთვის „რა? სად? როდის?“. რუსეთის პირველი არხის ეთერში ერთი მაგიდის გარშემო სხედან მოსკოველი, კიეველი, მარიუპოლელი და ოდესელი მოთამაშეები და მაკეევკელ, ლუგანსკელ და სიმფეროპოლელ მაყურებელს ეთამაშებიან.
„რა? სად? როდის?“ - პოლიტიკის მიღმაა, ამბობენ თამაშის ორგანიზატორები. მაგრამ ასე ეს არასოდეს ყოფილა. 2003 წელს, პუტინი ახალი პრეზიდენტია. პირველი არხის პრაიმტაიმში კი თამაშის თვალის სადევნებლად მისი პოლიტიკური ოპონენტები, ირინა ხაკამადა და იმხანად ჯერ კიდევ ცოცხალი ბორის ნემცოვი დადიან, რაც ძალიან ჰგავს წინასაარჩევნო რეკლამას.
მაგრამ გადიოდა წლები და ქვეყანასთან ერთად გადაცემაც იცვლებოდა. ყირიმის ანექსიამ, საბოლოოდ და არსებითად შეცვალა უკრაინელი და რუს მოთამაშეების ურთიერთობა.
„ვიღაც "მწვანე კაცუნა" ბურიატული გარეგნობით დგას უკრაინის სამხედრო ნაწილის გარშემო. იმ დროიდან, რუსეთი ჩემთვის მოკვდა, ხოლო მასთან ერთად მოკვდა რუსეთის ტელევიზიაც. ის გადაიქცა პროპაგანდისტულ მანქანად, რომელიც აგრესიას ემსახურება“, - ამბობს „რა? სად? როდის?“ ყოფილი მოთამაშე, უკრაინელი ტელეწამყვანი და მუსიკალური პროდიუსერი იგორ კონდრატიუკი.
კლუბში ის 1985 წლიდან თამაშობდა. ამჟამად ინტერვიუებს მხოლოდ უკრაინულ ენაზე იძლევა, ხოლო რუსეთში აღარ ყოფილა 2013 წლიდან. ყირიმის ანექსიისა და დონბასში ომის დაწყების შემდეგ უკრაინელი მოთამაშეების ნაწილისათვის პირველ არხზე გამოსვლა მიუღებელია.
„ის, რაც ხდება, ძალიან არ მომწონს. ჰაერში სერიოზული ომის სუნი ტრიალებს, ეს მე კიდევ უფრო არ მომწონს. ვფიქრობ, ეს არ მოსწონთ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც გარემოებამ შესაძლოა მისი დაწყება აიძულოს. მინდა მხოლოდ ვისურვო, რომ ეს არ მოხდეს“, - ამბობდა მაშინ, 2015 წელს, მაქსიმ პოტაშოვი.
კონდრატიუკისა და პოტაშოვის კიდევ ერთი პარტნიორი, ანდრეი კოზლოვი, 2015 წელს სირიაში ჩავიდა, რათა რუსულ სამხედრო ბაზაზე თამაში მოეწყო.
„მე უკვე არ მიკვირს იმისა, რომ რუსეთის არმიაში მსახურობენ ჭკვიანი, ინტელექტუალური და აზარტული ადამიანები. პირადად ჩემთვის ეს ამ რეფორმების ხილული რეზულტატია, რომელიც არმიაში ბოლო წლების განმავლობაში ტარდება“, - ამტკიცებდა იგი.
ხოლო ილია ნოვიკოვს შეეძლო ერთდროულად რუსეთის სასამართლოში უკრაინელი სამხედროების ადვოკატიც ყოფილიყო და პირველი არხის საჯარო ინტელექტუალიც.
„როდესაც მე პირველი არხის საღამოს ეთერში ვჩნდები სმოკინგით და პეპელა ჰალსტუხით, ეს ერთია, ხოლო როდესაც იმავე ეთერში ვჩნდები, როგორც "ნაცისტებისა" და "ბანდეროველების" დამცველი - ეს სულ სხვა რამეა. და ეს ვითარება გაურკვეველი რჩებოდა 2016 წლის გაზაფხულამდე, როდესაც პროცესი ფინიშის სწორზე გავიდა, ხოლო ამბები როსტოვის რაიონის სასამართლოდან ყოველდღიურ რეჟიმში გადაიცემოდა. მაშინ უკვე შეუძლებელი გახდა ისეთი სახის მიღება, რომ ეს სხვადასხვა რამეებია“, - ამბობს ნოვიკოვი.
მან თავად გადაწყვიტა, რომ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ქალის ნადეჟდა სავჩენკოს დაცვა მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე პირველ არხზე თამაში და „რა? სად? როდის?“ დატოვა.
მაგრამ კლუბი ისევ ცდილობდა იმის ჩვენებას, რომ ეს თამაში პოლიტიკის მიღმაა. ასე იყო 2020 წელს ბელარუსში დაწყებული საპროტესტო აქციების დროსაც.
მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების გამო მოთამაშეთა ნაწილმა დატოვა კლუბი, ისინი მაინც აგრძელებდნენ თამაშებზე მოსკოვში სიარულს. დარია სოლოვეი ოდესაში გადავიდა და ასევე აგრძელებდა სათამაშოდ მოსკოვში ფრენას, ვიდრე თავად არ აღმოჩნდა კიევში რომელსაც რუსეთი ბომბავდა.
„აფეთქებების ხმამ დილის ხუთ საათზე გაგვაღვიძა - ბომბავდნენ ნავთობ ბაზას. ვხედავდით აფეთქებებს, ვხედავდით საჰაერო თავდაცვის მუშაობას. რა უნდა გვექნა? სარდაფამდე მისვლას უკვე ვეღარ მოვასწრებდით, დერეფანში უნდა მოგვეცადა“, - იხსენებდა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეს დარია.
რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის პირველმა დღეებმა უმძიმესი შთაბეჭდილება მოახდინა იგორ კონდრატიუკზეც.
„24 თებერვალს აფეთქების ხმა მარცხნიდანაც გავიგონე და მარჯვნიდანაც. ჩემი სახლი გოსტომელისა და ვასილკოვკის აეროპორტებს შორის მდებარეობს, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის საკმაოდ დიდი დაშორებაა, გვესმოდა, რომ ორივეგან რაღაც ხდებოდა. თავზე გადაგვიქროლა თვითმფრინავმა. თავზე თვითმფრინავმა გადაგვიფრინა. არ ვიცი ვისმა, მაგრამ ძალიან დაბლა, პირდაპირ ჩვენი სახლის თავზე“, - ჰყვება იგორ კონდრატიუკი.
„ზნატოკები“ (მოაზროვნეები) ახლა დიდი ასო Z-ით უნდა დაიწეროს, - თვლის ყოფილი მოთამაშე, როვშან ასკეროვი. „მოაზროვნეები, რომლებიც, სხვათა შორის, არაპირდაპირ ეთერში გადიან, შეშინებულები არიან. მათიც კი ეშინიათ - არ აძლევენ პირდაპირ ეთერს. ისინი დარბაზში დგანან, ხოლო თამაშის შემდეგ წამყვანი აცხადებს: „ახლა იქნება ფილმი, რომელიც დონბასს ეძღვნება - „შინ დაბრუნება“. და ეს ადამიანები ტაშს უკრავენ“, - დასძენს ასკეროვი.
მან რუსეთი ერთი წლის წინ დატოვა. 2022 წლის მაისში მოსკოვის ბასმანის სასამართლომ მას სოციალურ ქსელებში „საბჭოთა მარშალ გეორგი ჟუკოვის შეურაცხმყოფელი განზრახ ცრუ ინფორმაციის“ გავრცელების გამო, დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა ნაციზმის რეაბილიტაციის მუხლით. ცნობილმა მოაზროვნემ მარშალ ჟუკოვს სოციალურ ქსელში „სტაჟიანი მაროდიორი“, „სამხრეებიანი მკვლელი“ და „ქურდბაცაცა“ უწოდა.
რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის ძებნილთა სიაში შეიყვანა.
„არ მინდა რუსულად საუბარი, რადგან ეს არის მკვლელის ენა“
ვიცოდი, რომ მაქსიმ ოსკაროვიჩ პოტაშოვი იმპერიულად მოაზროვნე ნაძირალა და ურაპატრიოტი იყო.როვშან ასკეროვი
რუსეთის მიერ გაჩაღებულმა სრულმასშტაბიანმა ომმა ყველა მოაზროვნის („ზნატოკი“) ცხოვრება შეცვალა. ზოგიერთი სროლის ქვეშ მოყვა, ზოგიერთი მორალური არჩევანის წინაშე აღმოჩნდა - დარჩენილიყო რუსეთში და კვლავ განეგრძო გამოსვლა პირველ არხზე.
რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი რუსულენოვანი ტელეარხი „ნასტოიაშჩეე ვრემია“ დაუკავშირდა კლუბის ერთ-ერთ მოთამაშეს, ალექსანდრ დრუზს და ჰკითხა, ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ გადაცემა „რა? სად? როდის?“ რუსული პროპაგანდის ნაწილია.
რაზეც დრუზმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ ეს შეკითხვა არა მისთვის, არამედ ტელეკომპანია „თამაშებისთვის“ დაესვა. „რადგან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა ხდება მხოლოდ ტელეკომპანიის თანხმობით“.
ინტელექტუალური თამაშების კიდევ ერთი მაგისტრი მოთამაშე, მაქსიმ პოტაშოვი, რომელიც 2014 წელს ოცნებობდა, რომ ომი არ დაწყებულიყო, ომის დაწყების შემდეგაც განაგრძობს თამაშს.
„არ გამოდის, რომ განზე დარჩე, საკუთარ თავში ჩაიკეტო, არ ჩაერიო ამ მსოფლიო კონფლიქტში და უარი თქვა საკუთარ გეოპოლიტიკურ ინტერესებზე. როდესაც იწყება ეს მსოფლიო გადანაწილება, ნებისმიერი ქვეყანა ან მოთამაშე ვიღაცას უნდა მიეკედლოს. ძლიერი უნდა იყო, უნდა მოახდინო ამ ძალის დემონსტრირება და მზადყოფნა, დაიცვა საკუთარი ინტერესები“, - თქვა პოტაშოვმა.
პოტაშოვის ასეთი გამონათქვამები დაგმეს მისმა ყოფილმა კოლეგებმა.
„ვიცოდი, რომ მაქსიმ ოსკაროვიჩ პოტაშოვი იმპერიულად მოაზროვნე ნაძირალა და ურაპატრიოტი იყო. მაგრამ არ ველოდი, რომ ასე გამოააშკარავებდა საკუთარ თავს“, - აღნიშნა როვშან ასკეროვმა.
„ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა გადააბიჯა ზღვარს. ... შენ აბსოლუტურად არაორაზროვნად დგები აბსოლუტური ბოროტების მხარეზე და ეს ნიშნავს ადამიანის სრულ დასასრულს“, - აღნიშნა პოტაშოვის კომენტირებისას ილია ნოვიკოვმა.
ცნობილი ადვოკატი და მოაზროვნე 2022 წლის 24 თებერვალს ომის დაწყებას კიევში შეხვდა და ტერიტორიული თავდაცვის ძალებში გაწევრიანდა.
ნოვიკოვის მსგავსად კიევში განაგრძობს ცხოვრებას იგორ კონდრატიუკიც. ჭურვმა მისი ბინის მინები ჩაამსხვრია. ხოლო ხერსონის ოლქის ის სოფელი, სადაც იგორი ბავშვობაში სკოლაში დადიოდა, ამჟამად რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.
„ცხადია, მე არ დამვიწყებია რუსული ენა, მაგრამ არ მინდა მასზე საუბარი, რადგან ეს არის მკვლელის ენა. სამწუხაროდ, კლუბს "რა? სად? როდის?" აბსოლუტურად ფეხებზე ჰკიდია, რომ ეს მკვლელის ენაა“, - ამბობს კონდრატიუკი.
თავად თამაშში, ერთი შეხედვით, პოლიტიკა არ ჩანს. მაგრამ წამყვანს, მაგალითად, შეუძლია დააანონსოს რეჟისორ ივან ოხლობისტინის ფილმი დონბასზე, ანდა ოკუპირებული დონბასის ქალაქების მცხოვრები ტელემაყურებლები რუსეთის მოქალაქეებად წარმოადგინოს.
ბევრს ეს უკვე აღარ მოსწონს. ისინი ფიქრობენ, რომ „რა? სად? როდის?“ უკვე ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც ძველად.
„როდესაც ვიღაც თავის პატარა ნავს დიდ სამხედრო გემს მიაბამს, როდესაც ეს გემი ჩაძირვას იწყებს, მას უბრალოდ აღარ აქვს დრო და შესაძლებლობა, თავი დააღწიოს ჩაძირვას“, - ამბობს ილია ნოვიკოვი. „მე ძალიან არ მინდა, რომ პროგრამა "რა? სად? როდის?" ჩაიძიროს პირველ არხთან, რუსულ ტელევიზიასა და რუსეთთან ერთად. მაგრამ ასეთია ახლა ფსონები, ასეთია ყველაფერ იმის ფასი, რასაც აკეთებ ან არ აკეთებ. ამიტომ ეს ომი შეიძლება გახდეს ბოლო ეპიზოდი ამ თამაშის ისტორიაში. ეს მე ნამდვილად არ მინდა“, - ამბობს ილია ნოვიკოვი.