ტურისტული ოპერატორები და გიდები ამბობენ, რომ წელს თვალშისაცემად არის გაზრდილი ტურისტების რაოდენობა ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკიდან. სუბიექტურ შთაბეჭდილებას ამყარებს სტატისტიკური მონაცემებით. 2019 წლის ივლისში საქართველოში მილიონზე მეტი უცხოელი ტურისტი შემოვიდა. ეს წინა წლის ივლისთან შედარებით 5,8%-იანი ზრდას ნიშნავს. ტურიზმის სპეციალისტები ამბობენ, რომ რუსეთის მხრიდან პირდაპირი ფრენების გაუქმება შორვადიან პერსპექტივაში შესაძლოა დარგის განვითარებისთვის სასარგებლოც კი იყოს და იხსენებენ წლების წინ ქართულ ღვინოზე დაწესებულ ემბარგოზე, რომლის შემდეგაც ღვინის ხარისხი ევროპულ ბაზარზე გასატანად მკვეთრად გაუმჯობესდა.
რა შესაძლებლობები არსებობს საქართველოში დასვენებისთვის - არჩევანი ფართოა, დაწყებული დაბალბიუჯეტური ჰოსტელებითა და კარვით მოგზაურობისთვის, გაგრძელებული საოჯახო და კომფორტული სასტუმროებით.
რადიო თავისუფლება გთავაზობთ რამდენიმე გზას სხვადასხვა ბიუჯეტის და დროის მონაკვეთისთვის.
ცოტა ფულით, ახლო მანძილებზე
მცირე ბიუჯეტის შემთხვევაში მოკლე ტურებისთვის თბილისიდან შეგიძლიათ რამდენიმე ერთდღიანი ტური დაგეგმოთ.
თუ ბევრ დრო არ გაქვთ და დღის ქალაქგარეთ გრილად და უსაფრთხოდ გატარებას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ თბილისის ეროვნულ პარკით დაიწყოთ. პარკთან მიხვალთ ავტომობილით და საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც.
პარკში ბილიკები მარკირებულია - ასე, რომ გზა არ აგებნევათ. . ბილიკების ნაწილი საკმაოდ მარტივი გასავლელია, ასე რომ შეგიძლიათ პარკს ბავშვებით და ბებია-ბაბუის თანხლებითაც ესტუმროთ. გაითვალისწინეთ, რომ ნაკრძალში საკვებს ვერ იყიდით და ურნებიც იშვიათად შეგხვდებათ - შესაბამისად, საგზალი თან უნდა წაიღოთ და ნარჩენები უკან წამოიღოთ.
ერთდღიანი ტურები შეგიძლიათ დაგეგმოთ ასევე კოჯორში, ბეთანიაში, ბირთვისსა და სამშვილდეში - ოთხივე მიმართულებით რეგულარულად დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ცოტა ფული, შედარებით შორი ტურები
დაბალბიუჯეტიანი და უფრო ხანგრძლივი დასვენებისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს, ლაგოდეხის ან მტირალას ნაკრძალს. ღამის გასათევად საწოლს 20 ლარად იქირავებთ. ამ ფასად ქირაობთ საწოლს საერთო ოთახში, სადაც ორსართულიანი საწოლებია განთავსებული. აქტიურ ტურისტულ სეზონზე სჯობს ადგილები წინასწარ დაჯავშნოთ, ადგილზე ჩასული ღამის გასათევის გარეშე რომ არ დარჩეთ. ამ დროს მოთხოვნა დიდია.
დაბალბიუჯეტური დასვენებისთვის კიდევ ერთი გზაა საკარვე ადგილების ქირაობა, სადაც გარკვეული ინფრასტრუქტურა (საკვები, ცხელი წყალი და სველი წერტილები) დაგხვდებათ, ღამეს კი საკუთარ კარავში გაათევთ. ასეთი ადგილები სოციალიზაციის და გართობის მეტ საშუალებას იძლევა, ვიდრე უკაცრიელ ადგილებში კარვით მარტო წასვლა და უსაფრთხოების მხრივაც, შესაძლოა უკეთესია არჩევანი იყოს. საკემპინგე ადგილები საქართველოში უკვე ბევრ ადგილას გვხვდება: სიონში, ჯუთაში, ყაზბეგში, ლეჩხუმში, ფარავნის ტბასთან, ჩირდილში, პანკისში და შავი ზღვის სანაპიროზე.
თითქმის უფასოდ
თუკი დასვენებისთვის მცირე ბიუჯეტი გაქვთ, რამდენიმე საინტერესო ადგილს გირჩევთ, სადაც დროის გატარება საერთოდ არაფერი არ დაგიჯდებათ;
- თერმული აუზები ვანში, სოფელ ამაღლებასა და დიხაშხოს შორის სამკურნალო გოგირდის აბანოები
- ცაგერის სოფელ ლაილაშში ოქრონიშის აუზი
- დამბაშის კანიონი
საშუალო და ოდნავ მაღალი ბიუჯეტით ოჯახთან ერთად მიდიხართ...
თუკი ბიუჯეტს უფრო გაზრდით, მაშინ საოჯახო სასტუმროები თქვენთვისაა. ფასი სამჯერადი კვებით საქართველოს მთებში ერთი ადამიანისთვის 60-80 ლარიდან იწყება. იმ შემთხვევაში, თუკი თბილისიდან რაჭაში, თუშეთში ან სვანეთში გადაწყვეტთ წასვლას, დროის და ენერგიის დასაზოგად მგზავრობისთვის თვითმფრინავს გირჩევდით. მესტიის მიმართულებით ფრენა ნატახტარიდან ზრდასრული ადამიანისთვის 95 ლარი ღირს, ამბროლაურში - 50 ლარი, ბათუმში - 125;
10 დღით დასვენება 4 ადამიანისთვის დაახლოებით 4 000 ლარი დაგიჯდებათ. საოჯახო სასტუმროებთან შედარებით ოდნავ ძვირია საშუალო რანგის სასტუმროები და ოდნავ იაფია ჰოსტელები.
60-80 ლარიდან იწყება საოჯახო სასტუმროები ზღვისპირეთშიც. თუ თანხის დაზოგვას აპირებთ, მაშინ გირჩევთ, სასტუმრო კვებით აიღოთ.
თუ კი დასვენებისთვის ფული წინასწარ დაზოგეთ
იმ შემთხვევაში თუკი კომფორტისთვის ხარჯებს არ დაზოგავთ და საუკეთესო პირობების შერჩევას გადაწყვეტთ , დიდი არჩევანი არ გაქვთ, მაგრამ რამდენიმე სასტუმროს შეგიძლიათ ესტუმროთ. ვარძია რეზორტი სამცხეში, ყაზბეგი რუმსი სტეფანწმინდაში, რედისონი წინანდალში, სანსეტ შოვი რაჭაში და შერატონი ბათუმში სავარაუდოდ შესაბამისი არჩევანი იქნება. ამ შემთხვევაში ერთი ღამის ფასი ორი ადამიანისთვის საუზმით 300-დან 600 ლარამდე მერყეობს. საშუალოდ დასვენების ფასი 4 ადამიანისთვის 10 დღით ყველაზე ცოტა, 20 000 ლარი დაგიჯდებათ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, უცხოელი ვიზიტორები თბილისის შემდეგ ყველაზე ხშირად ბათუმს სტუმრობენ, ადგილობრივი ტურისტები კი დასვენებისა და გართობისთვის ძირითადად სამცხე-ჯავახეთს, მცხეთა-მთიანეთსა და აჭარას ირჩევენ.